Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მაო ძედუნი

სტალინი და მაო ძედუნი

1817

ნაწილი II

მაო ძედუნი, პროტოკოლის მიხედვით, გადაიყვანეს სტალინის აგარაკ ,,კუნცევოზე”. დააბინავეს მეორე სართულზე, ყველაზე მოხერხებულ და საპატიო ადგილას (შენობა სულ ორსართულიანია _ გრ. ონიანი). იმავე დღეს მაღალი რანგის სტუმარი კრემლში მიიღო სტალინმა. ის მხურვალედ მიესალმა ჩინელი ხალხის მეთაურს. მისალმებისას მაო ძედუნმა სტალინს მიმართა, როგორც საბჭოთა კავშირის მარშალს და არა, როგორც გენერალისიმუსს ან საბჭოეთის მეთაურს.

ვალში არც სტალინი დარჩენილა. როდესაც მაო ძედუნი ბანკეტზე მიიწვიეს, იქ, სადაც სტუმარი უნდა დამჯდარიყო, მაგიდაზე იდო პატარა აბრა წარწერით: “ბატონი მაო ძედუნი”. მოლაპარაკებებზე სტალინი მაო ძედუნს ბატონობით მიმართავდა, რაც ერთობ უხერხულად ეჩვენებოდათ, როგორც დელეგაციის წევრებს, აგრეთვე, სტუმრის მასპინძელი საბჭოთა ელიტის წარმომადგენლებს. მაო ძედუნმა თარჯიმნის მეშვეობით სცადა, გაერკვია, რატომ უწოდებდა სტალინი მას ბატონს და არა _ ამხანაგს.

“გეთანხმებით. ამხანაგი ნამდვილი მეგობარია”, _ უპასუხა სტალინმა და ეს მიმართვა მოლაპარაკებების დასრულებამდე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე გაგრძელდა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ კი 56 წლის მაო ძედუნი მსოფლიოს პროლეტარიატის დიდი ბელადის, 70 წლის იოსებ სტალინის უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი გახდა.

ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე უამრავი დოკუმენტის შექმნა იყო საჭირო და მათზე მუშაობა 65 დღეს გაგრძელდა. ამ ისტორიული მოვლენის შემდეგ სტალინი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა მაო ძედუნის მიმართ, მას “ჩინელი ხალხის საამაყო შვილი უწოდა”. მიულოცა ის დიადი გამარჯვება, რომელიც მან რევოლუციის შედეგად მოიპოვა და იხსნა ჩინელი ხალხი უცხოელთა მონობის უღლისგან. ჩინეთის დელეგაციის მოსკოვში გამგზავრებამდე გათავისუფლებული ჩინელი ხალხი ორთვე-ნახევრის განმავლობაში ზეიმობდა უდიდეს გამარჯვებას.

მაო ძედუნს კარგად ახსოვდა, რომ სტალინი ჩინეთის კომპარტიას არ სწყალობდა და ის მოწინააღმდეგე გომინდანის მხრისკენ იხრებოდა, რაც შეახსენა კიდეც საუბრის დროს. სტალინმა კი მოხერხებულად უპასუხა: “ეს ხომ წარსულია. თვალი დაუდგეს უკან მაყურებელ კაცს”-.

1935 წლამდე სტალინი ნამდვილად არ ემხრობოდა, არ ცნობდა მნიშვნელოვან ძალად ჩინეთის კომპარტიას, მაგრამ 1938 წელს მან მტკიცედ გადაწყვიტა, ეღიარებინა ჩინეთის კომპარტია მებრძოლ ძალად, ხოლო მაო ძედუნი _ ჩინეთის კომპარტიის ბელადად.

მოლაპარაკების პირველ დღეს სტალინმა და მაო ძედუნმა განიხილეს საბჭოთა საზღვაო ფლოტის მდგომარეობა პორტ-არტურში, პეკინისთვის დიდი რაოდენობის კრედიტის მიცემა, ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის განვითარების საკითხები და სამხედრო მრეწველობის სწრაფი აღმავლობის პერსპექტივები.

სტალინი მხარს უჭერდა მაო ძედუნს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და აღუთქვამდა უდიდეს დახმარებას. მაო ძედუნმა სტალინს სთხოვა, დახმარებოდა კუნძულ ტაივანის გათავისუფლებაში, სადაც გომინდანი სამხედრო მოქმედებებს განაგრძობდა. საბჭოეთის ბელადმა არცთუ დიდი ენთუზიაზმით აღუთქვა ამ საკითხში დახმარება.

1949 წლის 21 დეკემბერს სტალინს დაბადებიდან 70 წელი უსრულდებოდა. საიუბილეო საზეიმო ცერემონიას, რომელიც დიდ თეატრში გაიმართა, რა თქმა უნდა, სრული შემადგენლობით ჩინეთის დელეგაციაც დაეწრო, ხოლო თვითონ მაო ძედუნი იუბილარმა პრეზიდიუმში მიიწვია და თავის გვერდით მიუჩინა ადგილი. საიუბილეო საღამოზე მაო ძედუნმა ღრმაშინაარსიანი და ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა თავის მასწავლებელსა და რევოლუციის მამამთავარზე.

მეორე დღეს, 22 დეკემბერს, მაო ძედუნმა კრემლს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით აცნობა, რომ სტალინთან მოლაპარაკების ყველა დეტალი გაგზავნილია პეკინში, ჩინეთის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, და ელოდება პასუხს. სტალინმა სხვადასხვა არხით შეიტყო, რომ მაო ძედუნი უკმაყოფილოა:

“გამომიძახეს მოსკოვში და არაფერს ვაკეთებ, რატომ ჩამოვედი აქ? ნუთუ იმიტომ, რომ წიგნები ვიკითხო და ვიძინო? მე, მაო ძედუნი, მხოლოდ იმიტომ ჩამოვედი საბჭოთა კავშირში, რომ დაბადების დღე მიმელოცა სტალინისთვის?”

მაო ძედუნი ფიქრობდა, რომ სტალინი რატომღაც დროს აჭიანურებდა.

მიუხედავად სტუმრის განაწყენებისა, სტალინმა თავშეკავება და სიდინჯე გამოიჩინა. მან იცოდა, რასაც აკეთებდა. მაო ძედუნი, ბოლოს და ბოლოს, მივიდა დასკვნამდე, რომ სტალინთან უნდა დაეწყო მოლაპარაკება ფართო ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაგრამ, როგორც ყოველთვის, გაურბოდა პირად პასუხისმგებლობას _ უნდოდა, გადაწყვეტილება კოლექტიურად ყოფილიყო მიღებული ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროსთან ერთად.

მაო ძედუნმა სტალინს წერილი მისწერა (არადა, მაო ძედუნი “კუნცევოს” აგარაკის მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხოლო სტალინი _ ამავე არცთუ დიდი შენობის პირველ სართულზე. _ გრ. ონიანი):

“ამხანაგო სტალინ! ამხანაგებმა (ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრებმა) მითხრეს, რომ საჭიროა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. ველი თქვენს განკარგულებას. მაო ძედუნი”.

საბჭოთა კავშირში ჩინეთის ელჩის მეშვეობით მაო ძედუნმა აცნობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ უნდა შემუშავდეს პოლიტიკური დოკუმენტაცია.

საბჭოთა მთავრობამ ოფიციალურად აცნობა ჩინეთის დელეგაციას, რომ საბჭოთა კავშირი მზად არის ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად.

მალე სტალინმა თავისთან მიიწვია მაო ძედუნი და, როგორც წესი, გვიან საღამოს ვახშამი გაუმართა.

სტალინმა სადღეგრძელო წარმოთქვა:

_ ჩვენ აღმოსავლეთის ხალხების წარმომადგენლები ვართ. ჩვენ გვესმის ერთმანეთის.  ასი წელია, ჩინეთი იმპერიალისტების უღელქვეშ გმინავს. ჩინელები გმირი, გაბედული, შრომისმოყვარე და ბრძენი ხალხია, უძველესი კულტურის მქონე. ჩინეთის კომუნისტური პარტია _ ეს უკვე გამობრძმედილი პარტიაა, რომელშიც მრავალი გამოცდილი მუშაკია. უნდა აღინიშნოს, ისეთ ბრძენ ხელმძღვანელზეც, როგორიც მაო ძედუნია. სწორედ ის ხელმძღვანელობდა რევოლუციას და მიაღწია ბრწყინვალე გამარჯვებას. ახლა თქვენი ვალია, გაუფრთხილდეთ სამშობლოს, თქვენს ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს; გაუფრთხილდეთ თქვენს ბელადს და ხალხთა შორის მეგობრობას. ამ პირობებში ძალზე კარგი იქნება, დავდოთ ხელშეკრულება საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და კავშირის შესახებ. მაქვს კიდევ ერთი წინადადება: ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ სტალინმა და მაო ძედუნმა.

სტალინის წინადადებაზე მაო ძედუნმა განაცხადა:

_ მე ხომ არ ვარ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ამხანაგო სტალინ, ამიტომ ჩვენ სხვადასხვა “კალიბრისა” ვართ. ამ შემთხვევაში მე უნდა გამოვიძახო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

სტალინი ყველა წვრილმანში ხედავდა საბჭოთა ქვეყნის ინტერესებს და არც ამჯერად გამორჩენია მხედველობიდან, რომ სტალინის ხელმოწერის გვერდით ჩინეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის _ ჯოუ ენ ლაის ხელმოწერა გარკვეულ პრივილეგიას ანიჭებდა ჩინეთის მეთაურს, ამიტომ იქვე განუცხადა ეშმაკ აზიელს:

_ არაფერია. ჩვენს ხელმოწერებს განამტკიცებს ჩვენი ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების _ ანდრეი ვიშინსკისა და ჯოუ ენ ლაის (რომელიც ჩინეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობის პარალელურად, საგარეო უწყებასაც განაგებდა) ხელმოწერები”, _ ასე გაჩნდა საბჭოთა კავშირ-ჩინეთის მეგობრობის ურთიერთდახმარებისა და კავშირის 30-წლიან ისტორიულ ხელშეკრულებაზე 4 ხელმოწერა.

საუბრისას სტალინმა სტუმარს გადასცა ივანე კოვალიოვის (საბჭოეთის წარმომადგენელი ჩინეთში 1948-49 წლებში) მოხსენებითი ბარათი, რომელშიც სტალინს აცნობებდა, რომ, ერთ-ერთი გადასახლებული პარტიული მაღალჩინოსნის თქმით, ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში ცხარე კამათი მიმდინარეობდა საკითხზე: ვის მხარეზე უნდა ყოფილიყო ჩინეთი _ საბჭოთა კავშირის თუ ამერიკის. სტალინი არწმუნებდა მაო ძედუნს, რომ ფარულად არ მოქმედებდა და ყოველგვარ ჩარევას გამორიცხავდა საბჭოთა მხრიდან ჩინეთის საშინაო საქმეებში.

მაო ძედუნი კი, თავის მხრივ, გამოთქვამდა ღრმა რწმენას, რომ გარდა მიზნების თანხვედრისა, ჩინეთის ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას “ერთად დგომის” პრინციპი საბჭოთა კავშირთან და არასოდეს უღალატოს მას.

ვიდრე ჯოუ ენ ლაი პეკინიდან მოსკოვში მატარებლით მოემგზავრებოდა, სტალინის დავალებით, მაო ძე დუნს ლენინგრადი დაათვალიერებინეს _ რუსეთის იმპერიის ყოფილი სატახტო ქალაქი. როდესაც სტუმარი მუზეუმ ერმიტაჟს ეწვია, აღმოჩნდა, რომ ჩინური დარბაზი რემონტის გამო იყო დაკეტილი და მან ეჭვნარევი საყვედური გამოთქვა:

ამ შემთხვევაში რუსებს შერცხვათ, ეჩვენებინათ ჩვენთვის ის ნაძარცვი, რომელიც ჩინეთიდან მეფის რუსეთმა წამოიღო”.

1950 წლის 21 იანვარს, მოსკოვში მაო ძედუნის თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ, მოსკოვში ჩავიდა ჩინეთის პერემიერმინისტრი ჯოუ ენ ლაი. დაიწყო ხელშეკრულების დადების ოფიციალური ცერემონია. საბჭოთა მხარემ წარმოადგინა ხელშეკრულების თავისი ვარიანტი, რომელიც თითქმის შეუსწორებლად იქნა ხელმოწერილი. ჩინეთის მხარე დათანხმდა, რომ ეს ყოფილიყო მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და კავშირის ხელშეკრულება, რომელსაც 1950 წლის 14 თებერვალს მოეწერა ხელი და მისი მოქმედების ვადა 30 წლით განისაზღვრა.

ხელშეკრულებაზე ხელმოწერის აღსანიშნავად, მაო ძედუნის ბრძანებით, ჩინეთის წარმომადგენლებმა დარბაზობა გამართეს სასტუმრო “მეტროპოლში”. ჩინეთის ლიდერმა სტალინს სთხოვა, დასწრებოდა ამ ღონისძიებას, სტალინმა კი მოკრძალებით განუცხადა, რომ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, მაგრამ მაო ძედუნის დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა და სტალინი სასტუმრო “მეტროპოლის” შენობისკენ გაემართა, რაც ჩინეთის სახალხო ბელადის დიდ პატივისცემად და დაფასებად ჩათვალა არა მხოლოდ საბჭოთა ხალხმა, არამედ მსოფლიომ. სტალინის ამ ნაბიჯს უცხოურმა მედიასაშუალებებმა უამრავი წერილი მიუძღვნა.

1950 წლის 17 თებერვალს მაო ძედუნი და ჯოუ ენ ლაი სპეციალური მატერებლით პეკინისკენ გაემგზავრნენ. საბჭოთა კავშირ-ჩინეთის საზღვარზე სტალინის ბრძანებითა და მისივე სახელით სტუმრებს სამახსოვროდ ორი მსუბუქი ავტომანქანა გადასცეს.

ასე დასრულდა ორ უდიდესი აზიელის _ სტალინისა და მაო ძედუნის _ ერთადერთი და ისტორიული შეხვედრა

მაო ძედუნის მოსკოვში ვიზიტის 65 დღე და ღამე სავსეა მთელი რიგი განცდებითა და მღელვარებით, რაც ცალკე განსჯისა და განხილვის საგანია.

მაო ძედუნი საბჭოთა კავშირში მეორედ 1957 წლის 19 ნოემბერს ჩამოვიდა, ერთი დღით ადრე, 18 ნოემბერს კი, მოსკოვში გაიხსნა 64 ქვეყნის კომუნისტური და მუშათა პარტიების ცნობილი თათბირი. ამ თათბირზე სიტყვით გამოვიდა მაო ძედუნი:

მსოფლიოში დღეს ძლიერი ქარი უბერავს: ერთი _ აღმოსაველთიდან, მეორე _ დასავლეთიდან. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ აღმოსავლეთის ქარი დაამარცხებს დასავლეთის ქარს”.

მაო ძედუნის ეს ფიგურალური გამოთქმა გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 1956 წლის თებერვალში გამართული მე-20 ყრილობის შედეგებით. ამ ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა დასავლეთიდან მონაბერი გამაოგნებელი სიცრუის ქარიშხალი დააყენა სტალინის “პიროვნების კულტის” შესახებ და შოკში ჩააგდო არა მხოლოდ მოძმე კომუნისტური და მუშათა პარტიები, არამედ სრულიად მსოფლიო.

ჩინეთის ლიდერმა სწორად განსაზღვრა, რომ 1956 წლის თებერვლის ყრილობა დასავლეთის ქარის პირველი შემოჭრა იყო სოციალისტურ ბანაკში, ამიტომ ქვეყნისა და სოციალიზმის ერთგულმა დამცველმა, თუმცა გამაოგნებელი, მაგრამ ძალზე გაბედული განაცხადი გააკეთა:

შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა შედეგები მოჰყვება თანამედროვე ომს და ადამიანთა რა რაოდენობის მსხვერპლს გამოიწვევს იგი. ეს რაოდენობა იქნება დედამიწაზე მცხოვრები 2 მილიარდ 700 მილიონი ადამიანის (იმხანად ამდენი კაცი ცხოვრობდა დედამიწაზე _ გრ. ონიანი) ერთი მესამედი, ესე იგი, 900 მილიონი და შეიძლება მეტიც _ დედამიწაზე მცხოვრებთა ნახევარი. მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ დედამიწაზე აღარ იარსებებს იმპერიალიზმი და სრულიად მსოფლიოში დამყარდება სოციალიზმი. ნახევარ საუკუნეში კი მოსახლეობა კვლავ მიაღწევს დღევანდელ ნიშნულს და შეიძლება მეტსაც”.

ჩინეთის მოსახლეობა იმხანად 700 მილიონს შეადგენდა. დაახლოებით 50 მილიონი ჩინელი იაპონელებთან ომში დაიღუპა, აგრეთვე, _ სამოქალაქო ომებში. წლების შემდეგ ჩინეთის ხელისუფლება ჩინეთისა და მსოფლიოში სამართლიანობის დამყარების უპირველეს მტრად საბჭოთა კავშირის მთავრობას მიიჩნევდა, რის გამოც მასთან შეიარაღებულ კონფლიქტსაც არ ერიდებოდა _ 1969 წელს სსრკ-ისა და ჩინეთის საზღვართან, კუნძულ დამანსკზე შეიარაღებულ კონფლიქტს უამრავი ჩინელის სიცოცხლე შეეწირა.

გავიდა 20 წელი და ორმა უდიდესმა სახელმწიფომ კვლავ გამონახა ერთმანეთთან მისასვლელი გზები და კვლავ დამეგობრდა (ნუთუ ეს ჩვენთვის ყურადსაღები არ უნდა იყოს? _ გრ. ონიანი).

1957 წლის ნოემბერში მოსკოვში ყოფნისას მაო ძედუნი შეხვდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი გრომიკოს, რომელსაც განუცხადა:

_ ჩემი თვალსაზრისით, სტალინის მოღვაწეობის 70% უნდა შეფასდეს როგორც წარმატებული, ხოლო 30% _ როგორც წარუმატებელი. ჩვენ ვერ დაგეთანხმებით სტალინის დამსახურების უგულებელყოფაში და მის წარუმატებლობას მხოლოდ სტალინს ვერ მივაწერთ, რადგან მასში დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოეთის მთავრობასა და პოლიტბიუროს. ვერ დაგეთანხმებით, რადგან 30 წლის განმავლობაში სტალინმა დაასრულა რევოლუცია და სოციალიზმის მშენებლობა, მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება დიდ სამამულო ომში.

სტალინის დამსახურებების მათემატიკურად გამოსახული პროპორცია 70:30 ისე მოეწონა მაო ძედუნს, რომ 1961 წელს თავის თავზე დაწერა:

“როგორ შეიძლება ჩემი გაკეთებულის შეფასება? თუ 70% დადებითი აღმოჩნდება, ხოლო 30 % უარყოფითი, ძალზე ბედნიერი ვიქნები. მე არ უარვყოფ ჩემს ნაკლოვანებებს. მე წმინდანი არ ვარ”.

სტალინის როლის შეფასებას რამდენიმეჯერ მიუბრუნდა მაო ძედუნი, ინტენსიურად კი _ 1956 წლის მარტში, ოქტომბერსა და ნოემბერში. ნოემბერში ჩინეთში საბჭოთა კავშირის ელჩ პავლე იუდინთან საუბარში მან განაცხადა:

“თქვენ (იგულისხმება ხრუშჩოვი და სკკპ-ის პოლიტბიურო) სრულიად უარყავით ის ხმალი, რომელსაც სტალინი წარმოადგენდა, გადააგდეთ, მტერმა ის სწრაფად აიღო ხელში და ამ ხმლით გვანადგურებს დღეს ჩვენ. თქვენი მოქმედება ჰგავს იმას, რომ დიდი ლოდი ორივე ხელით ასწიოთ და შემდეგ ფეხებზე დაიცეთ”.

1957 წლის მაისში ჩინეთს ეწვია საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე კლიმენტ ვოროშილოვი. ჩინეთის პარტიამ და მთავრობამ ვოროშილოვს მოუწყო გრანდიოზული შეხვედრა, არა იმიტომ, რომ ის საბჭოთა კავშირის მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი იყო, არამედ იმიტომ, რომ იგი სტალინის თანამებრძოლი და მეგობარი იყო. ხალხის მიერ მის მიმართ გამომჟღავნებულ პატივისცემასა და სიყვარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვოროშილოვს მოატარეს ჩინეთის ყველა საოცრება ანტიკური ხანიდან დღემდე. აჩვენეს სუნის დინასტიის ეკლესია, რომლის ახლოს დასაფლავებულია სახალხო გმირი იუე ფეი (1103_1142). იუე ფეის საფლავი მოკრძალებული, მაგრამ არქიტექტურულად დასამახსოვრებელი ნაგებობაა. ამ საფლავიდან ცოტა მოშორებით დაჩოქილი ქალისა და კაცის გაშარჟებული ქანდაკებები დგას. ესენი არიან გამყიდველი ცოლ-ქმარი (ძინ გუი და მისი ცოლი), მხილებულნი და დამნაშავენი გმირის სიკვდილში. ყველა მლოცველისთვის, რომლებიც ეკლესიას მოინახულებენ, სავალდებულოა, მივიდეს ამ დაჩოქილი ცოლ-ქმრის ქანდაკებებთან და მიაფურთხოს ან ჭუჭყი და ტალახი ესროლოს. ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა ასეული წლების განმავლობაში, ასე უხდის სამაგიეროს ჩინელი ხალხი მოღალატეებს. დიდხანს იდგნენ ვოროშილოვი და ჯოუ ენ ლაი გმირის საფლავსა და გამყიდველი ცოლ-ქმრის ქანდაკებებს შორის. მასპინძელი სტუმარს ქვეყნის გამყიდველის მიმართ ჩინელი ხალხის დამოკიდებულებაზე მოუთხრობდა. ვოროშილოვი ხვდებოდა, რატომ შემოუნახეს ჩინელებმა ბოლო აკორდად გმირისა და გამყიდველის საფლავებთან მისვლა და ამ საზარელი ამბის მოსმენა.

10 საუკუნეა, ჩინელი ხალხი აფურთხებს თავისი გმირის გამყიდველებს და მსოფლიოს დღესაც აოცებს ჩინელთა სიბრძნე და გამძლეობა.

ხალხის მხსნელი გმირის მკვლელი ნიკიტა ხრუშჩოვი კი მშვიდად განისვენებს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე და სტალინელები გულს იმით იმშვიდებენ, რომ მის საფლავზე დადებული უზარმაზარი და უძვირფასესი მარმარილო ორი ფერისაა _ შავი და თეთრი (არ ვიცი ამ შემთხვევაში ფურთხის ღირსი ხალხია თუ ის, ვინც ამ საფლავში განისვენებს).

რუსი ხალხი იმასაც ითმენს, რომ სტალინის მიერ შექმნილი ზესახელმწიფო, რომელიც შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს, და ყოველი საბჭოთა მოქალაქე ამაყობდა იმით, რომ იყო “გრაჟდანინ სოვეტსკოგო სოიუზა”, ერთმა ტყირპიანმა არაკაცმა მიხეილ გორბაჩოვმა დაანგრია და ეს ქვეყნის დამანგრეველი ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ ზეიმზე საპატიო სტუმართა სიაში იყო და საპატიო ადგილზეც დაბრძანებული.

როდის დაიდგმება სტალინის საფლავთან ახლოს ორი განუვითარებელი სპერმატოზოიდის _ ხრუშჩოვისა და გორბაჩოვის _ გაშარჟებული ძეგლები, რათა ყოფილი საბჭოეთის ყველა მოქალაქემ და მომავალში სოციალიზმში მცხოვრებმა ადამიანმა ყელი ამოისუფთაოს ხრუშჩოვისა და გორბაჩოვის მიფურთხებით და ამით “პატივი მიაგოს” მათ ამყრალებულ სულებს.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here