Home რუბრიკები ბლოგი “თოვლის ბაკურას” საახალწლო “ფიფ-ქ-რ-ები” ანუ რა ვერ გვასწავლა განვლილმა წელმა

“თოვლის ბაკურას” საახალწლო “ფიფ-ქ-რ-ები” ანუ რა ვერ გვასწავლა განვლილმა წელმა

718

წინამდებარე გაზეთი 2015 წლის ბოლო ნომერიაო, _ შემატყობინეს რედაქციიდან. 30 დეკემბერს რედაქცია დაისვენებს და მოდევნო ნომერი უკვე 2016 წელს გამოვა. ამან ცოტა გადამახვევინა საგაზეთო პუბლიკაციის წინასწარ ჩაფიქრებული კურსიდან და, თუმცა ბანალურია, მაინც მომინდა გააზრება, ერთგვარი შეჯამება, რა გვასწავლა გასულმა 2015 წელმა და რას გავაკეთებთ ახლებურად, უკვე ჭკუანასწავლები, 2016 წელს?

აი, სწორედ ამაზე დაფიქრებამ მომცა ის იდეა, რომლითაც ნაკარნახევი იქნება ჩემი ეს წერილი. კერძოდ, რაც მეტი ვიფიქრე, მით უფრო დავრწმუნდი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ვერც ვერაფერი ისწავლა თხის 2015 წელს და ისეთი პირი უჩანს, მაიმუნის 2016-საც ისევ “ხბოებად”, ანუ ყველაფრით აღტაცებულები შევხვდებით!

მოკლედ, მინდოდა, დამეწერა ის 4 ძირითადი რამ, რაც გვასწავლა განვლილმა 2015 წელმა, მაგრამ რეალურად ისე გამოდის, რომ ვწერ პირიქით _ რა ვერ გვასწვალა ვერც გასულმა, ვერც იმის წინ გასულმა, ვერც იმის წინის წინ გასულმა წელმა, ვერც გასულმა 25-მა წელმა დასავარაუდოდ, ეს თვისებები ისე მყარად არის საზოგადოებაში გამჯდარი, რომ, სამწუხაროდ, ვერც მომავალი 25 წელი გვასწავლის ვერაფერს, ალბათ

აქვე აუცილებლად მინდა, ხაზი გავუსვა: “საზოგადოება” ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ამ საზოგადოების ყოველ წევრს განვიხილავ გონებაჩლუნგად. არა, მთელი საზოგადოების, ერისა და ხალხის გალანძღვა არც მიფიქრია. უბრალოდ, ფაქტია, როდესაც საზოგადოების თუნდაც 10-15 პროცენტი მაინც ელემენტარულ აქსიომებს ვერ აცნობიერებს და ჭკუას ვერ სწავლობს, როდესაც საზოგადოების თუნდაც 10-15 პროცენტი ჯერაც ძალიან მძიმე იდიოტურიკლიშეებითაზროვნებს, ეს, სამწუხაროდ, მთელ საზოგადოებაზე აისახება და ამ მძიმედ კრეტინი 10-15 პროცენტის სიკრეტინის გამო მთელი საზოგადოება მწარედ აგებს ხოლმე პასუხს

ასე რომ, სადაც სიტყვა “საზოგადოებას” გამოვიყენებ, იგულისხმეთ, რომ, აი, იმ 10-15 პროცენტს ვგულისხმობ, ვისი გონების ერთ ადგილზე უიმედოდ გაყინვის გამოც, ჩვენ _ მთელი ქართველი საზოგადოება, უკვე 25 წელიწადია, “წისქვილის ქვის” ქვეშ ვცხოვრობთ და, როგორც ჩანს, ეს “ქვა” ჩვენს თავზე კიდევ არაერთ წელიწადს იბრუნებს!

1. ნისკარტმოუცვეთელნი

ამით იმიტომ ვიწყებ, რომ ეს “გასართობი”, როგორც ჩანს, საზოგადოებას ყველაზე მეტად იზიდავს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც “წყაროს” პირას სხედან და “ჩიტების” ჭიკჭიკს უსმენენ. შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებით ჭიკჭიკებენ, რაც “ნისკარტზე” მოადგებათ და მთელ ქვეყანას ჟრჟოლას, ძრწოლას, ზანზარსა და დგანდგარს ჰგვრიან. უფრო რომ გავამარტივოთ, მთელი წლის განმავლობაშიც და ამ ახალი წლის მიჯნაზეც “ნისკარტმოუცვეთლობაში” ტოლი არავის დაუდო ორმა “მოჟურნალისტო” არსებამ _ ელისო კილაძემ და ალეკო ელისაშვილმა.

მთელი წლის განმავლობაში მათი “ნისკარტები” არ დადუმებულა და გამუდმებით ყურადღების ცენტრში იყვნენ ქართული მედიისა თუ პროკურატურის მხრიდან. თემა? _ რა გინდა, სულო და გულო! დაწყებული ჩვეულებრივი შიდაკულუარული “სკანდალებითა” და კონკრეტული ჩინიანი პირების კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებებით.

საზოგადოება? სწორედ ეგაა მთავარი! საზოგადოება შესამჩნევად რომ იყოს გაზრდილი და 2015 წელს ან წინა წლებში ოდნავ მაინც ესწავლა რამე, მსგავსი სამარცხვინო ჭორაობები .. სერიოზული მედიის მთავარ გამოშვებებში ვერ მოხვდებოდა. საზოგადოებას ჯერაც იზიდავს სრულიად ამაზრზენი და არასერიოზული პერსონები და შესაბამისად _ მედიაც უხვად აწვდის მათ ამ საზოგადოებას

დამამტკიცებელი რაიმე საბუთი? _ რა საჭიროა! მთავრია, უხვად იყოს სიტყვები “ზეწოლა”, “კორუფცია”, “ქრთამი” და მისთანანი. და, რაც მთავრია, “ჯადოსნური” ფრაზა: მე მაქვს უფლება, არ დავასახელო წყარო _ და მორჩა! შეგიძლია, ვინმეს ბავშვების დახოცვაში, დანაწვერებასა და მათ შეჭმაში დასდო ბრალი?_ “მამხილებლის”, “გმირის”, “სიმართლისთვის მებრძოლის” სახელი გარანტირებული გაქვს!

ქართული ფილმის, “ნატვრის ხის”, პერსონაჟი პატარა ბიჭისა არ იყოს, “ილაპარაკოს! ნისკარტი მოუცვდება თუ რა?!” _ აი, ასეა დღეს საქართველოში გინდ პოლიტიკური და გინდ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამბავი.

დასკვნა: ნისკარტმოუცვეთელთა გარეშე არც 2016 წელი ჩაივლის! პირიქით _ შეიძლება მათი რაოდენობა ერთიორად გაიზარდოს კიდეც!

2. საჯარო ტანჯულნი

თუკი ნისკარტმოუცვეთელნი, ძირითადად, მედიის წარმომადგენლები ანდა ჯერაც სასურველ თანამდებობაზე ვერწამოსკუპებული პოლიტიკოსები არიან ხოლმე, საჯარო ტანჯულთა კატეგორიას უკვე კარგად მომჯდარი, თვითკმაყოფილი, საკუთარ თავს რომ წარმატებულებს უწოდებენ, აი, ისეთი ადამიანები მიეკუთვნებიან.

საუბარია უმაღლესი და მაღალი ჩინის საჯარო მოხელეებზე. უკვე კარგა ხანია, “მოდაშია” მათ მიერ “ხალხზე ამაგდარის” და “ხალხისთვის წამებულის” ტიტულის მითვისება და ამ მხრივ არც “ოცნების” ხელისუფლებაა გამონაკლისი. ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე დაწყებული მოთქმა-გოდება 2015 წელსაც შეუჩერებელი ინერციით გაგრძელდა. რა აღარ მოვისმინეთ:

ჩვენ მინიმალური ანაზღაურებით საშვილიშვილო საქმეს ვუკეთებთ ქვეყანას!”, “თქვენ რომ გგონიათ, კაბინეტებში კომფორტულად ვზივართ, სინამდვილეში აქ ჯდომა ძალიან დიდი სასჯელია!”, “ნურავის გეგონებათ თანამდებობრივი სავარძელი რბილი და თბილი! ის მძიმე და ეკლიანია!” და კიდევ სხვა მსგავსი სისულელეები, რომლებიც, უკვე 25 წელიწადია, გვესმის და, მიუხედავად მათი წარმომთქმელების ცვლილებისა, შთაბეჭდილება ისეთია, რომ ეს ადამიანები მხოლოდ სხეულებს იცვლიან ხოლმე, კონკრეტულ თანამდებობებზე კი სულ ერთი და იგივე რჩება და ის, უბრალოდ, ერთი სხეულიდან მეორეში გადადის.

მოკლედ, ნისკარტმოუცვეთლების ბრალდებების საპასუხოდ, “საჯაროდ ტანჯულნიარა მხოლოდ ამ ბრალდებებს უარყოფენ, არამედ აქით გვაყვედრიან კიდეც თავიანთ თავს _ “ჩვენ თქვენთვის ვეწამებით და ვიტანჯებით ამ კაბინეტებში, ჯიპებსა და სავარძლებში, თქვენ კი ასე უმადურებივით მოგვდგებით და გვაკრიტიკებთ, არ გრცხვენიათო”?

ფრიად საწყენია, რომ საჯაროდ ტანჯულნი ისე გადაყოლილნი არიან საქვეყნო საქმეს, რომ მათ გაგონებაც კი არ უნდათ ხალხის ხმისა _ თუკი ასე ძალიან იტანჯებით, ძალით ხომ არავინ შეგრეკათ მაგ სულიუსშემხუთავ კაბინეტებში, ძალით ხომ არავინ ჩაგსვათ მაგ ეკლებიან სავარძლებში და ძალით ხომ არავინ დაგატარებთ მაგ საშინელი ბოლო მოდელის ჯიპებით, _ წადით სახლებში და სხვებს დაუთმეთ ასპარეზიო!

არა! ამ ადამიანებს თავი საწამებლად აქვთ გადადებული და ბოლომდე უნდა შეეწირონ ხალხის კეთილდღეობას! არც იმის პირი უჩანს საქმეს, რომ ვინმე მადლიანი მათ ძალით აადღლიზავს ეკლიან სავარძლებს, გამოათრევს ამ სულისშემხუთავი კაბინეტებიდან და გადმოიყვანს იმ საშინელი ჯიპებიდან…

ამიტომ 2016 წელსაც არ მოგვაკლდებიან საჯაროდ წამებულნი! და მათივესახელფასო დანამატებისკიდევ უფრო გაზრდის კვალდაკვალ, ვეცადოთ, ვინძლო სატანჯველი მაინც შევუმსუბუქოთ.

3. საყოველთაოდ მოზეიმენი

კიდევ რა დაგვჩემდა ამ 25 წელიწადის განმავლობაში? აჰ, ჰო _ ყველაფრის ზეიმი! თანაც ისე, ჩვენთვის, ვიწრო წრეში ზეიმი კი არა, არამედ ზეიმი პომპეზური, დიდი, დაუსრულებელი, “საყოველთაოს” რომ ვუწოდებთ ხოლმე, ეგეთი!

რა არ ვიზეიმეთ ამ 25 წლის განმავლობაში: მოსკოვში რომ “9 აპრილის მომწყობ გორბაჩოვს დედა უტირეს”, ჯერ ეგ ვიზეიმეთ; მერე მალევე რომ “საბჭოთა კავშირის დამანგრეველი და ნობელის პრემიიის ლაურეატი” გორბაჩოვი გაათავისუფლეს და პუტჩისტ იანაევს რომ “დემოკრატმა” ელცინმა მოუგო, ეგ ვიზეიმეთ; მერე ეროვნული ხელისუფლების ზარბაზნებით გაგდება ვიზეიმეთ; მერე “მსოფლიო წონის პოლიტიკოსის” ჩამოსვლა ვიზეიმეთ; “ფსოუზე წყლის დალევა” ვიზეიმეთ; “ეს-ენ-გე-ში” არშესვლა ვიზეიმეთ; მერე მაინც შესვლა ვიზეიმეთ; მერე მსოფლიო დონის პოლიტიკოსისთვის გამზადებული ჩაის ვარდებიანი ბიჭის მიერ “შეხვრეპა” ვიზეიმეთ; “რუსეთის აგენტების” დაპატიმრებებიც ვიზეიმეთ; რუსეთში ჩვენი გლეხებისთვის სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გაყიდვის აკრძალვაც ვიზეიმეთ და სოხუმ-ცხინვალის “სახელოვანი” დაკარგვაც სულ ტაშ-ფანდურით აღვნიშნეთ; მერე, აი, იმ “ჩაიხვრეპია ვარდებიანის” მოშორება-გაგდებაც ვიზეიმეთ და მილიარდერ-”უჭკვიანეს-ყველაფერშიკის” მოსვლაც; მერე ის ვიზეიმეთ, რომ მეოთხე მესამეს უნდა ჯობდეს თუ მესამე მეორეს თუ პირიქით… და ახლაც ვზეიმობთ!

რას ვზეიმობთ?

გახსოვთ, ადრემე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელირომ ვიზეიმეთ? ჰოდა, აი, მაგის გაგრძელებას ვზეიმობთ ახლა! უფრო კონკრეტულად _ “მე ვარ ქართველი, მაშასადამე სუ ფეხებზე მკიდია უკვე ვიზა”- ვზეიმობთ! კიდევ უფრო ზუსტად _ “90 დღე არ მინდა ვიზა, თორემ 90 დღის მერე ზუსტად ისე გამომაპანღურებენ ევროპიდან, როგორც აქამდე მაპანღურებდნენ, არც მუშაობის უფლებას მომცემს ვინმე და არც სწავლის” _ აი, ამას ვზეიმობთ და თან როგორ პომპეზურად, თავისი განათებებით, შეხტომაშეკუნტრუშებებით, წინ მკერდი უკან გავა გაჯგიმვებით, აი, “საყოველთაოსრომ ვეძახით ხოლმე, ეგრე ვზეიმობთ ზუსტად!

2016-ში რაღას ვიზეიმებთ? _ რა საკითხავია?! ახლა ხომ ვზეიმობთ იმას, რაც 6 თვის მერე ან იქნება ან არა? ეგ ხო სწორედ 2016 წელს უწევს? ჰოდა, მაგას ვიზეიმებთ ახლაც!

თუ არ გამოვიდა, აი, რომ არ გამოვიდა ჯერ და მალე რომ მაინც გამოვა, იმას ვიზეიმებთ! რა, ჯერაც არ გვიზეიმია მსგავსი და უარესი იდიოტობები თუ რა?!

აკი, იმასაც ვზეიმობთ, პუტინს რომ უთქვამს, _ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლისთვის მზად არის რუსეთიო. იქითაც გაიღო, აქეთაც გაიღო და გაგვიარა ფერდებში და ეგაა!

მოკლედ, დასკვნა აქაც ერთია: 2016 წელსაც ბლომად რამე გვექნება საზეიმო!

4. ყველაზე ფულიანი _ ყველაზე ჭკვიანი

უნდა დამეთანხმოთ, ისევე, როგორც 2012 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს _ ამ ერთ კაცს ამ 2015 წელსაც ეკუთვნის თუნდაც მომცრო, მაგრამ მაინც ცალკე ქვეთავი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ ეკუთვნის, რომ ისევე, როგორც ბოლო 3 წელიწადია, მიმდინარე წლის ბოლოსაც, ანუ სულ ორიოდე დღის წინათ, “სი-ენ-ენის” საიტმა ისევ დადო გასართობი საახალწლო აპლიკაცია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეხუმროს მეგობარს. ხუმრობა შემდეგში მდგომარეობს: თქვენ შეგიძლიათ, შეადგინოთ წლის “მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან” ადამიანთა სია და გამოაქვეყნოთ. პირველ ნომრად, თუ გნებავთ, თქვენი რომელიმე “ჭკუით დაპენტილი” მეზობელი ჩაწერეთ ან ცხონებული ბებიათქვენი, ეს, უბრალოდ, საახალწლო გართობაა და სხვა არაფერი.

თუმცა, უკვე მესამე წელია, “სი-ენ-ენის” ამ უწყინარი საახალწლო გართობით ბოროტად სარგებლობს ვიღაც ანცი და ონავარი, თავისი ფანტაზიით შედგენილ ასეთ სიაში პირველ ნომრად წერს ბიძინა ივანიშვილს და მას შემდეგ, მომდევნო ნომრებად მსოფლიოს აღიარებულ “უდიდეს ტვინებს”, მაგალითად, მეორე ადგილზე _ სტივენ ჰოუკინგს, მესამეზე _ ბილ გეიტსს და ა. შ.

რა თქმა უნდა, აქ ბიძინა არაფერ შუაშია და ის “ცუღლუტობას” ვერავის მოაშლევინებს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ “ბელადომანიით” შეპყრობილი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს უაპელაციოდ, მარტივად სჯერა ამ დონის სისულელე და სოციალური ქსელები, უკვე მესამე წელია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გადავსებულიაგაზიარებებითამსენსაციურიინფორმაციისა, რომსიენენმაბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანთა ათეულში შეიყვანა და მეტიც _ ნომერ პირველად დაასახელა!

უბედურება ისაა, რომ მსგავსი ჩლუნგობების დაჯერება ჯერ კიდევ იოლია ამ საზოგადოებისთვის. ეს ხომ ის საზოგადოებაა, რომელსაც უკვე წლებია, უტარებენ პროპაგანდას სათაურით “ჭკვიანი რომ არ იყოს, ამხელა ფულს ვერ იშოვიდა!”.

ანუ, მიუხედავად ბოლო სამი წლის განმავლობაში დაშვებული უამრავი ტუტუცური შეცდომისა, “ყველაზე მილიარდერიმაინცყველაზე ჭკვიანიაჩვენი საზოგადოების თვალში

მე თუ მკითხავთ, ამას შეცდომების დაშვების დალოდებაც არ სჭირდება და საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს ასეთი კლიშეთი _ “ვისაც მეტი ფული აქვს, ის უფრო ჭკვიანია”, დასაღუპად არის განწირული. მაგრამ მე ვინ მეკითხება?! აკი, უკვე ვთქვი, შეცდომების დაუშვებლად კი არა, უამრავი მიუტევებელი და ყოვლად უტვინო შეცდომის შემდეგაც კი, ამ საზოგადოებაშიჭკუადაფულიმაინც იდენტური ცნებებია.

ამას ვერ უშველა განვლილმა 2015-მა წელმა და დიდად ვერ დაგპირდებით, რომ 2016 წელი შეცვლის რაიმეს ამ მხრივ ჩვენი საზოგადოების გაყინულ ტვინში…

ამიტომაც, რადგან აზრს ვერ ვხედავ, ახალ 2016 წელს ჩვენს საზოგადოებას “ჭკუის მომატება” ვუსურვო, ისევ ავდგები და ამ საახალწლოდ ბანალურად “ბევრ ფულს” გისურვებთ!

დღევანდელ სიტუაციას, ანუ უჭკუობასა და უფულობას ერთად, თუნდაც იგივე უჭკუობა, მაგრამ ფულიანობა სჯობდეს ეგებ…

მრავალ ახალ წელს, მრავალტანჯულო ქართველო საზოგადოებავ!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. me minda shevexo Ruset -Saqartvelos urtiertobebs, didad moxaruli viqnebi mati sruli agdgenit. Mivesalmebi Putinis mier gadagmul nabijs savizo rejimis gauqmebis taobaze, me grmad var darwmunebuli rom Saqartvelos teritoriuli mtlianobis agdgena mxolod Rusettan urtiertobis agdgenis shemdeg agsdgeba, nu dagvaviwydeba Germaniam Berlinis kedlis dangreva mxolod Rusettan daregulirebis shemdeg moaxdina!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here