Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპს 11 სექტემბრის ტერაქტი სასურსათო მაღაზიების ქსელში აერია

დონალდ ტრამპს 11 სექტემბრის ტერაქტი სასურსათო მაღაზიების ქსელში აერია

577

სიენენი იუწყება, რომ ეს შეცდომა რესპუბლიკური პარტიიდან აშშის პრეზიდენტობის პოტენციურმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში 18 აპრილს ამომრჩევლების წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში დაუშვა.

ტრამპი შეკრებილთ უყვებოდა, რომ იმყოფებოდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ახლოს, როცა ტერორისტები ამ ობიექტს თავს დაესხნენ და საკუთარი თვალით იხილა, როგორ ასრულებდნენ პოლიციელები და მეხანძრეები თავიანთ სამუშაოს. “ისინი უდიდესი ადამიანები იყვნენ”, _ აღნიშნავდა იგი. ამასთანავე, მილიარდერმა ტერაქტებს, რომლებსაც ხშირად 9/11-ით მოიხსენიებენ, სულ სხვა რიცხვები მიუსადაგა _ 7/11, რომლებიც მცირე სასურსათო მაღაზიების ფართო ქსელის სახელწოდებას ემთხვევა.

და არც შეუმჩნევია, რომ შეცდა.

ტრამპი, რომელიც ცნობილია თავისი ექსცენტრიკული გამოთქმებით, თავის გამოსვლებში ამგვარ შეცდომებს ხშირად უშვებს. ამა წლის მარტში “პოლიტიკო” იუწყებოდა, რომ ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა ერთი კვირის განმავლობაში 60 სიცრუეში ამხილეს ბატონი დონალდი. მაგალითად, სამედიცინო დაზღვევის ფასის ზრდის დინამიკაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ტარიფებმა იმატა 35, 45 და 55 პროცენტით. სინამდვილეში კი დაზღვევა მხოლოდ 13,2 პროცენტით გაძვირდა.

სიცრუის ამ კორიანტელის მიუხედავად, მთელ რიგ შტატებში გამართული პრაიმერის მიხედვით, ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიის მქონე ყველაზე რეალური კანდიდატია რესპუბლიკური პარტიიდან. გასული კვირის ბოლოს მას ჰქონდა 744 ხმა, მის მთავარ კონკურენტ ტედ კრუზს _559. მარათონში ჩაბმულ პირს პრეზიდენტობის კანდიდატად წამოსაყენებლად 1237 ხმა დასჭირდება. გამოკითხვების თანახმად, ტრამპს გამარჯვების კარგი შანსი აქვს პირველად არჩევნებში.

საერთოეროვნული ყრილობები, რომლებზეც აირჩევენ პრეზიდენტობის კანდიდატებს რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან, ივლისში გაიმართება.

ქვეყნის მეთაურის არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერსაა დანიშნული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here