Home რუბრიკები პოლიტიკა პატრიკ ბიუკენენი: რუსულმა თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვაში კითხვა დაგვისვეს: აქ რას აკეთებთ, ამერიკელებო?

პატრიკ ბიუკენენი: რუსულმა თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვაში კითხვა დაგვისვეს: აქ რას აკეთებთ, ამერიკელებო?

738

“რატომ არის ამერიკისგან 5000 მილით დაშორებული ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობა”

 “1991 წლიდან ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა სუსტდება და ღარიბდება. დღეს ჩვენ ისევე დაძაბულნი ვართ, როგორც 1940-იანი წლების ბოლოს იყო ბრიტანეთის იმპერია. იმ იმპერიის მსგავსად, ჩვენც მუდმივი გამოწვევები გვაქვს იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მიილტვიან თავიანთი ადგილის გასაფართოებლად მზის ქვეშ. ეს ქვეყნებია, პირველ რიგში, აღორძინებული რუსეთი, ჩინეთი და ირანი. დადგა დრო ცივი ომის დასაწყისში აშშ-ის მიერ გაცემული სამხედრო გარანტიების გადაფასებისა, რათა განვსაზღვროთ, მათ შორის რომელი შეესაბამება ამერიკის ინტერესებს”.

ცნობილმა ამერიკელმა პუბლიცისტმა და კონსერვატიზმის იდეოლოგმა პატრიკ ბიუკენენმა “ამერიკენ კონსერვეტეში” წერილი გამოაქვეყნა.

“რამდენიმე დღის წინათ რუსულმა ბომბდამშენებმა ბალტიის ზღვაში მცურავ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანს რამდენჯერმე  შემოუფრინეს (იხ. ვრცელი მასალა გაზეთის მე-15 გვ-ზე _ რედ.). რუსულ თვითმფრინავებს არც ბომბი ჩამოუგდიათ და არც რაკეტა გაუსვრიათ, მხოლოდ შეტყობინება გამოგვიგზავნეს: აქ რას აკეთებთ, ამერიკელებო?

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის თვითმფრინავები და ხომალდები პატრულირებენ ტერიტორიაზე, რომელზეც პრეტენზია აქვს პეკინს.

სამხრეთ კორეაში ამერიკელები რეგულარულად ატარებენ წვრთნებს ჩრდილოეთი კორეის გასაფრთხილებლად.

ბაჰრეინში ბაზირებული ამერიკული სამხედრო გემები სპარსეთის ყურეში ხშირად აწყდებიან ირანის წყალქვეშა ნავებსა და რაკეტებით აღჭურვილ კატერებს.

არადა, არც ერთ ამ რეგიონში აშშ-ს არ აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, რომლებსაც საფრთხე შეექმნებოდა, მოკავშირეთა ინტერესების გარდა, რომლებიც სათანადოდ ვერ ასრულებენ თავიანთ თავდაცვით მოვალეობებს და ძია სემის იმედი აქვთ. ამერიკას მძიმედ აწვება გლობალური მოვლენების ტვირთი.

დაე, სამხრეთი კორეა და იაპონია გაძლიერდნენ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ჩრდილოეთ კორეასა და პეკინს. ყოველთვის ჩვენ რატომ უნდა ვიზრუნოთ შეკავებაზე და, საჭიროების შემთხვევაში, ვებრძოლოთ ჩრდილოეთ კორეელებს? და რატომ არის ამერიკისგან 5000 მილით დაშორებული ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობა და არა _ გერმანიის, რომლის ეკონომიკაც მეტია რუსეთის ეკონომიკაზე?

ცივი ომის პირქუშ დღეებშიც კი ამერიკის პრეზიდენტები უარს ამბობდნენ სამხედრო მოქმედებაზე უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა თუ პოლონეთში. როცა მათ საქმეში მოსკოვი ერეოდა, აშშ არაფერს აკეთებდა. როდის გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დამოუკიდებლობა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მათ გამო ჩვენ ომის დაწყებასაც არ ვუფრთხით ბირთვული იარაღის მქონე რუსეთთან?

ამერიკამ აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნები არ უნდა ჩამოწეროს, მაგრამ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთთან ომის ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოვრიცხოთ და ჩვენი პასუხი რუსეთის მოქმედებაზე ეკონომიკისა და დიპლომატიის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში მთავარი დამარცხებული აღმოსავლეთ ევროპა იქნება.

1991 წლიდან ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა სუსტდება და ღარიბდება. დღეს ჩვენ ისევე დაძაბული ვართ, როგორც 1940-იანი წლების ბოლოს იყო ბრიტანეთის იმპერია. იმ იმპერიის მსგავსად ჩვენც მუდმივი გამოწვევები გვაქვს იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მიილტვიან თავიანთი ადგილის გასაფართოებლად მზის ქვეშ, ეს ქვეყნებია, პირველ რიგში, აღორძინებული რუსეთი, ჩინეთი და ირანი.

დადგა დრო, ცივი ომის დასაწყისში აშშ-ის მიერ გაცემული სამხედრო გარანტიების გადაფასებისა, რათა განვსაზღვროთ, მათ შორის რომელი შეესაბამება ამერიკის ინტერესებს.

ეს არ არის იზოლაციონიზმი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების წამოწევა წინა პლანზე, ისევე, როგორც უარის თქმა სხვა ხალხების ომებში მონაწილეობაზე”. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here