Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს რადიოლოგთა კონგრესმა ქვეყნის დღევანდელი სახე წარმოაჩინა

საქართველოს რადიოლოგთა კონგრესმა ქვეყნის დღევანდელი სახე წარმოაჩინა

550

7-8 მაისს სასტუმროივერიის” (“რადისონის”) საკონფერენციო დარბაზში გაიმართა რადიოლოგთა ასოციაციის IV კონგრესი, რომელიც თავისი მნიშვნელობით, მოწვეულ მეცნიერთა დონით, მონაწილე ქვეყნების სიმრავლით, წაკითხული მოხსენებების თემატური მრავალფეროვნებითა და აქტუალობით გასცდა ერთი ქვეყნის ფარგლებს და წარმოგვიდგა, როგორც საერთაშორისო რანგის ღონისძიება, როგორც მსოფლიოში რადიოლოგიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი.

ასე შეაფასეს იგი ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ავსტრიის, გერმანიის, რუსეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ირანის, ლატვიის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ასოციაციათა პრეზიდენტებმა და მთავარმა რადიოლოგებმა, ამ დარგთან დაკავშირებული უდიდესი ფირმების წარმომადგენლებმა.

_ კონგრესის მიზანი იყო რადიოლოგიის დარგში დღევანდელ ეტაპზე მიღწეული შედეგების წარმოჩენა და ურთიერთგაზიარება, _ ამბობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ონკოლოგიის დარგში _ მაკა მაღლაკელიძე, _ ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც ჩვენს ინსტიტუტს გააჩნია, შესაშურია ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც კი, ამიტომ, ცხადია, თოდუას კლინიკის გამოცდილება კონგრესის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში მოექცა.

რადიოლოგია ახალგაზრდა მეცნიერებაა, რომელმაც განვითარების ისეთ დონეს მიაღწია, რომ მედიცინის ნებისმიერი დარგის ეფექტიანი მუშაობა წარმოუდგენელია რადიოლოგიური მხარდაჭერის გარეშე. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა კონგრესის 10 სექციაში წარმოდგენილი მოხსენებებით.

ამ ზოგად დებულებას ონკოლოგები ნეიროვიზუალიზაციის შესაძლებლობების გაფართოებით გვისაბუთებენ, რომელიც კარგად წარმოჩნდა კონგრესზე. მაგალითად, ექიმ-კლინიცისტს ამჟამად შესაძლებლობა აქვს, არა მხოლოდ ნახოს, ვთქვათ, სად მდებარეობს თავის ტვინის სიმსივნე, არამედ ისიც, რა მიმართულებაშია იგი ნერვულ ბოჭკოებთან, არის თუ არა ოპერაბელური და ა.შ. ამ ყველაფრის დადგენა შესაძლებელია სპეციალური პროგრამებით, რომლებიც დამატებითი ვიზუალიზაციის შესაძლებლობას აძლევს კლინიცისტს, სწორად რომ დაგეგმოს მკურნალობა, გააანალიზოს, იქნება თუ არა გვერდითი მოვლენები, მოხერხდება თუ არა სიმსივნის ამოღება შემდგომი დაზიანებების გარეშე და ა.შ.

კონგრესის მონაწილეთა საერთო აზრით, ჩვენი ქვეყნის რადიოლოგთა ეს შეკრება იყო ევროპაში მოწყობილი ამ სახის ღონისძიებების დონეზე უფრო მაღალი და თავისი დატვირთულობით, აკადემიური შემოქმედებითა და ნოვაციებით გამორჩეული.

უნიკალური იყო ისიც, რომ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას წინადადებით, კონგრესზე ახალგაზრდების სექცია ცალკე მუშაობდა. სამედიცინო პროფილის მქონე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და რეზიდენტებმა წაიკითხეს მოხსენებები, რომლებიც ძირითადად ეფუძნებოდა თეორიულ ანალიზს და არა კლინიკურ გამოცდილებას, თუმცა იყო გარკვეული გამონაკლისებიც.

თვალში საცემი იყო, რომ კონგრესის დარბაზებში, სადაც პლენარული თუ სექციური სხდომები მიმდინარეობდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდულ სექციაში, ტევა არ იყო.

ბატონმა ფრიდონმა ბოლომდე უერთგულა ახალ თაობას თუნდაც იმით, რომ სამეცნიერო დარგში დირექტორის მოადგილესთან, ბატონ გია სვანიძესთან

 ერთად, თავად უხელმძღვანელა ახალგაზრდულ სექციას.

თოდუას კლინიკა, ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის განსაკუთრებული მონდომების წყალობით, იმითაა გამორჩეული, რომ არასოდეს კმაყოფილდება იმ სიახლეთა დანერგვით, რომლებიც გარკვეულ პერიოდში პროგრესულად ითვლება _ ერთი პროექტის დასრულებისთანავე იწყება ახლის განხორციელებაზე ზრუნვა. ეს ეხება როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას (კლინიკაში კონსოლიდირებულია უახლესი აპარატურა), ისე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას. რადიოლოგიის მიმართულებით დაცულია 70-მდე დისერტაცია, გამოცემულია 15 მონოგრაფია, ქართველი ექიმი-რადიოლოგები დარგში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოებულნი არიან 16 სახელმწიფო და ეროვნული პრემიით, სამეცნიერო ჯილდოებით.

ინტერვიუს ბატონ ფრიდონ თოდუასთან გაზეთისაქართველო და მსოფლიომომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here