Home რუბრიკები პოლიტიკა როგორია ნამდვილი ქართული ოცნება?

როგორია ნამდვილი ქართული ოცნება?

1146

გიორგი კვირიკაშვილმა მუშაობა აქტიურად დაიწყო, მთავრობის ახალი ინიციატივების შესახებ თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ. მათი ნაწილი აშკარად წინასაარჩევნო ხასიათისაა, მაგრამ ზოგიერთი ივანიშვილის თანმიმდევრულ ოპონენტებსაც კი მოეწონა. როგორც ჩანს, ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ შექმნილი ვითარების გაჯანსაღება და ერთგვარიგარდაქმნისდაწყება ამომრჩეველთათვის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მაგრამ, ალბათ, მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, კონკრეტულად რა ცვლილებებზე ოცნებობს მოსახლეობა და შეუძლია თუ არა მთავრობას, მათი გატარება უზრუნველყოს. რეალურ რეფორმებს გვთავაზობენ თუ მოჩვენებითს?

ფრაზები “არაფერი შეცვლილა” და “მაინც არაფერი შეიცვლება” ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს შეიძლება პარადოქსულად მოგვეჩვენოს, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. შესაძლოა იმიტომ, რომ უსამართლობა ახალი ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში კვლავინდებურად ერთერთ ადგილს იკავებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი მორიგ რეფორმებს ფრიად პესიმისტურად უყურებს და პოლიტიკური პროცესების მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ავლენს.

ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას რომან “ლეოპარდში” არის ერთი იდეა, რომელმაც ჩვენთვის ამ სიტუაციაში შეიძლება გასაღების როლი შეასრულოს. ეს რომანი სიცილიის ცხოვრებას აღწერს, თუმცა მთელ რიგ ეპიზოდებში საქართველოსთან პარალელების გავლების შესაძლებლობას გვაძლევს. ახალგაზრდა თავადი ფალკონერი ამბობს: “თუ გვინდა, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს, ყველაფერი უნდა შევცვალოთ”. შემდეგ, ნათესავებისთვის ერთობ მოულოდნელად, გარიბალდის რაზმს უერთდება, რათა ახალ, გაერთიანებულ იტალიაში თავისი ოჯახისთვის ისეთივე მაღალი სტატუსი უზრუნველყოს, როგორიც ძველ სიცილიაში არისტოკრატიული წარმომავლობის გამო ეკუთვნოდა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ელიტის ყველაზე ფრთხილი და წინდახედული ნაწილი რაღაც მომენტში იმავე დასკვნამდე მივიდა: თუ გვინდა, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს, ყველაფერი უნდა შევცვალოთ”.

შეცვალეს კიდეც, თანაც ორჯერ _ პირველად, როდესაც საჭირო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოძერწვა, “უპატრონო” ქონების პრივატიზება და ძველი (სპეციფიკური საბჭოთა) გავლენის კონვერტაცია ძალაუფლებასა და ფულში. მეორედ კი ეს “ვარდების რევოლუციის” პერიოდში მოხდა, როდესაც დღის წესრიგში დადგა სწრაფი (და, შესაბამისად, მტკივნეული) რეფორმების გატარება, რომლებიც საქართველოს თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფოებრიობის სტანდარტებს მიუახლოებდა და, რაც მთავარია, შექმნიდა ძლიერ ინსტიტუტებს იმისთვის, რომ “პირველ ტაიმში” მიტაცებულ აქტივებს მომავალში საფრთხე არ შექმნოდა.

ამ მოდელის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობამხოლოდ ინსტრუმენტის როლს ასრულებს, რომელიც სანაგვეზე მოისროლეს მას შემდეგ, რაც ძირითადი მისია შეასრულა და სისხლში გაისვარა. იგივე, ადრინდელ პერიოდთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას ეროვნული მოძრაობის მთელ რიგ ჯგუფებზეც _ მათ რაღაც პერიოდში ლანცეტის (ან ჩაქუჩის, კონკრეტულ ეპიზოდს გააჩნია) ფუნქცია შეასრულეს. ის, ვინც ჩასწვდა თამაშის არსს, მაგრამ პროტესტი არ გამოუთქვამს, დღესსაპატიო პენსიაზეა”, ხოლო მათი უმრავლესობა, ვინც თამაშის წესების შეცვლა გადაწყვიტა, ან სასაფლაოზეა, ან 100%-ით მარგინალიზებულია.

იმ უაღრესად რთულ, სისხლიან პერიოდში კონტროლი პროცესებზე ხშირად იკარგებოდა. საქართველოში, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ვერ მოხერხდა ფართო კონსენსუსის მიღწევა ახალი სახელმწიფოს ფორმირების პრინციპებზე. უხეშად რომ ვთქვათ, “ყველა თავისას უბერავდა”. ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მთავარი დამნაშავე ამაში ჯუმბერ პატიაშვილია, რომელმაც, ბალტიის კომუნისტი ლიდერებისგან განსხვავებით, ვერ გაიაზრა “ფალკონერის აქსიომა” და შეუქცევადი პროცესების შეჩერება გადაწყვიტა. თუმცა აქვე, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მთელი რიგი ჯგუფები ელიტაში მასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ და შევარდნაძის ერთგულები რჩებოდნენ. რომ არა მათი დაპირისპირება, გამორცხული არ არის, 9 აპრილიც არ მომხდარიყო და მრავალი სხვა უბედურებაც (აფხაზეთის ომის რა მოგახსენოთ). მეორედ პროცესები პრაქტიკულად უმართავი მაშინ გახდა, როდესაც ვერ მოხერხდა სამოქალაქო ომის თავიდან აცილება. ყველა ასეთი “გზაჯვარედინის” ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, უბრალოდ, აღვნიშნოთ, რომ იმ კოშმარულ პერიოდთან “ვარდების რევოლუცია”, უბრალოდ, საბავშვო ბაღია.

სააკაშვილი ხელსუფლებაში ვერასოდეს მოვიდოდა, თუ მას სასათბურე პირობებს არ შეუქმნიდნენ და ავანსცენაზე არ გაატარებდნენ. იმ პერიოდში ძველმა ელიტამ გადაწყვიტა, საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა რეგიონის მიმართ ვაშინგტონის მზარდი ინტერესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ვიქტორ იანუკოვიჩის ბედს გაიზიარებდა და თამაშიდან ამოვარდებოდა. ეს იყო სავსებით პრაგმატული გადაწყვეტილება “პირველ ტაიმში” შეძენილი მძიმე, მაგრამ უაღრესად მნიშვენლოვანი გამოცდილების საფუძველზე. სხვათა შორის, სააკაშვილმა იცოდა, რომ მთელ რიგ ოჯახებში მას უყურებდნენ მხოლოდ როგორც სულელ, ხმაურიან მარიონეტს და, გამორიცხული არაა, რომ ეს ყველაზე მეტად აგიჟებდა. ბევრ მის მიმდევარს კი მტკივნეული აღმოჩენა, რომელიც იწყება ისტერიკული შეძახილითჩვენ გამოგვიყენეს!”, ჯერ კიდევ წინ აქვს, თუმცა ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი.

ვინაიდან “ოჯახები” ვახსენეთ, ალბათ, ხაზი იმასაც უნდა გავუსვათ, რომ მათი წარმომადგენლები უპრობლემოდ გადადიან ერთი სახელისუფლო პარტიიდან მეორეში, იკავებენ საკვანძო თანამდებობებს (არა იმდენად მაღალს, რამდენადაც საკვანძოს), გადადიან კერძო სექტორში და პოზიციებს იქ იუმჯობესებენ, თანაც ყოველივე ამას საჭირო მომენტში აკეთებენ, სანამ მორიგი “ტიტანიკი” (კომპარტია იქნება, “მოქკავშირი” თუ “ნაცმოძრაობა”) ჩაძირვას დაიწყებს. დღეს ისინი სავსებით კმაყოფილი ჩანან, ვინაიდან ივანიშვილთან თავისებური არაფორმალური პაქტი აკავშირებთ (რომელიც, შესაძლოა, გაცილებით ადრე დაიდო, ვიდრე მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა), _ დაცულია მათი მაღალი საზოგადოებრივი სტატუსი, ფული და ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში ის მოპოვებულია თაღლითურ აუქცონებსა და ტენდერებზე ან ბანალურად მოპარულია.

მათ, ვინც ხედავს, რომ ეს ადამიანები არა მხოლოდ ინარჩუნებენ პოზიციებს, არამედ განაგრძობენ გამდიდრებას საეჭვო მაქინაციების გამოყენებით, პროტესტის განცდა უჩნდებათ. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ხშირად გაისმის ფრაზა “არაფერი იცვლება”. ალბათ, ესაა თანამედროვე საქართველოს მთავარი სისუსტე, _ მოსახლეობის დიდი ნაწილი ელიტას და მის დღევანდელ მდგომარეობას ლეგიტიმურად არ თვლის და მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების მწვერვალზე ყოფნა უსამართლოა.

ეს ძალზე რთული სიტუაციაა, რადგან დღეს (რეალისტურად თუ ვიმსჯელებთ) ვერც პრივატიზაციის შედეგების ტოტალური გადახედვა მოხდება, ვერც მაღალჩინოსანი დამნაშავეების საყოველთაო დასჯა (ცალკეულიჭანჭიკებისგარდა), ვერც ფარდობითი სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება ღატაკ ქვეყანაში, სადაც მოყვასის ძარცვა ლამის ძირითად ცხოვრებისეულ სტრატეგიად ითვლება. მით უფრო დამამცირებელია მთელი რიგი მოქალაქეებისთვის ხელისუფლების ის წინასაარჩევნო აქტიურობა, რომელსაც შეიძლებაელექტორატის მოფერებაან სულაცფქვილის დარიგებავუწოდოთ. მათ სულ სხვა ტიპის ცვლილებები სჭირდებათ.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს უსამართლობა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და, ადრე თუ გვიან, პოლიტიკური სპექტრის მარცხენა ფლანგზე გამოჩნდება ძალა, რომელიც აიყოლიებს ფართო მასებს და ძველის ნანგრევებზე გაცილებით სამართლიან სისტემას შექმნის. კაცმა რომ თქვას, პროცესები ამ მრავატანჯულ მარცხენა ფლანგზე თვითდინებაზე მიშვებული არაა და ნაკლებად სავარაუდოა, იქ ვინმე მოულოდნელად აღმოცენდეს. მაგრამ ეს რომც მოხდეს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, ვინ იდგება წინა რიგებში წითელი (ვარდისფერი, შავი, რა მნიშვენელობა აქვს) დროშებით. სწორედ ისინი, თავისი პრინციპით “თუ გვინდა, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს, ყველაფერი უნდა შევცვალოთ”. ქვეყნის გაჯანსაღება ასეთ პირობებში ვერ მოხდება.

რა შეძლება გაკეთდეს ამ სიტუაციაში? პანაცეა არ არსებობს, მაგრამ, ალბათ, საჭიროა მუდმივი ზეწოლა ხელისუფლებაზე კანონის უზენაესობის პრინციპის საყოველთაო და უპირობო დამკვიდრების მოთხოვნით. ამის გარეშე საუბარი ნებისმიერ ცვლილებაზე აზრს კარგავს. სანამ მაღალჩინოსანს ან მასთან დაკავშირებულ ბიზნესმენს ექნება იმის განცდა, რომ გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯის თუ საფასურის სანაცვლოდ მან შეიძლება ინდულგენცია მიიღოს, ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და კვლავინდებურად იარსებებს ორი კანონი _ ერთი ღარიბებისთვის და მეორე მდიდრებისთვის. მოსახლეობაში გაიზრდება ნიჰილიზმი და გაუცხოება საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, რასაც გარე ძალები აუცილებლად გამოიყენებენ.

ვინაიდან ეს წერილი იტალიელი მწერლის ციტირებით დავიწყეთ, ალბათ, ლოგიკური იქნება იტალიელი პოლიტიკოსის სიდნეი სონინოს სიტყვებით დავასრულოთ: “მოსახლეობის უმრავლესობა, 90 პროცენტზე მეტი… ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ გაუცხოებას გრძნობს; ის საკუთარ თავს სახელმწიფოს მიერ დამორჩილებულად აღიქვამს, იძულებულია, მისთვის ფული და სისხლი გაიღოს, მაგრამ არ განიხილავს საკუთარ თავს სახელმწიფოს ცოცხალ და ორგანულ ნაწილად და არ გამოხატავს არანაირ ინტერესს მისი არსებობისა და განვითარების მიმართ”. სონინომ ზუსტად აღწერა სიტუაცია, რომელიც მალევე იტალიაში ფაშისტური დიქტატურის დამყარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა.

საინტერესოა, რა ნაყოფს გამოიღებს თითქმის იდენტური სიტუაცია საქართველოში?!

დიმიტრი მონიავა

4 COMMENTS

  1. გეთანხმებით! და დავამატებ-ამ ქონებების გაყოფა-დათრევას ბევრი საქართველოს მოქალაქე
    ფიზიკურად შეეწირა.

  2. 25 წელია ვუყურებ ამ სიტუაციას. ვერაავინ ვერ დამაჯერებს იმაში, რომ ეროვნულ მოძრაობაში არ იყვნენ ჩანერგილი უცხო ქვეყნის აგენტები, რამაც გამოიწვია ძმათამკვლელი ომი! ასევე ვემდური კომუნისტებს, რომლებმაც ისე დაყარეს პარტბილეთები, რომ არც კი დაფიქრებულან. მთელი საქართველო ეიფორიამ მოიცვა….თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებდით, მაშინ რატომ აიკრძალა კომუნისტური პარტია???? როგორც ვიყავით-იმაზე უკეტესი რა გაკეთდა???? როგორც გამოცდილი და პოპულარული პოლიტიკოსები ამბობენ-სამართლიანობისთვის ბრძოლა ნებისმიერი ხერხის გამოყენებით გამართლებულიაო-ვეთანხმები! ძველი მოიპარეს, გაინაწილეს, გაყიდეს, დაანგრიეს-ახალი კი არ შექმნეს და არც ახლის შენების გეგმა ჰქონდა ვინმეს! უნდა გაიგონ, რომ კაპიტალიზმი საქართველოში განვიტარებას ვერ ეღირსება!!!

  3. \\\”ყველა თანასწორია,მაგრამ ზოგიერთები სხვებზე მეტად თანასწორია\\\”,აი ეს პრინციპი მოქმედებს საქართველოში,ბოლო 25წელია!

  4. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სამართლიანს ვერ ვუწოდებ, რადგანაც გამოცხადებული თანაბარი სასტარტო კაპიტალი, რომელიც ე.წ. ვაუჩერიზაციით იქნა გამოხატული, არც თუ ისე სამართლიანად ჩატარდა.ქვეყანაში დაგროვილი ქონების გადანაწილება, ქონებისა და მიწების პრივატიზაცია \\\”პრიხვატიზაციად\\\” გადაიქცა. სახელდახელოდ სასწრაფოდ შეიქმნა ვაუჩერების შემსყიდველი ცენტრები და ვითომ ბირჟის პრინციპებით დაიწყეს ფუნქიონირება… სინამდვილეში დასცეს ვაუჩერის ფასი 5-6-ჯერ, შეისყიდეს სხვადასხვა საწარმოები და მოხდა მათი შესაბამისი დასაქონლება, შექმნეს რეალური თუ ვირტუალური ბირჟები, მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ \\\”ვაუჩერ-ლიდერ-ინვესტი, დოკატო ნავთობ-ინვესტი\\\” და სხვ. მაგრამ შედეგად ვერაფერი მივიღეთ, ზოგმა თითქოს დაიწყო ფუნქციონირება, შეისყიდეს საწარმოები, ელექტროსადგურები და დაიწყეს დივიდენდების გაცემა, ზოგი კი გაიქცა, გაიტაცეს აქციები და დაიმალნენ… ჩვეთვის სამართლიანობა გაქრა საპნის ბუშტივით, ხალხი ისევ პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here