Home რუბრიკები პოლიტიკა XXI საუკუნის ტროას ცხენი

XXI საუკუნის ტროას ცხენი

669

როგორ ძარცვავენ ცენტრალური ბანკები თავიანთ ქვეყნებს

ბოლო 6 თვეში ლარის მკვეთრად გაუფასურებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებსაც ბანკებიდან კრედიტები აქვთ გამოტანილი, საშინელ დღეში ჩააგდო. ლარის კურსის დაცემას ბევრი ექსპერტი ეროვნული ბანკის, კერძოდ, მისი პრეზიდენტის _ გიორგი ქადაგიძის არასწორ მოქმედებას აბრალებს. რამ გამოიწვია ლარის კურსის კატასტროფული დაცემა და მიუძღვის თუ არა ამაში წვლილი ეროვნულ ბანკს? _ ამ კითხვაზე პასუხი მოცემულია ქვემოთ მოყვანილ მასალაში, რომელიც ბრიტანელი მეცნიერისა და ექსპერტის, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორის _ რიჩარდ ვერნერის კვლევებს ეფუძნება.

გერმანული წარმოშობის ბრიტანელმა მეცნიერმა, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, სავალუტო-საფინანსო და საკრედიტო-ფულად სფეროში წამყვანმა სპეციალისტმა, რაოდენობრივი შემსუბუქების კონცეფციის ავტორმა რიჩარდ ვერნერმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკები წინასწარგანზრახვით აკოტრებენ თავიანთ ქვეყნებს, რათა გაამართლონ ეკონომიკური და იურიდიული ცვლილებები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, ძარცვონ უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ.

რიჩარდ ვერნერმა თავის კვლევაში ყურადღება გაამახვილა იაპონიის ბანკზე, რომელმაც შექმნა საპნის დიდი ბუშტი, შემდეგ კი სული შეუბერა და გახეთქა, რამაც იაპონიის ეკონომიკა კრახამდე მიიყვანა. ამასთანავე, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იყო სტრუქტურული რეფორმების განხორციელების ნიღბით.

იაპონიის ბანკი ათწლეულების განმავლობაში მკაცრად მოქმედებდა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, მაგრამ ამჟამად ამ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი შეინიშნება. ვერნერი აღნიშნავს, რომ ანალოგიური რამ ითქმის ევროპის ცენტრალურ ბანკზეც, რომელმაც სესხები და ლიკვიდურობა გამოიყენა, როგორც საშუალება, ევროპის ქვეყნების გასაძარცვავად.

და მართლაც _ საბერძნეთმა, იტალიამ, ირლანდიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა დაკარგეს ეროვნული სუვერენიტეტი ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკავშირის სხვა წევრების, ე.წ. ტროიკის წინაშე.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმ ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა: “ევროკავშირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება წესრიგის დასამყარებლად და შეეძლოს, ჩაერიოს წევრიქვეყნების ეროვნულ ბიუჯეტში. დარწმუნებული ვარ, რომ, თუ გვსურს ნდობის აღდგენა ევროზონაში, წევრმაქვეყნებმა თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილი ევროკავშირს უნდა გადასცენ.

ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ აქამდე ვერ გაიგო, რომ უკვე დიდი ხნის წინათ დაკარგა ეროვნული სუვერენიტეტი. და რადგან მათ წარსულში უზარმაზარი ვალი დაუგროვდათ, ახლა საფინანსო ბაზრების კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებულნი”.

ევროპა აღმოჩნდა მძიმე დეპრესიაში, რომელსაც 1929-1939 წლებში აშშ-ის დიდ დეპრესიას თუ შევადარებთ, ეს კი გამოიწვია ევროპის ცენტრალური ბანკის მოქმედებამ.

და რა მდგომარეობაშია აშშის ცენტრალური ბანკი _ ფედერალური სარეზერვო სისტემა?

ფედერალური სარეზერვო სისტემა აღიარებს, რომ ის სინამდვილეში ფედერალური არ არის. ეს ეწინააღმდეგება აშშ-ში დამკვიდრებულ თვალსაზრისს, მაგრამ, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ფედერალური სარეზერვო სისტემა მთავრობის ნაწილი, საკითხავია, მოქმედებს კი ის აშშ-ის ინტერესების სასარგებლოდ?

მოდი, ვნახოთ:

* ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უფრო მეტჯერ გამოუყო დახმარება უცხოურ ბანკებს, ვიდრე ამერიკულ საფინანსო ორგანიზაციებს. უცხოურ ბანკებს შორის, რომლებსაც დაეხმარა ფედერალური სარეზერვო სისტემა, არის ლიბიის ბანკი, Arab Banking Corp, ბაჰრეინის, ბავარიისა და კორეის ბანკები.

* ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფინანსური დახმარება შესთავაზა მექსიკას, აგრეთვე, დაჰპირდა მის მიერთებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (NAFTA).

* ფედერალური სარეზერვო სისტემა ეხმარებოდა მდიდარ კორპორაციებს, მათ შორის, ჰეჯფონდებს, “მაკდონალდსსადაჰარლი დევიდსონს”.

* ფედერალურ სარეზერვო ფონდს ეკისრება პასუხისმგებლობა მსოფლიოს ისტორიაში უთანასწორობის ყველაზე დიდი დონის შექმნაზე.

* ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ნება დართო გიგანტურ ბანკებს, გადაქცეულიყვნენ მეგაბანკებად, ეს მოხდა ეკონომიკისა და ფინანსების დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებების მიუხედავად, რომ ეკონომიკა მანამდე არ აღდგება, სანამ გიგანტური ბანკები არ დაიშლება.

მაგალითად, Citigroup-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 1998 წელს, როდესაც ბანკი საბანკო და სადაზღვევო სფეროს ორი გიგანტის შერწყმით იქმნებოდა, ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ალან გრინსპენმა მას უთხრა: “მე ზომის (ბანკის სიდიდის) საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მე ეს, საერთოდ, არ მაღელვებს”.

* ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მსოფლიოს ყველა ბანკს გადაათქმევინა კრედიტების გაცემა საშუალო ბიზნესისთვის, რომელმაც გამოიწვია უმუშევრობის დონის ამაღლება და ნეგატიური შედეგები ეკონომიკაში.

უფრო მეტიც _ ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითად პროგრამას ფინანსური კრიზისის დაძლევის შესახებ (რაოდენობრივი შემსუბუქება) მოგება მოაქვს მოსახლეობის მდიდარი ფენისათვის და ვნებს ღარიბებს, ამას ადასტურებენ ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი მაღალჩინოსნები, რაოდენობრივი შემსუბუქების სულისჩამდგმელი იაპონიაში და რამდენიმე მეცნიერი ეკონომისტი.

აშშის კონტროლის პალატა ფედერალურ სარეზერვო სისტემას კორუფცირებულსა და ორგანიზაციის ინტერესების კონფლიქტში ჩართულს უწოდებს. ხოლო ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი ამბობს, რომ მსოფლიოს ბანკი ფედერალური სარეზერვო სისტემის მსგავსი საბანკო სტრუქტურის მქონე ნებისმიერ ქვეყანას კორუფცირებულსა და არასაიმედოს უწოდებდა.

არის კი ფედერალური სარეზერვო სისტემა და სხვა ცენტრალური ბანკები აუცილებელი ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის?

არც მთლად. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ქვეყანა დიდი დეპრესიისა და მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პირას მიიყვანა, _ აღნიშნავს ბევრი ანალიტიკოსი, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები, რომლებიც ამბობენ, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ასეთი სახით არსებობა უნდა შეწყვიტოს და დასძენენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ხელს არ უწყობს სტაბილიზაციას ეკონომიკაში.

და, რაც დრო გადის, სიტუაცია უარესდება.

პროფესორმა ვერნერმა თავის ბლოგში აღნიშნა: “ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცენტრალურმა ბანკებმა დიდი გავლენა მოიპოვეს, ამასთანავე, ფაქტია, რომ ისინი სულ უფრო ნაკლებად ემორჩილებიან კონტროლს.

ფაქტობრივად, როგორც ჯერ კიდევ 2005 წელს ვწერდი ჩემს წიგნში “ახალი პარადიგმა მაკროეკონომიკაში” (New Paradigm in Macroeconomics), საბანკო კრიზისის ყოველი რეციდივის შემდეგ ცენტრალური ბანკები სულ უფრო მეტ უფლებამოსილებას მოიპოვებენ ხოლმე. ასე მოხდა 2008 წელს, კრიზისის შემდეგაც.

ამრიგად, ნათელია, რომ ჩვენ შეგვექმნა დიდი ხიფათი და პრობლემა: ყოველი დიდი კრიზისის შემდეგ ცენტრალური ბანკები მოგებული რჩებიან. გასაკვირი არ არის, რომ ცენტრალური ბანკების გავლენის ზრდასა და მათთვის მეტი უფლებამოსილების მონიჭებას თან სდევს სულ უფრო მოკლე ციკლები და ხშირი კრიზისები”.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. ამ თემის იგნორირება ქვეყანას დაღუპავს, რაც ისედაც შეიმჩნევა. კარგი იქნება თუ ნიკას ეს დახარჯული ენერგია წყალში არ ჩაივლის. გმადლობთ ნიკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here