Home რუბრიკები საზოგადოება ვიმედოვნებ, დღევანდელი ხელისუფლება მეტ ყურადღებას მიაქცევს ომში დაღუპულთა ოჯახებს და გადარჩენილ ვეტერანებს

ვიმედოვნებ, დღევანდელი ხელისუფლება მეტ ყურადღებას მიაქცევს ომში დაღუპულთა ოჯახებს და გადარჩენილ ვეტერანებს

568

1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირს თავს დაესხა ფაშისტური გერმანია. ამ ომში საქართველოს 700 ათასი მოქალაქე, ქართველი თუ არაქართველი, მონაწილეობდა. მათგან 300 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი შინ ვერ დაბრუნდა. ეს იყო უსასტიკესი ომი მსოფლიოს ისტორიაში.

საბჭოელი, მათ შორის, ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილი შეეწირა ფაშიზმზე გამარჯვებას. სტუდენტობა ხომ საქართველოს გენოფონდი იყო! ჩემი რამდენი ბიძაშვილის, დეიდაშვილისა და მამიდაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა ამ ომმა და რამდენი ჩემი თანასოფლელის! არასდროს დამავიწყდება, მათი დედების გლოვის ზარი ზეცას რომ უერთდებოდა. არ შეიძლება იმ ადამიანების დავიწყება, რომლებიც თავდადებით შრომობდნენ იმ საშინელ წლებში. არა მხოლოდ ზრდასრულები, არამედ მოზარდებიც კი იდგნენ ფაბრიკა-ქარხნებში დაზგებთან და ეხმარებოდნენ ფრონტს. “ყველაფერი ფრონტისთვის!” _ ასეთი იყო ლოზუნგი. დღეს ამ ადამიანებს ეწოდებათ ომის მონაწილეებთან გათანაბრებულები, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს.

მხოლოდ თბილისის სამგორის რაიონის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების რაიონულ კავშირში 2960 ადამიანი ირიცხება; მათ შორის არიან დიდი სამამულო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე, ომის მონაწილეებთან გათანაბრებულები, მარჩენალდაკარგულები და სხვა ქვეყნების ომების მონაწილე პირები.

მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ის ახალგაზრდები, რომლებიც დაბრუნდნენ შინ, მაგრამ შეღავათების გარეშე დარჩნენ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 22 ლარს. მათ საპენსიო ასაკამდე 20-25 წელიწადი უკლიათ და რა უნდა ქნას ახალგაზრდამ, რომელიც დაოჯახებულია და მცირეწლოვანი შვილები ჰყავს? მათ ხომ მინიმალური საარსებო საშუალებაც არ აქვთ ოჯახის სარჩენად? არ აქვთ სამსახური, არც პერსპექტივა, რადგან მათთვის სამუშაო ადგილები არ იქმნება. განა ყველას შეუძლია, დატოვოს სამშობლო, თუნდაც დროებით, და წავიდეს საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელად?

ვინც იბრძოდა საქართველოს მთლიანობისთვის, ვინც ვერ დაბრუნდა შინ, ისინი ხომ ჩვენი ტკივილია, მაგრამ მათ, ვინც შინ დაბრუნდა, მეტი ყურადღება სჭირდებათ. ვინც თუნდაც რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ომში და თვალებში უყურებდა სიკვდილს, იმსახურებს ყურადღებას სამშობლოსგან. მინდა, ერთი მაგალითი მოვიყვანო.

ჩემი მეუღლე 1921 წლის 3 აგვისტოს დაიბადა ოჯახში, სადაც 13 ბავშვი იზრდებოდა. 1939 წლის პირველ სექტემბერს იგი გახდა ქალაქ პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. მშობლებს უთხრა, უნივერსიტეტს დავამთავრებ და ყველაფერში დაგეხმარებითო, მაგრამ 1940 წლის 7 თებერვალს საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. მას მხოლოდ 1965 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარში 26 წელიწადს იმსახურა, მიეცა საშუალება, სწავლა გაეგრძელებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1970 წელს წარმატებით დაამთავრა და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია. სპეციალობით ათეული წელიწადი იმსახურა, მაგრამ მისი მშობლები ვეღარ მოესწრნენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ ბედნიერებას.

ძვირფასო რედაქციავ, უმორჩილესად გთხოვთ, ჩემი გულისტკივილი, ისევე, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ქართველისა, გამოაქვეყნოთ თქვენს გაზეთში. იმედი ბოლოს კვდებაო და, ვიმედოვნებ, დღევანდელი ხელისუფლება მეტ ყურადღებას მიაქცევს ომში დაღუპულთა ოჯახებს და გადარჩენილ ვეტერანებს!

ნინა სიხარულიძესმირნოვა,

დიდი სამამულო ომის მონაწილის, კავკასიის ფრონტის მონაწილისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, მაიორ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე სმირნოვის ქვრივი, 90 წლის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here