აშშ–ის 7 შტატი ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის, ესენია: ჩრდილოეთი დაკოტა, ვაიომინგი, ვისკონსინი, ილინოისი, მისისიპი, ლუიზიანა და ალასკა.
ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისა და გადამუშავების შემცირება, უმუშევრობის დონის ზრდა, მრეწველობის დაქვეითება, კერძო მეურნეობების ვალები, შემოსავლების შემცირება _ ეს მხოლოდ ნაწილია შექმნილი ვითარებისა.
2015 წლის ნოემბერში ენერგეტიკულმა კომპანიებმა 93 800 თანამშრომელი დაითხოვეს. ზემოაღნიშნული 7 შტატის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ძირითადი მიზეზი არის სანავთობე კრიზისი, რადგან ამ 7 შტატიდან 5-ში თავმოყრილია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგები, აგრეთვე, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები. ნავთობის გაუფასურებამ კი დიდი გავლენა იქონია ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
ფიქლური აირის კომპანიების ნაწილმა უკვე შეაჩერა პროექტები, ნაწილი გაკოტრების ზღვარზეა. 42 კომპანიამ კი თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2017 წელს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელი კომპანიების მესამედი არსებობას შეწყვეტს.
ჩრდილოეთი დაკოტა და ვაიომინგი ბოლო წლებში ფიქალური ბუმის ეპიცენტრში იყვნენ, მაგრამ 2016 წლის იანვარში რეცესიის ზღვარზე აღმოჩნდნენ, რადგან ფიქლური აირისა და ქვანახშირის (ვაიომინგში) მოპოვება შემცირდება, ეს კი მძიმედ დაარტყამს ამ შტატების ეკონომიკას.
ვისკონსინისა და ილინოისის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამოწვეულია ფისკალური პრობლემებითა და გადამამუშავებელი მრეწველობის დაცემით. ამას გარდა, ჩრდილოეთი დაკოტა, ილინოისი, მისისიპი (პირველ ადგილზეა), ლუიზიანა და ალასკა ყველაზე კორუფცირებული შტატების ათეულშია.
ამასთანავე, ამ 7 შტატიდან 4 იმ შტატების ათეულშია, რომლებშიც ყველაზე მეტი სიკვდილი აღირიცხა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ ათეულში მისისიპი პირველ ადგილზეა, ალასკა _ მესამეზე, ლუიზიანა _ მეხუთეზე, ვაიომინგი _ მეათეზე.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული 7 შტატი ახლა აშშ-ის თავის ტკივილად იქცა.