Home რუბრიკები ბლოგი „რუსული პროპაგანდა“ და „ევროპული ღირებულებები“

„რუსული პროპაგანდა“ და „ევროპული ღირებულებები“

723

გასულ კვირას, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღიდან“, სადაც მწერალი დათო ტურაშვილი ამბობს, რომ სურს თავისი შვილები იყვნენ ოფიციანტები… საზოგადოებამ, ალბათ, სწორედ ეს ფრაზა აიტაცა განსახილველად და ვიდეოკადრებიც ამის გამო გავრცელდა.

ზოგი კოსმონავტობაზე ოცნებობს, ზოგი მეხანძრეობაზე, მაგრამ ეს ოცნებები, როგორც წესი, ბავშვობის მეამიტურ ასაკს განეკუთვნება. ზრდასრული მამაკაცი საკუთარი შვილების ოფიციანტობაზე ოცნებობდეს, რაღა დაგიმალოთ და, ცოტა უცნაურად ჟღერს. თუმცა, ეს მისი არჩევანია და ამის გამო იგი არ უნდა გავაკრიტიკოთ… მხოლოდ ის დაგვრჩენია, ეჭვი შევიტანოთ მის გულწრფელობაში.

ჩემი ყურადღება კი, იმავე სიუჟეტში დათოს მიერ წარმოთქმულმა სხვა სიტყვებმა მიიქცია (გთავაზობთ ამონარიდს, სტილი დაცულია): „მოარული გახდა იმასთან დაკავშირებით დისკუსი, რომ თითქოს ევროკავშირი ეს არის იძულება, რომ საქართველოში დაკანონდეს, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინება. ეს არის საშინელი პროვოკაცია და საშინელი ტყუილი. არავინ არ აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მოქალაქეებს, რომ დააკანონონ ერთსქესიანთა ქორწინება. ასეთი რამ არ არსებობს, ეს არის რუსული პროპაგანდა პირდაპირი! ეს არის ტყუილი“.

დათო ტურაშვილი მართლაც ნიჭიერი მწერალია. თუმცა იყო კარგი მწერალი და ფლობდე „სიტყვის ხელოვნებას“ არ ნიშნავს ყველა მიმართულებით სწორად აზროვნებდე. ამის თვალნათელი მაგალითია თუნდაც აკაკი წერეთელი და მისი მოსაზრებები „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით, რაც ილია ჭავჭავაძეს სიცილად არ ეყო და მწვავედ გააკრიტიკა. იმავე აკაკის მიერ ვაჟა-ფშაველასთვის ქართული ენის დაწუნება – თითქოსდა, მთის მგოსანს იმერული კილოთი უნდა ეწერა ლექსები…

ასე რომ, დიდ მწერლებსაც გამოუთქვამთ ბრიყვული აზრები და ვიმედოვნებთ, არც დათო ტურაშვილს ეწყინება, თუკი გავაკრიტიკებთ, – მით უმეტეს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მწერლობას საერთოდ არ ეხება.

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება-არდაკანონების თემა კვლავ აქტუალურია და ასეთად დარჩება იქამდე, სანამ დადებითი ან უარყოფითი შედეგი არ დადგება და გაურკვევლობა მოიხსნება. კიდევ მრავალი ადამიანი გამოთქვამს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს, რომელთაგან ნაწილს „პრორუსად“ შერაცხავენ, ნაწილს კი – „დასავლური ღირებულებების“ მატარებლად.

მოდით, ემოციები გვერდით გადავდოთ და, გავერკვეთ, მართლა გვაიძულებს თუ არა ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში და, ზოგადად, რა არის „ღირებულება“?

ჩვენ, ევროპასთან დაახლოება, პირველ რიგში, გვინდა იმიტომ, რომ მოგვწონს პარიზი, რომი, ბერლინი, ვოცნებობთ მოგზაურობაზე და გვინდა ამ ქალაქებში ჩავიდეთ უვიზოდ. თუმცა, ქართველებს რამდენად გვაქვს შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ ავიაბილეთის შეძენის და სასტუმროში ცხოვრების ფული, სხვა თემაა. ევროკავშირთან ინტეგრაციის მსურველთა უმრავლესობას, ალბათ, არა მოგზაურობის, არამედ ამ ქვეყნებში თავისუფლად ჩასვლის, იქ დარჩენის და სამუშაოს შოვნის იმედი აქვს, რათა შემდეგ აქ, სამშობლოში, ოჯახი არჩინოს. ასე რომ, ამ ინტეგრაციის სურვილის მთავარი მოტივი ყველამ კარგად ვიცით, და გასაგებიცაა. მაგრამ, ევროპასთან ინტეგრაციისთვის ოფიციალურად ხომ, ეს ყოველივე არანაირ კავშირში არაა. ევროპელები ამის გამო არ მიგვიწვევენ თავიანთ „ოჯახში“.

რომელიმე კავშირში გაწევრიანება ნიშნავს იმ კავშირის შინაარსის, ღირებულებების სრულად გაზიარებას. სწორედ ეს უდევს საფუძვლად ყოველგვარ გაერთიანებას, ესაა მისი ფუნდამენტური მხარე. ასე რომ, ვნახოთ, რა ღირებულებებს უნდა ვიზიარებდეთ, რათა ევროპამ თავისიანად ჩაგვთვალოს და მასთან გაერთიანების უფლება მოგვცეს.

თქმა იმისა, რომ ევროპა „ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას“ გვთხოვს, თავიდანვე არასწორია, რადგან ევროპა არა რაიმე „ქორწინების“, არამედ მის მიერ აღიარებული „ადამიანის უფლებების დაცვას“ ითხოვს, რომლის განუყოფელი ნაწილიც სწორედ ერთსქესიან წყვილთა უფლებების დაცვაცაა – მათი „ქორწინების“ ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების გადანაცვლებით „ჯამი არ იცვლება“, საკითხში გასარკვევად, განსაზღვრების აღმნიშვნელი ტერმინები სწორად უნდა ვიხმაროთ.

ახლა ისიც ვნახოთ, თუ რა ვითარებაა ამ ე.წ. „ადამიანის უფლებათა დაცვის“ კუთხით ევროპაში.

„ერთსქესიანთა ქორწინება“ დაკანონებულია ნიდერლანდებში, ბელგიაში, ესპანეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, პორტუგალიაში, ისლანდიაში, დანიაში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში, ირლანდიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში.

ევროპის სხვა ქვეყნებში არსებობს „ერთსქესიანთა ქორწინების“ იურიდიულად ოდნავ შეზღუდული ფორმა, რასაც არა „ქორწინება“, არამედ „სამოქალაქო კავშირი“ ეწოდება. ეს „სამოქალაქო კავშირი“ დაკანონებულია გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, ანდორაში, ხორვატიაში, ესტონეთში, საბერძნეთში, მალტასა და კვიპროსზე.

ერთსქესიან წყვილთა მიერ ბავშვის აყვანა ნებადართულია დიდ ბრიტანეთში, დანიაში, საფრანგეთში, ირლანდიაში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, შვედეთში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და მალტაზე.

აქვე, ორი სიტყვით, კიდევ ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი საკითხიც ვახსენოთ, რომელიც ევროპასთან დაახლოების თემასთან ძალიან ახლოს დგას – ფართო მსჯელობის საგად ქცეული „სექსუალური განათლება ბავშვებისთვის“. როცა ევროპას ვახსენებთ, სიტყვა „ევროპაში“, ქვეცნობიერად, ვგულისხმობთ არა სლოვენიას, რუმინეთს თუ ბულგარეთს, არამედ, პირველ რიგში, გერმანიას. ჩვენც, მაგალითისთვის, ვნახოთ როგორ დგას „სექსუალური განათლების“ საკითხი ამ ქვეყანაში.

გერმანიის კანონმდებლობით, 1992 წლიდან „სექსუალური განათლება“ სახელმწიფოს ვალდებულებაა. როგორც წესი, ეს მოიცავს ყველა საკითხს, რომელიც სქესობრივ მომწიფებას ეხება – ცვლილებები ორგანიზმში, ემოციები, სქესობრივი გამრავლების ბიოლოგიური პროცესი, სექსუალური აქტიურობა, მეგობრობა, ჰომოსექსუალიზმი, სექსუალური პოზიციები, დაუგეგმავი ფეხმძიმობა და აბორტით გამოწვეული გართულებები.

„სექსუალური განათლების“ გაკვეთილები მიმდინარეობს ზემოთ ჩამოთვლილი თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებში. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობებს შორის განსხვავება მხოლოდ ბავშვის ასაკშია, როცა ბავშვმა უნდა დაიწყოს ამ „საგანის“ შესწავლა. ეს ასაკი კი, ზოგ ქვეყანაში 4 წელია.

ასე რომ, გასათვალისწინებელია ევროკავშირის „რჩევებიც“ განათლების სფეროში, რამეთუ, როგორც წესი, სიტყვა „რჩევები“ ჩვენთვის, კარგა ხანია, „აუცილებლად შესასრულებელს“ ნიშნავს.

თუმცა, დავუბრუნდეთ ძირითად თემას და ვნახოთ, რას გვირჩევს ჩვენი მთავარი პატრონი, უკაცრავად, „პარტნიორი“ – ამერიკის შეერთებული შტატები.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის რამდენიმე შტატი ბოლო დრომდე კრძალავდა ერთსქესიანთა ქორწინებას, გასულ წელს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე ლეგალურად გამოაცხადა. ბარაკ ობამას პორტრეტი ხშირად იბეჭდება აშშ-ის გეი ჟურნალების ყდებზე წარწერით „ჩვენი პრეზიდენტი“, „მოკავშირე“, „გმირი“, და ამ ყოველივეს აქვს კიდეც მიზეზი.

2011 წელს, ბარაკ ობამამ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა გამოაცხადა. „ჩვენ დავიცავთ გეების და ლესბოსელების უფლებებს მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა მან (იხილეთ ბმული).

ამავე წელს აშშ-ის ხელისუფლებამ გამოსცა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საელჩოებს დაევალათ ლგბტ-პირთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება ფინანსურად, ხელი შეუწყონ პროგრამების შედგენასა და განხორციელებაში, მოაწყონ „მრგვალი მაგიდა“ (იხ. ბმული. ეს დოკუმენტი თავად თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზეც შეგიძლიათ მოიძიოთ).

ცნობილმა ამერიკელმა საზოგადო მოღვაწემ, „ოჯახის კვლევების საბჭოს“ (Family Research Council) უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა პიტერ სპრიგმა გააპროტესტა რა ეს მემორანდუმი, ხაზგასმით აღნიშნა: „პრეზიდენტი ობამა იქცევა ისე, თითქოს ჰომოსექსუალიზმი მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებად იყოს მიჩნეული. არადა, ასე არ არის! არც ერთ ხელშეკრულებაში, არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში ჰომოსექსუალური ქცევა არ აღიქმება ადამიანის უფლებად“.

გასული წლის შემოდგომაზე, ნიუ იორკში, დემოკრატიული პარტიის მიერ ლგბტ თემთათვის მოწყობილ საქველმოქმედო აქციაზე სახელწოდებით „ლგბტ ზეიმი“, აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ, მოუწოდა ლგბტ პირებს იყვნენ ფხიზლად, არ დანებდნენ და მოიპოვონ ახალი გამარჯვებები, და დასძინა: მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ რელიგიურ ორგანიზაციებს, უნდა გავემიჯნოთ იმ პოლიტიკოსებს, რომელნიც მხარს უჭერენ ლგბტ პირთა დისკრიმინაციის „ახალ ფორმას“ რელიგიური კუთხით!

„აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დედამიწის ყველა კუთხეში აგზავნის ნათელ სიგნალს: ვერც ერთი კანონი, რომელიც რაიმენაირად ასახავს დისკრიმინაციას, ვერ გაუძლებას სამართლიანობის ტალღას. სწორედ ამიტომ, დაინიშნა ჩემი სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ უფლებების დაცვის სფეროში რენდი ბერი, რომელიც ყოველ დღე იბრძოლებს ამ პირთა უფლებებითვის მთელს მსოფლიოში“, – ჯონ კერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. (ბმული)

დღეს, როგორც ვიცით, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაა გაჩაღებული. ჰილარი კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. მოვუსმინოთ მასაც: „არანაირი ეროვნული ტრადიციები და ჩვეულებები არ შეიძლება იდგეს ადამიანის უფლებებზე მაღლა“, – განაცხადა მან ჟენევაში, ადამიანის უფლებების გაეროს საბჭოში, როცა თავისი გამოსვლა ლგბტ პირთა უფლებების დაცვას მიუძღვნა.

დღეს, რა თქმა უნდა, არავინ ითხოვს ჩვენგან „ერთსქესიანთა ქორწინების“ დაკანონებას. საქართველოს პარლამენტში ვინმემ ეს კანონპროექტი განსახილველად რომ გაიტანოს, მინიმუმ, ასიათასიან საპროტესტო მიტინგს მიიღებს როგორც თბილისში, ისე ქუთაისში. ასე რომ, ეს საკითხი დღევანდელ დღის წესრიგში არ დგას. მაგრამ ჩვენს დასავლელ „მეგობრებს“ ამ მიზნისკენ ეტაპობრივად მივყავართ. დასაწყისისთვის ცნობილი „ანტიდისკრიმინაციული კანონიც“ მიგვაღებინეს. ამ კანონის მიღებისას ხალხის მიერ გამოთქმული პროტესტის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილმა მეტად გულჩვილად და ზედმიწევნით გასაგებად აგვიხსნა, რომ „ძალადობა დანაშაული და ცოდვაა, და ძალადობის გამართლება არ არის ქრისტიანული, და ამ კანონის ამოცანაც სწორედ ეს უნდა იყოსო“… უსუფაშვილის სახეზე იმდენად იყო აღბეჭდილი „ქრისტიანული მორალი“, რომ პროფესიით იურისტს, ალბათ, სულ დაავიწყდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და მისი 239-ე მუხლი, რომელიც ხულიგნობას ეხება – ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. როგორც ვხედავთ, „ხულიგნობის“ განმარტება ყოვლისმომცველია და სწორედ იგი არ განასხვავებს კანონის დამრღვევს, თუ რა მიზნით ჩაიდინა მან ძალადობა, – კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კანონის სწორედ ეს მუხლია „ანტიდისკრიმინაციული“, და არ საჭიროებს სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას – საზოგადოებიდან მათ გამოყოფას და მათთვის სპეციალური კანონის შექმნას. მაგრამ, პოლიტიკოსი რისი პოლიტიკოსია, თუკი, გაიძვერასავით, დოქს სახელური რომელი მხრიდანაც უნდა, იმ მხრიდან არ მიაბას… და ჩვენც „ნაბიჯი პირველი“ გულმოგინედ გადაგვადგმევინეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც ვხედავთ, ევროკავშირი არა თუ „გვაძალებს“ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არამედ, ლამის ერთადერთ პირობად გვიყენებს მათ მიერ აღიარებული „ადამიანის უფლებების“ სრულყოფილად გაზიარებს, რაც ერთსქესიან წყვილთა „ქორწინებას“ ან „სამოქალაქო კავშირს“ გულისხმობს… და ითხოვს ამ „გაზიარების“ საქმით დამტკიცებას – მის კანონად გარდასახვას.

P.S. ქართული სიბრძნე გვეუბნება – „ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“. ნუ ვიქნებით ბრიყვები და ნუ გამოვცდით ამ ანდაზის სისწორეს, რამეთუ ამით ჩვენი ერის მომავალს უნდა ვეთამაშოთ. დავფიქრდეთ, სიკეთესთან ერთად რა ბოროტება შეიძლება მოგვიტანოს ევროკავშირთან ასეთმა დაახლოებამ, სხვა ერების ზნე-ჩვეულებების უპირობო გადმოღებამ…

რა პასუხი უნდა გავცეთ ჩვენს წინაპრებს, რომელთაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი დღემდე მოიყვანეს. გვახსოვდეს, მხოლოდ „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“!

ევროპასთან დასაახლოვებლად კი, ევროპის კულტურული დანატოვარის, ნამდვილი ღირებულებების გაზიარებაა საჭირო, რაც აბსოლუტურად უფასოა და უვიზო.

ლევან ზანგურაშვილი


1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here