Home რუბრიკები პოლიტიკა ვისგან სჭირდება დაცვა ჩვენს პრემიერს?

ვისგან სჭირდება დაცვა ჩვენს პრემიერს?

613

საბჭოთა პროლეტარიატის დიდი ბელადი კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად მარტო, დაცვის გარეშე რომ დაბოდიალობდა ხოლმე, ეს, ალბათ, ყველას გვახსოვს V-VI კლასების სახელმძღვანელოებიდან

დაახლოებით იმავე წლებში, როდესაც ძია ლენინის ასეთ უშიშრობასა და ხალხთან უშუალო კონტაქტზე წიგნებით მასწავლიდნენ, დიდი თანამდებობის პირის ასეთ “უჩვეულო ადამიანურ” თვისებებზე საუბარი ჩემი ყურითაც მოვისმინე. 7-8 წლის ბავშვის გონება ყველაფერს გაფაციცებით ისრუტავს და არასდროს დამავიწყდება, როგორი აღფრთოვანებით საუბრობდნენ დედაჩემის თანამშრომელი ქალბატონები _ ვაიმე, გოგო, თვალებს არ დავუჯერე, ედუარდი დავინახე საკუთარი თვალით მეტროში, ჩვეულებრივი ადამიანივით მოდიოდა, ლამის პირდაპირ შემეჩეხა, ხალხი შეჩერდა და მას უყურებდაო.

საზოგადოდ, ედუარდ შევარდნაძის მსგავსი “კაი ტიპები”, რომელთა შესახებაც ლეგენდები დღემდე დადის, მოგვიანებით აშკარად დაჩრდილა მისმა მოწაფემ მიხეილ სააკაშვილმა. იმდენი ქნა, თუ გახსოვთ, არათუ საქალაქო ტრანსპორტში, არამედ განმუხურში “შემოჭრილ” ოკუპანტ რუს ჯარისკაცებსაც კი მიუვარდა “უდაცვოდ” და სულ კუდით ქვა ასროლინა.

სხვათა შორის, ამ ბანალური “უდაცვოდ სიარულის” უფრო მეტად გაშლა და გაარაორდინარულება სწორედ ძია ლენინს ეკუთვნის _ აკი, გვინახავს ნახატები წიგნებში, როგორ ეხმარება ილიჩი მებადურებს მდინარიდან დიდი თევზის ამოთრევაში; ან კიდევ _ როგორ მიაბიჯებს კომუნისტურ შაბათობაზე მუშებთან ერთად მხარზე ხის მორგადებული…

სიმართლე ითქვას, იმხანად, ამ ასიოდე წლის წინათ, მსგავსი “პიარის” მიზანი და დანიშნულება კიდევ უფრო გასაგებია _ ემხობოდა მეფის ხელისუფლება და პროლეტარიატის ბელადებს სურდათ, დაენახვებინათ, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან სამეფო კარისგან, თავადებისა და მთავრებისგან, რომლებიც უბრალო ხალხს, გლეხობას, მუშებს თავს არ უყადრებდნენ, ანუ მთელი ეს “პიარტექნოლოგია” ემსახურებოდა გარკვეულ მიზანს _ ხაზგასმას, რომ ქვეყანაში მოდის მუშურ-გლეხური მთავრობა, რომელიც “ჩვეულებრივი ადამიანებისგან” შედგება და არა “უფლისრჩეული” მეფისა და დიდებულებისგან.

დაახლოებით გასაგებია კომუნისტი ლიდერის _ ედუარდ შევარდნაძის მისწრაფებაც. აკი, ჩემ მიერ ამ საგაზეთო წერილის შესავალში ნახსენები ედუარდის “სეირნობანი” მეტროპოლიტენში სწორედ იმ დროინდელია, როდესაც შევარდნაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო და, სავარაუდოდ, სურდა, პროლეტარიატის დიდ ბელადთან თავისი სულიერი ნათესაობა ხალხისთვის დაენახვებინა.

მაგრამ საბჭოთა პროლეტარული მთავრობის დამხობის შემდეგ, უკვე ვეღარ ვხვდები, რას უნდა მივაწეროთ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ასეთი ხბოს აღტყინება თანამდებობის პირთაჩვეულებრივი, ადამიანურისაქციელის გამო.

* “ჩემი პრემიერი! სავსებით ჩვეულებრივად, უბრალო მოკვდავივით მიყრდნობილი თსუ მეექვსე კორპუსის კარებს! აი, ასეთი საქართველოსთვის ვიბრძოდით!” _ წერს ერთი აღტყინებულაღფრთოვანებული სოციალურ ქსელში.

* “გვეღირსა! ადამიანი, კაცი პრემიერი! როდესაც ვნახე, როგორ გადავიდა ჩვეულებრივი ადამიანივით მიწისქვეშა გადასასვლელში, იმწამს ვთქვი _ ის ჩემი პერემიერიცაა!” _ ბანს აძლევს მეორე.

* “კაცი, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს! კაცი, რომელიც საზოგადოებას ზევიდან არ უყურებს! უშუალო, თავმდაბალი, ხალხის ქომაგი”, _ იქაჩება მესამე.

* “ამ კაცთან ერთად ომშიც წავალ და დაზვერვაშიც! როგორ უბრალოდ და ჩვეულებრივად ესაუბრა სტუდენტებს. დაცვის გარეშე მოვიდა. დაცვის გარეშე წავიდა…” _ სიყვარულად იღვრება მეოთხე…

და ჩემი ცხოვრების სრული 40 წლის განმავლობაში უკვე მერამდენედ მიჩნდება კითხვა: მაპატიეთ და, რამ გამოაშტერა ეს ხალხი?

სიმართლე გითხრათ, მე, პირადად, ეს კითხვა მაშინაც გამიჩნდებოდა, ლენინის თანამედროვე რომ ვყოფილიყავი, ანუ ჩემი ხასიათისა და მსოფლმხედველობის ადამიანი აუცილებლად ეჭვის თვალით შეხედავდა ლენინის “მებადურობასა” და “მტვირთაობას” და დაცვის გარეშე მის ბოდიალსაც მოსკოვის შემოგარენში…

არა, რა თქმა უნდა, არავის ვაძალებ, ჩემსავით “ეჭვიანი” იყოს და ზუსტად ჩემნაირი მსოფლმხედველობა ჰქონდეს, მაგრამ, როდესაც მსგავსი მაგალითები უკვე უამრავი აქვს ადამიანს ნანახი და ზუსტად იმავე ტიპის “პიარტექნოლოგიით” მაინც “აღფრთოვანდება”, აქ უკვე ან დაკვეთილ აღფრთოვანებასთან გვაქვს საქმე, ან, როგორც ვთქვი, მაპატიეთ და, გამოშტერებასთან.

თუმცა, გამოშტერების ხარისხიც არსებობს. მაგალითად, ისეთი დონის გამოშტერება, როდესაც თანამდებობის პირის მიერ წარმოთქმულ სრულიად ბრიყვულ ფრაზას საზოგადოების უმაღლეს დონეზე გამოშტერებული ნაწილი აიტაცებს და მას “სიბრძნისა და თავმდაბლობის” ეტალონად ასაღებს.

კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი იყო კვირიკაშვილის ცნობილი პასუხი კითხვაზე, რატომ მივიდა იგი სტუდენტებთან შეხვედრაზე დაცვის გარეშე: მე სტუდენტებთან დაცვა არ მჭირდება, ისინი ჩემი შვილების ტოლები არიან”.

აი, ეს ფრაზა საზოგადოების არაერთგზის ხსენებულმა ნაწილმა წარმოაჩინა, როგორც რაღაც “ახალი სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში”, “თანამდებობის პირის უკიდურესი თავმდაბლობის მაჩვენებელი” და ა. შ.

არადა, თუკი ოდნავ ჩავრთავთ აზროვნებას და ჩვენში ჩაბუდებულ “ხბოს” ცოტათი მაინც “გავდენით” ტვინის ნაოჭებიდან, ლოგიკურად გაგვიჩნდება კითხვა: აბა, ვისგან სჭირდება დაცვა ჩვენს ესოდენ თავმდაბალ და აღმაფრთოვანებელ პრემიერს?

აკი, “სტუდენტებისგან დაცვა არ მჭირდებათავისთავად მოიცავს იმ აზრსაც, რომ საზოგადოების სხვა ფენებისგან, რომლებთანაც, შესაძლოა, მოუწიოს შეხვედრა, პრემიერს უკვე აუცილებლად სჭირდება დაცვა, ხომ?

და რომელია ეს ფენა _ სოციალურად დაუცველები? ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები? თუ იმ პარტიის ამომრჩევლები, რომლის თავმჯდომარეც თვითონ არის? თუ ვისთან შეხვედრისას გჭირდება დაცვა, ბატონო პრემიერო?

თუკი არავისგან არასდროს გჭირდებათ დაცვა, მაშინ რატომ გაუსვით ხაზი მაინცდამაინც სტუდენტებს და ბედნიერებისა და აღფრთოვანებისგან ააცრემლეთ ჩვენი საზოგადოების ის “გამოუსწორებელი” ნაწილი, რომელიც მთელი ცხოვრება უცქერს სხვადასხვა ლიდერის მსგავს “პაკაზუხურ” გამოხდომებს, მაგრამ ახალი ლიდერის მსგავს გამოხდომაზე, რატომღაც, მაინც აუცრემლიანდა თვალი?

პროვოკაციული და ინტრიგანული კითხვაა ჩემგან? _ დიახ! სწორედაც! ოღონდ ჩემი ეს კითხვა ზუსტად იმდენად არის დემაგოგიური და ინტრიგანული, რამდენადაც თქვენი ეს ხსენებული ფრაზაა სრულიად ჩვეულებრივი აფერისტობა, “პაკაზუხობადა დაბალი დონის პიარი.

საზოგადოდ კი, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს დაცვა იმისთვის და იმათგან კი არ სჭირდებათ, ვისთანაც შეხვედრას მართავს, არამედ იმისთვის და იმათგან, ვინც შეიძლება გაიგოს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფთან შეხვედრის შესახებ და იქ მოაწყოს რაიმე პროვოკაცია ან თავდასხმა.

დაცვის გარეშე მისვლა თქვენი შვილის ტოლ სტუდენტებთან არა მხოლოდ თქვენ გიქმნით საფრთხეს, არამედ თქვენი შვილის ტოლ სტუდენტებსაც, ბატონო პრემიერო!

ქვეყნის პირველი პირების დაცვა ასე ხელწამოსაკრავი და “მჭირდება-არ მჭირდებას” თემა არ არის და ეს ნებისმიერმა ასეთ რაღაცებში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმაც იცის, თუმცა დიდი ჩახედულობა არც სჭირდება ამ ყოველივეს და კიდევ ვიმეორებ: ელემენტარული აზროვნებაა საჭირო იმისთვის, რომ ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მიხვდეს: მაღალი თანამდებობის პირის დაცვის გარეშე სადმე გამოცხადება საფრთხეში აგდებს არა მხოლოდ მას, არამედ იქ მყოფ სხვა ადამიანებსაც.

დაცვის გარეშე თანამდებობის პირთა ბოდიალი და სამსახურებრივი მანქანით სარგებლობაზე უარის თქმა, “მარიაჟობა” კი არა, უპასუხისმგებლობაა!

საბედნიეროდ, ისიც ვიცი, რომჩვენი საამაყო პრემიერისეს გამოხდომა მხოლოდ და მხოლოდმარიაჟობადაშთაბეჭდილების მოხდენისუბადრუკი მცდელობა იყო და სინამდვილეში თსუ მთელი ტერიტორია პრემიერის მისვლამდე დიდი ყურადღებით შეისწავლეს როგორც პირადმა, ასევე სახელმწიფო დაცვამაც და კვირიკაშვილს, თვალისგან მოფარებულად, დაცვის კარგა მოზრდილი კონტინგენტიც ახლდა სტუდენტებთან შეხვედრისას, თორემ ჩემი გაბრაზება და აღშფოთება კიდევ უფრო მკაცრი იქნებოდა იქ მყოფი ადამიანებისთვის საფრთხის შექმნის გამო!

თუმცა ჩვენი “არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი” პრემიერი მკაცრად გასაბრაზებელ მიზეზებს არც სხვა შემთხვევაში გვაძლევს და, მიუხედავად თემის სერიოზულობისა, მაინც კომიკურ განწყობაზე გვაყენებს. აბა, როგორ გინდა, სერიოზულად გაბრაზდე, როდესაც ევროსაბჭოს ასამბლეაზე ამხელა პრობლემების წინაშე მდგარი ქვეყნის პრემიერმინისტრს, სტალინის გარდა, სხვა არაფერი ექნება საზრუნავი და სალაპარაკო?!

რა თქვა და რა ილაპარაკა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურში სტალინზე, სრულიად საქართველომ მოისმინა ან წაიკითხა. მე მხოლოდ მოკრძალებით შევახსენებ საზოგადოების მისით აღფრთოვანებულ ნაწილს ერთ რამეს _ უკაცრავად, ეს ის კაცი ხომ არ არის, რომელიც ორიოდე კვირის წინათ ქართული ტელე თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას ძველი ფრონტელი მეგობარივით რომ უღიმოდა მის წინ მჯდარ თამარ ჩერგოლეიშვილს და, თანაც, სრულიად საქართველოს გვმოძღვრავდა, წარსული უნდა დავივიწყოთ, წარსულზე ლაპარაკი სისულელეა და მხოლოდ მომავალს უნდა ვუყუროთო?

დიახ, ეს სწორედ ის კაცია, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილისგანაც დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა და, მგონი, ჩერგოსგან თვით მიშასაც კი არ ღირსებია ისეთი ქებათა ქება, როგორიც იმ დღეს კვირიკაშვილს…

ამის მიზეზი სწორედაც ის იყო, რომ ბატონი პრემიერი “წარსულის დავიწყებაში” გულისხმობდა ნაცების მიერ ჩადენილ მანიაკობებს, ადამიანების მკვლელობებს, დამცირებებს, შეურაცხყოფებს, არაადამიანურ მოპყრობებს, ოჯახების დაქცევას, გაუბედურებას, გაუგონარ სადიზმს…

მოგვიწოდებდა, რომ ამ ყოველივეზე ლაპარაკი უნდა დავასრულოთ!

ჩვენ კავკასიელები ვართ და პირადი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის შეიძლება კაცი მოვკლათ, ამიტომ დროა, დავასრულოთ ერთმანეთის ლანძღვა.” _ ჰუმანური ფარაზით გამოვიდა პრემიერი და ვერც კი მიხვდა, რაოდენ ლოგიკურია ეს ფრაზა იმ კონტექსტში, რა თემაზეც ის საუბრობდა.

ანუ, კავკასიელებმა შეიძლება სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კაცი მოვკლათ და ამიტომ ჩვენს ფიზიკურ შეურაცხმყოფლებზე არც კი უნდა ვილაპარაკოთ?

გამოდის, პრემიერმა მოგვიწოდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ათწლეული გვამცირებდნენ, გვაწამებდნენ, გვაუბედურებდნენ, სიტყვიერადაც არ უნდა შევაგინოთ, რადგან ისინი კავკასიელები არიან და შეიძლება გაბრაზდნენ?

აი, ამ სისულელეში, თუ შეძლებთ, ლოგიკა თქვენ იპოვეთ, მე მხოლოდ პრემიერისეულ ვერსიას შემოგთავაზებთ _ ამ ყოველივეს ახსნა თურმე ის ყოფილა, რომ ეს უკვე წარსულია და წარსულზე საუბარი არ ღირს… მხოლოდ მომავალს უნდა ვუყუროთ, მომავალზე ვისაუბროთ…

კარგი და, როგორ გავიგოთ, ბატონო პრემიერო, თქვენი გამოხდომა ევროსაბჭოზე? თქვენივე ლოგიკით, გამოდის, რომ სტალინი თქვენთვის მომავალი ყოფილა ხომ? ახლა რა ვქნათ _ დავივიწყოთ ის, რაც 10 წლის წინათ ხდებოდა, მაგრამ არ დავივიწყოთ ის, რაც 100 წლის წინათ ხდებოდა?

არ ვილაპარაკოთ იმაზე, ვინც ცოცხალია და ოდესიდან დღემდე იმუქრება ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევით და ვილაპარაკოთ იმაზე, ვინც 60 წლის წინათ გარდაიცვალა?

რა საფრთხეს წარმოადგენს ასეთს ადამიანი ან მისი ძეგლი, ან ფოტოსურათი, ან მისი თაყვანისმცემლების ჯგუფი, ან მის შესახებ პრესაში დაბეჭდილი დადებითი სულისკვეთების მასალა? დავიჯერო, ამუშიშარდაუდაცვოდმავალ კაცს მართლა ასე გაკანკალებთ მის ხსენებაზეც კი?

აჰ, მივხვდი

აი, თურმე ვისგან სჭირდება დაცვა ჩვენს პრემიერსდა არა მხოლოდ მას

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. „რამ გამოაშტერა ეს ხალხი?„კარგი კითხვაა და საერთოდ, სტატია სრული სიმართლეა.კარგი იქნება თვითონ მთავრობის წარმომდგენლებმა,კერძოდ კვირიკაშვილმა, წაიკითხოს,იქნებ ცოტათი მაინც შეწყვიტონ ნაცებთან ჩახუტება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here