Home რუბრიკები საზოგადოება ტრისტან წითელაშვილი: ხიდაშელის მინისტრობისას თავდაცვის უწყებაში დანაშაულმა მკვეთრად იმატა

ტრისტან წითელაშვილი: ხიდაშელის მინისტრობისას თავდაცვის უწყებაში დანაშაულმა მკვეთრად იმატა

617

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება გენერალი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც სხვა სამხედრო ექსპერტებთან ერთად თავდაცვის სამინისტროში მომხდარ დანაშაულებს იძიებს.

_ ბატონო ტრისტან, რა ხდება თავდაცვის სამინისტროში?

_ ჩვენ, სამხედრო ექსპერტები, ვიძიებდით და ვიძიებთ იმ დანაშაულებს, რომელიც მოხდა ნაციონალების მმართველობის პერიოდში. იმხანად თავდაცვას ხელმძღვანელობდნენ დავით კეზერაშვილი და ბაჩო ახალაია. სამწუხაროდ, ძველ დანაშაულებს ახალიც დაემატა. თავდაცვის სამინისტროში ბოლო წლებში იმდენი დანაშაულია ჩადენილი, რომ ძველს გადააჭარბა. ხიდაშელის მინისტრობის პერიოდში თავდაცვის უწყებაში დანაშაულმა მკვეთრად იმატა.

_ რატომ მოხდა ეს?

_ თავდაცვის სამინისტროში ჩანერგილია ბევრი ნაციონალი, რომლებიც საბოტაჟს აწყობენ.

_ მაგრამ, ბოლო სამი წელია, ერთმანეთს ცვლიანქართული ოცნებისმინისტრები და რატომ ვერ ახერხებენ ისინინაცპარტიისკადრების გამოაშკარავებას და მათ დასჯას კანონის ძალით?

_ ბატონ ირაკლი ალასანიასთან ურთიერთობა ვერ დავამყარეთ, უბრალოდ, ვერ შევხვდით. ბატონ მინდია ჯანელიძესთან კი დავიწყეთ საქმიანი ურთიერთობები და შედეგიც იყო _ მან რამდენიმე სარდალი დაითხოვა შეიარაღებული ძალებიდან, კერძოდ, პოლკოვნიკები: გიორგი კერესელიძე _ ლოჯისტიკის სარდალი, განთქმული მწამებელი, და მერაბ ურიდია _ სამხედრო-საჰაერო ძალების დამანგრეველი, რომელმაც სამხედრო ტექნიკა და იარაღი გაყიდა, ის შეიარაღება, რიმელიც ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა 2008 წლის აგვისტოს ომში… თუმცა, მინისტრ ჯანელიძეს არ აცალეს. აშშ-ის ელჩის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ხიდაშელი. რატომღაც გვეგონა, ქალბატონი თინა უფრო აქტიურად დაიწყებდა ბრძოლას დამნაშავეების წინააღმდეგ, მოხდებოდა ფილტრაცია და დადგებოდა დრო, როდესაც ჯარს დაუბრუნდებოდა საქმის მცოდნე, პატრიოტი ოფიცრები, მაგრამ ხიდაშელმა, არათუ განაგრძო ჯანელიძის მიერ დაწყებული წმენდა სამართლებრივი დევნა დამნაშავეებისა, არამედ ყველა საქმე, რომელზეც დაწყებული იყო გამოძიება, თაროზე შემოდო. ხიდაშელმა დაიწყო იმ ადამიანების, უფრო ზუსტად, არაადამიანების დაბრუნება სამინისტროში, პირსისხლიანი სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მიტინგების დარბევაში რომ მონაწილეობდნენ, ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს. ჩვენ შევადგინეთ სია იმ 55 ოფიცრისა, რომლებიც მხილებულნი არიან იარაღის კონტრაბანდაში, ჯარისკაცების წამებაში, ოფიცერთა შანტაჟში, სახელმწიფო ქონებისა და თანხების გაფლანგვასა და უამრავ სხვა ბოროტმოქმედებაში. ვცდილობთ, ინფორმაცია მივაწოდოთ შესაბამის სამსახურებს, მაგრამ ქალბატონმა ხიდაშელმა აღვირი აიწყვიტა და ვეღარავინ აჩერებს. მის მიერ დაბრუნებული “კადრები” ანგრევენ შეიარაღებულ ძალებს, საგრძნობლად აქვეითებენ მის ბრძოლისუნარიანობას.

_ ბატონო ტრისტან, კონკრეტულად ვინ არიან ეს ადამიანები?

_ ეს არის, მაგალითად, გიორგი ხურციძე _ მე-5 ბრიგადის ყოფილი მეთაური. ამჟამად მუშაობს სახმელეთო ჯარების სარდლობაში. უმოწყალოდ ნაცემი ჰყავს G1-ს ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი ნუკრი ლამაზოშვილი და საინჟინრო დაგეგმარების ოფიცერი, რომლის გვარს ამ წუთს ვერ ვიხსენებ. ჩატარდა გამოძიება, ფაქტი დადასტურდა, მაგრამ ალასანიას მინისტრობისას სამხედრო პოლიციის უფროსმა კახაბერ ჩიხრაძემ ეს საქმე ჩაფარცხა. სხვათა შორის, ეს ჩიხრაძე, ვიდრე ამ მაღალ თანამდებობაზე მოკალათდებოდა, ირაკლი ალასანიას პერსონალური მძღოლი იყო… სერგო ჩაჩიბაია, ალასანიას პარტიის _ “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, 2008 წლის ომის დროს ყველაფერს გაერიდა და, როდესაც სამშობლოს ბედი წყდებოდა, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გაფორმებით იყო დაკავებული. ხიდაშელის მინისტრობის პერიოდში ჩაჩიბაია დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ და ახლა იგზავნება ავღანეთში, ე.წ. სამშვიდობო მისიის ჯგუფის უფროსად. და კიდევ _ ჩაჩიბაია გასამართლებული იყო მოზარდის წამების გამო. იჯდა საპყრობილეში სააკაშვილის რეჟიმის დროსაც. აღსანიშნავია, რომ ციხეში ყოფნისას მუშაობდა ე.წ. აბსლუგაში და აქტიურად თანამშრომლობდა ნაცების ციხის ადმინისტრაციასთან…

კიდევ ერთი “გმირია” ვიცეპოლკოვნიკი გიორგი ცაბაძე, ე.წ. გენერლის _ გიგი კალანდაძის მეგობარი. ის იყო საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაური, რომელმაც 2008 წლის ომის დროს პოზიციაზე დატოვა 18-მილიონად შეფასებული რადიოსალოკაციო დაზვერვის სადგური, რადგან სარდალ მერაბ ურიდიას ბრძანებით, ამ სადგურის გამწევი მანქანა ტყეში ჰყავდა გაყვანილი პირადი სარგებლობისთვის _ უკანონოდ მოჭრილი ხეების გამოსატანად. სადგურის განადგურებას ბუჩქებში ჩამალული ცაბაძე იარაღმომარჯვებული მთელი პირადი შემადგენლობით ადევნებდა თვალყურს. რუსების ათეულს, რომელიც ძვირად ღირებულ სადგურს ანადგურებდა, ცაბაძემ ხელი არ შეუშალა. იმ ათიოდე რუსი ჯარისკაცის მოგერიება და სადგურის გადარჩენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა… 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ცაბაძე, როგორც სამხედრო პირი, ერთგულებდა სააკაშვილის რეჟიმს და არბევდა “ქართული ოცნების” შეხვედრებს მოსახლეობასთან; კონკრეტულად, ხელს უშლიდა ლერი ხაბელოვის საარჩევნო კამპანიას: ყვიროდა, ეს ჩემი სოფელიაო და აგინებდა შეხვედრაზე მისულ ადამიანებს. 2012 წლის არჩევნებისას გიორგი ცაბაძე უკანონობას სჩადიოდა არა მხოლოდ თავის სოფელში, არამედ სამხედრო ნაწილშიც. ალექსეევკის ბაზაზე შეკრებილი პირადი შემადგენლობის თანდასწრებით, “პროფილაქტიკის მიზნით”, დედა აგინა მათ, ვინც ხმას მისცემდა “ქართულ ოცნებას” და დამსწრეებს ცხვირწინ უტრიალებდა ერთი ხელის გაფარჩხულ თითებს, რითაც მიანიშნებდა, რომელი ციფრი უნდა შემოეხაზათ საარჩევნო ბიულეტენში. გიორგი ცაბაძის ბრიგადაში ეწეოდნენ ფინანსურ მაქინაციებს. აპრობირებული მეთოდი იყო ჯარისკაცებისა და ოფიცრების დასჯა, რომელიც ითვალისწინებდა ხელფასის 30%-ის დაქვითვას. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბრიგადის შემადგენლობის თითქმის ნახევარი; ხოლო ბრიგადის ფინანსისტი, ვინმე მასალაევა, დაქვითული თანხიდან თითოეულ ჯარისკაცსა და ოფიცერს ჰპარავდა ათიდან ორმოც ლარამდე თანხას. გამოძალვის შედეგად მითვისებულმა თანხამ, ჯამში, 30 ათასი ლარი შეადგინა.

რომან ჯოხაძე _ გენერალ-მაიორი, გენშტაბის უფროსის მოადგილე _ მთავარი პასუხისმგებელი პირი იყო აფრიკაში მომხდარი გაუპატიურების სამარცხვინო ინციდენტზე, რაზეც დროულად არ გააკეთა მოხსენება, ანუ ფაქტი დამალა. მხოლოდ გაზეთგარდიანშიგამოქვეყნებულმა წერილმა, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი ეს თავისმომჭრელი დანაშაული, აიძულა მინისტრი ხიდაშელი, რომ რომან ჯოხაძე გადაეყვანაკადრების განკარგულებაში”, თუმცა იმავე ხიდაშელმა საზოგადოებისთვის ფარულად ჯოხაძე მალევე დააბრუნა თანამდებობაზე და გაგზავნა სასწავლებლად აშშში, “ომის კოლეჯში”. გენერალი ჯოხაძის განათლების ასამაღლებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო სოლიდური თანხა. აღსანიშნავია, რომ ჯოხაძემ ინგლისური ენა არ იცის და მას, წესდების გვერდის ავლით, ტესტების პასუხებში საკუთარ სახლში ამეცადინებდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ინგლისურის მასწავლებელი მარინე გუგეშაშვილი, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს უკრაინაში “დაბუდებულ” მიხეილ სააკაშვილის ჯგუფთან.

_ ბატონო ტრისტან, ჩვენი გაზეთი წერდა რიგით ერიკ კარაპეტიანის წამებაზე ერთერთ სამხედრო ბაზაში. თუ ხართ საქმის კურსში?

_ საქმის კურსში ვარ. დავამატებ, რომ ახლახან მაგ ბაზის ტერიტორიაზე, განაწესის ოთახში, ქუჩიდან შეიყვანეს სამი არასრულწოვანი, 6-7 წლისა. ჯერ აჭამეს მდოგვით ამოვსებული ფუნთუშები, პირი რომ გამოეშუშხათ, შემდეგ წყლით სავსე კასრებში ჩააყოფინებდნენ და ამოაყოფინებდნენ თავს, ბოლოს კი ღუმელიდან ამოღებულ ნახშირს სახეზე უსვამდნენ… მახსენდება გუანტანამოს ციხის წამებების კადრები. მაგ ბაზაზე შტაბის უფროსად მუშაობს ნაცების მიერ ჩანერგილი კაცი _ მაიორი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც თავის კაბინეტში, მაგიდის მარჯვენა უჯრაში, ვითარცა ძვირფას რელიქვიას, “ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო პლაკატს ინახავს.

_ რას აკეთებს გენინსპექცია, სამხედრო პოლიცია?!

_ ვინაიდან ეს სამსახურები ამ საშინელ ფაქტებზე არ რეაგირებდნენ, ოფიცრების ჯგუფმა დახმარებისთვის მიმართა სამხედრო ომბუდსმენ თამარ გაბიანს, რომელსაც ყველა ჩადენილი დანაშაულის დეტალებზე მოახსენეს ზეპირად და წერილობითაც, მიიწვიეს ბაზის ტერიტორიაზე, მაგრამ ამ ქალბატონს მათზე რეაგირება არ მოუხდენია. ამას გარდა, გაბიანს არაერთმა უკანონოდ დათხოვილმა ოფიცერმა მიმართა დახმარებისთვის, არაერთმა ჯარისკაცის მშობელმა, რომელთა შვილებსაც სცემდნენ და აწამებდნენ. მან ეს შემთხვევებიც რეაგირების გარეშე დატოვა. მე ასე ვიტყვი: ეს ქალბატონი ჩართულია ამ დანაშაულებრივ სქემაში.

კითხვები მაქვს თამარ გაბიანის უშუალო უფროსისადმი, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილისადმი: ვინ არის, საიდან მოვიდა და როგორ დაინიშნა ეს ქალბატონი სამხედრო ომბუდსმენად, როდესაც მას არავითარი შეხება არ ჰქონია სამხედრო საქმეებთან და აზრზეც არ არის, როგორ უნდა იმოქმედოს სამხედრო დანაშაულებზე, რა კუთხით უნდა დაიცვას სამხედრო პირი? რისთვის უხდის სახელმწიფო გაბიანს ამხელა ხელფასს, რომელსაც ის ანიავებს ბარ-რესტორნებში? სოციალური ქსელი მოფენილია გაბიანის “არაოფიციალურ ვითარებაში” გადაღებული ფოტოებით. და კიდევ, რატომ არ ამოუდგა თამარ გაბიანი მხარში იმ 250 მაღალკვალიფიციურ ოფიცერს, რომლებიც ერთ ღამეში სამსახურიდან გააძევა ბაჩანა ახალაიამ? თუმცა ყველაფერი გასაგებია.

თავდაცვის სამინისტროში დანაშაულის რაოდენობა კი არ მცირდება, პირიქით _ იმატებს. ეს ხდება იმიტომ, რომ მინისტრი ხიდაშელი ახალისებს იმ დამნაშავეებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს და ახლა ძირს უთხრიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here