1932-1933 წლებში უამრავი ადამიანი იხოცება, და მხოლოდ ამის შემდეგ, უმალვე(!), დასავლეთი მზად არის, მიიღოს ბოლშევიკებისგან ნავთობი, ხეტყე და ძვირფასი ლითონები.
2008 წელს ევროპარლამენტმა “გოლოდომორი” კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიარა. დამნაშავე დასჯილია _ იგი სტალინური საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაა, მაგრამ ევროპარლამენტის დოკუმენტში ორ შეკითხვაზე არ არის პასუხი გაცემული:
* რატომ იქცეოდნენ ასე უცნაურად კაპიტალისტები, სტალინისგან ოქროს მიღებაზე უარს რომ ამბობდნენ?
* რატომ სურდათ, ვალის დასაფარავად საბჭოთა ქვეყნისგან მაინცდამაინც ხორბლის მიღება?
ევროპარლამენტის დოკუმენტებში არც სიმართლეა, არც ლოგიკა. თუ სტალინს ნამდვილად სურდა (ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო) უკრაინის მოსახლეობის ამოწყვეტა, რატომ არ განახორციელა ჩანაფიქრი? ბოლომდე რატომ არ მიიყვანა გენოციდი?
თუ 1932-33 წლებში ყველა უკრაინელი არ დაიხოცა, 1934 წელს ხელისუფლებამ ულუკმაპუროდ რატომ არ დატოვა გადარჩენილები, რატომ არ გაწირა სრულად და საბოლოოდ უკრაინელი ხალხი? რისი უნდა შეშინებოდა _ ადამიანები ძალაგამოცლილები არიან, აჯანყებას არავინ აპირებს, ინფორმაციის გაჟონვა გამორიცხულია. სადღაა ლოგიკა? არ არის, მორჩა და გათავდა! არც სიმართლეა.
სიმართლე არის ის, რომ 1934 წელს მარცვლეულის ექსპორტი საბჭოთა კავშირიდან საერთოდ შეწყდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის განკარგულებით(!).
დასავლეთის მიერ გულმოდგინედ ორგანიზებულმა 1932-1933 წლების შიმშილობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო: ბოლშევიკებმა ძალაუფლება შეინარჩუნეს, განაგრძეს ინდუსტრიალიზაცია. სტალინი ქვეყანას ყველა საშუალებით განუხრელად აღადგენდა. დასავლეთი სსრკ-ზე ეკონომიკური ზემოქმედებიდან საომარ ღონისძიებაზე უნდა გადასულიყო. საოცარია: მაინცდამაინც 1933 წელს გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოვიდა ჰიტლერი, რომელიც დაუფარავად აცხადებდა, რომ მიზნად აქვს დასახული უკიდეგანო რუსეთის დაპყრობა საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ.
გადახლართულია ისტორიული მოვლენები ყოველთვის და ამ შემთხვევაშიც. უაღრესად რთულია, გაიგო მათი ლოგიკა, მაგრამ, თუ ეს მიჯნა გადალახე, ისეთ დასკვნებამდე მიხვალ, რომ სუნთქვა შეგეკვრება.
რა იყო ფედერალური სარეზერვო სისტემის მფლობელთა მთავარი ამოცანა ორ მსოფლიო ომს შორის?
ჩამოეშორებინათ დოლარი და მის კვალზე სხვა ვალუტებიც ოქროს სტანდარტისთვის, რათა მისცემოდათ საშუალება, ებეჭდათ ქაღალდის ფული განუსაზღვრელი რაოდენობით.
ამ მომენტში ოქროს მტკიცე ვალუტის გამოჩენა ბანკირებს გეგმებს აურევდა?
უეჭველად! სამყაროში, სადაც ყველა გაემიჯნება ოქროს, არ უნდა არსებობდნენ ისეთები, რომლებიც ამ ოქროს “ჩამოეკიდებოდნენ”. სხვაგვარად დაირღვევა პროცესის “ბუნებრიობა”. თანაც “ქაღალდის” ვალუტა “ოქროსაზე” გაცილებით ნაკლებ მიმზიდველია. ოქროს ვალუტა უშუალო კონკურენტია.
საბჭოთა “ჩერვონეცის” _ ოქროს თუმნიანის _ ასპარეზზე გამოსვლა ხელს შეუშლიდა ფედერალური სარეზერვო სისტემის პატრონებს?
რა თქმა უნდა! იმ ვითარებაში, როცა გამოჩნდა ახალი, მიმზიდველი იდეოლოგია, ამასთანავე, ახალი, მიმზიდველი ვალუტა ოქროსი, ეს უკვე ზედმეტია. 1922 წლის 27 ნოემბერს მზის სინათლე იხილა საბჭოთა ოქროს თუმნიანმა. მანამდე საბჭოთა ფულადი ერთეული მოიხსენიებოდა საბჭოთა ფულის ნიშნად, და, როგორც ამჟამინდელი დოლარი, არაფრით იყო უზრუნველყოფილი. და აი, ამ “ნიშნების” პარალელურად ბაზარზე გამოვიდა ვალუტა, რომლის ბანკნოტებზე ეწერა, რომ ეს საბანკო ბილეთი გაიცვლება ოქროზე.
საბანკო ბილეთები სრულად იყო უზრუნველყოფილი ოქროთი, ძვირფასი ლითონებით, მყარი უცხოური ვალუტითა და სახელმწიფო ბანკის სხვა აქტივებით.
ახალი ფულადი ერთეული ოქროს საფუძველს ემყარებოდა. ოქროს თუმნიანი უდრიდა 10 რევოლუციამდელ რუბლს და ფორმალურად 7,74234 გრამ სუფთა ოქროს შეიცავდა.
ქაღალდის ოქროს თუმნიანი უდრიდა ოქროთი დამზადებულს.
იყო თუ არა იგი საშიში ნიუიორკელი ბანკირებისთვის?
ოქროს თუმნიანმა სწრაფადვე დაამყარა “რევოლუციური წესრიგი” საფინანსო ბაზარზე, გამოჩენისთანავე პრაქტიკულად დაიწყო მისი კოტირების ზრდა ბირჟაზე. მან განდევნა არა მხოლოდ საბჭოთა ფულადი ნიშნები, არამედ რევოლუციამდელი ოქროს რუბლიც და უცხოური ვალუტაც, რომლებსაც ბაზარი ეკვივალენტის როლს აკისრებდა.
საბჭოთა ფულადი ნიშნები გაუქმდა.
ასეთ სიტუაციაში მსოფლიო ბანკირები სიხარულით მიიღებენ გასანაღდებლად ახალ, მყარ საბჭოთა ვალუტას?
რასაკვირველია, არა. ამის გაკეთება მათ გეგმებს ხაზს გადაუსვამდა. საჭირო გახდა, რაც შეიძლება მეტი წინაღობა შეექმნათ ამ ახალი ვალუტის დამკვიდრებისთვის.
სწორედ ეს იყო ჭეშმარიტი მიზეზი იმისა, რომ 1925 წელს დასავლეთი უარს ამბობდა ლენინური ოქროს თუმნიანების მიღებაზე.
სწორედ ეს არის “ოქროს ბლოკადის” სიღრმისეული მიზეზი.
ამ სიტუაციაში საბჭოთა კავშირი იძულებული შეიქნა, ოქროს მონეტების მოსაჭრელად გათვალისწინებული ოქროს მარაგით დაებეჭდა ნიკოლოზისდროინდელი ოქროს თუმნიანები, რომელთა ორიგინალური შტამპები შემორჩენილი იყო პეტერბურგის ზარაფხანაში და რომლებსაც სიამოვნებით იღებდა დასავლეთი, როგორც საფინანსო ურთიერთობის საშუალებას, რადგან რუსეთის იმპერიის ოქროს მონეტებზე ზემოაღნიშნული ბლოკადა არ ვრცელდებოდა. 1925-26 წლებში 2 მილიონი “ნიკოლაევკა” მოიჭრა.
საბჭოთა ოქროს თუმნიანებზე უარს ამბობენ, მეფისდროინდელ ოქროს მონეტებს კი იღებენ, რატომ?
მონეტები, რომლებზეც მეფეა გამოსახული, არარსებული ქვეყნის _ რუსეთის იმპერიის ფულია. მაშასადამე, ისინი საშიში არ არის, ისევე, როგორც ძველი რომაული ოქროს სესტერციები ან საფრანგეთის ოქროს ნაპოლეონდორები. რამდენიც გინდა იყოს! მთავარი რაოდენობა კი არ არის, არამედ _ პრინციპი. ნიკოლოზის ოქროს მანეთიანი წარსულია, ლენინური ოქროს თუმნიანი _ არასასურველი მომავალი…
უცნაური ოქროს ბლოკადაა: ერთი სახეობის ოქროს მონეტების მიღება შეიძლება, მეორისა _ არა, მაგრამ ეს უცნაურობა მათთვისაა, ვინც გარკვეული არ არის მსოფლიო ფინანსური სისტემის ჩამოყალიბების ისტორიაში. ერთი ქვეყნის მიმოქცევაში ოქროს აკრძალვა ამზადებს ნიადაგს ყველა სხვა ქვეყანაში იმავეს გასაკეთებლად. ასე იქმნება პირობები საიმისოდ, რომ ყვითელი ლითონი შეიცვალოს მწვანე ქაღალდით.
რა დაემართა ოქროს თუმნიანს? შეძლეს თუ არა ფედერალური სარეზერვო სისტემის პატრონებმა მისი მოსპობა და განადგურება?
ოქროს თუმნიანი ვაჭრობას ემსხვერპლა.
მისი გამოშვება საბჭოთა კავშირმა განაახლა 1975 წელს _ 250 ათასი ოქროს თუმნიანი სწორედ მაშინ მოიჭრა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ფულის ამ ერთეულის მოჭრა “ოქროს ბლოკადამდე” შეწყვიტეს, კერძოდ, 1923 წელს, ბლოკადის გამოცხადებამდე ორი წლით ადრე. ამჟამად იშვიათი მონეტების რიგშია გადასული მაშინდელი ფული.
1924 წლის 8 მარტს საბჭოთა ფულის ნიშნები ახალი რუბლით შეიცვალა. ეს იყო ფულის რეფორმა. ხელისუფლებამ შემოიღო ახალი ვალუტა და თანდათან ორბიტიდან განდევნა ძლიერი და პერსპექტიული “ჩერვონეცი” _ ოქროს თუმნიანი.
მომდევნო წელს ერთი “ჩერვონეცი” 10 რუბლს უდრიდა და ოქროთი უზრუნველყოფილი უკვე აღარ იყო. საბჭოთა 10 რუბლს “ჩერვონეცი” უწოდეს (მეხსიერებაში ასე დარჩა) და ენაშიც ასე აისახა იმდროინდელი ეკონომიკური ძვრები.
საკითხავია, თავისი ხელით რატომ მოსპო პერსპექტიული ოქროს ვალუტა საბჭოთა ქვეყნის ხელმძღვანელობამ? იმიტომ, რომ სსრკ-ში მმართველობის სადავეები ხელთ ეპყრათ “ამხანაგებს”, რომლებმაც “ლენა გოლფილდს” და მისდაგვარებს მისცეს კონცესიები.
განა შეეძლოთ ამ “მგზნებარე რევოლუციონერებს”, წინ აღდგომოდნენ იმ ძალების ნებასა და ფინანსურ ინტერესებს, რომლებიც წლების განმავლობაში მათ აფინანსებდნენ? არა, არ შეეძლოთ, მაგრამ ცინიკოს რევოლუციონერებს ამერიკელებისთვის _ ფსს-ს პატრონებისთვის “ჩერვონეცი” მუქთად არ დაუთმიათ. თავად განსაჯეთ.
* 1922 წელი _ “ჩერვონეცის” მოჭრის პირველი წელიწადი;
* 1923 წელი _ ოქროს მონეტის მასობრივი გამოშვება, წარმატება, კოტირების ზრდა;
* 1924 წელი _ ოქროს “ჩერვონეცის” გამოშვების შეწყვეტა;
* 1924 წელი _ ფულის რეფორმა, ძლიერი (მაგრამ არა ოქროსი) რუბლის შემოღება;
* 1925 წელი _ “ოქროს ბლოკადა”, საბჭოთა რუსეთის ეკონომიკური მოხრჩობის პირველი მცდელობა, ოქროს “ჩერვონეცის” წინააღმდეგ სანიტარული ღონისძიების განხორციელება.
და კიდევ _ თარიღები, შესადარებლად. მსოფლიო ბანკირების სასარგებლოდ ოქროს ვალუტით თამაშზე უარის თქმა და პროლეტარიატის სახელმწიფო აღიარება ერთი იყო.
* 1924 წლის 1 თებერვალი. ამ დღეს დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად აღიარა სსრკ. მათ კვალად, რომლებიც აშშ–თან ერთად პოლიტიკაში პირველ ვიოლინოზე უკრავდნენ, სატელიტებმაც აღიარეს საბჭოთა კავშირი.
* 1924 წლის 7 თებერვალს აღიარა: იტალიამ, რომლის პრემიერი ბენიტო მუსოლინი იყო, 13 თებერვალს _ ნორვეგიამ, 25 თებერვალს _ ავსტრიამ, 8 მარტს _ საბერძნეთმა, 15 მარტს _ შვედეთმა, 18 ივნისს _ დანიამ, 6 ივლისს _ ალბანეთმა, 19 ივლისს _ ჩინეთმა, 1 აგვისტოს _ მექსიკამ, 28 თებერვალს _ საფრანგეთმა. აღიარების ამ “ციკლში” უკანასკნელი იყო იაპონია _ 1925 წლის 20 იანვარი.
შტატებმა სსრკ მხოლოდ 1933 წელს აღიარა. მაშინ, როცა გაქრა იმედი იმისა, რომ “გოლოდომორი” ბოლშევიკების რეჟიმს ბოლოს მოუღებდა…
აშშ-ს საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ ეღიარებინა, როცა მასთან აქტიურად დაიწყო ვაჭრობა, სწორედ მაშინ, როცა გაჩერდა საბჭოთა ოქროს მონეტების მომჭრელი პრესი. 1924 წლის მაისში ნიუ იორკის ცენტრში, მეხუთე ავენიუზე, იხსნება კომპანია “ამტორგის” ოფისი. იგი დაარსებული იყო, როგორც კერძო სააქციო საზოგადოება, ორგანიზაცია, რომელიც დაკავებული იყო საბჭოთა საქონლის ექსპორტით შეერთებულ შტატებში, ასევე, საბჭოთა კავშირში ამერიკიდან საქონლის იმპორტით. საბჭოთა საზოგადოებისთვის ეს გაიგო მხოლოდ 1939 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და სსრკ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. მანამდე კომპანია “ამტორგი” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურაში ჩართულ საწარმოდ იყო მიჩნეული. ხოლო ის, რომ აშშ სახელმწიფო ორგანოს ამ სტრუქტურაში საბჭოთა სპეციალისტები მუშაობდნენ, გარეშე პირებისთვის საცნაური არ იყო.
პირველივე წელიწადს დაიდო 50 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება.
რას ყიდულობდა საბჭოთა სახელმწიფო შტატებში? არა მხოლოდ ბამბასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანებს: აშშ-დან საბჭოთა კავშირში ჩამოჰქონდათ უახლესი ტექნიკის ნიმუშები და, რასაკვირველია, იმ პერიოდის უახლესი შეიარაღება. ვითარება უაღრესად პიკანტური იყო: ქვეყანას, რომელსაც აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა დამყარებული (რთული იდეოლოგიური დაპირისპირება თიშავდა), აშშ-ის სახელმწიფო ორგანოების ხელშეწყობით თავისთან გაჰქონდა ამერიკის საიდუმლოება და მიღწევები! ქვემეხები, ტანკები, თვითმფრინავები, სამხედრო ხომალდებიც კი. და არავინ არაფერს იმჩნევდა. რატომ ხდებოდა ასე? გაიხსენეთ უდროოდ გარდაცვლილი ოქროს “ჩერვონეცი” და ეს უცნაური სიტუაცია სწრაფადვე გაირკვევა…
აი, ასეთი მოულოდნელობითა და უცნაურობით არის გადახლართული საბჭოთა ისტორია ფედერალური სარეზერვო “საბეჭდი მანქანის” ისტორიასთან.
ნათქვამია: ის, ვინც რევოლუციონერს ავახშმებს, აცეკვებს კიდეც.
და არა მხოლოდ რევოლუციონერს. კიდევ ვის? ამაზე _ მომდევნო თავში.
გაგრძელება იქნება