Home რუბრიკები საზოგადოება რაიხსტაგის გმირის საგვარეულო სალოცავი “დუდწიფურის” თავგადასავალი

რაიხსტაგის გმირის საგვარეულო სალოცავი “დუდწიფურის” თავგადასავალი

1085

ენგურისპირა ქალაქ ჯვარში შარშან, აგვისტოში, უჩვეულო ცერემონია გაიმართა _ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა ქართული საინჟინრო ხელოვნების გიგანტის _ ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი, როგორც მსოფლიოში ერთერთი უნიკალური ჰიდრონაგებობა (სიმაღლე 271,5). 

წლეულს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულის კვირაძალში, ქალაქ ჯვარში ბუნების უნიკალურ ძეგლად ცხადდება 500-წლოვანი გოლიათი წიფელი, როგორც საქართველოს წიფელთა შორის უდიდესი და უხნესი ხე, უტყვი მოწმე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 5 ბიძაშვილის, მათ შორის, რაიხსტაგის გმირის _ მელიტონ ქანთარიას (1920-1993) ბავშვობა-ყრმობა-ჭაბუკობისა.

დაინტერესებული მკითხველი ქვემოთ სწორედ ქალაქ ჯვრის გოლიათი წიფელისა და საქართველოს სხვა გოლიათი და დიდხნოვანი ხეების საკვირველ თავგადასავალს გაეცნობა.

გოლიათი წიფლის სიმაღლეა 42,0 , გარშემოწერილობა _ 5,25 , ვარჯის პროექცია _ 30,84 X 35,22 . აქვს ლაღად განვითარებული სამი ვარჯი: პირველის გარშემოწერილობაა 2,88 , მეორისა _ 2,81 ; მესამისა _ 2,13 მეტრი. გოლიათი წიფელი თესლმსხმოიარეა. ნაყოფი სექტემბერში ცვივა. მისი ზუსტი ადგილსამყოფელია ქალაქი ჯვარი, ლექანთარეს უბანი, იაკობ გოგებაშვილის . 16.

ჩვენი წიფელი ზღვის დონიდან 470 მეტრის სიმაღლეზე დგას, ახალაგებული ოდა-სახლის გვერდით, ციცაბო ფერდობზე და ამ ადგილ-მამულის ნამდვილი გამგებელია. აქედან იშლება ქალაქ ჯვარის დიდებული პანორამა, თითქოს ხელის გაწვდენაზეა ოდიშური ოდა-სახლები, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მშენებელთა მრავალსართულიანი კორპუსები, შორს მოჩანს კაშხლის ზედა ნაწილი, უფრო ჩრდილოეთით _ ეგრის-სვანეთის მთები, ხოლო სამხრეთით _ შავი ზღვა.

საკვირველია ამ ხესთან დაკავშირებული ამბები, მეორე მსოფლიო ომში ლექანთარეს უბნიდან 14 ქანთარია მონაწილეობდა. ახლო ბიძაშვილების _ ალექსანდრე, ევგენი, ვალიკო, ილია, ისააკ, ლივან, მელიტონ, პლატონ და ჯოგო ქანთარიების ცხოვრების ადრეული წლები გოლიათ წიფელთანაა დაკავშირებული: ძირს დაშვებული დიდი ტოტით ხეზე თავისუფლად ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ თურმე. რაიხსტაგის გმირისთვის ეს ხე ნამდვილი საწვრთნელსაასპარეზო არენა ყოფილა.

მელიტონ ქანთარიასადმი მიძღვნილი ნარკვევების, ლექსებისა და მოთხრობების ავტორებს უწერიათ, რომ იგი იყო კარგი მაშველი, კარგი მთამსვლელი, მხვნელ-მთესველი, მონადირე, მორკინალი, მხედარი, მოცურავე, მომღერალი და მოცეკვავე; ხოლო ჯარში უშიშარი მზვერავი, რომელმაც ომის პირველი დღეებიდანვე იწვნია ვერაგი მტრის დარტყმები, გაუძლო მრავალთვიანი უკანდახევის სიმძიმეს, ხოლო შემდეგ, შეტევაზე გადასული, ერთ-ერთი პირველი შეიჭრა ფაშიზმის ბუნაგში.

მელიტონი სამამულო თუ მოწინააღმდეგის ყველა სახეობის იარაღს ფლობდა, რევოლვერით დაწყებული, ტყვიამფრქვევით დამთავრებული. იგი სამჯერ მძიმედ დაიჭრა, მაგრამ ლაზარეთიდან გამოსული ისევ ფრონტის წინა ხაზზე გადიოდა, ასე ბრძოლით იარა ბერლინამდე და 1945 წლის 1 მაისს, დილის 3 საათზე, რუს მიხეილ ეგოროვთან ერთად მაღალსვეტებიანი, ნაცრისფერი, მინებჩალეწილი რაიხსტაგის გუმბათზე აღმართა გამარჯვების დროშა.

ახლობლებსა და ნათესავებს კარგად ახსოვთ მელიტონ ქანთარიას ნაამბობი, რომ იმ ქარცეცხლიან 4 წელიწადში მუდამ თვალწინ ედგა, სიზმარშიც კი ეცხადებოდა გოლიათი წიფელი და მის ძირას შინდისფერი თიხის ქვევრში მოწანწკარე წმინდა წყურგილი _ კამკამა წყარო, ორივე მისი დაბადების ადგილიდან ასიოდე მეტრით დაშორებული.

ომამდე და ომის შემდეგ წლებში მელიტონ ქანთარია აფხაზეთში (ოჩამჩირე, ტყვარჩელი, სოხუმი) ცხოვრობდა, ჰყავდა ოჯახი, მეუღლე, შვილები. სიტყვით და საქმით მშვიდობას ემსახურებოდა, როგორც მეშახტე, კირითხურო და ზღვაოსანი. მშობლიურ ჯვართან, ნათესავ-მეგობრებთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. 70 წლის კაცი 90-იანი წლების ძმათამკვლელ ომს განერიდა.

ერთ პერიოდში უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაფანტულ შვილებთან და ახლობლებთან ცხოვრობდა, ბოლოს მოსკოვში იმყოფებოდა, იქვე გარდაიცვალა. დაკრძალულია ჯვარში, იმ სკოლის ეზოში, რომელშიც სწავლობდა და რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქვია. ეზოში დგას გამარჯვებული ჯარისკაცის ქანდაკება, რომლის გახსნასაც იგი დაესწრო 1967-ში და სიტყვითაც გამოვიდა. აქვე დგას მისი ბიუსტი. გარშემო ლამაზი სკვერია, მოჟრიამულე მოსწავლეებითა და სტუმარ-მასპინძელთა სიმრავლით გამორჩეული.

გოლიათ ხეს ბევრი სიმწარე ახსოვს. იმ სასტიკ ზამთარს, როცა მტერი კავკასიას მოადგა, ოჯახს შეშა შემოაკლდა, ფრონტზე წასული ვაჟკაცების მამებს, ყარამანსა და ვარლამს, ურჩიეს თურმე, _ ერთი ტოტი მოვჭრათ და ამ ზამთარს ადვილად გადავიტანთო, მაგრამ მათ უარი უთქვამთ, _ მარჯვენა რომ მოგვჭრან, როგორი სანახავი ვიქნებით ან ომიდან დაბრუნებულ შვილებს რა პირით დავხვდეთო. ერთი ეზო-კარიდან გასული ცხრა ვაჟკაციდან უმრავლესობა ომიდან არ დაბრუნებულა, ისევე, როგორც ჯვრის თემიდან ომში წასული 412 ვაჟკაციდან არ დაბრუნებულა 209. გოლიათი წიფელი კი გადარჩა, ახლა მას შთამომავლობა უფრთხილდება.

საქართველოს წითელი წიგნის (თბილისი, 1982, გვ. 177-185) მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში 15 სახეობის 32 გოლიათი და დიდხნოვანი ხეა აღრიცხული 21 ქალაქსა თუ სოფელში. მათი სამუნიციპალიტეტო მისამართებია: ამბროლაური, ახმეტა, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, გუდაუთა, დედოფლისწყარო, დუშეთი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თელავი, თბილისი, მესტია, ოჩამჩირე, საგარეჯო, სენაკი, სიღნაღი, ქუთაისი, ყვარელი, ხაშური და ხელვაჩაური.

მოსახლეობა ცოცხალ მეტყველებაში დიდხნოვან ხეებს ხშირად მოფერებით ხატოვანი სახელით მოიხსენიებს ხოლმე. მაგალითად: იტყვიან ჩვენი ბერმუხაო, კოხტა ხეო, მარტო ხეო, ტყის ბელადიო, ხეთა მეფეო, ხე პატრიარქიო… ჯვრის გოლიათი საქართველოს ცნობილ წიფელთა შორის უდიდესი და ულამაზესია. მას დუდწიფური ჰქვია, რაც თავწიფელს, მთავარ წიფელს ნიშნავს. ახლა კი თამამად შეიძლება მიენიჭოს რაიხსტაგის გმირის საგვარეულო ხის წოდება.

იმავე წითელი წიგნის მიხედვით, დიდხნოვან ხეთა სახეობანი ანბანის მიხედვით ასე გამოიყურება: ვერხვი, თუთა, კაკალი, მანდარინი, მუხა, ოფი, რცხილა, სოჭი, უთხოვარი, ფორთოხალი, ცაცხვი, ძელქვა, წაბლი და ჭადარი. როგორც ხედავთ, მათ რიცხვში წიფელი არ არის. ამავე წიგნის მიხედვით, საქართველოში ყველაზე უხნესია, ანუ 1800 წლის არის ბაწარის ნაკრძალში (ახმეტის მუნიციპალიტეტი) არსებული უთხოვარი, რომლის დიამეტრია 1,6 მეტრი, ხოლო სიმაღლე _ 30 მეტრი. ყველაზე მაღალია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში მდგარი 600-წლოვანი კავკასიური სოჭი _ 50 მეტრი. ფესვის ყელის გარშემოწერილობის მიხედვით, პირველ ადგილზეა სოფელ ძველ სენაკში მდგარი 800-წლოვანი აღმოსავლეთის ჭადარი _ 23,7 მეტრი.

საინტერესოა გოლიათ და დიდხნოვან ხეებთან დაკავშირებული ისტორიულ პირთა სახელები. მაგალითად: ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში მდგარი 300–წლოვანი ძელქვის ძირას არის პოეტ მამია გურიელის საფლავი; სოფელ ქვიშხეთში (ხაშურის მუნიციპალიტეტი) 500-წლოვანი წაბლის ჩრდილქვეშ 1609 წელს მტერთან ბრძოლაში გამარჯვებულ გიორგი სააკაძესა და მის ლაშქარს შეუსვენია და ლხინის სუფრა გაუშლია; სოფელ ოძისში (დუშეთის მუნიციპალიტეტი) 600-წლოვან ქართულ მუხას ახსოვს პოეტისა და დრამატურგის _ გიორგი ერისთავის ბავშვობა და ყრმობა, ამჟამად კი აქვეა მისი სახლ-მუზეუმი; თელავის ცენტრში დგას 1000-წლოვანი ჭადარი, უტყვი მოწმე ერეკლე მეფისა და მისი ჯარის გამარჯვების აღლუმისა.

სამეგრელოში იცოდნენ ჯაშ ხვამა, ანუ ხეზე ამსვლელის ლოცვა, რომელიც იმართებოდა მარაშინას (მარიამობას), როცა მწიფობდა ნაირნაირი ხილი და იწყებოდა მაღლარი ვაზის ყურძნის კრეფა _ რთველი. ასვლამდე ხის ტანს ცალ ფეხს მიადგამდნენ და იტყოდნენ: ჯაშ ტანი დო ჯაშ ქეჩერი, ჟი ეშმაულარს ძალა მეჩი. ხომლა _ გულადირი, ლადირი _ გუმანგარი (ხის ტანფესვო, ამსვლელს ძალა მიანიჭე, ნედლხმელი გაუმაგრე და ძირს უვნებლად ჩამოიყვანეო)…

მაღლარი ვაზის ხეებია ბალი, თხმელა, თუთა, მსხალი, ხურმა. გოლიათ წიფელს, ცხადია, თავისი გოლიათობის გამო მაღლარი ვაზი არ ეხვია, სამაგიეროდ სალოცავ, ანუ ხატის ხედ იყო გამოცხადებული, ამიტომაც საუკუნეთა ქარტეხილებს გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია.

წიფელი ცნობილია, როგორც კარგი საავეჯო მასალა, მისი მერქნისგან ძვირფას პარკეტს, თოფის კონდახს თუ სხვა სამეურნეო ინვენტარს ამზადებენ; შეშად საუკეთესოა, ნაყოფს კი საქონლის საკვებად იყენებენ. ახლა საკითხავია, გასული საუკუნეების განმავლობაში სოფელს თავდატეხილ ათას უბედურებას როგორ გადაურჩა, არადა, ფაქტია: მის ტან-სხეულს ცული არასდროს გაჰკარებია, ტოტიც კი არავის და არასდროს მოუტეხავს.

გოლიათი წიფელი, როგორც ზემოთ ითქვა, ახალნაგები ოდის გვერდით დგას. მის ფესვთა სისტემის ერთ ნაწილს ბეტონის სქელი ფენა აფარია, ხოლო მეორე ფერდის მხარეს ფესვები ძლიერ გაშიშვლებულია. ბუნების ქომაგთა ჯგუფმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა და ჯვარის საზოგადოების თანადგომით, გოლიათი ხის გარშემო ადგილის გაჯანსაღება, კეთილმოწყობა და სანიმუშო ტურისტულ ობიექტად გადაქცევა გადაწყვიტა. სახელდობრ, დატერასდება და ჰუმუსოვანი მიწით აივსება ციცაბო ფერდი. დეკორატიული ღობით, მცირე არქიტექტურული ფორმებითა და საბაღო სკამებით დამშვენდება ეზო-კარი.

500-წლოვანი გოლიათი ხის კომპლექსური გამოკვლევის, მისი ცოცხალი ბუნების ძეგლად გამოცხადებისა და საქართველოს წითელი წიგნის გოლიათ და დიდხნოვან ხეთა განყოფილებაში წარდგენის მეთავე-ორგანიზატორები არიან ჯვარელი ბუნების ქომაგები: ელდარ ქანთარია _ წმ. ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მებაღე, ანზორ ჭანტურია _ მხარეთმცოდნე, პარმენ ქარდავა _ მეტყევე-ინჟინერი, მურად ჭანტურია _ მწერალი და თემურ ქანთარია _ გოლიათი წიფლის მესაიდუმლე, ანუ პატრონი იმ ეზო-კარისა, რომელშიც დგას ცოცხალი ბუნების უნიკალური ძეგლი.

დასასრულ, აღნიშნულ საქმეთა ეკოლოგიურ, სამეცნიერო-ტექნიკურ კონცეფცია-პროექტის განხორციელებას უძღვებიან: წალენჯიხის მკვიდრი, ცნობილი ეკოლოგი, მსოფლიოში სახელგანთქმული მარია ტუნის “თესვის კალენდრის” გერმანულიდან ქართულად მთარგმნელი და გამომცემელი დავით მორგოშია; ასევე ცნობილი ეკოლოგი, მეტყევე, ფიტო-პათოლოგი, მეცნიერების აკადემიური დოქტორი, პროფესორი ბიძინა თავაძე; სამეგრელო ზემო-სვანეთის გარემოს დაცვის დარგის ღვაწლმოსილი სპეციალისტი, ეკოლოგი-დენდროლოგი ვალერი ჭანტურია და ქალაქ ჯვარის მკვიდრნი, მხარის მემატიანე-მხარეთმცოდნე ძმები ბონდო და გვანჯი მანიები.

გვანჯი მანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here