Home რუბრიკები პოლიტიკა იქცევა თუ არა საქართველო საომარ პოლიგონად?

იქცევა თუ არა საქართველო საომარ პოლიგონად?

634

რა დონეზე შეიძლება გამწვავდეს ვითარება რუსეთსა და თურქეთს შორის და, ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, იქცევა თუ არა საქართველო საომარ პოლიგონად? წყდება თუ არა საქართველოს ბედი კავკასიის ფარგლებს გარეთ? რა იქნება საქართველოს როლი მეზობლების შესაძლო სამხედრო კონფლიქტში, რა ინტერესი აქვს თურქეთს აჭარაში და რა არის ჩვენთვის მომგებიანი პოზიცია? _ ამ საკითხებზე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი სიმონ გურეშიძე გვესაუბრება.

_ რუსეთთურქეთს შორის ურთიერთობა თურქეთის მიერსუ 24”-ის ჩამოგდებამ გაამწვავა. ამ ორი სახელმწიფოს პოლიტიკა, ეკონომიკური პრობლემების გარდა, რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის?

_ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა, იქ მოქმედი დაჯგუფებების აქტივობამ და მსხვილი რეგიონული მოთამაშეების დაპირისპირებამ საქართველო, შესაძლოა, გლობალური პრობლემების წინაშე დააყენოს. რუსული “სუ-24”-ის ჩამოგდებით გამოწვეულმა ინციდენტმა, რუსეთ-თურქეთს შორის წარმოქმნილმა ბოლო დაძაბულობამ გაზარდა რისკები, რომელთა წინაშეც, შესაძლოა, სამომავლოდ დადგეს ქვეყანა. ამ ვარაუდს ამძაფრებს კიდევ ერთი საეჭვო გარემოებაც: “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის ადრესატები იყვნენ კონკრეტულად აჭარის მკვიდრი მუსლიმები. ეს გარემოება აჩენს იმის ფიქრის საფუძველს, რომ შესაძლოა, რეგიონული მოთამაშეების მიერ იგეგმებოდეს გარკვეული ცვლილებები, გადათამაშება სამხრეთ კავკასიაში და, კონკრეტულად, საქართველოში. ყარსის ხელშეკრულებაზე მითითებით, რომლის შესახებაც ერთგვაროვანი და ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, თურქეთი, აჭარის ავტონომიის ტერიტორიაზე მცხოვრები მუსლიმებისა და, საზოგადოდ, ავტონომიის გარე საფრთხეებისგან დაცვის საბაბით, შეიძლება შეეცადოს, აჭარის რეგიონში გააძლიეროს საკუთარი პოზიციები გარკვეული ნაბიჯების გადადგმით. აღნიშნული ვარაუდის პარალელურად, ბოლო პერიოდში წარმოქმნილ დაძაბულობამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სინაის ნახევარკუნძულზე რუსული ავიახაზების კუთვნილ Airbus A321-ზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გააკეთა განცხადება გაეროს მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის გამოყენების შესახებ. განცხადების თანახმად, რუსეთის მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმა აღიქმება სახელმწიფოზე თავდასხმად, რომლის შემდეგაც რუსული მხარე თავდაცვის ყველა დაშვებული მეთოდის _ სამხედრო, პოლიტიკური, სპეცსამსახურებისა და დაზვერვის გამოყენების უფლებას იტოვებს. თუკი აღნიშნულ პროცესებს დავუმატებთ იმასაც, რომ შარშან ზაფხულში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ანგარიშში საქართველო “ისლამური სახელმწიფოს” რეკრუტთა ტრანზიტულ ქვეყანად დაასახელა, თანაც უკვე ოფიციალურად არსებობს “ისლამური სახელმწიფოს” კავკასიის ვილაიეთი, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შემცველია, ეს გარემოება, თავის მხრივ, ზრდის რუსული სამხედრო და სხვა სახის გააქტიურების საფრთხეს პანკისის ხეობასა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

_ რუსეთთურქეთის ურთიერთობის გაუარესება, რომელიც, შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რა გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთზე და შემდეგ კავკასიის რეგიონზე?

_ ჯერჯერობით ვერ ვხედავ აშკარა ნიშნებს, რომ დაპირისპირება შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში. რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებით თურქეთმა გამორიცხა დასავლეთისა და რუსეთის სავარაუდო ალიანსი. თანამშრომლობა შეიძლება შედგეს, მაგრამ ალიანსი გამორიცხულია.

_ იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი თურქეთის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია, შესაძლებელია თუ არა, თურქეთის პოლიტიკურმა და დიპლომატიურმა ქმედებებმა ყარაბაღის კონფლიქტი გაამწვავოს და თუ იქონიებს ეს გავლენას ვითარებაზე ჯავახეთსა და აჭარაში?

_ მსგავსი სცენარის განვითარება თურქეთის მხრიდან ირაციონალურ ნაბიჯად მიმაჩნია, რადგან, თუ მოვლენები ასე განვითარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთს სერიოზული პრობლემა აქვს ქურთებთან. საპასუხოდ რუსეთსაც შეუძლია ქურთული ფაქტორის გამოყენება და თურქეთისთვის პრობლემების შექმნა.

_ ანტიტერორისტულმა კოალიციამ, აშშის მეთაურობით, .. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყება დააანონსა. რამდენად შეუწყობს ეს სირიის პრობლემის მოგვარებას და მოგვიწევს იქ ჯარისკაცების გაგზავნა?

_ დადებით შედეგზე ლაპარაკი ძალზე ძნელია, მით უმეტეს, თუ ერაყის მაგალითს გავითვალისწინებთ. მოვლენათა მსგავსი განვითარების შემთხვევაში, ვფიქრობ, მოგვიწევს იქ ჯარისკაცების გაგზავნა.

_ მოსკოვი ამბობს, რომ ანკარაისლამურ სახელმწიფოსასაზრდოებს. ვინ დგას ამ ტერორისტული ორგანიზაციის უკან?

_ სირიაში მიმდინარე პროცესებმა მრავალი ეჭვი გააჩინა იმის შესახებ, თუ ვინ იდგა ამ დაჯგუფების უკან და, შესაბამისად, წარმოშვა ურთიერთბრალდებათა ჯაჭვი. ირანის პირველი ვიცეპრეზიდენტი მასუმე ებთექარი, ამავე ქვეყნის დაზვერვის ყოფილი მინისტრი ჰეიდარ მუსლიჰი და სუდანის პრეზიდენტი უმარ ალ-ბაშირი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და ისრაელის “მოსადს” ადანაშაულებდნენ “ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურებაში. სირიის ნაციონალური კოალიციის ყოფილი თავმჯდომარე აჰმად ჯაბრა კი ირანს განიხილავდა ამ ორგანიზაციის ხელშემწყობად. ერაყის პრემიერმინისტრ ნური ალ-მალექის მოსაზრებით კი, აღნიშნული პროცესის უკან საუდის არაბეთი იდგა. რაც შეეხება დასავლეთს, ამერიკელი გენერალი უესლი კლარკიც კი საუდის არაბეთის სამეფო კარს ასახელებდა “ისლამურ სახელმწიფოს” მთავარ ხელშემწყობ ძალად. მისი აზრით, საუდის არაბეთის ინტერესებში შედიოდა “ჰიზბ ალ-ლაჰის” დასუსტება, რის გამოც ისინის “ისლამურ სახელმწიფოს” აფინანსებდნენ. რადიკალური ისლამი, როგორც მოვლენა, გენერალ კლარკისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, მას მაგლითად მოჰყავდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ რადიკალი ისლამისტების დახმარებით მიღწეული გამარჯვება და მსგავს პრაქტიკას იგი დასაშვებად მიიჩნევდა. ცნობილი ჟურნალისტი პატრიკ კოკბერნი, ავტორი წიგნისა: “ჯიჰადისტთა დაბრუნება; ხალიფატი და ახალი სუნიტური აჯანყება”, საუდის არაბეთს განიხილავდა “ისლამური სახელმწიფოს” მთავარ ხელშემწყობ ძალად და თავის განცხადებებში ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობოდა, რომელთა თანახმად საუდელებს, დიდი ხანია, ჰქონდათ ერაყში შეღწევისა და გამაგრების გეგმა. პროცესებზე ხანგრძლივი დაკვირვება და რიგი ანალიტიკოსების მოსაზრებები მოწმობს იმას, რომ, რომელი ქვეყანაც უნდა იღებდეს გარკვეული დაჯგუფებების აქტივობიდან სარგებელს, მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის დაჯგუფება იმ ქვეყანამ ჩამოაყალიბა, რომელიც შექმნილი სიტუაციით უპირატეს პოზიციებს იკავებს სხვებთან შედარებით. საზოგადოდ, საკითხი უნდა დაისვას არა ისე, ვინ დგას მოვლენების უკან, არამედ რა წარმოშობს პრობლემებს და რამ განაპირობა მიმდინარე პროცესების ესკალაცია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილმა და გამოცდილმა დიპლომატმა ლახდარ ბრაჰიმმა, რომელიც თავის დროზე სპეციალური წარმომადგენლის რანგში იყო მივლენილი ავღანეთსა და სირიაში და დაახლოებულია გარკვეულ პოლიტიკურ წრეებთან ვაშინგტონში, მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ერაყში განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ განაპირობა “ისლამური სახელმწიფოს” წარმოქმნა. მოგვიანებით მან დააზუსტა: “მე არ ვგულისხმობ, რომ აშშ-მა შექმნა “ისლამური სახელმწიფო”, მაგრამ შტატების სამხედრო ოპერაციის შემდეგ შეიქმნა სიტუაცია, რომელმაც გააძლიერა ერაყში “ალ ქაიდა” და “ისლამური სახელმწიფო” მიმდინარე პროცესების პარალელურად. დასავლური პრესა აქვეყნებს ინფორმაციას თურქეთის მხრიდან “ისლამური სახელმწიფოს” რეკრუტებისთვის დერეფნის გახსნასა და ირიბ ხელშეწყობაზე. 2015 წლის მაისის დასაწყისში, ბრიტანული გამოცემა The Guardian -ის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ტაჯიკეთის მრავალი მოქალაქე შეუერთდა “ისლამური სახელმწიფოს” რიგებს, რომლებმაც სირიაში ჯერ მოსკოვის და შემდგომ თურქეთის გავლით შეაღწიეს. The Guardian-ის მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, მოხალისეებს თურქეთ-სირიის საზღვარზე ხვდებოდნენ “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლები, უტარებდნენ სპეციალურ ინსტრუქტაჟს და დროებით ათავსებდნენ ღაზიანტეპში _ თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში.

ესაუბრა ნატა ხორავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here