Home რუბრიკები საზოგადოება წაართმევს თუ არა “ქართული ოცნება” გლეხებს მიწას და გაიზრდება თუ არა თხილის...

წაართმევს თუ არა “ქართული ოცნება” გლეხებს მიწას და გაიზრდება თუ არა თხილის ფასი?

556

საქართველო და მსოფლიოსშეკითხვებს უპასუხებს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

_ პარლამენტი განსახილველად ამზადებს კანონპროექტსსაჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”. როგორც ყოველთვის, როცა დღის წესრიგში პრობლემური საკითხები დგება, ამ შემთხვევაშიც, ოპოზიციური ნეგატივიზმი იჩენს თავს: საპარლამენტო უმცირესობა ავრცელებს ხმებს, რომ მიწას, რომელიც მიშა სააკაშვილმა ხალხს მისცა, “ოცნებისხელისუფლება ართმევს. მართლა აპირებთ მიწის ნაციონალიზაციას?

_ არა, რა თქმა უნდა, მიშას ხალხისთვის არაფერი მიუცია, მიწა მამა-პაპიდან გადმოგვეცა და ეკუთვნის ხალხს. წინა პერიოდში პირიქით _ მიწები დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ნურავინ იფიქრებს, რომ ყოფილი ხელისუფლებისგან ვართ დავალებულნი, მით უფრო, ამ კუთხით.

რეფორმაში მთავარი სულ სხვა რამაა: მიწების საკითხი დღეს ქვეყანაში პრობლემურია, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებების მმართველობის პერიოდში ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები განხორციელდა, რომლებიც დააფინანსა დონორმა სახელმწიფოებმა _ აშშ-მა და გერმანიამ.

_ პრივატიზებას გულისხმობთ?

_ არა. საუბარია მიწის კადასტრზე. ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რრომელსაც ველოდით. მართალია, დაიხარჯა თანხა, ადამიანური რესურსი, მაგრამ პრობლემა დარჩა: დღეს უდიდესი ნაწილი ჩვენი მიწებისა დაურეგისტრირებელია.

ამასთანავე, თუ იმ შრეებს, რომლებიც გაკეთდა და მოგვარდა, ერთმანეთს დავადებთ, დავინახავთ, რომ მათ შორისაც არ არის თანხვედრა, დიდი ცდომილებაა. მესაკუთრეებისთვის დოკუმენტებით (უხარვეზო თუ ხარვეზიანით) დარეგისტრირებული მიწის ფართობების პროცენტული რაოდენობა ძალიან მცირეა.

ერთ-ერთი პრობლემა დარეგისტრირების საკითხია. კანონი გვეუბნება, თუ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული არ გაქვს, დოკუმენტების არსებობის შემთხვევაშიც კი იგი შენი საკუთრება არ არის. თუმცა, ამასთანავე, ყველამ იცის, რომ მიწა მისია და, გარკვეულწილად, ვალდებულიც არის, მივიდეს და დაარეგისტრიროს.

რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, საბუთების მოწესრიგებას კი გარკვეული ცოდნა და დრო სჭირდება.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან მოსაფიქრებელია ერთგვარი წამახალისებელი, სტიმულის მიმცემი ღონისძიებები მოსახლეობისთვის, რომ საკუთარი ნაკვეთები დაირეგისტრიროს.

ვაკონკრეტებ: საუბარია იმ ნაკვეთებზე, რომლებზეც მეპატრონეს ამ მიწის ფლობის გარკვეული დოკუმენტი აქვს.

რამდენიმე დღის წინათ გაიმართა კომისიის წევრების მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია. სწორედ ამ სხდომაზე ვიმსჯელეთ მოსახლეობის წამახალისებელ თუ სტიმულის მომცემ ღონისძიებებზე. ველოდებით, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მთავრობა წარმოადგენს თავის თვალსაზრისს ამ საკითხზე.

_ დღეს ვინ ფლობს მიწას საქართველოში?

_ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას მიწის ფლობის არავითარი საბუთი არ აქვს. მსგავსი პრობლემა ყველაზე მწვავედ მთიან რეგიონებშია. მოცემულობა ასეთია: მოსახლემ იცის და თემიც უდასტურებს, რომ ყოველ კერძო შემთხვევაში მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით დარჩა, თუმცა ამის დამამტკიცებელ ვერანაირ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს.

ამ შემთხვევაში ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი არის ის, რომ ამ ხალხს მფლობელობაში დაუმტკიცდეს მიწის ნაკვეთები. ამისთვის კი საჭირო იქნება კომისიის შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ სადავო არავის არაფერი აქვს, დაადგენს, რომ მიწა გადაეცეს ამა თუ იმ კერძო პირს.

პირველი და აუცილებელი პირობა არის ის, რომ ვინმე ფლობდეს ამ მიწას. დღეს მიწის პატრონი იურიდიულად არავინ არის, ამიტომაც სთავაზობს სახელმწიფო ამ სიახლეს ჩვენს მოსახლეობას, რომლის არსს ზოგიერთი სწორად ვერ ჩასწვდა.

სახელმწიფომ რომ მოახერხოს და მიწის ნაკვეთი გადასცეს მოქალაქეს, ჯერ თვითონ (სახელმწიფომ) უნდა დაირეგისტრიროს და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცეს. ეს შეიძლება განხორციელდეს სიმბოლურ ფასად _ ერთ ლარად.

_ გასაგებია.

_ საკანონმდებლო წინადადება იყო არასწორად აღქმული. ვაკონკრეტებ: ლაპარაკია საკანონმდებლო წინადადებაზე და არა გადაწყვეტილებაზე. საკითხი, როგორც წესი, ჯერ განიხილება საკომიტეტო მოსმენებზე დაინტერესებული პირების, სპეციალისტების მონაწილეობით ღიად და საჯაროდ, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას.

_ ვინ იყო ამ სიახლის ინიციატორი?

_ ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი _ ეკონომიკის სამინისტრო… სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებაში ჩვენ იმიტომ არ მოვსულვართ, რომ ვინმეს რამე წავართვათ. პირიქით, აქცენტირებულები ვართ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე. ამის დასტურია უკვე ამოქმედებული პროგრამები, ჩვენ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვფიქრობ, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს და, ფაქტობრივად, ამ სექტორშია თვითდასაქმებული, ცხადია, ქვეყნის გაძლიერება აქედან უნდა დავიწყოთ. ჩემი აზრით, ყველაზე მეტი დახმარება და თანადგომა სწორედ ამ ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს სჭირდება.

_ ესე იგი, ამჟამად მუშაობთ მიწის რეგისტრაციისა და შემდგომ მიწის ნაკვეთების ათვისების პროცესების გამარტივებაზე?

_ ეს კანონი მიწის საკუთრების მხოლოდ ფორმას დაარეგულირებს. როგორ დაამუშავებს ამ მიწას მეპატრონე, მისი გადასაწყვეტია.

ვცდილობთ, მაქსიმალურად იქნას ათვისებული ქვეყანაში არსებული რესურსი, ამიტომაც ვქმნით ისეთ პროგრამებს, რომლებიც მფლობელებს დააინტერესებს და თავიანთი მიწის ნაკვეთების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის სტიმულს მისცემს.

ცალკე პრობლემაა მიწის ბაზრის არარსებობა. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის, ისიც, რომ არ გვაქვს გაკეთებული შესაბამისი აღწერა, არ გვაქვს ჩატარებული მიწის პასპორტიზაცია და ა.შ. თუ ეს რგოლები მოგვარდება, შესაბამისად, მიწასაც ფასი დაედება.

მიწის ფლობაარფლობა მოსახლეობისთვის მისი დამუშავების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. მართალია, იურიდიულად არ ფლობენ, თორემ ფაქტობრივად მათია. საქმე ის არის, რომ ორივე პოზიცია თანხვედრაში მოვიდეს.

როცა სრული აღრიცხვა გვექნება, გაცილებით უკეთ შევძლებთ, დავგეგმოთ მიწის ათვისების, გამოყენების პოლიტიკა, თუნდაც მოვაწესრიგოთ მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხი. დიდი ხანია, ვკამათობთ: უნდა შეეძლოს თუ არა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ჩვენი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა.

მე ამ მიმართულებით მკვეთრად რადიკალური პოზიცია მაქვს. ვფიქრობ, რომ გარკვეული შეზღუდვები აუცილებელია. მიწა უნდა გავყიდოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად გვეცოდინება, რომ ათვისებული იქნება სასოფლოსამეურნეო მიმართულებით, არ მიადგება ზიანი და ქვეყნის ეკონომიკისთვის გარკვეული სიკეთის მომტანი იქნება.

_ არის კი აღნუსხული უცხოელებისთვის მიყიდული ჩვენი მიწის რაოდენობა?

_ რა თქმა უნდა, არის. საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებით, უცხოელი, რომელიც მიწას ყიდულობს, ამის დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენას ყურადღებას აქცევს. შესაბამისად, კანონის ზედმიწევნითი დაცვით აქვთ რეგისტრირებული.

ამ შემთხვევაში ზუსტი ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ. სანამ ქვეყანაში აღრიცხვა არ დასრულდება, ყველა ციფრი მიახლოებითია.

აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ, ვინ, სად და რას ფლობს, მიწის რომელ კატეგორიას რა დანიშნულება აქვს, რისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ რეგიონების და ზონების მიხედვით.

_ ბატონო გელა, რამდენიმეჯერ ახსენეთ პროგრამები, რომლებიც ამოქმედდა სოფლის მეურნეობაში. ხომ არ გაშლიდით ამ თემას თუნდაც რომელიმე ერთის მაგალითზე?

_ ავიღოთ პროგრამა “დანერგე მომავალი”, პროექტი, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. თავიდან განსაზღვრული იყო, რომ მათ, ვისაც 5-დან 20 ჰექტრამდე ნაკვეთები ჰქონდა, დაუფინანსებდნენ ნერგების ღირებულების 70 პროცენტს, სარწყავი სისტემის ღირებულების 50 პროცენტს. განაცხადის შეტანა ნებისმიერ პირს შეეძლო. აუცილებელი პირობა იყო, მიეთითებინათ, როგორ მოხნავდნენ, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რომელ სასოფლოსამეურნეო კულტურას შეარჩევდნენ და ..

ჩვენ მოსახლეობის თხოვნით ამ რეგულაციაში ჩავერიეთ, რეკომენდაცია გავუწიეთ სამინისტროს წინაშე და მინიმალური მიწის ფართობის ოდენობა, საიდანაც დაფინანსება უნდა დაწყებულიყო, ერთ ჰექტრამდე დავწიეთ.

_ ვინ ჩვენ, ბატონო გელა?

_ მე და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი… დღეს ჩვენს მოსახლეობას, რომელიც 1 ჰექტარ ფართობს ფლობს, შეუძლია გააშენოს ნებისმიერი მრავალწლიანი კულტურა, რომელიც სტაბილურ შემოსავალს მისცემს. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ, ერთჰექტრიანი მეურნის ოჯახი მხოლოდ ამ ფართობიდან ყოველწლიურად 10-დან 20 ათას ლარამდე შრომითი შემოსავლით იქნება უზრუნველყოფილი.

_ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სოფლად შრომა მომგებიანი არ არის, რადგან მოწეულ პროდუქციას არ აქვს გასაღების ბაზარი.

_ პრობლემა არის ის, რომ კომუნისტების პერიოდში დამკვიდრებული სისტემა მთლიანად მოიშალა, წარმოების სრული ციკლი მიწის დამუშავებიდან მოსავლის გაყიდვამდე ერთი ადამიანის შესასრულებელი გახდა, ჩამოიშალა ის შუა რგოლები, რომელთა შორის ამ ციკლის სამუშაოები იყო გადანაწილებული.

ამ სისტემის აღდგენა ახლა დავიწყეთ, დღეს უკვე შექმნილია შრომის დანაწილების კონკრეტული პირობები, ყველა რგოლი _ მოსავლის მოყვანა, შენახვა, გაყიდვა რომ განვითარდეს. თუმცა მათი მუშაობის სათანადო დონეზე ასაყვანად დიდი ინვესტიციებია საჭირო.

სოფლის მოსახლეობას ვთავაზობთ კონკრეტულ პროგრამებს. მაგალითად, გლეხებს, რომლებსაც სურთ, გადამამუშავებელი ან მოსავლის შესანახი საწარმოები ჰქონდეთ, შესაბამისი პროგრამა სთავაზობს 10-პროცენტიან თანამონაწილეობას, ღირებულების 40 პროცენტს სახელმწიფო გრანტის სახით აჩუქებს, დანარჩენი 50 პროცენტი შეუძლია, აიღოს სესხად, რომლის პროცენტების დასაფარავად სახელმწიფო გაჰყვება.

ამას გარდა, ვეუბნებით, რომ მიწას ჩვენ მოვუხნავთ, სერტიფიცირებულ თესლს, ნერგს ჩვენ შევთავაზებთ (სერტიფიცირება მალე სავალდებულო გახდება), რაც გარანტირებული მოსავლის საფუძველი იქნება. მით უფრო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს დაკისრებული, რომლებსაც ეტაპობრივად მივყვებით და საბოლოო ჯამში უნდა მივაღწიოთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიზაციას. ამ საკითხებში ევროპას დიდი გამოცდილება აქვს, რაც წინსვლას გაგვიადვილებს.

ასე რომ, ეს რგოლები უკვე ყალიბდება საქართველოში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინათ ვერ წარმოვიდგენდით, რომ თხილის ექსპორტი ღვინის ექსპორტს გაასწრებდა. დღეს ეს უკვე რეალობაა და დიდ შემოსავლებზე გასვლის შესაძლებლობას გვაძლევს.

კარგია, როცა წარმატებულ მაგალითს გადმოიღებ, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ საკუთარ გამოცდილებას დავეყრდნობით, პრიორიტეტებს უფრო სწორად განვსაზღვრავთ და სხვაზე დამოკიდებულების ტენდენციას შევამცირებთ.

_ თხილზე ლაპარაკობთ?

_ თუნდაც თხილზე. მაგალითად, ნუშის მოყვანა უფრო წარმატებულია და მომგებიანი. ამ კულტურას სჭირდება კონკრეტული ადგილის შერჩევა მეტი მოსავლიანობისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთ ადგილებში დღეს თხილს გააშენებენ, რადგან წარმატებული მაგალითი სწორედ ამ კულტურაზე აქვთ.

საზოგადოდ, მეურნეებმა უნდა გაითავისონ, რომ უფრო მეტის წაკითხვა და მეტის შესწავლა ყველანაირად მომგებიანია და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

_ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შარშან, შემოდგომაზე ჩაეფუშათყურძნის რევოლუცია”, რომლის აგორებასაც კახეთში შეეცადნენ. ახლა იმის ნიშნები ჩანს, რომ სამეგრელოშითხილის ამბოხისთვისემზადებიან. ამის მიზეზი თხილის ფასის გაუგებარი მეტამორფოზია: თუ აგვისტოსექტემბერში კილოგრამი 6-8 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 4 ლარამდე დაეცა. ტრადიციულად კი პირიქით იყო _ ზამთარში გაცილებით ძვირად იყიდებოდა. მეურნემ ზამთრისთვის შეინახა მოწეული პროდუქცია სარეალიზაციოდ და მოგების ნაცვლად დიდი ზარალის წინაშე აღმოჩნდა. ხომ არ აქვს აქ ადგილი რაღაც კარტელური გარიგების მსგავს შემთხვევას?

მოსახლეობაში მკვიდრდება განწყობილება, რომ, თუ არჩვენები ამ პერიოდში გაიმართება, “ქართული ოცნებასამეგრელოში პირწმინდად წააგებს.

_ ჯერ რთველის შესახებ, რომელიც, ძირითადად, კახეთს ეხება, რადგან სწორედ აქედან წამოვიდა უკმაყოფილება, რატომ არ იბარებენ კილოგრამ ყურძენს ერთ ლარად. მეც ბევრჯერ განვიცადე უხერხულობა ამის გამო.

მსგავსი ბარაქიანი შემოდგომა, რომელიც შარშან გვქონდა, ბოლო წლების განმავლობაში არავის ახსოვს.

ამ საკითხით სისხლხორცეულად ვარ დაინტერესებული, როგორც თანამდებობრივი მდგომარეობიდან, ასევე ჩემი ოჯახიდან გამომდინარე. თელავში, იყალთოში, ახმეტაში, ყვარელში დღემდე ვეწევი მევენახეობას. აქედან გამომდინარე, ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია, ვინაიდან უშუალოდ მოქმედებს ჩემი ოჯახის კეთილდღეობაზე.

იმ ადამიანებმა, რომლებსაც მევენახეობამეღვინეობა გადაიტანეს პოლიტიკურ განზომილებაში და ამ სფეროში დასაქმებული ხალხი აინტერესებდათ, როგორც მხოლოდ ამომრჩეველი, თავის დროზე სათავე დაუდეს სუფსიდირების მახინჯ ფორმას და სწორედ ისინი გახდნენ ამ არეულობის მოთავენი.

რეალურად საქმე სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს. ჯერ ერთი, შესაცვლელია სუბსიდირების არსებული წესი და სხვა ფორმებია მოსაძებნი, იმიტომ, რომ ამით დღეს წავახალისებთ რაოდენობრივ ზრდას და არა ხარისხის ამაღლებას. არადა, უმთავარესი სწორედ ხარისხია, რადგან მსოფლიო ბაზარი გაჯერებულია ღვინით, კონკურენცია ძალიან მაღალია და მხოლოდ ხარისხის გაუმჯობესება დაგვეხმარება ამ კონკურენციის დაძლევაში. უამრავი ოჯახია ისეთი, მათ შორის, ჩემს სოფელ იყალთოში, რომლებმაც თავიანთი ყურძენი სრულად ჩააბარეს სახელმწიფოს და საკუთარი მოხმარებისთვის სხვისგან იყიდეს ყურძენი.

2013 წელთან შედარებით შარშანდელ რთველში 40 პროცენტით მეტი ყურძენი დაიკრიფა. გაზრდილი მოსავლიანობის გამო საერთო რაოდენობით იმდენი თანხა გაიცა, როგორიც მაშინ, როცა კილოგრამი ყურძენი ერთი ლარი ღირდა.

ჩვენი მიდგომა ასეთია _ მთავარია, გლეხი წაგებული არ დარჩეს, არ იზარალოს. სუბსიდირების გადაწყვეტილებაც ისე გაითვალა, რომ მყიდველის არგამოჩენის შემთხვევაში მოსავალი არ გაფუჭებულიყო. ჭარბ ყურძენს, იმას, რომელსაც მეღვინე არ იყიდის, სახელმწიფო შეიძენს. ეს თანხა კი მეურნეს გაწეული სამუშაოების ხარჯს მთლიანად აუნაზღაურებს.

რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ მევენახე აქცენტს ხარისხზე გააკეთებს, რადგან ამ შემთხვევაში ფასი ბაზარზე გაცილებით მაღალი იქნება და, შესაბამისად, მეტი მოგებაც. მსგავსი მიდგომით მეურნის სახელმწიფოზე დამოკიდებულების კოეფიციენტი შემცირდება.

დავიწყეთ სისტემების განვითარება. მაგალითად, აგროდაზღვევა, მისი კულტურის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისთვის სახელმწიფოს დახმარების რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ამოქმედდა. სახელმწიფო თავისი სუფსიდირებით შედის აგროდაზღვევის კომპანიებთან. გლეხები მცირედ თანამონაწილენი რჩებიან. გლეხი მოსავლის მთლიანად განადგურების შემთხვევაშიც კი არ იზარალებს.

ამასთანავე, ამოქმედდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც უპირობოდ დადებითი მოვლენაა კახელი მეურნისთვის _ სეტყვით გამოწვეული ზიანი 80-90 პროცენტით შემცირდება.

ვმუშაობთ ბაზრების ათვისებაზე. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთის ბაზარი გავხსენით, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო. გამოიყო პრიორიტეტული ბაზრები: აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთ, უკრაინა, ყაზახეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. იგეგმება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების პოლიტიკის გაგრძელება და მარკეტინგული აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა ისეთ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება. ესაა: ინგლისი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და იაპონია. დივერსიფიცირების მთავარი ობიექტები აშშ, ჩინეთი და პოლონეთია. მივაღწიეთ იმას, რომ ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ღვინის იმპორტიორი ქვეყნების ოთხეულში (2 მილიონ 600 ათასი ბოთლი) შევიდა, რაც 3-4 წლის წინათ წარმოუდგენელი იყო.

ამ ყველაფრის ფონზე ნებისმიერი “ყურძნის რევოლუციის” მოწყობა კახეთში იმთავითვე განწირული იყო.

ახლა თხილის ამბოხზე გადავიდეთ.

ყველა უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ფასს ყოველთვის ადგენს ბაზარი. დღეს ხელოვნური ჩარევა გამორიცხულია. ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ არ შეგვიძლია ისეთი სტაბილური რაოდენობითა და ხარისხით ვაწარმოოთ პროდუქტი, რომ საინტერესონი ვიყოთ დიდი საერთაშორისო ბაზრებისთვის. ჩვენი ბაზარი ჯერ კიდევ ხასიათდება ქაოსურობით: სეზონის დროს გვაქვს ჭარბი მიწოდება, აქედან გამომდინარე, დაბალი ფასი. განვითარებული არ გვაქვს პროდუქციის შესანახი ინფრასტრუქტურა, არ გაგვაჩნია საკმარისი ცოდნა, გამოცდილება, ვერ ვფლობთ პროდუქტის გრძელვადიანი შენახვის ტექნოლოგიებს, ამიტომაა, რომ სეზონის დამთავრებისთანავე გადავდივართ იმპორტირებულ პროდუქტზე.

თუმცა, ისიც არის, რომ ზოგიერთი მიმართულებით თვითუზრუნველყოფას მივაღწიეთ, მაგალითად, კვერცხით, კარტოფილით მოსახლეობის მომარაგების საქმეში, თანაც 100 პროცენტით. ესეც, სხვათა შორის, “აგროქართუს” დამსახურებაა, რომელმაც დაიწყო ზრუნვა ელიტურ ჯიშებზე, აქ შექმნა სათესლე მეურნეობა, დარეგისტრირდა ქართული ჯიშის კარტოფილის სამი სახეობა. ეს ორგანიზაცია შემდგომ საჩუქრად გადაეცა სახელმწიფოს. დღეს მის ბაზაზეა შექმნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, რომელმაც საქმიანი კავშირი დაამყარა მსოფლიო მეკარტოფილეთა ასოციაციასთან, მასთან ერთად განვაგრძობთ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას რეგიონის მოთხოვნილების სრულად დასაკმაყოფილებლად.

დღეს ასათვისებელია შიგა ბაზარი. ცნობილია, რომ დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულების სასოფლო პროდუქცია შემოდის ყოველწლიურად საქართველოში. წარმოიდგინეთ, ამ ოდენობის თანხა (რა თქმა უნდა, სრულად არა) საქართველოში რომ რჩებოდეს, როგორ გამდიდრდებოდა ბიუჯეტი და რა შეღავათი იქნებოდა ეს მოსახლეობისთვის.

_ მიწის ნაყოფიერებაზე ვინმე მუშაობს დღეს საქართველოში?

_ მიწის ნაყოფიერებაზე კერძო, დაინტერესებული პირების გარდა დღეს არავინ მუშაობს. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. თუ ეს პრობლემა ვერ მოვაგვარეთ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. შეიძლება ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, ახალი ჯიშებიც გამოვიყვანოთ, მაგრამ, მიწა შესაბამისი ხარისხის თუ არ იქნება, ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

ამჟამად ვმუშაობთ კანონზე (ალბათ, საგაზაფხულო სესიის პერიოდში წარვადგენთ პარლამენტში), რომელმაც უნდა მოაწესრიგოს მიწების ნაყოფიერების, ხარისხის გაუმჯობესების, კონსერვაციის და ა.შ. საკითხები. ყველა განვითარებულ ქვეყანაში გაწერილი აქვთ წლების მიხედვით კულტურათა მონაცვლეობის, თესლბრუნვის, მიწის ხარისხის შენარჩუნების ღონისძიებები. ეს ცოდნა უნდა შევიტანოთ ჩვენს ხალხში. დავნერგოთ და კანონის ძალით განვამტკიცოთ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here