Home რუბრიკები საზოგადოება მეჭიაურის “ოცნებიდან” გასვლა-გარიცხვის რეალური მიზეზები

მეჭიაურის “ოცნებიდან” გასვლა-გარიცხვის რეალური მიზეზები

549

ამ დღეებში გამალებით განიხილავენ, დეპუტატი თამაზ მეჭიაური პოლიტიკური პარტიაქართული ოცნებიდანგარიცხეს თუ თვითონ გავიდა. ჩვენმა ზედმეტად დაკვირვებულმა კორესპონდენტმა შენიშნა, რომ ეს მავანთა ტრიუკია, რათა ყურადღება ამ, არც ისე მნიშვნელოვან ამბავზე გამახვილდეს და მთავარი ყურადღების მიღმა დარჩეს

კერძოდ, მთავარი არის მიზეზი! მიუხედავად იმისა, გარიცხეს თუ გავიდა, ორივე შემთხვევაში რა არის მიზეზი იმისა, რომ თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების” წევრი აღარ არის?

ამაზე ბევრი ექსპერტი იმტვრევს თავს. ჩვენმა ძალიან მიხვედრილმა კორესპონდენტმა კი უმარტივესად ამოხსნა ეს თავსატეხი.

აბა, დაუკვირდით, რას ლაპარაკობს ხოლმე მეჭიაური, ანუ რა გახდა ამ კონკრეტულ დეპუტატსა და პარტია “ქართულ ოცნებას” შორის შეუთავსებლობის საბაბი. გავიხსენოთ მეჭიაურის განცხადებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და, კერძოდ, ნატოს შესახებ _ ნატოში საქართველოს მიღება ჩვეულებრივი ბლეფი და ტყუილია”; “ჩვენ თუ ასეთი საგარეო კურსი გავაგრძელეთ და რუსეთთან რამე საერთო არ გამოვნახეთ, საბოლოოდ დავკარგავთ სოხუმსა და ცხინვალს  და სხვა ანალოგიურ განცხადებებს მეჭიაურის მხრიდან რას დაარქმევდით?

რას და, ეს არის აშკარა და თვალნათელი რეალობა!

აბა, ახლა კიდევ ერთხელ გაიხსენეთ: რა ჰქვია პარტიას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მეთაურობს?

რა და “ოცნება”!

მორჩა! არის კიდევ რამე ახსნა საჭირო? რა ესაქმებამეოცნებეებშიადამიანს, რომელიც მუდამ რეალურად აღიქვამს ყველაფერს და ხალხსაც რეალობაზე ელაპარაკება?

არც არაფერი!

ოცნებაიმიტომ დაარქვა, ბატონო, იმ კაცმა თავის პარტიას, რომ იქ მეოცნებე ხალხია საჭირო! ბოლოს და ბოლოს, თუ თვითონ არ ხარ მეოცნებე, ისე მაინც უნდა მოიქცე, რომ ხალხი, ამომრჩეველი, მოქალაქეები აოცნებო!

უნდა უთხრა: “მეოთხე წელი იქნება საუკეთესო!”, “ყველა თქვენგანი საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს ეკონომიკურ წინსვლას”, “იქნება უამრავი სამუშაო ადგილები”, “მიგვიღებენ ნატოში და ხონჩით მოგვართმევენ სოხუმსა და ცხინვალს”, “რუსეთი, ასევე, მოგვიერთებს კრასნოდარის მხარეს და კომპენსაციის სახით გადმოგვცემს სტავროპოლსა და ყირიმის სამხრეთ ნაწილს” და ასე შემდეგ და ასე შემდეგ!

აი, ასე ტკბილად, გემრიელად უნდა აოცნებო ხალხი!

აბა, რა უბედურებაა, რომ გამომდგარხარ აქ ამხელა კაცი და ყველაფერს მართალს ლაპარაკობ და გულს უხეთქავ მოსახლეობას?!

განა ცოტა აქვს ამ გატანჯულ ადამიანებს გულგასახეთქი, საზრუნავი და საფიქრალი?

მოდი და, ახლა იმაზე აფიქრე კიდევ, რომ სოხუმსა და ცხინვალს ვერასდროს დავიბრუნებთ, თუკი ნატოში შევალთ! მით უმეტეს, როგორ შეიძლება ასე პირდაპირ აჯახო ოცნებებში ჩაძირულ მოქალაქეებს, რომ ცხინვალისა და სოხუმის დათმობის ფასადაც კი ვერასოდეს შეხვალ ნატოში და კავკასიის რეგიონში, სულ ცოტა, 100 წელიწადი კიდევ რუსეთი იქნება “პირველი ხმა”  და, თუ შენ ამ “პირველ ხმას” ვერ აუწყვე, “სცენიდან” საერთოდ მოგაშორებენ!

აი, ამ საშინელი რეალობის თქმა განა შეიძლება ხალხისთვის, რომელიც სასოებით შეჰყურებს მილიარდერის ყოველ თითის აწევას, ყოველ გაღიმებას, ყოველ დაპირებას?

რა თქმა უნდა, ეს ველურობა, უხეშობა, უტაქტობაა!

აი, სწორედ ამიტომ დარჩა ეს გაუთლელი და სიმართლის მოყვარული ცუდი კაცი თამაზ მეჭიაური “ოცნების” გარეთ და, ჩვენ თუ გვკითხავთ, ღირსიც იყო!

იმედია, ამის შემდეგ მაინც ისწავლის ჭკუას და აშკარა რეალობით გულებს აღარ დაგვიხეთქავს.

თუ მაინცდამაინც ბიძინას ოცნებები არ მოწონს, ხომ შეუძლია რამე სხვა ფარფატა და ფაფუკი ოცნება მოიფიქროს და იმაზე ელაპარაკოს ხალხს?!

მაგრამ არა!

ბუნებით ბოროტი რომ იქნები ადამიანი ასე იცის! მაინცდამაინც სიმართლე უნდა ატენოს ცხვირში ადამიანებს და გამოაფხიზლოს. კარგი  რა, ბოლოს და ბოლოს!

ჰოდა, ამოუვიდა კიდეც ყელში “ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს და…

აჰ! თუმცა, ჯერ ხომ გაურკვეველია, “ოცნებამ” გააგდო მეჭიაური თუ მეჭიაურმა გადააგდო “ოცნება”.

არადა, აქვს კი ამას რაიმე მნიშვნელობა? თქვენ როგორ ფიქრობთ?

რუსო ნატოშვილი

1 COMMENT

  1. ჩემს დამძძიმებულ გულს და სულს ვერც ეს ფრთოსნი ხუმრობა ვერ შველის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here