Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 8 ყველაზე უცნაური წიგნი მსოფლიოში

8 ყველაზე უცნაური წიგნი მსოფლიოში

2613
ჩემი მამა ჯუნგლებში

წიგნი დღეს არა მხოლოდ ინფორმაციის წყაროა, არამედ შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს, რომელიც სახელს გაუთქვამს არა მხოლოდ მის ავტორს ან გამომცემელს, არამედ დარგს ან იმ ეპოქას, რომელსაც მიუძღვნეს ნაწარმოები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წიგნებში თითქმის არ არის ფანტასტიკის ჟანრი, თვითონ მათი არსებობაა ფანტასტიკა.

  1. ჩემი მამა ჯუნგლებში

2015 წელს არგენტინულმა გამოცემამ დაიწყო პროექტი “წიგნი-ხე-წიგნი”. პროექტის არსი იყო და არის საბავშვო წიგნების დაბეჭდვა გადამუშავებულ ქაღალდზე, რომელზეც დამაგრებულია მცენარეების თესლები. წიგნები დაბეჭდილია ეკოლოგიური მელნით. ასეთი წიგნი წაკითხვის შემდეგ შეიძლება საკუთარ ბაღში ან სადმე მიწაში ჩამარხოთ და ცოტა ხნის შემდეგ ამოვა მცენარე _ ხე ან ყვავილი. იდეა, ბავშვები გაცნობოდნენ წიგნის წარმოების ციკლს, აგრეთვე, გაეცნობიერებინათ, რა მნიშვნელობა აქვს ტყის შენახვა-გაფრთხილებას, ძალიან მოეწონათ მშობლებს და პროექტმა საოცარი პოპულარობა მოიხვეჭა. ბოლო 5 წლის განმავლობაში გამომცემლობამ 12-ზე მეტი ასეთი წიგნი დაბეჭდა ასი ათასობით ტირაჟით და ყველა სწრაფად გაიყიდა.

სასმელი წიგნი
სასმელი წიგნი
  1. სასმელი წიგნი

ეს უცნაური ნივთი ამერიკელმა ქიმიკოსმა ტერეზა დანკოვიჩმა შექმნა. წიგნი გამორჩეულია იმით, რომ შეიძლება გამოიყენოთ, როგორც წყლის ფილტრი. თითოეული ფურცელი შექმნილია ვერცხლის ნაწილაკებით დაფარული მშთანთქმელი მასალისგან, რომელსაც შეუძლია გაწმინდოს არა მხოლოდ ჭუჭყიანი წყალი, არამედ შთანთქას სახიფათო ბაქტერიები და ამით აამაღლოს წყლის ხარისხი. თითოეულ გვერდს შეუძლია გაატაროს რამდენიმე ასეული ლიტრი წყალი. შესაბამისად, ერთი ტომი შეიძლება 4 წელიწადს გეყოთ. ამასთანავე, წიგნში მოთხრობილია ადამიანის ორგანიზმზე იმ სახიფათო ბაქტერიების მავნე ზემოქმედებაზე, რომლებსაც სხვადასხვა სითხე შეიცავს. მელანი კი უსაფრთხო ორგანული ნივთიერებისგან არის დამზადებული და კვალს საერთოდ არ ტოვებს.

“წიგნი-სანელებელი”
“წიგნი-სანელებელი”
  1. წიგნისანელებელი

დიზაინერმა ნიკ ბამპტონმა სანელებლების შენახვის ორიგინალური მეთოდი გამოიგონა. მისი კულინარიული წიგნის თითოეული ფურცელი სხვადასსხვა სანელებელს შეიცავს. სანელებლის საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად წიგნიდან შესაბამისი ფურცელი უნდა ამოხიოთ და ტაფაზე დადოთ ან ხორცის ნაჭერს შემოახვიოთ, რათა სანელებელი კარგად გაუჯდეს. ტენის ზემოქმედებით ფურცელი-სანელებელი კერძს ისეთ გემოს აძლევს, როგორსაც მისცემდა სანელებელი.

კომპანია “მაგის”, როგორც ჩანს, მოეწონა ნიკ ბამპტონის იდეა და დაიწყო ასეთი ფურცელი-სანელებლების გამოშვება, რომლებშიც ქათმის მკერდის გახვევა და შეწვა შეიძლება.

“გოგონა, რომელიც ქსელში იყო ჩართული”
“გოგონა, რომელიც ქსელში იყო ჩართული”
  1. გოგონა, რომელიც ქსელში იყო ჩართული

ეს არის ამერიკელი მწერალ-ფანტასტის _ ჯეიმს ტრიპლი-უმცროსის (ელის შელდონის ფსევდონიმი) ინტერაქტიური წიგნის შექმნის საინტერესო ექსპერიმენტი. წიგნი თავისებური საკითხავია, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა სენსორით. ისინი შეერთებულია სპეციალურ ჟილეტთან, რომელიც სხვადასხვა მომენტში ამუშავდება: იწყებს ვიბრაციას, აწვება სხეულს, ათბობს ან აგრილებს მის გარკვეულ ნაწილებს. მკითხველს ასე ექმნება შთაბეჭდილება, რომ ფიზიკურად განიცდის მთავარი გმირის ყველა ემოციას. ასეთი კავშირი ადამიანს ეხმარება, ნაწარმოები აღიქვას ისე, თითქოს ყველაფერი არა გამოგონილი გმირის, არამედ მის გარშემო ხდება.

“ქაღალდის ვიკიპედია”
“ქაღალდის ვიკიპედია”
  1. ქაღალდის ვიკიპედია

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ წიგნში შესულია ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნებული ყველა სტატია. ამას დასჭირდა, “სულ რაღაც” 5 ათასი გვერდი. “ქაღალდის ვიკიპედია” დაბეჭდვისთანავე მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი მოცულობის წიგნი მსოფლიოში. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს წიგნი, რომელიც რობ მეტიუზმა შექმნა, პრაქტიკულად უსარგებლოა.

“ჩასვლა”
“ჩასვლა”
  1. ჩასვლა

ავსტრალიელმა მწერალმა და ილუსტრატორმა შონ ტანმა 2006 წელს შექმნა გრაფიკული რომანის შედევრი _ მრავალმხრივი, ფანტასმაგორიული ნაწარმოები, რომელშიც ერთი სიტყვაც არ არის. ამის დაჯერება რთულია, მაგრამ 120-გვერდიან ნაწარმოებში არც ერთი ასო არ არის (მოგონილი სიმბოლოების გარდა), თუმცა, სრულიად გასაგებად მოგვითხრობს გადასახლებულებისა და მიგრანტების ტრაგიკულ ბედზე, რომლებიც უცხო ქვეყანაში ჩადიან. ყველა ემოცია გადმოცემულია ილუსტრაციების მეშვეობით, რომლებიც ისეთი სიზუსტით არის შესრულებული, რომ ფოტოებს ჰგავს. “ჩასვლას” მთავარი პრიზი ერგო ანგულემში (საფრანგეთი) გამართულ კომიქსების საერთაშორისო ფესტივალზე.

“კოდების ხე”
“კოდების ხე”
  1. კოდების ხე

ეს არის ამერიკელი მწერლის, ჯონათან საფრან ფოიერის, ექსპერიმენტული რომანი, რომელშიც მოთხრობილია ებრაელი მხატვრისა და მწერლის, ბრუნო შულცის, სიცოცხლის ბოლო დღეზე. წიგნში ფურცლები ალაგ-ალაგ ამოჭრილია და შეიძლება შემდეგი ფურცლის დანახვა. წიგნის ავტორის ჩანაფიქრით, მკითხველი ასე ისწავლის სიტყვების უზარმაზარი მასიდან ჭეშმარიტი აზრის გამოტანას.

“მოძრავი სილუეტები”
“მოძრავი სილუეტები”
  1. მოძრავი სილუეტები

იაპონელი მწერლების _ მეგუმი კაჯივარასა და ტაცუხიკო ნეჯიმას მიერ ბავშვებისთვის შექმნილი ისტორიების წიგნი არის ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც ჰგავს შონ ტანის წიგნს. მოძრავ სილუეტებში ვერ ნახავთ ასოებსა და სიტყვებს, მათ ცვლის ფიგურები, რომლებიც სინათლის სხივის ზემოქმედებით უჩვეულო ფორმებს იღებს. ისინი ფურცლებზე დახატულ გამოსახულებებთან ერთად ისტორიებს გვიყვებიან. ავტორების აზრით, ასეთი ფოკუსები ხელს უწყობს ნაწარმოების აღქმას, რომელშიც აღწერილი ისტორიები მკითხველს დიდხანს ემახსოვრება.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here