Home რუბრიკები ეკონომიკა დემურ გიორხელიძე: თუ პროცესი ასე გაგრძელდება, ქართულ ეკონომიკას საბოლოოდ დავასამარებთ

დემურ გიორხელიძე: თუ პროცესი ასე გაგრძელდება, ქართულ ეკონომიკას საბოლოოდ დავასამარებთ

რამდენიმე დღეა, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო.  ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, რომ “ლარი სტაბილურად მყარდება, რამაც, შესაბამისად, ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს. შარშან, როდესაც ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, ერთადერთი მიმართულება იყო ევროკავშირი, სადაც სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა. 

პირველი ორი თვის მაჩვენებლებში ჯამური სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია, რისი ძირითადი მიზეზია ის შესწორება, რომელიც ჩვენს საგადასახდელო ბალანსში კიდევ მიმდინარეობს, ანუ ვალუტის დევალვაციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შემოსული იმპორტი, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ექსპორტი გვაქვს, მცირდება, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მომავალი თვეებიდან ზრდა გვექნება, მით უმეტეს, ადევნებთ თვალყურს ლარის კურსს, რომ ის სტაბილურად მყარდება და, შესაბამისად, ამან ვაჭრობის წახალისება უნდა მოგვცეს”. ლარის კურსის მოულოდნელი გამყარების მიზეზად, ძირითადად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის _ გიორგი ქადაგიძის წასვლა სახელდება. ლარის გამყარების პროცესის დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში _ დემურ გიორხელიძე.

_ ბატონო დემურ, რამ გამოიწვია ლარის კურსის გამყარება?

_ ვერ ვიტყვი, რომ ლარის კურსი გამყარდა, რადგან არანორმალურად სწრაფი დევალვაციის შემდეგ ლარმა არანორმალურად სწრაფი ტემპით გამყარება დაიწყო, ეს კი ვალუტებისთვის დამახასიათებელი არ არის და ყოველთვის არსასურველი შედეგით სრულდება.

ეკონომიკასაც და საზოგადოებასაც სჭირდება არა აღმა-დაღმა მოსიარულე, არამედ სტაბილური  ლარი, რომელიც შესაძლოა, ირყეოდეს მცირე ამპლიტუდით, გარკვეული წონასწორული მდგომარეობის ირგვლივ ერთი ან მეორე მიმართულებით.

_ რასთან გვაქვს საქმე?

_ გაურვეველი ვითარებაა წმინდა პროფესიული თვალსაზრისით, მოვლენა, რომლის მომსწრენიც ვართ, ახსნას არ ექვემდებარება, რადგან ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, რამაც ლარის კურსის ასეთი უსწრაფესი ზრდა გამოიწვია.

ვინ თქვა და სად გაგონილა, რომ კარგია გამყარების გზაზე შემდგარი ეროვნული ვალუტა, თანაც გამყარებას გააჩნია, ყოველდღიურად იცვლება კურსი? ეს კარგი რომ იყოს, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი დოლარი ერთი ლარის ტოლფასი; უფრო კარგი თუ გვინდა ვიყოთ, უკეთესია, 50-თეთრიანი ვაქციოდ ერთდოლარიანად.

_ ამბობენ, ეროვნული ბანკიდან გიორგი ქადაგიძის წასვლამ გამოიწვია ლარის კურსის დარეგულირებაო.

_ ქადაგიძის წასვლაზე და საერთოდ, ცალკეულ ადამიანებზე რომ არის დამოკიდებული ასეთი მნიშვნელოვანი რამ, იმიტომაც ვართ არშემდგარი ქვეყანა. არ შეიძლება, ერთი კაცის წასვლა-მოსვლაზე იყოს დამოკიდებული ეროვნული ვალუტის ბედი, მაგრამ, თუ ვინმეს სურს, ქადაგიძის წასვლის დადებითი მხარე გვაჩვენოს და ლარის კურსი ასე იმიტომ იცვლება, მსუბუქად რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის დამანგრეველია, უპირტველესად _ ეკონომიკისთვის.

_ სახელისუფლო ეკონომიკური გუნდი გახარებულია, მათ მოსწონთ ლარის ეს მდგომარეობა.

_ თუ მოსწონთ, მაშინ განაგრძონ ასე, მაგრამ კიდევ ერთხელ “ვურჩევ” _ 50-თეთრიანი ერთი დოლარის ტოლფასი გახადონ, მაშინ ლარი უფრო გამყარდება.

თუ პროცესები ასე განვითარდა, ყველანი მოსროლილები ვიქნებით განუვითარებელი ქვეყნის განუვითარებელ ეკონომიკაში.

ლარი თუ მყარია, მისი კურსის ყოველდღიურად ასეთი ცვლა რას ნიშნავს? ეს ვის გაუგია, სად ხდება? ეს არის მიზანმიმართული ძარცვა, ხელისუფლება ცდილობს, სივრცე დაკეტოს, რათა ადამიანებმა არ იცოდნენ, რა არეგულირებს ლარის კურსს. გახარება იმით, რომ ლარი ყოველდღე მყარდება, დიდი უჭკუობა მგონია. გასახარი არაფერია. ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვის შრომაზე, უცხოეთიდან ოჯახებისთვის გადმორიცხულ ფულზე და ახლა გამყარებული ლარით ხდება ოჯახებისგაპარსვა”. ბოლო თვეში გადმორიცხვებმა, სულ რაღაც, 16 მილიონით იმატა და სასწრაფოდ უნდაგაიპარსონჩვენი მოქალაქეები, რომ არაფერი შერჩეთ.

_ და მაინც, რა ამყარებს ლარის კურსს?

_ ეს არის დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ლარით სრული მანიპულაციისა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხელი მიუწვდება ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომ სასწრაფოდ უნდა აღდგეს ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, მკაცრი რეგულაციები უნდა დამყარდეს ვაჭრობის წესებზე. აუცილებელია, თვალყურის დევნება ყოველდღიურ მოთხოვნასა და მიწოდებაზე. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ფულის რა რაოდენობაა მიმოქცევაში, არავინ იცის, ეს კურსის დადგენისას ამოვარდნილი პროცესია. ასეთი ვითარება წარმოუდგენელს ხდის ეკონომიკის განვითარებას.

_ ვისი პრეროგატივაა ამ სისტემის დარეგულირება?

_ ხელისუფლების პრეროგატივაა და, თუ სისტემა არ მოწესრიგდება, ჯადოქარი არავინ არის. ეკონომიკას თავისი კანონები აქვს, მას არ აინტერესებს, ვინ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ქვეყნის პრემიერმინისტრი. ეკონომიკას თავისი უზუსტესი კანონზომიერება აქვს და გადაწყვეტილება ამ კანონზომიერების ფარგლებშია მისაღები. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არც ერთი მიმართულებით არ არის მიღებული და პრობლემაც სერიოზულია.

_ ძალიან უცნაური რამ ხდება: ლარის კურსი მყარდება და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი ძვირდება

_ ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული, ლარის კურსის ასეთი გამყარება იმპორტიორების წისქვილზე ასხამს წყალს. იმპორტიორების ვაჭრობას უწყობს ხელს. ჩვენ ძლიერი სავაჭრო ქვეყანა არ ვართ, გარეთ არაფერი გაგვაქვს, სამაგიეროდ, იმპორტია დიდი რაოდენობით და ლარის გამყარებული კურსიც სწორედ ამას უწყობს ხელს. სრულად ხელ-ფეხგახსნილი იმპორტიორები უდიდეს შემოსავალს იღებენ ლარის გამყარებით. ჩვენი წარმოება ძვირდება და განვითარების სტიმული ეკარგება, სტიმული, რომელიც ისედაც არ აქვს.

_ სანამდე გაგრძელდება ლარის კურსის გამყარების პროცესი? საარჩევნო წელია, პოლიტიკოსებს მოსახლეობის კეთილგანწყობა აუცილებლად სჭირდებათ. არჩევნებამდე შეძლებენ ამ ტემპით სიარულს?

_ წარმოუდგენელია, ეს ტენდენცია გარძელდეს, მაგრამ, თუ მაინც დავუშვებთ იმას, რომ ლარი არჩევნებამდე გამყარებას განაგრძობს, ხელისუფლება არჩევნებზე სასურველ შედეგს მიიღებს, მაგრამ მერე? იმაზე, რაც მოხდება, პასუხს ვინ აგებს? ლარის გამყარების საფუძველი ხომ რეალურად არ არსებობს?! ლარის გამყარებას ეკონომიკური აქტივობაუდიდესი ფინანსური ნაკადების შემოდინება სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

_ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ხელოვნური პროცესია? იქნებ ბუნებრივად დაიწყო ლარმა გამყარება?

_ გამორიცხულია, რომ ლარს ბუნებრივად დაეწყო გამყარება, ეს აბსოლუტურად ხელოვნური პროცესია, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაში საკმაოდ კარგად ვარ გარკვეული და ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ასეთი რამ არ ახასიათებს ნორმალური ქვეყნების ვალუტებს. ასეთი კატასტროფული თამაშის შედეგად ნებისმიერი ძლიერად აწყობილი ეკონომიკაც კი კრახის წინაშე დადგებოდა. ჩვენ დანგრეული ეკონომიკა გვაქვს და ამ სიტუაციას ვერ ვგრძნობთ, კომაში მყოფი ეკონომიკა დიდ რყევასაც სათანადოდ ვერ აღიქვამს.

ამერიკისა და ევროპის დიდ ქვეყნებს ის რომ დაემართოს, რაც ბოლო თვეებში საქართველოს ეროვნულ ვალუტას დაემართა, ვგულისხმობ ჯერ დაცემისა და შემდეგ გამყარების პროცესს, ამ ქვეყნების ეკონომიკიდან არაფერი დარჩებოდა.

დილეტანტები ამბობენ, რომ დოლარმა სულ ოდნავ დაკარგა თავისი ღირებულება, რაც ნავთობის ფასს უკავშირდება. ის, რაც დოლარმა  დაკარგა და ლარმა “შეიძინა”, შეუფარდებელია. ასეთი მკაფიო რყევები არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა დოლარის გამო, არ შეცვლილა არც საგარეო პირობები, ამიტომ პიარზე გათვლილი საუბარი შედეგს ვერ მოგცემს.

_ რით დასრულდება ეს ყველაფერი?

_ არ ვიცი, სადამდე მიიყვანენ პროცესს, მაგრამ იმედი მაქვს, ვიღაც გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ ლარის კურსის ასეთი ზრდა სრულ კატასტროფამდე მიგვიყვანს. ლარი უნდა იყოს სტაბილური ვალუტა და არა ყოვედლღიურად გამყარების გზაზე შემდგარი. თუ პროცესი ასე გაგრძელდება, დეკემბრის ბოლოს ან მართლაც 50-თეთრიანი დოლარი გვექნება, ან ქართულ ეკონომიკას საბოლოოდ დავასამარებთ. ვფიქრობ, არც ერთ ქართველს არ სურს ამ გზით სიარული, ჩვენ სტაბილური ვალუტა და სტაბილური ქვეყანა გვჭირდება, გვჭირდება მძლავრი ეკონომიკური იმპულსები, რათა ქვეყანაში აღმშენებლობა დაიწყოს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here