Home რუბრიკები საზოგადოება “ყველას ერთნაირად როდი სტკივა აფხაზეთი”

“ყველას ერთნაირად როდი სტკივა აფხაზეთი”

589

ცნობილი ქართველი ნეიროქირურგის, პრაქტიკოსისა და მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის _ ნაპო მესხიას წიგნივის როგორ სტკივა აფხაზეთი”, რომელიც შარშანივერიონმაგამოსცა, უნიკალური მოვლენაა წიგნის სამყაროს ჩვენეულ სივრცეში. იშვიათი მაინც.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ავტორს გაებედოს და თავის წიგნში გამოექვეყნებინოს საკუთრივ მის წინააღმდეგ მიმართული, მისეული პოზიციის, თვალსაზრისის, მტკიცებულებათა წინააღმდეგ სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში დაბეჭდილი კატეგორიულობითა და არცთუ ყოველთვის ეთიკური ნორმების დაცვით გამორჩეული პოლემიკური წერილები.

ამას გამბედაობა სჭირდება, უპირველესად კი, დარწმუნება საკუთარ სიმართლეში, რომელსაც მეცნიერული ანალიზი და საზოგადო მოღვაწის ჭეშმარიტი პატრიოტიზმი ასაზრდოებს.

ეს თვისებები რომ არა, სხვა ვერავითარი მოტივი ვერ აიძულებდა წარმატებულ ნეიროქირურგს, 50-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა და გამოგონების ავტორს, ნეიროქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდების შემქმნელს, ხელი მოეკიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ისეთი პრობლემის განხილვისა და ანალიტიკური შეფასებისთვის, როგორიც აფხაზეთის დაკარგვის საკითხია ჩვენთვისაც და აფხაზებისთვისაც. სპეციალურ (თემატიკის მიხედვით) ლიტერატურაში აღნიშნული პრობლემა ურთიერთგამომრიცხავი, კონცეპტუალურად განსხვავებული შეფასებებით არის წარმოდგენილი.

“1987 წელს ბატონმა ნაპო მესხიამ დააარსა ნეიროქირურგიული ცენტრი ქალაქ სოხუმში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას, _ წერს საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, _ ცენტრი ცნობილი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც…

ამ ცენტრში კეთდებოდა ზურგის ტვინის, ნერვებისა და თავის ტვინის ოპერაციები მსოფლიო სტანდარტების დონეზე. ბატონ ნაპო მესხიას გამოცდილებისა და მის მიერ დანერგილი ახალი მეთოდების წყალობით მნიშვნელოვნად შემცირდა სიკვდილიანობა ბევრი ნევროლოგიური დაავადების დროს”.

ერთ მხარეს _ ეს, მეორე მხარეს _ ძებნა ისტორიული სიმართლის. იგი ორივეს შესწვდა.

“ეს წიგნი შეგვახსენებს აფხაზეთს და ჩვენს ძირითად მისიას, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება”, _ აღნიშნავს წიგნის რედაქტორი იური პაპასქუა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: “იმდროინდელი პოლიტიკური პროცესების ყოვლისმომცველი სამართლებრივი ანალიზი, წარუმატებლობის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, ომის გარდაუვალობა თუ აუცილებლობის რესურსები უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზე დღემდე შეფასებული და დეკლარირებული არ არის” (გვ. 11).

ან როგორ იქნებოდა, როცა, როგორც ყოველთვის, “ქართლელების აღმა ხნული კახელებმა დაღმა ფარცხეს”?!

ამიტომ წაიკითხეთ ეს წიგნი აკვიატებული აზრის გარეშე, ყველა აქ წარმოდგენილი “პრო” და “კონტრა”, რადგან (კვლავ ბატონ იური პაპასქუას დავესესხები) “ამ წიგნზე დიდხანს ისაუბრებენ _ აღტაცებით (ვისაც სიმართლის მოსმენა ძალუძს), აღშფოთებით (ვისაც შეეხნენ და ამხილეს), გაოცებით (ვისაც ავტორის გამბედაობა გააკვირვებს), ოპტიმიზმით (ვინც კი მშობლიური კერიისკენ მიბრუნების იოტისოდენა პერსპექტივას დაიმგზავრებს თან)” (გვ. 239).

და, მიაქციეთ ყურადღება ერთ, აღსარებასავით წარმოთქმულ დებულებას: “რაც გინდა ვიბაქიბუქოთ, ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებაში ჩვენი წვლილიც (ცხელ თავებში აფეთქებული გადაწყვეტილებებიც) რომ ურევია, ამის ხელაღებით უარყოფა უპასუხისმგებლო სიჯიუტეა, რომელიც ჩირადაც არ ღირს” (გვ. 241).

ამ სახელდახელო შეფასებას წიგნის ავტორის მოწოდებით დავამთავრებ:

აწი ჯერი თქვენზეა, ძვირფასო მკითხველო! ყველაზე უკეთ თქვენ შეძლებთ გაარჩიოთ მტყუანი და მართალი”.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here