Home რუბრიკები პოლიტიკა ტარიელ სუხიაშვილი: აღარაფერი შეგვრჩა, დემოკრატიას გადავაყოლეთ ყველაფერი

ტარიელ სუხიაშვილი: აღარაფერი შეგვრჩა, დემოკრატიას გადავაყოლეთ ყველაფერი

758

რამდენიმე დღის წინათ რედაქციაში ერთგული მკითხველი, თბილისის ინტელიგენციის წარმომადგენელი, ინჟინერი ტარიელ სუხიაშვილი გვესტუმრა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარ თვალსაზრისს გვიზიარებს.

_ ბატონო ტარიელ, “ქართულმა ოცნებამოთხ წელიწადში მოახერხა, ამომრჩევლის იმედი გაეცრუებინა. თქვენც იმედგაცრუებულთა კატეგორიას მიეკუთვნებით?

_ იმედგაცრუებულთა კატეგორიას არ განვეკუთვნები, რადგან “ქართული ოცნების” იმედი არასდროს მქონია. ცხოვრებისეული გამოცდილება მაძლევს საშუალებას, რომ, მხოლოდ მოსმენის კი არა, განსჯის უნარიც მქონდეს. მათი არც ერთი დაპირება არ შესრულდა და ვიცოდი, რომ არ შესრულდებოდა.

_ როგორც ვიცი, სოფლის მეურნეობაში მილიონობით ლარი ჩაიდო და მიწებიც დამუშავდა

_ არც ერთი პროექტი არ იყო სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად შედეგზე ორიენტირებული. მოსავლის მოყვანაც არაფერს ნიშნავს, თუ ბაზარი არ გვექნება. ნაბიჯები, რომლებიც რუსეთისკენ გადაიდგა, საკმარისი არ არის, ზღვაში წვეთია.

ხშირად გვესმის, _ მოჯადოებულ წრეზე დავდივართო. ჩვენ მოჯადოებულ წრეზე კი არ დავდივართ, სწორხაზოვნად მივემართებით უფსკრულისკენ. ვერავინ შეძლებს, გაიხსენოს, რომელი წელი იყო წინა წელზე უკეთესი. ქართველებში უიმედობამ დაისადგურა.

_ ქართველს იმედი ყოველთვის აქვს. არჩევნებზე სიხარულით მივდივართ და არჩევანსაც ვაკეთებთ

_ არჩევნებს, რომელშიც მოსახლეობის მხოლოდ 20% მონაწილეობს, არჩევნებად არ ვთვლი. საქართველოში მხოლოდ ერთი ძალა მოქმედებს, ორი გუნდია, მაგრამ ძალა ერთია. სახელების ცვლილება არაფერს ნიშნავს. ქვეყნის განვითარებისთვის კი, სულ ცოტა, ორი ძალა მაინც არის საჭირო. ვიღაცამ რაღაცაზე ხომ უნდა იკამათოს? ჭეშმარიტებამდე ხომ უნდა მივიდეს კამათი? ასეთი რამ ჩვენში არ ხდება.

ვითარების ასე შემობრუნებას არ ველოდი, მაგრამ ოდნავ მაინც უნდა შეცვლილიყო რაღაც?

_ იქნებ ქართველი პოლიტიკოსები გადაწყვეტილებების მიღებისას თავისუფალნი არ არიან?

_ თუ ასეა, პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდნენ. თავისუფალი არავინ არის, სტალინზეც ზემოქმდებდნენ, მაგრამ… უბრალოდ, ნიჭი, უნარი და გამბედაობა უნდა ჰქონდეთ, წინააღმდეგობა რომ გასწიონ.

25 წელია, ქვეყანას ორიენტაცია არ აქვს. გვეუბნებიან, დემოკრატიას ვაშენებთო, მაგრამ ვინმემ ახსნა, რა არის ეს დემოკრატია, რომელსაც ყველაფერი ვანაცვალეთ? აღარაფერი შეგვრჩა, სულიერი და მატერიალური ფასეულობები აღარ გვაქვს, დემოკრატიას გადავაყოლეთ სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განათლება.

ქვეყნის შენების ძირითადი კრიტერიუმი არის დაპურებული მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება. მატერიალური დოვლათის შექმნა და ხალხის დაცვა უნდა იყოს ხელისუფლების საზრუნავი.

დოვლათი რომ შეიქმნას, ბაზარი უნდა იყოს. საქართველოს შეეძლო, ავტონომიურ რეჟიმზე ემუშავა. გვქონდა ენერგეტიკა _ ამიერკავკასიას ვამარაგებდით; გვქონდა შავი და ფერადი მეტალუგია, ქიმიური მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ელმავალმშენებლობა, თვითმფრინავებს ვუშვებდით _ სუ-25-ს. სხვა ქვეყნებმა ყველაფერი შეინარჩუნეს, ჩვენთან კი განადგურდა. კონკურენცია ვერ გავწიეთ, უხარისხოაო, _ ვიძახეთ…

უმაღლესი დონის სოფლის მეურნეობა გვქონდა. საქართველოდან ყველაფერი გადიოდა, მაგრამ მეურნეობები დაიშალა, მოისპო, უცხო ქვეყნიდან შემოსულმა ხილმა წალეკა ბაზარი, ამიტომ ქართველმა გლეხმა ხეების მოვლა ვეღარ შეძლო და მეურნეობაც გაუჩანაგდა. ახლა ეს ისევ რომ ააღორძინო, 10-12 წელი დასჭირდება.

წლები გადის და არავისგან მომისმენია, რა როლი აქვს საბაჟო სამსახურს, არადა, საბაჟოს ფუნქციაა, დაიცვას საკუთარი ბაზარი და ერკვეოდეს ყველაფრის ფასში. მებაჟემ უნდა იცოდეს, რა ჯდება თავის ქვეყანაში ამა თუ იმ პროდუქტის წარმოება და რა უჯდება შემომტან ქვეყანას. ფასიც ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს. როგორ შეიძლება, საკუთარ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტზე იაფი იყოს შემოსული პროდუქტი? ეს პრობლემა საბჭოთა კავშირის შემდეგ დადგა.

საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალი ერთნაირი გვქონდა, რაც იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი გვქონოდა. ეს კავშირი არ უნდა გაგვეწყვიტა. ჩვენ კი რა ვქენით? ყველას ზურგი შევაქციეთ და პირი უცხო ქვეყნისკენ ვიბრუნეთ. ინტელექტით არ ჩამოვრჩებოდით მათ, მაგრამ ტექნიკით ვეღარ დავეწიეთ. ბოლოს ინტელექტუალური პოტენციალიც აღარ შეგვჩა, რაც კატასტროფაა.

მეცნიერების უდიდესი სკოლები გვქონდა და მაინც ყველას ჩამოვრჩებით. ძალიან ადრე ჩამოვწერეთ უდიდესი პროფესორმასწავლებლები და, ვინც წერაკითხვა იცოდა, პროფესორები დავარქვით; ვინც ხმამაღლა იყვირა, ის პირველკაცად ვაქციეთ. არაპროფესიონელებმა, თავხედებმა ქვეყანა შეჭამეს. სტუდენტს მოტივაცია არ აქვს, რომ ცოდნას დაეუფლოს, რადგან ხედავს, ვინც ხმაურობს, წარმატებულიც ის არის, ცოდნა საჭირო არ არის.

ჩვენი პირველი პირების ნალაპარაკევი რომ დაწეროთ, შინაარს ვერ გაიგებთ. გაგიკვირდებათ, ნუთუ, რამდენიმე საათის განმავლობაში ამას ვუსმენდიო?! ახალგაზრდები ფიქრობენ, დეგენერატები თუ სხედან ასეთ თანამდებობებზე, მაშინ რისთვისღა უნდა ვისწავლოო?!

მაოცებს ხალხის მოლოდინი, თვეში რამდენიმე საწარმო უნდა აშენდესო. დავუშვათ აეშენებინათ, მერე რას აპირებდნენ _ წარმოებული პროდუქტი სად მიჰქონდათ, ვისთვის უნდა მიეყიდათ?

_ არც ის პოლიტიკა და კურსი მოგწონთ, რომელსაც ვადგავართ?

_ იქნებ ამიხსნათ, რა გზას ვადგავართ და რა პოლიტიკა გვაქვს? ნატოსკენ ვისწრაფვით? რა არის ნატო? ამ შეკითხვას რომ უპასუხოს ვინმემ, მათ შორის, პოლიტიკოსებმა, ჯერ უნდა გავიგოთ, რა არის ნატო. ამ ხნის კაცი ვარ, ამდენი წელია, ნატოზე საუბრობენ და არსად, არც ერთ პუბლიკაციაში არ შემხვედრია სწორი და ზუსტი განმარტება, რა არის ნატო და რაში გვარგია. ვფიქრობ, ნატო აგრესიული სამხედრო ბლოკია, რაც პრაქტიკულად დავინახე კიდეც. ეს ბლოკი ემსახურება ადამიანთა ვიწრო წრის იმპერიულ ამბიციებს. ნატოში არასოდეს მიგვიღებენ, მაგრამ, რომც მიგვიღონ, რა გარანტია გვაქვს, რომ დაგვიცავს, ან ქართველების ბუნებიდან გამომდინარე, რა გვესაქმება აგრესიულ ბლოკში?

ერთდერთი, ვისაც ქართული მიწისთვის უბრძოლია, არის რუსეთი. გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველოს ომი აღარ ჰქონია, გავმრავლდით, გავძლიერდით და ქართველობა საამაყო იყო.

_ ვის ხედავთ საქართველოს მშველელად და გადამრჩენად? რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ?

_ დასაწყისში აღვნიშნე, რომ ერთი ძალა, როგორიც უნდა იყოს ის, ქვეყნის მშენებლობისთვის საკმარისი არ არის. ამის ნათელი მაგალითი კომუნისტური პარტიაა. უნიკალური პარტია იყო, საუკეთესო პროგრამითა და სტრუქტურით, მაგრამ დაინგრა, დაიშალა…

ვფიქრობ, ალექსანდრე ჭაჭია კარგი პოლიტიკოსია, პრაგმატული, ოქროს კოშკების აშენებას არ გვპირდება. პატრიოტსა და ურაპატრიოტს შორის განსხვავებას ვხედავ, ამიტომ ვფიქრობ, ალექსანდრე ჭაჭია საუკეთესოა. სურვილი მაქვს, რომ ბატონი ალექსანდრე პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთოს. წამიკითხავს ჭაჭიას შეფასებები ამა თუ იმ საკითხზე და ვთვლი, რომ სწორად აზროვნებს, ამბობს იმას, რაც დღეს ქვეყანას მართლაც სჭირდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here