Home რუბრიკები საზოგადოება იგნორირებულ რეჟისორს ბოდიშს კი მოუხდიან, მაგრამ მკითხველმა რა დააშავა?!

იგნორირებულ რეჟისორს ბოდიშს კი მოუხდიან, მაგრამ მკითხველმა რა დააშავა?!

549

გაზეთსაქართველო და მსოფლიოშიახლახან გამოვაქვეყნე კრიტიკული სტატიავინ დადგადეზერტირკა” _ მარჯანიშვილმა და ახმეტელმა თუ მხოლოდ მარჯანიშვილმა?” და რას წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე კვლავ მომიწევდა ანალოგიურ საკითხზე საუბარი, კერძოდ, ვინ დადგაპიკის ქალი” _ გიზო ჟორდანიამ და თეიმურაზ აბაშიძემ თუ მხოლოდ გიზო ჟორდანიამ?

მკითხველს ემახსოვრება, რომ ნ. აზიანის “დეზერტირკას” სცენური ვარიანტის ავტორობის საკითხი ჯერ კიდევ წინა საუკუნეში გადაწყვიტა ქ-ნმა ეთერ დავითაიამ, როცა 1981 წელს შესანიშნავი თეატრთმცოდნის, ქ-ნ ნათელა ურუშაძის რედაქციით გამოსცა მეტად ღირებული მონოგრაფია, მარჯანიშვილისა და ახმეტელის ერთობლივ დადგმებზე და დაამტკიცა, რომ რუსთაველის თეატრში 1925 წელს დადგმული “დეზერტირკა” მარჯანიშვილისა და ახმეტელის ერთობლივი ნამუშევარია… მაგრამ გამოჩნდნენ თეატრმცოდნეები, რომლებიც ძველ ვერსიას (რომ იგი მხოლოდ მარჯანიშვილის დადგმაა) მიუბრუნდნენ… მაშინ თქვენი მონა-მორჩილი იძულებული შეიქნა, ჩარეულიყო ამ საქმეში და ელემენტარული გზით აღედგინა 90 წლის წინანდელი სიმართლე. ეს ელემენტარული გზა კი იმაში გამოიხატა, რომ მივედი ჩვენი სახელოვანი რუსთაველის თეატრის მუზეუმში, სადაც თავაზიანად გამაცნეს ე.წ. წარმოდგენის დღიური, რომელიც, ტრადიციულად, ყოველი სპექტაკლის შემდეგ იწერება ხოლმე და მასში, ისევე როგორც ჩვეულებრივ მეტრიკაში, ყველაფერია ნათქვამი: ვინ არის სპექტაკლის ავტორი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი, როლების შემსრულებლები და ა.შ.

ასეთი მცირე ექსკურსით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ, როცა რომელიმე სპექტაკლზე წერ რაიმეს, უპირველეს ყოვლისა, იმ თეატრის მუზეუმში უნდა მიხვიდე, რომელშიც სპექტაკლი დაიდგა და მაშინ აღარ ჩავარდები უხერხულ მდგომარეობაში…

ახლახან კი გამოვიდა ცნობილი თეატრმცოდნის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ბ-ნ ნ. გურაბანიძის ახალი მონოგრაფია _ “რეჟისორი გიზო ჟორდანია”, რომელშიც 1976 წელს ჩვენს საოპერო თეატრში განხორციელებული “პიკის ქალი” გამოცხადებულია მხოლოდ გიზო ჟორდანიას დადგმად და საერთოდ არაა ნახსენები მისი თანადამდგმელი რეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ბ-ნი თეიმურაზ აბაშიძე…

მკითხველი დამეთანხმება, რომ შეიქმნა მეტად უხერხული მდგომარეობა და ყველაზე მეტად ეს, ცხადია, ბ-ნ გიზო ჟორდანიას შეაწუხებს, მაგრამ რა მისი ბრალია, თუ თეატრმცოდნეობაში, სამწუხაროდ, ასეთი უპასუხისმგებლობა ხდება ხოლმე და არავინ აქცევს ყურადღებას – ამ წიგნზე ერთი წლით ადრე გამოვიდა “ქართული დრამატურგიის ისტორიის” I ტომი, რომელშიც, მაგალითად, კინოფილმ “ქეთო და კოტეს” ავტორად მარტო ვახტანგ ტაბლიაშვილია მითითებული (გვ. 209) და შ. გედევანიშვილი ნახსენებიც არაა, იგივე ითქმის “სამანიშვილის დედინაცვლის” პირველ ეკრანიზაციაზე, როცა ფილმის ავტორად მხოლოდ კოტე მარჯანიშვილია გამოცხადებული (გვ. 362) და ზ. ბერიშვილი – მიჩქმალული… ეს ყოველივე იმიტომ ხდება, რომ დაიკარგა ტრადიცია, როცა წიგნებს ე.წ. სპეციალური რედაქტორებიც, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, სპეციალისტებიც ჰყავდათ, მაგრამ რაზეა საუბარი, როცა ბ-ნ ნ. გურაბანიძის ახალ წიგნს საერთოდ არ აწერია რედაქტორი…

ცხადია, ყველაფერს რაღაც ეშველება, იგნორირებულ რეჟისორს ბოდიშს მოუხდიან, აუჰ, ეს რა მოგვსვლიაო და ა.შ., მაგრამ მკითხველმა რა დააშავა, როდემდე უნდა ითმინოს ასეთი განუკითხაობა?

გოგი დოლიძე,

პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here