Home რუბრიკები საზოგადოება მიართვით ცხელი ყავა ტერორისტს!

მიართვით ცხელი ყავა ტერორისტს!

730

უკვე აღარავინ კამათობს, რომ ჩვენს ცოდვილ დედამიწაზე ვირტუალური ცხოვრება ჩაენაცვლა რეალურს, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი თემები, თანამედროვეობის უპირველესი ინფორმაცია სასამართლოს დარბაზებიდან მოდის, იქიდან, სადაც აღსრულდება მართლმსაჯულება. უნდა აღსრულდეს, ჩვენთან თუ უცხოეთში. იქით _ სავჩენკოს, ნავალნის, ბრეივიკის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები. აქეთ, ანუ საქართველოში _ ვერც ჩამოთვლი რამდენია

ნებისმიერი ტელეარხის საინფორმაციო პროგრამა სასამართლო ქრონიკით იწყება და მთავრდება. ტელევიზია, რადიო, გაზეთები ამ თემატიკის ინტენსიური გაშუქებით იმაღლებს რეიტინგს.

ასე სჯერა და ჰგონია.

საზოგადოებრივი აზრი ამ ნარკოტიკის ნემსზე დასვეს.

საკაიფოდ.

დემოკრატიული ტერმინით, ამას ჰქვია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, “პერესტროიკის” პერიოდში საჯაროობას რომ უწოდებდნენ. თუ ვინმეს ახსოვს.

ხელისუფლების ამ შტოს საქმიანობას დღეს სხვა ეშხი აქვს და სხვა პრინციპზეა აწყობილი; მთავარი პროცესია, მდინარება, ხოლო შედეგი, ანუ განაჩენი ახალი პროცესის დაწყების საფუძველი ხდება: ინსტანციების საფეხურებგავლილი საქმე საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

ორომტრიალია ცხოვრების, და საზოგადოებაც ამ დახშულ წრეში ტრიალებს თავბრუდახვეული. ყველა სხვა პრობლემა ინტერესს მიღმა გაირიყა.

მიზანიც ეგაა.

მედიის მთავარი გმირები დანაშაულში ეჭვმიტანილები ხდებიან. სასჯელმისჯილებიც. ადვოკატებმა ჩააჩოჩეს “ეკრანის ვარსკვლავები”, ხოლო სიტყვები, “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს”, ნაშუაღამევს მამლის ყივილივით მომაბეზრებელი, ხშირი მოხმარებისგან ისე გაცვდა და გაიცრიცა, როგორც საბჭოთა კავშირის დასალიერს თვალში დირესავით გაჩრილი ლოზუნგი “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”.

რაღა დროს მსოფლიო პროლეტარიატის სარევოლუციოდ დარაზმვაა, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის დემოკრატიული ლოზუნგით სახელმწიფო გადატრიალებები ხორციელდება ზნეობრივი ნორმების მოშლისა და ამოძირკვის ხარჯზე.

ნეოლიბერალური ქარი ქრის.

ტერორისტ ანდერს ბრეივიკის მიერ ნორვეგიის ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მოგება, რომლის შესახებაც მსოფლიოს საზოგადოებრიობამ გასული კვირის ოთხშაბათს, 20 აპრილს შეიტყო, ქარდაქარ აფრიალებული თვალსაჩინო მაგალითია.

ბატონმაბრეივიკმა იჩივლა

ოსლოს სასამართლომ განიხილა ანდერს ბრეივიკის საჩივარი მისი აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ შეინის ციხეში, რომელიც 100 კილომეტრზეა ნორვეგიის დედაქალაქიდან. ტერორისტს საპყრობილის რეჟიმი რომ უნდა გაესაჩივრებინა, თვე-ნახევრის წინათ, 4 მარტს, გახდა ცნობილი. ორი დღით ადრე კი ნორვეგიის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ევროპის კონვენციის ნორმები ბრეივიკის მიმართ სრულად არის დაცული. მისთვის გამოყოფილია სამი ოთახი _ საცხოვრებელი ოთახი, ოთახი სასწავლებლად და დარბაზი სავარჯიშოდ. შეუძლია ისარგებლოს ტელევიზორით, კომპიუტერით (ინტერნეტში გაუსვლელად) და კომპიუტერული თამაშებისთვის საჭირო მისადგამით.

4 მარტს გაზეთი “ინდეპენდენტი” წერდა, რომ პატიმარი შეიტანდა სარჩელს ნორვეგიის მთავრობის წინააღმდეგ, მის მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დარღვევის თაობაზე.

იჩივლა.

რამ შეაწუხა ბრეივიკი? (“ბატონი ბრეივიკი”, იტყოდნენ ჩვენთან, როგორც არაერთგზის კაცისმკვლელების დასახელებისას).

ყავა, რომელსაც ყოველდღიურად მიართმევენ, თურმე, ცივია, ხოლო საკვები, რომელიც მისი რაციონით არის გათვალისწინებული (ოი, საშინელება!), მიკროტალღურ ღუმელშია შემთბარი(!). ეს ის მიკროტალღური ღუმელია, რომლის შეძენა ჩვენთან ოჯახებს ოცნებად აქვთ ქცეული. აი, ტერორისტი და კაცისმკვლელი ნორვეგიელი კი მიიჩნევს, რომ ცივი ყავა და ამ ღუმელით შემთბარი კერძებიწყლით წამებაზე უარესია”… აღშფოთებულია იმითაც, რომ გამოცალკევებულია სხვა პატიმრებისგან და მეგობარექსტრემისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვს. განსაკუთრებით კი იმით, რომ იძულებულია ისარგებლოს კომპიუტერული თამაშების ძველი მოდელით _ “ფლეისთეიშენით”.

წამებით მოუკლავთ კაცი და ეგაა!

მეტიც: ეს სამართლიანობის ფობიით შეპყრობილი კაცისმკვლელი მიიჩნევს, რომ ციხეში არსებული პირობებით ირღვევაკერძო ოჯახური ცხოვრებისმისი უფლება, აგრეთვე, უფლება მიმოწერის. ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში ბრეივიკი ჩიოდა, რომ ციხის ადმინისტრაცია მასმედიისთვის გათვალისწინებულ მის წერილებს დანიშნულებისამებრ არ გზავნის.

ცნობისთვის: ბრეივიკის კორესპონდენციები კონტროლდება იმ მიზნით, რომ მან დაუსწრებლად არ შექმნას ტერორისტული ორგანიზაცია. ამავე მიზანს ისახავს ისიც, რომ მის შეხვედრებს ვიზიტორებთან, რომლებიც შუშით გატიხრულ ოთახში მიმდინარეობს, უთვალთვალებენ საპატიმროს თანამშრომლები.

ირღვევაო წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის საერთო ევროპული წესი და კანონი… იგივე გაიმეორა მისმა ადვოკატმა ეისტეინ სტურვიკმა, რომელიც ცდილობდა, სასამართლოსთვის დაემტკიცებინა, რომ “მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ” ციხეში ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი; რომ ამ პრობლემის მოგვარება უაღრესად მნიშვნელოვანია პატიმრისთვის, რადგან, სავარაუდოა, რომ მას დარჩენილი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევს (მისჯილი აქვს 21 წელიწადი), და ნაკლებ სარწმუნოა, რომ ევროპაში ნაცისტები დაბრუნდნენ და გაათავისუფლონ იგი.

ხოლო მეორე ადვოკატის მტკიცებით, “მისი დაცვის ქვეშ მყოფი” სტრესულ მდგომარეობაშია.

რატომ?

მოემზადეთ მოსასმენად იმისა, რაც აქამდე არ გსმენიათ: მისი (ბრეივიკის) ძირითადი საქმიანობა ციხეში სწავლაა. ამჟამად მან შეწყვიტა სწავლა, რაც თურმე იმის ნიშანია, რომ იზოლაცია უარყოფითად მოქმედებს მის სულიერ ჯანმრთელობაზე” (!).

ამ, სულიერად დათრგუნვილმა, საწყალმა პატიმარმა, როგორც კი პოლიციელმა ხელბორკილი შეხსნა, “ვაჟკაცურად” აღმართა ხელი _ ნაცისტური სალამი მისცა სასამართლო დარბაზში მყოფთ.

ჰაილ!

“დეპრესიაში მყოფი” ბრეივიკი ამზადებდა პროცესზე წარმოსათქმელ სიტყვას, თავისი ნაცისტური იდეების მასებისთვის მისაწოდებლად. იბრძოდა და თან თავისი პოპულარობით ტკბებოდა.

დეპრესიაში არისო(!).

ადვოკატების ალოგიკური ენამჭევრობა საქართველოში არავის უკვირს.

დანაშაული და სასჯელი

თითქმის ხუთი წელიწადი გავიდა იმ საშინელი დღიდან ნორვეგიელმა ტერორისტმა ჯერ ოსლოში და შემდეგ კუნძულ უტოიაზე რომ ჩაიდინა “დანაშაული, რომლის მსგავსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნორვეგიაში არ მომხდარა”.

გავიხსენოთ.

2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა ორი ტერაქტი განახორციელა: ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოაწყო აფეთქება და თავს დაესხა კუნძულ უტოიაზე ნორვეგიის მმართველი მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ბანაკს. დაიღუპა 77 ადამიანი, დაიჭრა _151.

კუნძულ უტოიაზე დაღუპულთა შორის იყო ქართველი გოგონა _ თამთა ლიპარტელიანი. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე _ ნათია ჩხეტიანი გადარჩა.

სასამართლომ ბრეივიკს 21 წლით პატიმრობა შეუფარდა _ უმაღლესი სასჯელი, რომელიც ადგილობრივი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

მეორე სასამართლომ კი, რომელმაც ეს-ესაა ტერორისტის სარჩელი განიხილა, ბრეივიკის პრეტენზიები სამართლიანად ცნო. “არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საბაზო მოთხოვნაა. მნიშვნელობა არ აქვს, ვისზეა ლაპარაკი _ ტერორისტებსა და მკვლელებს, აგრეთვე, აქვთ ამის უფლება”, _ ნათქვამია საბოლოო ვერდიქტში.

ნორვეგიის მთავრობამ ტერორისტს სასამართლოს ხარჯების დასაფარავად 331 ათასი ნორვეგიული კრონი (40,7 ათასი დოლარი) უნდა გადაუხადოს.

ეტყობა, ყველა ქვეყნის სასამართლო სისტემაში ჰყავთ თავიანთი მურუსიძეები.

დასასრულ _ კიდევ ერთი ნეოლიბერალური ჩაროზი: ტერორისტ ანდერს ბრეივიკს ნება დართეს, ციხეში ისტუმროს და საალერსოდ მიიღოს მასზე შეყვარებული ქალიშვილი, _ იტყობინებაინდეპენდენტი”. ამ ფანატიკოსმა გოგომ, სახელად ვიქტორიამ, თითქმის 5 წლის განმავლობაში ასობით წერილი გაუგზავნა თავის სათაყვანებელ კერპს

არიქა, ქალი მიჰგვარეთ სასიყვარულო ვნებათაღელვის დასაოკებლად ევროპელ ტერორისტს, ნაციონალისტს, ნეოფაშისტს.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, _ წერს ერთ-ერთი ბლოგერი სოციალურ ქსელებში, _ რომ ბრეივიკის ახლაც კი ეშინიათ ნორვეგიაში. იგი თავის დროზე დაუყოვნებლივ უნდა მოეკლათ”.

აჟიოტაჟის ტალღამ არა, მაგრამ ინტერნეტს ზღვის ბრიზის მსგავსმა შეშფოთებამ გადაუარა:

* “(ბრეივიკმა) დანაშაული თავიდანვე იმიტომ ჩაიდინა, რომ მსოფლიოში გაეთქვა სახელი. ახლა იგი თავისი პოპულარობის მწვერვალზეა”.

* “, ეს დასავლური დემოკრატია და ტოლერანტობა, რომელიც ევროპას შიგნიდან დაანგრევს”.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფაქტი ასე შეაფასა: “მალე ევროპელები ბრეივიკს “საუკეთესო მსროლელის” მედლით დააჯილდოვებენ”.

არც გაგვიკვირდება!

ქალაქ ეფესოში არტემიდეს ტაძრისთვის ხანძრის გამჩენი ჰეროსტრატეს სახელის საუკუნოდ დასავიწყებლად მთელ საბერძნეთში დადიოდნენ ახალი ამბების მაუწყებელნი და აფრთხილებდნენ ხალხს:

_ არ გაბედოთ გიჟი ჰეროსტატეს სახელის დამახსოვრება, რომელმაც პატივმოყვარეობის გამო დაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი.

P.S. კუნძულ უტოიაზე ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის გულდათუთქულმა მამამ ავთანდილ ლიპარტელიანმა, რომელსაცსაქართველო და მსოფლიოქუთაისში დაუკავშირდა, თქვა: “ჩემი შვილის მკვლელი ამ ქვეყნად ცოცხალი არ უნდა დადიოდეს”…

შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულით გაოგნებულმა მამამ იენს ბრეივიკმა (პროფესიით დიპლომატმა) მასზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ანდერს ბრეივიკს თავი უნდა მოეკლა, დაუყოვნებლივ და დაუფიქრებლად.

და ინებეთ გადამკვეთი პარალელები:

ვაჟასბახტრიონშიმოღალატე წოწოლას გულამოსკვნით დასტირის დედა: “მარტომ იტიროს დედამა, წინ ცრემლი დაიგუბოსა”, რადგან შვილმალაფით დათხიფათანამოძმეები.

ვინღა გაივლევს ახლოსა,

ჩააქვავებენ დედანი.

მიწამ შეჭამოს ცოცხალი

  მაგისთანა მხედარი”.

მაგისთანა მხედრის” _ ნორვეგიელი ტერორისტის სახელის დავიწყება, ეგებ, ღირდეს სამუდამოდ

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here