Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მოლოტოვი – დისტანციური მართვა

სტალინი და მოლოტოვი – დისტანციური მართვა

1183

ნაწილი I

1936 წლის შემოდგომიდან 1945 წლის შემოდგომამდე სტალინი მოსკოვიდან არ გასულა. დასვენების უფლება თავს მხოლოდ 1945 წლის 10 ოქტომბერს მისცა. გაზეთ “პრავდაში” გაჩნდა ცნობა, რომ 1945 წლის 10 ოქტომბერს სტალინი დასასვენებლად გაემგზავრა. სტალინის დასასვენებლად ყოფნის პერიოდში, პოტსდამის კონფერენციის შემდეგ პირველად, სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ ლონდონში, სადაც განიხილებოდა სატელიტ ქვეყნებთან სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმების საკითხი. 

მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ომის შემდგომმა სიმშვიდემ დაისადგურა, აღარ ქუხდა ზარბაზნები, ქალაქებსა და სოფლებში აღარ მოსდიოდათ ბრძოლის ველზე ახლობლების გმირულად დაღუპვის ამბები, ადამიანებს თვალზე ცრემლი შეაშრათ, ბელადმაც თითქოს ხალხთან ერთად დაისვენა. დაიწყო ომის შემდგომი აღორძინების ხანა. ხალხს მშვიდად ეძინა. არ ეძინა მხოლოდ ერთ კაცს, ხალხის მამად წოდებულ ბრძენ სტალინს, რომელიც ქალაქ სოჭის ახლოს მდებარე მყუდრო აგარაკზე დისტანციურ მართვის აპარატზე იყო მიჯაჭვული. სტალინის ადგილსამყოფელი მსოფლიოში მხოლოდ ხუთმა კაცმა იცოდა: თვითონ სტალინმა, მოლოტოვმა, ბერიამ, მალენკოვმა და მიქოიანმა. უსტალინოდ დარჩენილ ქვეყანას ეს “კვარტეტი” მართავდა.

სტალინის უეცარმა გაუჩინარებამ, რომელსაც არც კრემლი და არც ქვეყანა არ იყო შეჩვეული, არა მხოლოდ კრემლი და მოსკოვი, მსოფლიოს პრესა ფუტკრის სკასავით ააზუზუნა. ათასი ტყუილ-მართალი აირია ერთმანეთში. ზოგიერთი სტალინის გაუჩინარებას მის მძიმე ავადმყოფობას მიაწერდა და ამტკიცებდა, რომ პოტსდამის კონფერენციის მიმდინარეობისას სტალინს ორჯერ განუვითარდა გულის მძიმე შეტევა, ზოგიერთი კი მის გარდაცვალებასაც ვარაუდობდა.

სტალინმა მკაცრად გააფრთხილა ოთხეული, ხელი არ შეეშალათ პრესისათვის აზრის გამოთქმაში, თვითონ კი, არა მხოლოდ პრესის მეშვეობით, არამედ ოთხი სხვადასხვა საიმედო არხით იღებდა ინფორმაციას და აკვირდებოდა, როგორც დასავლეთის დამოკიდებულებას მისი პიროვნების მიმართ, ასევე ისმენდა იმ მოარულ ანეკდოტებსა და ჭორ-მართალს, რომელიც ვრცელდებოდა საბჭოეთში. სტალინი ყოველდღიურად სხვადასხვა დირექტივას უგზავნიდა კრემლში დარჩენილ სამეულს, ხოლო “ოთხეულის” მეოთხე წევრი ლონდონში ჰყავდა დისტანციურ მართვაზე ჩართული.

11 სექტემბერს ლონდონში დაიწყო სესია, რომელშიც მონაწილეობდნენ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს მაკგრეგორ ბერნსი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერნსტ ბევინი. განიხილეს პროცედურული საკითხები. ბერნსმა და ბევინმა მოითხოვეს, სამშვიდობო ხელშეკრულებების დადების საკითხებზე მსჯელობის პერიოდში სესიაზე დაშვებული ყოფილიყვნენ საფრანგეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ეს ეწინააღმდეგებოდა პოტსდამის შეთანხმებას, მაგრამ მოლოტოვმა, რომელიც მოჰყვებოდა, დარწმუნებული იყო თავის უპირატესობაში, ეს საკითხი არ ჩათვალა სადისკუსიოდ და ბერნსისა და ბევინის წინადადებას დაეთანხმა.

მაგრამ ამერიკელები და ინგლისელები რიხითა და გამბედაობით იყვნენ გამსჭვალულნი და სრულიადაც არ ფიქრობდნენ, რამე დათმობაზე წასულიყვნენ მოლოტოვისა და მისი ქვეყნის წინაშე, მით უმეტეს, მათ ზურგს უმაგრებდა ატომური ბომბი, როგორც აშშის პრეზიდენტი ტრუმენი ამბობდა, “კომბალი რუსი ბიჭებისთვის”.

როდესაც მოლოტოვმა სტალინს პროცედურულ საკითხებზე ანგარიში ჩააბარა და მოლაპარაკებებზე საფრანგეთისა და ჩინეთის დაშვების თანხმობის შესახებ მოახსენა, სტალინმა მრისხანება ვერ დაფარა:

_ პირველივე სხდომაზე დაუშვი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც ძვირად დაგიჯდება.

მოლაპარაკებები ძალზე რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა, მაგრამ უფრო გამძაფრდა, როდესაც საკითხი შეეხო რუმინეთისა და ბულგარეთის პროსაბჭოური რეჟიმების აღიარებას. მოლოტოვმა სტალინს მოახსენა ამერიკელებისა და ინგლისელების უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხზე. სტალინმა დეპეშით უბრძანა მოლოტოვს, მტკიცედ ემოქმედა და არ დაჰყოლოდა მოკავშირეთა მოთხოვნებს. სტალინს, როგორც ჩანს, გარკვეული ჰქონდა თავისი საქმე, როგორც რუმინეთთან, ისე ბულგარეთთან და დეპეშით შეატყობინა მოლოტოვს:

“რუმინელები თავს კარგად გრძნობენ, _ მტკიცედ დადგებიან და, ყველა მონაცემის მიხედვით, მოკავშირეთა მაქინაციები ჩაშლილი იქნება. აუცილებელია, შენც მტკიცე პოზიცია დაიჭირო და რუმინეთთან დაკავშირებით მოკავშირეებს არაფერი დაუთმო… ამას გარდა, საჭირო იყო პირდაპირ გეთქვა, რომ ამერიკისა და ინგლისის წარმომადგენლები რუმინეთში მხარს უჭერდნენ ანტისაბჭოთა ელემენტებს _ რადესკუსა და მისი მეგობრების სახით, რაც შეუთავსებელია ჩვენს მოკავშირულ ურთიერთობებთან… თუკი მოკავშირეები შეურიგებლობას გამოიჩენენ რუმინეთის, ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ, იქნებ საჭირო გახდეს, ვაგრძნობინოთ ბერნსსა და ბევინს, რომ სსრკ-ის მთავრობას გაუჭირდება, თანხმობა მისცეს იტალიასთან მშვიდობიანი ხელშეკრულების დადებას. ამასთანავე, შეიძლება ისეთი არგუმენტების გამოყენება, როგორიც არის მათი უმადური განწყობა იტალიის კოლონიების შესახებ ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, აგრეთვე, სსრკ-ის სასარგებლოდ იტალიის მიერ გადასახდელ რეპარაციათა რაოდენობის საკითხის გადაუწყვეტლობა; ის, რომ მოკავშირეებმა, შესაძლოა, ჩვენ გარეშე დადონ სამშვიდობო ხელშეკრულება იტალიასთან. მერედა რა? მაშინ ჩვენ გვექნება პრეცედენტი და საშუალება მოგვეცემა, მოკავშირეთა გარეშე დავდოთ სამშვიდობო ხელშეკრულება ჩვენს სატელიტებთან. თუკი საქმის ამგვარი შემობრუნება იქამდე მიგვიყვანს, რომ სესია მთავარი საკითხების გარშემო ერთობლივი გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდება, არც ამას უნდა შევუშინდეთ (როგორც ჩანს, სტალინს უკომპრომისო განწყობა ჰქონდა მეტად მნიშვნელოვან საკითხში _ აღმოსავლეთ ევროპაში სსრკ-ის გავლენის სფეროების განმტკიცების საქმეში)”.

მოლოტოვი, რა თქმა უნდა, დაეთანხმა სტალინის მითითებას და დეპეშითვე უპასუხა:

“პირველი შესაძლებლობისთანავე სრულად გამოვიყენებ მითითებულ არგუმენტებს რუმინეთში ჩვენი პოლიტიკის სასარგებლოდ”.

სტალინმა დაავალა მოლოტოვს, პრინციპულად მოეთხოვა ამერიკელებისთვის პირობის შესრულება ტრიპოლიტანიის საკითხზე.

“ზეწოლა უნდა მოვახდინოთ საქმის იმ მხარეზე, რომ ამერიკელები სან ფრანცისკოში დაგვპირდნენ, მხარი დაეჭირათ ჩვენი მოთხოვნისთვის მეურვეობის ქვეშ ამ ტერიტორიების მიღების თაობაზე. მხედველობაში მაქვს სტეტინიუსის (აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი _ გრ. ონიანი) წერილი. ეს არგუმენტი ხაზგასმით და თვალსაჩინოდ უნდა წამოვაყენოთ”.

როგორც ჩანს, მოლოტოვმა ტრიპოლიტანიის (ისტორიული ოლქი ლიბიაში _ გრ. ონიანი) საკითხის მოგვარება ვერ შეძლო, რადგან ინგლის-ამერიკის წინააღმდეგობის მცდელობას დაემატა საფრანგეთისა და ჩინეთის წინააღმდეგობაც, რომელიც კიდევ უფრო ართულებდა საკითხის დადებითად გადაჭრას, მაგრამ, როდესაც კვირის ანგარიშს აბარებდა, მოლოტოვმა სტალინს შიფროგრამაში ჩაუწერა:

“სიტუაცია დასაწყისისთვის ნორმალურია”.

სტალინს აშკარად არ აკმაყოფილებდა მოლოტოვის პრინციპულობა, რომლის შესახებაც ინფორმაციას სხვადასხვა არხიდან იღებდა, ამიტომ არა საკონსულტაციო, არამედ შესასრულებელი ბრძანების ტექსტი გაუგზავნა მოლოტოვს:

“დაიცავით პოტსდამის გადაწყვეტილებები ამ საქმეში ჩართული სახელმწიფოების მონაწილეობის შესახებ… ვიდრე საბჭოთა კავშირის პირისპირ ანგლო-საქსური სახელმწიფოები _ აშშ და ინგლისი იდგნენ, არც ერთ მათგანს არ დაუსვამს საკითხი უმრავლესობისა და უმცირესობის შესახებ. ახლა კი, ბერლინის კონფერენციის გადაწყვეტილებების დარღვევითა და თქვენი წყალობით, ანგლოსაქსებმა მოახერხეს ჩინელებისა და ფრანგების ჩართვა, ბირნსმა კი გამონახა საშუალება, წამოჭრას უმრავლესობისა და უმცირესობის საკითხი”.

მოლოტოვი მიხვდა, რა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა სესიის გახსნის პირველ დღესვე, როცა მოსალაპარაკებლად დაჯდა ხუთი მინისტრი, რომელთაგან ოთხი ერთმანეთთან შეთანხმებული იყო. მოლოტოვმა შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა სტალინს:

“ვაღიარებ, რომ სერიოზული დაუდევრობა მომივიდა. დაუყოვნებლივ მივიღებ ზომებს. დაბეჯითებით მოვითხოვ, შეწყდეს ხუთი მინისტრის გაერთიანებული სხდომები… ცხადია, ასე აჯობებს. ეს საქმეში მკვეთრი შემობრუნება იქნება”.

მოლოტოვმა დაპირება შეასრულა. მეორე დღეს, 22 სექტემბერს, სესიის გახსნისთანავე სიტყვა ითხოვა და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს 11 სექტემბერს დაშვებული შეცდომა და სესიის წევრთა რაოდენობა სამამდე უნდა შემცირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სესიის შემდგომ მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებო.

მოლოტოვის ეს განცხადება, ფაქტობრივად, მოლაპარაკების ჩაშლას ნიშნავდა. ბერნსი და ბევინი შოკში ჩავარდნენ, მათ ხელს არ აძლევდათ მოლოტოვის მოთხოვნის შესრულება. ბერნსმა განაცხადა, მოლოტოვმა 11 სექტემბრის საკითხი შეიძლება კონფერენციის ჩაშლის საბაბად გამოიყენოსო და გამოთქვა სურვილი, მიემართა პრეზიდენტ ტრუმენისთვის, სტალინის მეშვეობით გაეტეხათ მოლოტოვის სიჯიუტე, რაზეც მოლოტოვმა შეცდომას შეცდომა დაუმატა და განაცხადა, ტყუილად ნუ შეეცდებით, ეს წინადადება სტალინისგან მოდისო _ ეს დიპლომატისაგან დიდი შეცდომა იყო.

ჰარი ტრუმენმა და კლიმენტ ეტლიმ სასწრაფოდ გაუგზავნეს წერილები სტალინს თხოვნით, ებრძანებინა მოლოტოვისათვის, არ ჩაეშალა მინისტრთა სესია ლონდონში.

სტალინისადმი გაგზავნილ დეპეშაში კი მოლოტოვი წერს, _ ტრუმენის მიმართვას შიშის სუნი ასდისო.

სტალინის განკარგულებით, სესიის მუშაობა აღდგა იმავე შემადგენლობით, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვა შეწყდა.

20 სექტემბერს ბერნსმა მოლოტოვთან საუბარში მოულოდნელად წამოაყენა წინადადება, გერმანიის 20-25-წლიანი დემილიტარიზაციის შესახებ. ეს წინადადება მიმართული იყო საბჭოთა კავშირის თითქოს მხარდასაჭერად “გერმანული მუქარის” აღორძინების შიშის თაობაზე, რომელიც მოლოტოვმა ხალისით აიტაცა და “სწრაფგამტარმა” საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა სასწრაფოდ სტალინს აცნობა:

“ვფიქრობ, მხარი უნდა დავუჭიროთ ბერნსის წინადადებას 4 სახელმწიფოს ხელშეკრულების შესახებ, გერმანიის მხრიდან ახალი აგრესიის თავიდან აცილების მიზნით, თუმცა გარეგნულად დიდი დაინტერესება არ უნდა გამოვამჟღავნოთ. რა თქმა უნდა, ეს მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები დათმობაზე წამოვლენ ბალკანეთის ქვეყნების საკითხში”

სტალინმა, როგორც კი დეპეშა მიიღო, თქვა:

“და ისევ შეცდომა!”, შემდეგ მოლოტოვს ტელეგრამა გაუგზავნა:

“დღედღეზე ელოდე პასუხს!”

მეორე დღეს სტალინმა ვრცელი წერილით თვალი აუხილა თავის მოადგილე მოლოტოვს და ნათლად დაანახვა “ტროას ცხენის” შიგთავსი, რომელზეც აშკარად მიანიშნებს წერილის შინაარსი:

ბერნსის წინადადება ოთხ მიზანს ისახავს: პირველი _ გადაიტანოს ჩვენი ყურადღება შორეული აღმოსავლეთიდან, სადაც ამერიკა ისე იქცევა, თითქოს ხვალ იაპონიის მეგობარი იქნება და ამით შექმნას შთაბეჭდილება, რომ შორეულ აღმოსავლეთში ყველაფერი რიგზეა; მეორე _ მიიღოს სსრკისგან ფორმალური თანხმობა იმაზე, რომ ევროპის საქმეში აშშმა ისეთივე როლი შეასრულოს, როგორიც სსრკმა, რათა შემდგომ, ინგლისთან გაერთიანებულმა, ხელში აიღოს ევროპის ბედი; მესამე _ გააუფასუროს სსრკის მიერ ევროპის სახელმწიფოებთან კავშირის შესახებ დადებული პაქტები; მეოთხე _ უშინაარსო გახადოს სსრკის ყველა მომავალი პაქტი რუმინეთთან, ფინეთთან და ასე შემდეგ კავშირების თაობაზე”.

აქვე მინდა, მკითხველს შევახსენო ინგლისის პრემიერმინისტრის _ უინსტონ ჩერჩილის გაოცება, როდესაც მან სტალინს ოპერაცია “ტორჩის” შესახებ მოახსენა.

“მე ზუსტად განვმარტავდი _ ვხსნიდი ოპერაცია “ტორჩს”, როცა ლაპარაკს მოვრჩი, სტალინმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნა… მან, ეტყობა, მაშინვე შეაფასა, “ტორჩის” სტრატეგიული უპირატესობები და ჩამოთვალა 4 ძირითადი მათგანი “ტორჩის” სასარგებლოდ:

_ ჯერ ერთი, ეს გენერალ რომელს _ გერმანიის ჯარების სარდალს ჩრდილოეთ აფრიკაში _ ზურგიდან მიაყენებს დარტყმას; მეორე _ ეს დააფრთხობს ესპანეთს; მესამე _ გამოიწვევს ბრძოლას გერმანელებსა და ფრანგებს შორის საფრანგეთში; მეოთხე _ იტალიას უშუალო დარტყმის ქვეშ დააყენებს”.

ამ შესანიშნავმა განცხადებამ, _ ამბობს ჩერჩილი, _ ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. მან წარმოაჩინა, რომ რუსი დიქტატორი სწრაფად და მთლიანად დაეუფლა პრობლემას, რომელსაც ესესაა გაეცნო. ცოცხალ ადამიანთაგან ძალიან ცოტა ვინმეს თუ შეეძლო, რამდენიმე წუთში გაეგო მოსაზრებები, რომლებზეც ჩვენ ასე დაჟინებით ვიმტვრევდით თავს თვეების განმავლობაში, მან ყველაფერი ეს ელვის სისწრაფით შეაფასა”.

როგორ უნდა შეაფასოს ადამიანმა მეორე ადამიანის ღირსება და შესაძლებლობები, როდესაც ის მეორე შენზე მაღლა, ძალიან მაღლა დგას და შენთვის მისი ხედვა და შესაძლებლობა მიუწვდომელია. სტალინმა ამ ორ შემთხვევაში ფეხი დაადგა მსოფლიო გეოპოლიტიკურ უმაღლეს მწვერვალებს. თუ პირველ შემთხვევაში სტალინმა ამას დისტანციური მართვის მეთოდით მიაღწია, მეორე შემთხვევაში მსოფლიო პოლიტიკის გიგანტ ჩერჩილთან პირისპირ საუბარში გამოავლინა.

სტალინი შეჩვეული იყო ყველაზე უარესი ვერსიების ვარაუდს, მას მართლაც იშვიათი უნარი ჰქონდა, წარმოედგინა ბირნსის ინიციატივის ყველაზე ნეგატიური შესაძლო მოტივები. მაგრამ, ამასთანავე, საკუთარ მიზნებსაც ითვალისწინებდა. სტალინი განეწყო იმისათვის, რომ აშშ მალე უნდა წასულიყო ევროპიდან და აშკარად არ აპირებდა, თანაბრად გაეყო მასთან ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსთან ევროპის ჰეგემონის როლი. ევროპის გულში საბჭოთა გეოპოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნების ამგვარი გეგმის არსებობა იმითაც დასტურდება, რომ სტალინს აშკარად არ სურდა გერმანიის დემილიტარიზაციის (ანუ გერმანული სამხედრო მუქარის ლიკვიდაცია) სანაცვლოდ ამ ქვეყნიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა, მაგრამ ამის აშკარად აღიარება არ შეეძლო, ამიტომ სტალინი მოლოტოვისადმი გაგზავნილ წერილში განაგრძობს:

“ჩვენთვის ცხადია, ძნელია ამერიკასთან დადებულ ანტიგერმანულ პაქტზე უარის თქმა, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ამერიკის შიში ევროპაში სსრკ-ის გავლენის გაზრდის მიმართ და ვიბრძოლოთ იმის მისაღწევად, რომ სსრკ-ისა და აშშ-ის ანტიგერმანული პაქტი განპირობებული იყოს სსრკ-ისა და აშშ-ის ანტიიაპონური პაქტით. აქედან გამომდინარეობს ჩვენი წინადადება: უპირველეს ყოვლისა, აშშ-თან უნდა დაიდოს ანტიიაპონური პაქტი, ამის შემდეგ კი, ან, თუნდაც, ერთდროულად შეიძლება ანტიგერმანული პაქტის დადებაც. ამასთანავე, პარტნიორს უნდა გავაგებინოთ, რომ ანტიიაპონური პაქტის დადების გარეშე შესაძლებლად არ მიგვაჩნია წავიდეთ აშშ-თან ანტიგერმანული პაქტის დადებაზე. ამერიკის წინადადება საკონსულტაციო კომიტეტის ორგანიზების შესახებ მიზნად ისახავს, გაურკვეველი დროით გადაიდოს საკონტროლო საბჭოს შექმნის საკითხი და ამგვარად, საშუალება მისცეს მაკარტურს, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს იაპონიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი _ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო… ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბოლო უნდა მოეღოს მაკარტურის შეუზღუდავ უფლებებს და ოთხი სახელმწიფოს ერთპიროვნული უმაღლესი მთავარსარდლის ინსტიტუტს, რომელიც, როგორც ცნობილია, იმას აკეთებს, რაც მოეპრიანება, და არც კი გვატყობინებს მის მიერ გაცემულ განკარგულებებს”.

დასასრულ, სტალინი კარნახობს მოლოტოვს ამ მოთხოვნის განსამტკიცებლად საჭირო არგუმენტებს, რომელთა შორის მთავარია ის, რომ მაკარტურის ერთპიროვნული უფლებამოსილება, რომელიც გამართლებული იყო ომის პირობებში, არ შეესაბამება მშვიდობიანი პერიოდის ამოცანებს.

მოლოტოვი ზუსტად ასრულებს ამ მითითებებს, მაგრამ უშედეგოდ. ანტიიაპონური პაქტის შესახებ ბერნსი მხოლოდ დაჰპირდა, რომ იფიქრებდა მასზე. რაც შეეხება საკონტროლო საბჭოს, ამ საკითხში ამერიკელებმა მტკიცე პოზიცია დაიკავეს და ინგლისელების დახმარებით მოლოტოვს მისი დღის წესრიგში შეტანის საშუალებაც კი არ მისცეს. ამის შესახებ მოლოტოვმა სტალინს აცნობა და შესთავაზა, პირდაპირ ტრუმენისთვის მიემართათ. სტალინმა უარყო ეს წინადადება და მრისხანე ტირადაში გადმოანთხია თავისი აღშფოთება მოკავშირეთა საქციელის გამო:

“ამერიკელებისა და ინგლისელების მხრიდან, რომლებიც ჩვენს მოკავშირეებად თვლიან თავს, უდიდეს თავხედობად მიმაჩნია ის, რომ არც კი მოინდომეს, წესიერად მოესმინათ ჩვენთვის იაპონიაში საკონტროლო საბჭოს საკითხზე. ერთი მოკავშირე _ საბჭოთა კავშირი _ აცხადებს, რომ უკმაყოფილოა იაპონიაში თავისი მდგომარეობით, ის ხალხი კი, რომელიც თავის თავს ჩვენს მოკავშირეს უწოდებს, უარს გვეუბნება ამ განცხადების განხილვაზე. ეს იმას მოწმობს, რომ მოკავშირეს ელემენტარულ პატივს არ სცემენ. იქნებ, საჭიროა, სიტყვა გადავუკრათ ბერნსსა და ბევინს, რომ ასეთ სიტუაციაში იაპონიიდან უკან გამოვიძახებთ ჩვენს ხალხს, რადგან არ შეგვიძლია, პასუხი ვაგოთ აშშ-ისა და ინგლისის პოლიტიკაზე იაპონიის მიმართ. ჩვენ გვაქვს ცნობები, _ მრავლმნიშვნელოვნად დასძენს სტალინი, _ რომ ამერიკელებმა თათი დაადეს იაპონიის ოქროს მარაგს, რომელიც ერთ-ორ მილიარდ დოლარს შეადგენს და მოკავშირედ ინგლისი გაიხადეს. ამაზე აუცილებლად უნდა გადავუკრათ სიტყვა, რათა გავაგებინოთ. სწორედ ამაში იმალება წინააღმდეგობის მიზეზი საკონტროლო საბჭოს შექმნის მიმართ და, აგრეთვე, იმის მიზეზი, რომ არ სურთ იაპონიის საქმეებთან ჩვენი დაშვება, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინათ ინგლისელები თვითონ გვთავაზობდნენ იაპონიაში საკონტროლო საბჭოს შექმნას.

მეორე დღესვე მოლოტოვმა კატეგორიული ტონით განუმარტა ბერნსსა და ბევინს, რატომ იკავებდნენ ისინი თავს საკონტროლო კომისიის შექმნაზე და მიანიშნა, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, არამედ იაპონური ოქროთი, რომელიც ორი მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, რომელსაც მათ თათი დაადეს და სწორედ ამიტომ არ სურთ, საკონტროლო კომისიაში თავიანთი მოკავშირის, საბჭოთა კავშირის წარმომადგენლის ჩართვა.

მოლოტოვმა ბერნსს “მაზოლზე” ფეხი დაადგა. აწრიალებულმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ არაფერი იცის იაპონური ოქროს შესახებ და, თუ იაპონური ოქრო ნაპოვნია, ხომ არ ჰგონია მოლოტოვს, რომ ისინი მას ტომარაში ჩაყრიან და ამერიკაში გაგზავნიან?

მოლოტოვმა ბერნსს უხეშად უპასუხა, _ “ტომარაზე” არაფერი მითქვამსო.

სტალინის დირექტივამ გაჭრა, მოლოტოვის პრინციპულმა მოთხოვნამ საკონტროლო კომისიის შექმნაზე, კიდევ უფრო რეალური გახადა სტალინის მიერ ჩაწოდებული ბურთის აშკარა საგოლე მომენტად ქცევა, ამიტომ ბურთის კარამდე მიშვება არ უნდოდათ ამერიკელებსა და ინგლისელებს. სესია აშკარად ჩიხში შევიდა.

ბერნსმა და ბევინმა მოლოტოვს შესთავაზეს, დაბრუნებოდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხს რუსების მოთხოვნის სასარგებლოდ, ოღონდ შეცვლილი ფორმატით, სადაც ხმათა უმრავლესობა მაინც დასავლეთს დარჩებოდა. მოლოტოვი სტალინს დაუკავშირდა და განუცხადა, _ იქნებ წავიდეთ დათმობაზე, რომელსაც მეორე მხრიდანაც დათმობა მოჰყვებაო, მაგრამ სტალინმა მხარი არ დაუჭირა.

სტალინმა მოლოტოვს დეპეშით აცნობა:

“როგორც ჩანს, ამერიკელები ლონდონის საბჭოდან ხელცარიელ წასვლას არ მოინდომებენ, შეეცდებიან, საბჭოს გადაწყვეტილება მიაღებინონ. მოკავშირეები ცდილობენ, შენი ნებისყოფა გატეხონ და დათმობა გაიძულონ. ცხადია, რომ აბსოლუტური ქედუხრელობა უნდა გამოიჩინო. მეორე მხრივ, შესაძლოა, ამერიკელები შეეცადონ, ზოგიერთ დათმობაზე წასვლას, რათა შენი მხრიდან საპასუხო სერიოზული დათმობები გამოიწვიონ პრინციპით: დათმობა დათმობის საპასუხოდ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც სრული შეუვალობა უნდა გამოამჟღავნო. ისიც შესაძლებელია, რომ საბჭოს სხდომა უშედეგოდ დამთავრდეს, ერთი სიტყვით _ ჩაიშალოს. ჩვენ ამ შემთხვევაშიც არაფერი გვაქვს სადარდებელი. კონფერენციის ჩაშლა ბერნსის ჩავარდნა იქნება, რის გამოც ჩვენ თავი არ უნდა ავიტკიოთ”.

მოლოტოვმა მყისვე უპასუხა სტალინს:

“გეთანხმებით, რომ უმჯობესია, მინისტრთა საბჭოს პირველი სესია ჩავარდნით დასრულდეს, ვიდრე რაიმე არსებითი დავუთმოთ ბერნსს”.

გაგრძელება იქნება

* წერილში გამოყენებულია პროფესორ ვლადიმერ პეჩატნოვის მიერ სტალინის არქივში აღმოჩენილი მასალები (ფ. 45. ON.1)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here