Home რუბრიკები პოლიტიკა კოაბიტაციას შეწირულები ანუ გაუხსნელი კრიმინალური საქმეების ქრონიკა

კოაბიტაციას შეწირულები ანუ გაუხსნელი კრიმინალური საქმეების ქრონიკა

858

“ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანმა მმართველობამ უამრავი გაუხსნელი სისხლის სამართლის საქმე, დაუსჯელი დამნაშავე, უსამართლოდ დასჯილი ადამიანი და უსამართლობის განცდა დაუტოვა ქართველ საზოგადოებას. 

სამწუხაროდ, დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ვერც ახალი ხელისუფლების მოსვლიდან სამი წლის შემდეგ მოხერხდა. გახმაურებული მკვლელობების საქმეები, რომლებმაც თავის დროზე საქართველო შეძრა, დღემდე ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიდა. არადა, დრო გამოძიების სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს. დანაშაულში ეჭვმიტანილმა რამდენიმე პირმა უკვე დატოვა ქვეყანა და თავი უცხოეთს შეაფარა, დაღუპულთა ოჯახები კი, წლებია, სამართალს უშედეგოდ ეძებენ

* ხელისუფლების სათავეში ნაციონალების მოსვლიდან ერთ წელიწადში, 2004 წლის 23 ნოემბერს, 19 წლის ბუტა რობაქიძე დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. საპატრულო პოლიციის იმიჯის გადასარჩენად, მოწმეების მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანეს და მტკიცებულებები გააყალბეს. ყველაფერი ისე მოაწყვეს, თითქოს პოლიციამ შეიარაღებული ყაჩაღური დაჯგუფების წევრი წინააღმდეგობის გაწევის მომენტში მოკლა. როგორც ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიების მასალებიდან გაირკვა, მას მანქანიდან გადმოსვლის მომენტში ესროლეს, როდესაც ხელები აწეული ჰქონდა. დანაშაულის დაფარვის საქმეში შს სამინისტროსა და პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.

სოსო რობაქიძე, ბუტა რობაქიძის მამა:

_ უკვე სამი წელია, განახლებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე, პირველ ეტაპზე, ავად თუ კარგად, გამოიძიეს, მოსამართლეს შეუძლია დანიშნოს პროცესი და ორ-სამ თვეში დარსულდეს საქმე, მაგრამ მოსამართლე დროს შეგნებულად აჭიანურებს. შეიძლება მოსამართლე ხუთ თვეში ერთხელ ნიშნავდეს პროცესს?! უნდობლობას ვუცხადებ მოსამართლე მგელიაშვილს და მის აცილებას ვითხოვ, რათა სასამართლო ნორმალურად ჩატარდეს. სასამართლო პროცესზეც კი აშკარად ჩანს, ვის მხარეზეა მოსამართლე.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/jvania_8322.jpg

* საქართველოს პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამ იმთავითვე გააჩინა უამრავი კითხვა, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია. 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია რაულ იუსუპოვთან ერთად საბურთალოზე მდებარე ერთერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, პრემიერის სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა _ ბუნებრივი აირის გაჟონვა, მაგრამ ამ ვერსიას ოჯახი დღემდე კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ პრემიერის გარდაცვალება ინსცენირებული იყო. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წელს დაიწყო _ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. და, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის დაცვის წევრებს 2014 წელს მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო ბრალი წარუდგინეს, დღემდე გაურკვეველია, რა მოხდა სინამდვილეში 2005 წლის თებერვალში.

გოგლა ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ძმა:

_ ახალს ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, გამოძიება მიმდინარეობს, საინტერესო დეტალები იკვეთება და იმედი მაქვს, მალე პროკურატურა დასკვნას გაასაჯაროებს.

_ აქამდე რატომ ვერ მივიდა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე?

_ ჯერ ერთი, საქმე უკვე დიდი ხნის წინათ მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. ამ დროის განმავლობაში კი ბევრი მასალა გააყალბეს, ეს, ბუნებრივია, გამოძიების პროცესს აფერხებს, თუმცა სიმართლის დადგენას შეუძლებელს არ ხდის. მიმაჩნია, რომ დღეს ამ საქმის გახსნის ყველა წინაპირობა არსებობს. ვიმედოვნებ, მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/enuqidsis_dzegli_.jpg

* ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მომხდარი მკვლელობებიდან ყველაზე ხმაურიანი იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. ამ შემთხვევამ, დემოკრატიისა და სამართლიანობის დამცველის სახელით მოსულნაციონალებისხელისუფლებას სერიოზულად შეურყია ავტორიტეტი და ხელისუფლების მაღალჩინოსნების თავგასულობა გამოააშკარავა. 2006 წლის 28 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა, შარდენის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო, სანდრო გირგვლიანსა და მის მეგობარს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს. 28 წლის ახალგაზრდის ნაწამები სხეული ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. შვილის სიკვდილს დედის _ ირინა ენუქიძის სიცოცხლეც შეეწირა. დედისა, რომელიც დაუღალავად ითხოვდა დამნაშავეების დასჯას. რამდენიმე დღეში სანდრო გირგვლიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან 10 წელი შესრულდება, ხელისუფლებაშინაციონალებიაღარ არიან, მაგრამ საქმე კვლავ დაუსრულებელია

გურამ გირგვლიანი, სანდრო გირგვლიანის მამა:

 _ სანდროს საქმე რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, ოქროყანის ეპიზოდი ცალკეა გამოყოფილი, ამიტომ ჯერჯერობით ამ საქმეზე რამის თქმა, ვფიქრობ, ნაადრევია. გამოძიება მიმდინარეობს და ველოდებით მის დასრულებას. წინა ხელისუფლების დროს გამოძიება სულ სხვა კუთხით წარიმართა, ვინაიდან მისი მიზანი იყო, იმ ცნობილი სუფრის წევრებიდან არავინ დასჯილიყო. მაგრამ მელნიკოვმა უკვე ორჯერ აღიარა, რომ სანდროს წამების შეკვეთა სწორედ იმ სუფრიდან და პირადად თაკო სალაყაისგან მოდიოდა. მოგეხსენებათ, ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, უკვე სცნეს ბრალდებულად. ახლა ველოდებით დათა ახალაიას სასამართლო პროცესს და მოვითხოვთ, დაისაჯოს მთავარი დამნაშავე _ თაკო სალაყაია, რომელიც მელნიკოვმა ღიად დაადანაშაულა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/iuri-vazagaSvili.jpg

* 2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ჩაცხრილეს. 9 წლის შემდეგ კი, 2015 წლის 20 იანვარს, ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, რომელიც 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დამნაშავეებს ეძებდა და ყოფილ თუ ახალ ხელისუფლებას დამნაშავე პოლიციელების დაწინაურებაში ამხელდა, შვილის საფლავზე ააფეთქეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/guram-sharaZe.jpg

* აკადემიკოს გურამ შარაძეს 2007 წლის 20 მაისს თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, ზურგში ხუთი ტყვია ესროლეს. გამოძიების პირველადი ვერსიით, მკვლელობა ვინმე გიორგი ბარათელმა ჩაიდინა, მაგრამ აკადემიკოსის ოჯახი გამოძიების თავდაპირველ ვერსიას არ დაეთანხმა და წელიწადნახევრის წინათ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის მაისში საქმე ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეც დღემდე გამოუძიებელია.

რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი:

_ გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება ოფიციალურად 2014 წლის ივლისში დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, საკმარისი ყოფილა ის მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ არჩილ კბილაშვილის პროკურორობისას წარვადგინეთ, ახალაღმოჩენილ გარემოებებად ჩათვლილიყო. მიუხედავად ამისა, არჩილ კბილაშვილის პროკურატურამ თითქმის ორი წელი დაგვაკარგვინა.

მკვლელობიდან დიდი დრო გავიდა და ბევრმა მოწმემ _ დანაშაულის შემსრულებელმა თუ თანამონაწილემ _ ქვეყანა დატოვა. ქვეყნიდან გაიქცნენ არა მხოლოდ ისეთი “ჭანჭიკები”, როგორებიც იყვნენ მეგის ქარდავა, კოხტა თოდუა და სხვები, არამედ მთავარი დამნაშავეები და მკვლელობის ორგანიზატორებიც კი სააკაშვილისა და დათა ახალაიას მეთაურობით. რაც შეეხება მოწმეებს, ისინი საკმაოდ ჰყავს ამ საქმეს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღემდე იმალება და სიმართლეს არ ამბობს.

_ ხელისუფლება ხომ შეიცვალა, როგორ ფიქრობთ, რისი ეშინიათ ამ ადამიანებს?

_ დიახ, ხელისუფლება შეიცვალა და, წესით, ამ მოწმეებს არ უნდა ეშინოდეთ. ზოგჯერ ძალიან ვბრაზდები და ასეთი საქციელი უპასუხისმგებლობად მიმაჩნია, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებულ სიტუაციაში მათიც მესმის. მაშინ, როდესაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარ სახლთან მოკლეს, ახლახან კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლული იპოვეს, მათი შიში გასაგებია, მაგრამ მე მათ ადგილზე მაინც სხვანაირად მოვიქცეოდი. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მოვუწოდო მათ, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობისგან დღემდე თავს იკავებს, მოვიდნენ, მათი ვინაობა კონფიდენციალური დარჩება. თუ ვინმეს ეშინია, რომ დანაშაულის დაფარვისთვის დაისჯება ან იმისთვის, რომ მინიმალურად მაინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ვპირდები, ოღონდ სიმართლე თქვან და ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დაისაჯონ.

_ ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურამ შარაძის მკვლელობის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, ამის მიუხედავად, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ მივიდა გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე?

_ ვერ ვიტყვი, რომ გამოძიება წინ არ მიდის, მაგრამ საქმეს რამდენიმე ფაქტორი აფერხებს: ერთი, როგორც გითხარით, არის მოწმეების დუმილი, მეორე _ სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” შეგნებულად თუ შეუგნებლად მალავს გარკვეულ ინფორმაციას და ამას ემატება პროკურატურის დაბნეულობა, კბილაშვილის მოღალატეობრივი საქციელი, ათასი ჩანერგილი არაპროფესიონალი და, ბუნებრივია, ამ ყველაფერმა გამოძიებაზე გავლენა იქონია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მკვლელობიდან დიდი დრო გავიდა. მიუხედავად ამისა, აქტიურად მუშაობენ გამომძიებლები. მე ინტენსიურად ვხვდები მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს; არის სიახლეები, უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე საუბრის უფლება ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ იმედიანად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, სიმართლე ადრე თუ გვიან აუცილებლად გაირკვევა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/gamcemlidze_8081.jpg

* 2008 წელს 31 წლის გიორგი გამცემლიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სიცოცხლეს გამოასალმა. პოლიციის ვერსიით, გარდაცვლილი შეიარაღებული იყო, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ იარაღზე გამცემლიძის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ვახტანგ აბუაშვილი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის (116- მუხლით) გაასამართლეს და ორი წელი მიუსაჯეს. დაღუპულის ოჯახი განზრახ მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

ჯამბულ გამცემლიძე, გიორგი გამცემლიძის მამა:

_ ჩემი შვილის საქმეში ფიგურირებდა იარაღი, რომლის წარმომავლობაც ვერაფრით დაადგინეს. სისხლის სამართლის საქმე უსასრულოდ გაჭიანურდა და როდის დასრულდება, უფალმა უწყის. შარშან ამ დროს, როდესაც იური ვაზაგაშვილი დაიღუპა, ვინაიდან ჩვენ მეგობრები ვიყავით და ერთად ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლე”, პროკურატურაში დამიბარეს. პირადად შევხვდი ყოფილ და ახლანდელ პროკურორებს _ გიორგი ბადაშვილსა და ირაკლი შოთაძეს. ძალიან კარგად შემხვდნენ და პროკურატურიდან დაიმედებული წამოვედი, ვიფიქრე, ჩემი შვილის საქმე მალე დასრულდებოდა და სიმართლე გაირკვეოდა, მაგრამ ვითარება დღემდე არ შეცვლილა.

_ რა არის ამის მიზეზი?

_ ვფიქრობ, შესაბამისი პოლიტიკური ნება არ არსებობს. თუმცა, ვის არ აქვს ეს ნება და კონკრეტულად ვის არ სურს ამ საქმის ობიექტური გამოძიება, არ ვიცი. ფაქტია, რომ საქმე არ სრულდება, არადა, ორ კვირაში შეიძლება სიმართლის გარკვევა, რადგან ეს საქმე თავიდანვე “თეთრი ძაფით” იყო შეკერილი. ფაქტობრივად, ყველაფერი იმთვითვე ცხადი იყო _ მკვლელმა, უბრალოდ, აიღო იარაღი და მოკლა ჩემი შვილი.

_ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი უკვე თავისუფალია?

_ დიახ, ორი წელი იჯდა ციხეში და ახლა საქართველოდან წასულია, როგორც შევიტყვე, ცოლიც შეურთავს და პოლონეთში სეირნობს. ჩემი გიორგის გარდაცვალებიდან კი 8 მაისს უკვე რვა წელი სრულდება…

გულიკო გამცემლიძე, გიორგი გამცემლიძის დედა:

_ გამოძიება კარგად მიმდინარეობდა, კმაყოფილი ვიყავით, მაგრამ მოულოდნელად ზაფხულში გამომძიებელი დააწინაურეს და საქმე გადაეცა ახალ გამომძიებელს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდით. შევხვდით ახალ გამომძიებელსაც, მაგრამ ზაფხულის შემდეგ საქმეში სიახლე არაფერია.

სხვათა შორის, უარი განვაცხადეთ “ახალგაზრდა იურისტების” ადვოკატზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარც მედიას ვაძლევდით კომენტარს და სრული თავისუფლება მივეცით პროკურატურას; მაინტერესებდა, როგორ იმოქმედებდა გამოძიება, მაგრამ შეიძლება ითქვას, ჯერჯერობით საქმე ძალიან მდორედ მიმდინარეობს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/archil-choxeli.jpg

*2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული არჩილ ჩოხელის ოჯახი სიმართლის გარკვევასა და დამნაშავეების დასჯას დღემდე უშედეგოდ მოითხოვს. საქმეში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო დეტალების გამო, დაღუპული სპეცრაზმელის ახლობლები ეჭვობენ, რომ არჩილ ჩოხელი მოკლულია. ოჯახი პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და დათა ახალაიას აკისრებდა და, მიუხედავად იმისა, რომ, საქმის გამოძიების მიზნით, საქართველოს პარლამენტსა თუ სახალხო დამცველის ოფისში სპეციალური საგამოძიებო კომისიებიც კი შეიქმნა, ზემოთ ჩამოთვლილი საქმეების მსგავსად, გარდაცვლილი ახალგაზრდა სპეცრაზმელის საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული.

ხათუნა ჩოხელი, არჩილ ჩოხელის და:

_ საქმეში სიახლე არაფერია. გვეუბნებიან, მიმდინარეობს გამოძიებაო. რით ვერ გამოიძიეს საქმე, როცა უკვე მეოთხე წელი დაიწყო, გაუგებარია. ჯერჯერობით ოჯახს ჩემი ძმის გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნაც არ გვაქვს.

_ ხელისუფლება შეიცვალა, რატომ არ მიდის საქმე წინ?

_ ვერ გეტყვით. მართალია, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ისევ არიან სხვადასხვა თანამდებობაზე. ფაქტია, საქმე გაჩერებულია და წინსვლა არ ჩანს. ერთი წლის წინათ ხელმეორედ მივმართე პროკურატურას, მაგრამ შედეგი ისევ არ მოჰყოლია. გამომძიებლის აცილებაც მოვითხოვეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.

თავდაპირველად სიმართლის გარკვევის დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ უკვე ეს იმედიც თითქმის გადაგვეწურა, რომ ამ საქმეს ოდესმე ნათელი მოეფინება. ძალიან კარგად იციან, ვინ არის მკვლელობის შემკვეთიცა და შემსრულებელიც, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი ადამიანია ამ ამბავში გარეული და სიმართლის დადგენა ვიღაცებს ხელს არ აძლევთ.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here