Home რუბრიკები პოლიტიკა არ გათეთრდება ყორანი…

არ გათეთრდება ყორანი…

611

აშშის ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) საქართველოს ოფისმა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მონაწილეობას მიიღებდა გამოკითხულთა 64%, მათგან ხმასქართულ ოცნებასმისცემდა 16%, “ნაციონალურ მოძრაობას” _ 10%, “თავისუფალ დემოკრატებს” _ 7%.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისს, როგორც ჩანს, დირექტორის შეცვლამ ვერაფერი უშველა და ვერც უშველის, რადგან ეს ორგანიზაცია, რომელსაც ადრე დირექტორობდა ქართველი საზოგადოების ნერვებმომშლელი ლუის ნავარო, წლების განმავლობაში მხარს უჭერდა აშშ-ის “ძაღლიშვილებს”, ანუ ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილ “ნაციონალურ მოძრაობას”, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, და აშშ-ის ინტერესების დასაცავად შავზე თეთრს ამბობდა და პირიქით.

ვითარება არც ნავაროს წასვლისა და მის ადგილას ლორა ტორნტონის მოსვლის შემდეგ შეცვლილა. ამა წლის მაისში, ენ-დი-აის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, “ნაციონალურ მოძრაობას” მხარს უჭერდა 13%, ხოლო “ქართულ ოცნებას” _ 11% (?!), ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაერთიანებას კი _ 31%. ახლა კი ენ-დი-აიმ ფირფიტა ნახევრად გადმოაბრუნა და “ნაცმოძრაობას” (ამერიკელთა აზრით, მთავარ ოპოზიციურ ძალას) 10% დაუწერა, “ქართულ ოცნებას” კი _ 16%. აი, დასავლეთისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხზე კი _ ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი? _ მონაცემი 4%-ით შეამცირა…

სახელგატეხილი ენდიაის კვლევებს ქართველი საზოგადოება, დიდი ხანია, აღარ ენდობა. ამ .. ორგანიზაციის მიკერძოებულობა ნათლად გამოჩნდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ნავაროს ოფისმა 42%-იანი მხარდაჭერა უწინასწარმეტყველა სააკაშვილისნაცმოძრაობას”, “ქართულ ოცნებასკი _ 10%-იანი. არჩევნების შედეგები კი ყველას კარგად გვახსოვს: მიუხედავად იმისა, რომ ენდიაის წარმომადგენლები ამბობდნენ, ჩვენს კვლევებში ცდომილება მხოლოდ პლუსმინუს 3 პროცენტიაო, 2012 წლის არჩევნებში ეს ცდომილება 50% იყო.

ალბათ, ასეა დღესაც, მაგრამ რა ქნას ამ ე.წ. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა _ აშშ-ის ინტერესების დასაცავად და თავიანთი “ძაღლისშვილის” მხარდასაჭერად შავზე თეთრიაო, ხომ უნდა თქვას?!

ასეა, არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა!

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here