აშშ–ის სატელიტები კრიტიკის მიღმა
კრიტიკას არ ექვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების სატელიტი ქვეყნები. ეს მხოლოდ ევროპაზე არ ვრცელდება. საუდის არაბეთი, რომელიც სპარსეთის ყურის რეგიონის ნავთობით მდიდარ ქვეყნებს შორის უპირველესია, შტატების ყველაზე ძვირფას მოკავშირედ ითვლება.
ამერიკისთვის საუდელები ნავთობის ფასზე გავლენის მქონე უმთავრეს პარტნიორებად არიან წარმოდგენილნი. სწორედ ამ ქვეყნის მხარდაჭერით გაუთხარეს საფლავი საბჭოთა კავშირს ამერიკელებმა გორბაჩოვის ექვსწლიანი “პერესტროიკის” ჟამს, როცა ნახშირწყალბადები კატასტროფულად გააიაფეს. სწორედ ამ არაბული სახელმწიფოს მეშვეობით დღესაც ახერხებენ შავი ოქროს ფასის შენარჩუნებას უმდაბლეს ნიშნულზე. საუდის არაბეთი ნიგერიასთან ერთად ყოველთვის ეწინააღმდეგება ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებას, რაც გააძვირებდა ნავთობს. კიდევ ვინ დგას ნავთობით მოვაჭრეთა ამ უცნაური პოზიციის მქადაგებელთა შორის? _ “თავისუფლებისმოყვარე” და “დემოკრატიული” ერაყი, რომელიც ამერიკელების მიერაა ოკუპირებული. მისი მარიონეტული მთავრობა მზადაა, ხელი მოაწეროს ნებისმიერ შეთანხმებას, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლებსაც ვაშინგტონის პატრონები ისურვებენ.
“ჰუმან რაითს ვოჩი” ყურადღებით აკონტროლებს საუდის არაბეთში ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემას. აქ მკაცრი რეჟიმი აქვთ დამყარებული, პრაქტიკულად _ შუასაუკუნეების დროინდელი: უცერემონიოდ ჭრიან თავებს და ჩამოახრჩობენ ოპოზიციონერებსა და ჰომოსექსუალებს _ აბა, გაბედოს ვინმემ ლგბტ თემის უფლებებზე კრინტის დაძვრა, მეორე დღესვე თავს ყულფში გააყოფინებენ, და არავინ ჩანს ამერიკაში საუდელი გეების დამცველი და დამფინანსებელი. “ჰუმან რაითს ვოჩის” სიბეცეც აქედან მომდინარეობს _ 1994-2001 წლებში ამ “მოუსყიდველმა” ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა დარღვევის მხოლოდ შვიდი შემთხვევა შეამჩნია.
სინდისის თვალის სინათლემ!
სამაგიეროდ, რა მხარგაშლილი და ამბიციურები არიან “ჰუმანისტები” ჩვენთან, საქართველოში, რომლის მიწაში ჩადებას და თავლაფის დასხმას არ მოერიდებიან, ალმაცერად თუ შეხედავს მისი მოსახლეობა “რუსთაველზე მოსეირნე პომადიან ბიჭებს” (ჯანსუღ ჩარკვიანი).
ხომ არ გაგიკვირდათ?
“უფლებადამცველები” გახლავან. არცა სტყუიან, რადგან იცავენ უფლებებს აშშ-ისა, სახელმწიფოსი, რომლის პოზიციას შეურყევლად იზიარებენ… არცთუ მცირე ფასად. იცავენ ფედერალური სარეზერვო კომისიის “ფულის საბეჭდი მანქანის” უფლებას, ბეჭდოს და ბეჭდოს დოლარები და დაამყაროს თავისი ჰეგემონია მსოფლიოში.
ამას რომ წაიკითხავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ყველა ასეთ “უფლებადამცველ” ორგანიზაციას პირი ამოკერილი აქვს და არ აკრიტიკებს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
აკრიტიკებენ, რა თქმა უნდა.
მაგალითი? ინებეთ.
საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ “საერთაშორისო ამნისტიამ” გაავრცელა მოხსენება, რომელშიც დაგმობილია ნატოს მოქმედება იუგოსლავიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღევის გამო… ცალკეულ შემთხვევებში.
მხოლოდ ცალკეული ოპერაციების განხორციელებისას, როცა ჩრდილოატლანტიკურმა ბლოკმა უგულებელყო იუგოსლავიის მოქალაქეთა უფლება, პირველი და უმთავრესი _ სიცოცხლის უფლება.
ძველი ამბავია და _ გაგახსენებთ:
1999 წელს იუგოსლავიის 78 სადღეღამისო, განუწყვეტელი დაბომბვა აშშ სამხედრო საჰაერო ძალების, ანუ ნატოს თვითმფრინავების მიერ.
არაერთხელ დაბომბეს ალბანელი ლტოლვილების კოლონებიც, რომელთა დასაცავადაც იყვნენ მოწოდებულნი. მაგალითად, 1999 წლის 14 აპრილს (ზუსტად 17 წლის წინათ) 13 საათსა და 30 წუთზე ჯაკოვიცა–პრიზრენის გზაზე, სოფლების _ მადანაისა და ნეიეს მახლობლად სამჯერ დაბომბეს ალბანეთის მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა. ორი საათის განმავლობაში მიწასთან ასწორებდნენ. ქალები, ბავშვები და მოხუცები შინ ბრუნდებოდნენ მანქანებით, ტრაქტორებითა და ცხენშებმული ოთხთვალებით. ღიად, დაუფარავად, მაშასადამე, მათ კარგად ხედავდნენ ნატოელი მფრინავები, ხელის გულზე ჰყავდათ და წარმოუდგენელი იყო, ეს ადამიანები ჯარისკაცებში არეოდათ, ტრაქტორი ჯავშანტრანსპორტიორში შეშლოდათ, ხოლო საზიდრები ტანკებად მოსჩვენებოდათ. შუადღეს, მზიან ამინდში სამჯერ გადაუარეს… გზაზე დამწვარი ცხედრები, ტრაქტორების ჩონჩხებიღა დარჩა.
“უფლებადამცველთა” რეაქცია როგორი იყო? _ აღრიცხეს ფაქტი, ჩაწერეს ანგარიშში, გამოაქვეყნეს. ეს იყო და ეს.
ნატოს სარდლობის რეაქცია? რეაქცია, რა თქმა უნდა, იყო… ბოდიში მოიხადეს. მორჩა და გათავდა. ინციდენტი ამოწურულია. დამშვიდდი, მსოფლიოვ და საერთაშორისო სამართალოვ! ეს იყო ჩვეულებრივი შეცდომა. დამნაშავეებმა თავზე ფერფლი დაიყარეს. რაღაა დასაწერი ან სათქმელი?!
აი, სლობოდან მილოშევიჩი, იუგოსლავის მეთაური კი ჰააგის პროცესზე ამ დანაშაულობათა შესახებ საოცარ ამბებს ყვებოდა, ამიტომ იყო, რომ ნაწილ-ნაწილ გახლეჩილი ქვეყნის პრეზიდენტი პოლიტკორექტული ევროპული ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა.
სასამართლო პროცესი 2002 წლის 12 თებერვალს დაიწყო, 2006 წლის 11 მარტს კი მილოშევიჩი გარდაცვლილი იპოვეს ჰააგის ტრიბუნალის სატუსაღო საკანში. ოფიციალური ვერსიით, გარდაიცვალა მიოკარდიუმის ინფარქტით. როგორც ჩანს, მოწამლეს, რადგან მისი ბრალი ვერ დაამტკიცეს 4 წლის განმავლობაში და სასურველი განაჩენით ვერ დაასრულეს სასამართლო პროცესი. ყველაფერთან ერთად, მილოშევიჩი იყო პრეცედენტი: სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტს, რომლის ქვეყანას ომი ფორმალურად არ წაუგია, საზღვარგარეთ ასამართლებდნენ. თავად განსაჯეთ: გათავისუფლება არ სურდათ, მსჯავრის დადება ვერ მოახერხეს. მაშ, რა?
გარდაიცვალა და პრობლემაც მოიხსნა.
ალბანელი ლტოლვილების ზევით ნახსენები ფაქტი მილოშევიჩმა ასე ახსნა: “გეტყვით, რატომ ესროლეს მათ (ალბანელ ტოლვილებს). ესროდნენ იმიტომ, რომ ისინი თავიანთ სოფელში ბრუნდებოდნენ. აგრესორის კონცეფციის საწინააღმდეგოდ, რომელიც მასმედიაში ავრცელებდა ჭორს, თითქოს ალბანელები გაურბიან სერბეთის არმიასა და პოლიციას. ყველას უნდა დაეტოვებინა თავისი სოფელი და არ გაებედა უკან დაბრუნება. აგრესიის დროს, ბომბების გარდა, ყრიდნენ ფურცლებსაც, რომლებითაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ გაქცეულიყვნენ. ამავე სულისკვეთებით მოქმედებდა ალბანელების ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ხოცავდა იმ ოჯახების უფროსებს, რომლებსაც არ სურდათ, ყურად ეღოთ ასეთი მოწოდებები, მიეტოვებინათ თავიანთი სახლები და სოფლები.
დაბომბვის ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა ნატოს ძალებსა და ამ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის არსებული ურთიერთობის, რომელიც გამოიყენებოდა იუგოსლავიის დესტაბილიზაციისთვის”, _ აცხადებდა მილოშევიჩი.
შეჭრისთვის საჭიროა მიზეზი. თუ ალბანელები არსად გაიქცეოდნენ, მაშასადამე, არც “ჰუმანიტარული კატასტროფა” იქნებოდა და ვერც შეიყვანდნენ ჯარს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
კიდევ ერთი ციტატა სლობოდან მილოშევიჩის გამოსვლიდან: “1999 წლის 13 მაისს, ზუსტად ერთი თვის შემდეგ აღნიშნული სისხლიანი ბოროტმოქმედებიდან (ალბანელი ლტოლვილების კოლონის განადგურებიდან), კვლავ განხორციელდა მასობრივი დანაშაული. ალბანელი ლტოლვილების კოლონის დაბომბვისას განხორციელდა მფრინავის რადიოკავშირი სამეთაურო ცენტრთან. ეს საუბარი ჩვენი ტელევიზიით გადაიცა. მფრინავი ცენტრს აცნობებს, რომ ეს სამხედრო კოლონა არ არის. ტრაქტორებს, გლეხებს, სამოქალაქო მოსახლეობას ხედავს. მაგრამ საკომანდო ცენტრიდან უპასუხებენ _ შეასრულე ბრძანება! და განახორციელებს სარაკეტო შეტევას 500-600-კაციან კოლონაზე. ეს ადამიანები სოფელ კორიშაში, თავიანთ სახლებში ბრუნდებოდნენ. ამრიგად, ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ისინი ბრუნდებიან თავიანთ სახლებში, თქვენ კი ამტკიცებთ, რომ “სერბეთის ძალები” მათ სოფლებიდან დევნიდნენ. იმიტომ, რომ ისინი შინ ბრუნდებოდნენ, ნატო მათ ბომბავდა. დაიღუპა ორმოცდაათი ადამიანი, მძიმედ დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა ურო მეტი. ეს კიდევ ერთი, საშინელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანები იღუპებიან სქემის მიხედვით, რომლითაც აგრესორი მოქმედებდა იუგოსლავიაში ჩადენილი თავისი ბოროტმოქმედების გასამართლებლად. გთხოვთ, გვაჩვენოთ 1999 წლის 13 მაისს ალბანელი ლტოლვილების წინააღმდეგ ჩადენილი ამ ბოროტმოქმედების სურათები _ დამწვარი ცხედრები, გადაბრუნებული ტრაქტორები. შეხედეთ მოკლულ ბავშვს. იგი ერთ-ერთია იმ 26 ბავშვიდან, რომლებიც დაბომბვისას დაშავდნენ. ერთი _ 26-დან! ამაზე დიდი უბედურების წარმოდგენაც კი ძნელია ალბანელებისთვის, რომლებსაც თავიანთ სოფლებში დაბრუნება ეკრძალებოდათ. ვინც ბრუნდება, ესვრიან, საკუთარი თავით პასუხს აგებს დაუმორჩილებლობისთვის. მათ უნდა დატოვონ კოსოვო, მათ უნდა გაამართლონ ბრალდება, რომ ყველა გაურბის “სერბეთის ძალებს”.
თქვენ, პატივცემულო მკითხველო, გსმენიათ რამე იმ მფრინავის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ, რომელმაც დაბომბა ეს უბედური ადამიანები? იმ უფროსების წინააღმდეგ, რომლებმაც დანაშაულებრივი ბრძანება გასცეს? ეგებ ტელეეკრანებზე იხილეთ რისხვით ანთებული სახეები “სამართალდამცავებისა”, რომლებიც სამართლის აღსრულებას მოითხოვდნენ?
“ყოფილ იუგოსლავიაში სამხედრო დანაშაულების საკითხებზე ჰააგის ტრიბუნალმა ასევე ჩაატარა სპეციალური გამოკვლევა ნატოს მოქმედებათა შესახებ. დანაშაულის შემადგენლობა ტრიბუნალის ექსპერტებმა ვერ იპოვეს”.
არც არავინ გაუსამართლებიათ. ასეთ “პოლიტიკურ სასამართლოში” ასამართლებენ არა დამნაშავეებს, არამედ დამარცხებული მხარის წარმომადგენლებს. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მოგეხსენებათ, გამარჯვებული დასავლეთია.
ლორდმა რობერტსონმა, რომელიც იმხანად ნატოს გენერალური მდივანი იყო, “საერთაშორისო ამნისტიის” ბრალდებებს დაუსაბუთებელი უწოდა და განაცხადა, რომ “ჩრდილოატლანტიკური კავშირი, იუგოსლავიის დაბომბვისას რჩებოდა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში. თავისი პოზიციის გასამყარებლად მან მოიხმო ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის კარლა დელ პონტეს ამასწინანდელი გადაწყვეტილება ნატოს წინააღმდეგ საქმის არაღძვრის შესახებ”.
ნატო ბომბავდა სუვერენულ ქვეყანას ისე, რომ არ ჰქონდა გაეროს სანქციები, არღვევდა ყველა საერთაშორისო ნორმას. “ჰუმან რაითს ვოჩის” წარმომადგენელი ინტერვიუს მიცემისას უაღრესად კორექტული იყო: “საერთაშორისო ამნისტია” ეჭვის თვალით კი არ უყურებს და გმობს ოპერაციის წარმართვის საკითხს, ისევე, როგორც გადაწყვეტილებას იუგოსლავიის დაბომბვის შესახებ, არამედ განიხილავს საერთაშორისო სამართლის დარღვევის ცალკეულ შემთხვევებს”.
ე.ი. თქვენს უფლებაში, დახოცოთ ადამიანები, ეჭვი არ შეგვაქვს, მაგრამ ეს ჰუმანურად უნდა გააკეთოთ.
საერთაშორისო პრესა წერდა გუანტანამოს ციხეზეც, რომელშიც ადამიანები დამწყვდეული ჰყავდათ წლების განმავლობაში… გაუსამართლებლად. მათ სამხედრო ტყვეების სტატუსიც კი არ ჰქონდათ, მათზე არ ვრცელდებოდა 1949 წლის ჟენევის კონვენცია. ეს ყველაფერი ხდებოდა აშშ–ში, დემოკრატიის ციტადელში. აშკარა დანაშაულია, მაგრამ სამართლის დამცველნი არ მოითხოვდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო აშშ–ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. იმპერია რჩებოდა სიკეთის იმპერიად.
დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, არც უკანონო მოქმედებაში შემჩნეულები გაუსამართლებიათ.
ან, იქნებ, გგონიათ, რომელიმე სამართალდამცავი აპირებს ჯორჯ ბუშის გასამართლებას? თუმცა სამართალში მის მისაცემად ფაქტები საკმარისზე მეტია, დამალულიც არაფერია _ ყველამ ყველაფერი იცის. მაგალითად, ერაყში შეჭრა, რომლის მიზეზად საკმარისი იყო მოარული ხმები, თითქოს სადამ ჰუსეინი ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს და მზად არის, გამოიყენოს იგი დასავლეთის წინააღმდეგ. შეიჭრნენ ქვეყანაში, გადააქოთეს ყველაფერი და ვერავითარი იარაღი ვერ იპოვეს. თავიანთი მაინც შეეტანათ, ეგებ წამოეგოთ ამ ანკესზე მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი ან ვინმე მაინც, ერთეულები.
სადამი ჩამოახრჩვეს.
მისტერ ბუშს რაო, რას მოსთხოვ? ჰიტლერს რომ გამოეცხადებინა, საბჭოთა კავშირს აქვს ბირთვული იარაღი და ემზადება დასავლეთისთვის დასარტყმელადო, გამართლებული იქნებოდა ვითომ სსრკ–ზე ფაშისტური გერმანიის მუხანათური თავდასხმა 1941 წლის 22 ივნისს? მოქმედება მსგავსია, შედეგებიც, შეფასება კი _ დიამეტრულად განსხვავებული. შეფასების ასეთ განსხვავებას ეწოდება პროპაგანდა.
ისმის აღშფოთებული შეძახილები: არ მოგწონთ ამ ორგანიზაციების შეფასებები _ შექმენით თქვენი, საკუთარი და შეაფასეთ, იბრძოლეთ ისე, როგორც მოგწონთ და გაგიხარდებათ. გონიერი წინადადებაა, ერთი “მაგრამ” რომ არ აფუჭებდეს: დასავლეთში ტრიბუნას არავინ დაგითმობთ. დაბეჭდავენ მათ მომზადებულ ანგარიშებს, ინტერვიუს მათ ჩამოართმევენ, მხოლოდ მათ შეკითხვებს უპასუხებენ, თქვენსას ყურსაც არ ათხოვებენ. ტელეეკრანებზე ყოველთვის ისინი იქნებიან. თქვენ კი იბრძოლეთ, იბრძოლეთ, გეთაყვა! თქვენ თავისუფალი ბრძანდებით, თავისუფლება მონიჭებული გაქვთ. თავისუფლება ჩვენც გვაქვს, თქვენი არგამოჩენის, არდაბეჭდვის თავისუფლება.
ქუჩაში რომ მოგისმინონ, საყვირი ან მეგაფონი დაგჭირდებათ. თანამედროვე საზოგადოებაში ისინი მასობრივი ინფორმაციის საშუალებად მიიჩნევა. დასავლეთში ისინი თითქმის საყოველთაოდ დამოუკიდებელი და თავისუფალია და სწორედ ამიტომ… ერთსა და იმავე ვერსიას ავრცელებენ ერთსა და იმავე მოვლენაზე. ყველა ერთნაირად ხომ არ ცდება?! ნაკლებ სარწმუნოა. განსაკუთრებით, როცა ყველა თავისუფალია ფაქტების შესწავლის პროცესში… 1941 წლის 22 ივნისს ტელეარხები “სი-ენ-ენი” და “სქაი ნიუსი” რომ არსებულიყო, პირდაპირ რეპორტაჟებს მოაწყობდნენ ადგილებიდან და მსოფლიო საზოგადოებრიობას აუწყებდნენ, რომ საბჭოთა ჯარებმა სისხამ დილით არტილერიის გრგვინვისა და გრუხუნის ფონზე, ფუგასური ბომბების ყველაფრის გამანადგურებელ აფეთქებათა კვალზე გადალახეს გერმანიის საზღვარი…
მაშ, ვთქვათ, რომ დასავლეთში არ არის სიტყვის თავისუფლება, რადგან ყველა ერთსა და იმავე სიცრუეს იმეორებს?
დიახ, თავისუფალი სიტყვა იქ არ არის. იგი (სიტყვა თავისუფალი) არსად არის საერთოდ. ძალიან ბევრი განსხვავებული ნიუანსი აქვს მსოფლიო პოლიტიკას, ძალიან დაღვარჭნილია მისი გზასავალი საიმისოდ, რომ ერთი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შესწევდეს ძალა, აჩვენოს სიუჟეტი ან გამოაქვეყნოს წერილი, რომელიც მყისიერად გადახაზავს ათწლეულების განმავლობაში მისი დიპლომატებისა და სპეცსამსახურების მიერ უზუსტესი რუდუნებით გაკეთებულ საქმეს, ურთულესი თამაშით მიღწეულ შედეგებს.
დასავლეთში მასმედიის ძალა რუსეთზე გაცილებით ადრე შეაფასეს.
ხშირად მოისმენთ, რომ რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის კონტროლს დაუქვემდებარა მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება. არადა, ყველა ძლიერი ხელისუფლება სწორედ ასე იქცევა. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება პირწმინდად იმეორებს დასავლეთის მიერ დიდი ხნის წინათ გადადგმულ ნაბიჯებს. იქ ყველა საშუალება სანდო ხელშია, ამიტომაა, რომ საჭირო მომენტში ერთხმად იმეორებენ ყოველგვარ სისულელესა და სიცრუეს. დასავლეთის ყველა ძირითადი საინფორმაციო საშუალება კონტროლდება ერთი ცენტრიდან. მიმართულებასაც იქიდან კარნახობენ.
მაგალითად, დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები დაგვიანებით შეამჩნია არა იმიტომ, რომ უწინ ცდებოდა და გამოსწორდა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის მასმედიის მასირებულმა საინფორმაციო შეტევამ შედეგი გამოიღო.
2008 წლის აგვისტოში მსოფლიომ შეიტყო სიმართლე: ტელევიზორით რომ გადასცემენ საჭირო ინფორმაციას, სურათს, გაზეთებში კი გამოაქვეყნებენ საჭირო ფოტოებს, დააჯერა სააკაშვილი, რომ ელვისებურად გადაწყვეტდა სამხრეთ ოსეთის საკითხს. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ადამიანი დაიღუპება ამ ავანტიურის შედეგად, თუ, სამაგიეროდ, მსოფლიოს ეკრანებზე აჩვენებენ მისი გამარჯვების კადრებს.
გაზეთები და ტელევიზია საშიში ძალაა. უკონტროლოდ მათი დატოვება არ ეგების. თუ ავტომატების საწყობის კარს საგულდაგულოდ არ გადარაზავთ, ხვალ სხვა ვინმე გაისვრის ამ იარაღით. არ აჭმევთ საკუთარ არმიას _ სხვის არმიას გამოკვებავთ, ამბობდა ნაპოლეონი. ასევეა მასმედიასთან ურთიერთობაშიც: თუ უყურადღებოდ, მშიერს თუ დატოვებთ ჟურნალისტებს, არ წარმართავთ მათ საქმიანობას _ ამას სიამოვნებით გააკეთებენ თქვენი მოწინააღმდეგენი. მით უფრო, რომ დასავლეთს დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული ამ მიმართულებით.
“ყველაფერი ისე არ არის, ერთი შეხედვით რომ ჩანს. “ჯენერალ ელექტრიკი” ფლობს მედიაკონცერნ “ენ–ბი–სის”, “დისნეის”, “ეი–ბი–სის”, “ვიაკომს”, “სი–ბი–ესს”, ხოლო “სი–ენ–ენი” უზარმაზარი კონგლომერატის _ “თაიმ უორნერის” ნაწილია. ჩვენი გაზეთების, ჟურნალებისა და გამომცემლობების უმეტესობა გიგანტურ საერთაშორისო კორპორაციებს ეკუთვნის”, _ ეს ციტატა ეკუთვნის ჯონ პერკინსს, რომელმაც შესანიშნავი წიგნი დაწერა ამერიკული კორპორაციების საქმიანობაზე. ეს გაერთიანებები ისწრაფვოდნენ, რაც შეიძლება მეტი კრედიტი მიეცათ სუვერენული სახელმწიფოებისთვის. თანაც, მიეცათ ისე, რომ ვალის გასტუმრება არ შეძლებოდათ. ამით ქვეყანას იმონებდნენ, კაბალაში მოაქცევდნენ. ვალად რას გასცემდა აშშ? ქაღალდს, კომპიუტერულ ნულებს, რომლებსაც ამერიკელებისთვის კაპიკის ფასი აქვს. რა უნდა დაუბრუნონ ამერიკას ქვეყნებმა, რომლებმაც დოლარები ვალად აიღეს: წიაღისეული, გაეროში ხმის მიცემით მხარდაჭერა, ტერიტორიები ბაზების განსალაგებლად, თავიანთი დამოუკიდებლობა და სული თავიანთი? 2008 წლის აგვისტოში აშშ–მა საქართველოს მისცა კრედიტი. კეთილშობილურ საქმეს ჰგავს: დიდი სახელმწიფო (“დერჟავა”) დამარცხებულ პატარა ქვეყანას ეხმარება. საქართველო ამ ვალს ვერ გადაიხდის. იგი უფრო და უფრო გაეხვევა ამერიკულ ობობას ქსელში. ქართველი ბიჭები კვლავაც დაიღუპებიან ავღანეთში, ერაყსა და მსოფლიოს სხვა “ცხელ წერტილებში”.
დასჭირდება ვაშინგტონს და კვლავ დაიღვრება სისხლი კავკასიაში.
დასავლეთის ყველა ტელეარხი, გაზეთი და რადიოსადგური გაყიდულია. ისინი მღერიან სიმღერებს, რომლებიც მათ დაუწერეს ბანკირებმა _ ფედერალური სარეზერვო სამსახურის პატრონებმა. საინფორმაციო სივრცის გასაკონტროლებლად მათ არ სჭირდებათ ინფორმაციის ყველა არხი, საკმარისია ძირითადები, რომლებიც ამ სივრცეს ქმნიან. მასმედიის ამოცანაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ჟურნალისტები ამას აკეთებენ, ზოგი ხელფასის, ზოგიც იდეური მოსაზრებების გამო.
ინფორმაციული ომი არც ერთი წუთით არ ცხრება და გრძელდება, სხვათა შორის, თქვენს აზრსა და გონებაში. ფხიზლად იყავით ამიტომ.
გაგრძელება იქნება
ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ვინც იარაღს იშიშვლებს, მისგანვე განიგმირებაო.