Home რუბრიკები პოლიტიკა მაიმუნობის 25 წელიწადი

მაიმუნობის 25 წელიწადი

796

მაიმუნის წელიწადის დადგომის მოლოდინში ქართული პოლიტიკური ელიტა ისეა აჟიტირებული, თითქოს ბოლო 25 წლის განმავლობაში რომელიმე წელი მაიმუნობით არ ყოფილიყო აღბეჭდილი.

უკვე მილეულ წელიწადში ერთ-ერთი აქტუალური თემა რუსეთის ინტერესების გატარებაში” ეჭვმიტანილი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების “მხილება” იყო. დედააზრი ასეთია: დემოკრატიის პირობებში ჩვენ მათ ვერ ავკრძალავთ, მაგრამ უნდა ვამხილოთ. ამ “მხილებაში” ისევ ფული იშოვება და უცხოური გრანტებით საზრდოობაში არაერთგზის მხილებული არასამთავრობოები რიგში ჩადგნენ. და დაიწყო დეპეშების ფრენა ვაშინგტონის კრემლში. წლების (ზოგი – ათწლეულების) განმავლობაში დასავლეთიდან მსუყედ დაფინანსებული არასამთავრობოები უკიდურესად შეშფოთდნენ რუსეთის “რბილი ძალის” გააქტიურებისა და “რუსული პროპაგანდის” გაძლიერების გამო.

წერენ და წერენ დანოსებს”, რომელთა შინაარსი ორღობის ჭორაობას უფრო წააგავს, ვიდრე “კვლევებს”, რომლის პრეტენზიითაც აღნუსხავენ, ვინ ვისთან მეგობრობს, ვის უფრო ძალიან არ უყვარს დასავლეთი და ვინ უფრო შორს მიდის რუსეთის სიყვარულში. მართალია, ამ სუბიექტური დამოკიდებულებების გაზომვის რაიმე სარწმუნო შკალა ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის! მთავარია გაგება და გაგებულის წაღმა-უკუღმა გადაწერა. ორი უცნობი (გვარ-სახელი კი ცნობილია, მაგრამ საზოგადოებას არაფერს ეუბნება) ავტორის მიერ შედგენილი “კვლევა” ტირაჟირდება ქართულ-რუსულ-ინგლისურ ენებზე ისე, რომ სათაურის შეცვლაზეც იშვიათად იწუხებენ თავს. არადა, ჯერ არ დამდგარა მაიმუნის წელი…

ივნისში ვერეს ხეობაში დატრიალებულმა უბედურებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარებისთვის მზადყოფნა არ არის. არ არსებობს სამსახური, რომელიც ოპერატიულად და წინმსწრებად მიიღებს ზომებს. როგორც ყოველთვის, ტრაგედიის დატრიალების შემდეგ, საზოგადოების სოლიდარობის და ურთიერთთანდგომის ხილვამ გული აგვიჩუყა. ექვსი თვე გავიდა, გარდაცვლილები დავიტირეთ, გადარჩენილებს კომპენსაცია მთავრობამ მისცა, მათ შორის, იმათაც, ვინც “რუსთავი 2”-ის ეთერში საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, მაგრამ არც წინასწარი შეტყობინების სისტემა შეუქმნია ვინმეს და არც სხვა სისტემური მიდგომები გამოუმუშავებია. ალბათ, მაიმუნის წელს ელიან!

ზაფხულში ნატოს საწვრთნელი ბაზა გაიხსნა, რასაც “ნატოენთუზიასტები” აღტაცებით შეხვდნენ, რადგან ამას ნატოში გაწევრების წინაპირობად მიიჩნევდნენ. ორიოდე თვით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ახლა ისევეა მზად ნატოს წევრობისთვის, როგორც ზოგიერთი წევრი იყო მაშინ, როცა ალიანსში მიიწვიეს და ვარშავის 2016 წლის სამიტის დროს ნატომ ან წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მისცეს ქვეყანას, ან განაცხადოს, რომ MAP-ი აღარ არის წევრობის წინაპირობა. კიდევ ორიოდე თვის შემდეგ კი გასაგებად გვითხრეს, რომ MAP-სწორედაც წევრობის წინაპირობაა და მის გარეშე არავინ მიგვიღებს. სამაგიეროდ, მიიღებენ ჩერნოგორიას (მედასავლეთეებს სახელწოდება მონტე ნეგრო უფრო მოსწონთ), რომლის მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედს უნდა ნატოში გაწევრება. მაშ, დემოკრატია? _ იკითხავთ თქვენ. რა დროს დემოკრატიაა _ მაიმუნის წელი დგება!

ვიზალიბერალიზაციის საკითხმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეგზისტენციალური ხასიათი შეიძინა და ევროკომისიის დადებით დასკვნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მილოცვებში იღვრებიან ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არც არის გასაკვირი _ მათთვის ვიზალიბერალიზაცია შემდგარი ფაქტია, ამას დანარჩენ მოსახლეობაზე ვერ იტყვი. მაშ ასე, რას გვაძლევს ევროკომისიის დადებითი დასკვნა? _ შესაძლებლობას, საქართველოში შენგენის ვიზის წინასწარ გაფორმების გარეშე გაემგზავრო ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში. რა პირობებით? აუცილებელია ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის მიუღებელია. საზღვარზე იმიგრაციული სამსახურის მუშაკს შეუძლია მოითხოვოს ყველა ის საბუთი, რომლებსაც ვიზის გასაფორმებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნის საკონსულო ითხოვდა: მიწვევა ნათესავის ან ნაცნობისგან (ამ მოთხოვნის გამო რუსეთის საკონსულოს მუდმივად აკრიტიკებდნენ) მისამართებითა და ტელეფონებით, სასტუმროს ჯავშანი, ნაღდი ვალუტა და თანხა საკრედიტო ბარათზე, სამედიცინო დაზღვევა და, რაც მთავარია, უნარი, დაარწმუნო მოხელე, თუ რა მიზნით შედიხარ ევროკავშირის ტერიტორიაზე. თუ ვერ დაარწმუნებ, მას სრული უფლება აქვს, უკან გამოგაბრუნოს. ერთი სიტყვით, საკონსულოში შესაძლო უარის მიღება საზღვარზე უარის მიღებით იცვლება. ამას გარდა, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: რამდენს გაქვთ იმის საშუალება, რომ ევროკავშირში ფულის დასახარჯად იაროთ, რადგან ეს ვიზალიბერალიზაცია იქ არც მუშაობის და არც სწავლის უფლებას არ იძლევა?

ზაფხულში ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდა. ეს ინფორმაცია მალევე გაქრა, რადგან ქართულმა მხარემ მხოლოდ სევასტოპოლიდან და ყირიმიდან შემოტანილ საქონელზე ადრე დაწესებული სანქციები დაადასტურა. ორი თვით ადრე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია მეზობელი ქვეყნების მიმართ მისი პოლიტიკური ქმედებების მიუღებლობის დემონსტრირებისთვის. ერთი წლით ადრე თვით მაია ფანჯიკიძე, იმჟამად საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებდა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული კრიზისიდან გამოსვლას ხელს ვერ შეუწყობს. არადა, მაშინ მაიმუნის წელი არ ყოფილა! უბრალოდ, მინისტრის პორტფელის დაკარგვის შემდეგ საღი აზრი იმ პორტფელში რჩება, ხოლო ნამინისტრალები “დასავლური კურსიდან გადახვევას” ერჩიან ყოფილ კოლეგებს.

სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილს მივუბრუნდეთ. ბოლო მონაცემებით, რუსეთი რიგით მეოთხე პარტნიორია თურქეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის შემდეგ. ორი წლით ადრე რუსეთი მეექვსე ადგილს იკავებდა. 2014 წელს ქართული ექსპორტი რუსეთში 44 პროცენტით გაიზარდა და 275 მილიონი დოლარი შეადგინა. 2012-2014 წლებში ექსპორტი ექვსჯერ გაიზარდა. ყველაზე მეტად ეს ნატურალურ ღვინოებს შეეხო. თუ მინერალური წყლების ექსპორტი 4 მილიონ დოლარს შეადგენდა, ღვინისა 113 მილიონ დოლარზე ავიდა.

“ნაციონალების” მომხრე ექსპერტთა საყვარელი არგუმენტი ასეთია: ღვინოსა და მანდარინზე ყიდით საქართველოს ისტორიულ არჩევანს”? ამ “ისტორიულ არჩევანს” კიდევ მივუბრუნდებით, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის კონტრარგუმენტი თურქეთის მისამართით ნათლად ასახავს მოცემულ პარადიგმას: “თუ თურქეთს ჰგონია, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის საპასუხოდ პომიდორს დავჯერდებით, მწარედ ცდება”. საუბარია რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, რომლის გამოც, ექსპერტების გათვლით, თურქეთი წელიწადში 11 მილიარდ დოლარს იზარალებს. ერთი სიტყვით, ამ დაპატარავებულ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული. არ იციან ეს “ნაციონალების” მომხრე ექსპერტებმა? იციან, ცხადია, მაგრამ რუსეთ-თურქეთს შორის გამწვავებულ ვითარებაში თურქეთის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას მოითხოვენ ხელისუფლებისგან. მართალია, ისე ომახიანად ვეღარ, რადგან თვით უფროსმა პარტნიორმა არ გამოიდო მაინცდამაინც თავი, მაგრამ – მაინც. ერთგულების დემონსტრირება არასოდეს არის ზედმეტი.

არადა, მაიმუნის წელი ჯერ არ დამდგარა…

ნოემბრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ მრავალპარტიული არჩევნების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი დიდი მიღება გამართა. 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე, ყველა ცოცხალი დეპუტატი დაპატიჟა და სცადა, ერთგვარი ეროვნული თანხმობის დემონსტრირება. პოლიტიკური განსხვავებების გარდა, ამ მიღებამ კიდევ ერთი, ფუნდამენტური წინააღმდეგობა წარმოაჩინა. დარბაზი ორ ნაწილად გაიყო: საკუთარი ხალხივით უქონელი დეპუტატები და კმაყოფილები, რომელთა გამომეტყველებას სრულიად აპოლიტიკური გურამ დოჩანაშვილი სიტყვა “გავძეხით” ახასიათებდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი შვიდივე პარლამენტის ამსახველი მოკლე ვიდეოკლიპით წარმოჩინდა. “ვარდების რევოლუციიდან” 12 წლისთავზე ამ კლიპში სააკაშვილის მიერ პარლამენტის ძლევამოსილი აღება და შევარდნაძის ჩაის დალევა ვერ მოხვდა. 1999 წლიდან ისე ნარნარად გადავინაცვლეთ 2004-ში, თითქოს “რევოლუცია” არც მომხდარიყო. რატომ? მარტივი მიზეზით: საკონსტიტუციო სივრციდან გასულმა სააკაშვილმა 2003 წლის 2 ნოემბერს არჩეული მაჟორიტარები 2004 წელს არჩეული “პროპორციულ” დეპუტატებთან დააწყვილა და მანამდე არნახული კონფიგურაცია შექმნა. არ გაიკვირვოთ, იმხანად სწორედაც მაიმუნის წელი იდგა.

რუსეთს სანქციებით ვერაფერს რომ ვერ დააკლებდნენ, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში განაცხადა: ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხი ჭამდა ვირთხებს და კატებს 900 დღე, ლენინგრადის ბლოკადის დროს”. მან აუდიტორიას შეახსენა, რომ ერთი წლის წინათ ყველა ენთუზიაზმით უყურებდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომ ეს შეზღუდვები ქვეყანაში გამოიწვევდა ეკონომიკის ვარდნას და ხალხი გავიდოდა გარეთ და რუსეთის მმართველობა გამოფხიზლდებოდა, თუმცა თინა ხიდაშელის თქმით, კრიზისი იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც, მაგრამ ისინი გადარჩნენ და გაიმარჯვეს. “სწორედ ამ ქვეყანასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ცნება სიდუხჭირისა და ბედნიერების, რაც აქ ამერიკაში გვაქვს, ან საფრანგეთში, ან იტალიაში, არის სრულიად შეუსაბამო და სწორედ ეს არის შეცდომა, რომელსაც ყველა ვუშვებთ”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კარგა ხნის შემდეგ ამ განცხადების გამო აღშფოთება რუსეთშიც გამოითქვა და საქართველოშიც, მაგრამ ხიდაშელის პოზიცია გამოფხიზლებას უფრო ნიშნავს, ვიდრე შეურაცხყოფას. რაც შეეხება ვირთხებისა და კატების ჭამას, დასავლეთში ამას შეურაცხყოფად არავინ აღიქვამს, რადგან ევროპის ისტორიაში ამ გზით გადარჩენის არაერთი შემთხვევა ახსოვთ. ხიდაშელის განცხადებაში ფასეული სწორედ ის იყო, რომ რუსეთს ანანასისა თუ ფრანგული ყველის შეტანის აკრძალვა ვერ დააჩოქებს და ამაში მაინც დაუჯერეთ ხიდაშელს.

დაუჯერეთ, თორემ ვინც იმ მთავარსარდალს დაუჯერა, რომელიც გაიძახოდა, “რუსეთს დაჟანგული ტანკები ჰყავსო”, იმის დაჯერება მოგიწევთ და შერცხვებით. კასპიის აკვატორიიდან გაშვებულმა რუსულმა რაკეტებმა ისე გადაუფრინეს ორ ქვეყანას და “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტები ისე ზუსტად გაანადგურეს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვაშინგტონის კრემლიდან სულ ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გაისმოდა. არადა, ჯერ არ დამდგარა მაიმუნის წელი!

“რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება” _ ამ “ნაციონალური” თეზის საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები სულ უფრო ხშირად მართავენ კონსულტაციებს მოსკოვთან და, როგორც ადრე ვწერდი, იძულებით აქტიურდებიან სირიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რუსეთის უპირობო გამარჯვებას უნდა შეეგუონ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, ამას კი დასავლეთში არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დათანხმდება. მართლა მაიმუნის წელიწადი კი არ უდგათ!

წლის ბოლოს შევარდნაძის მიერ ოცი წლის წინათ ანონსირებული აბრეშუმის გზის” პირველი სარკინიგზო შემადგენლობა შემოვიდა საქართველოში. ამან დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია ხელისუფლებაში, თუმცა ოპონენტები მიუთითებენ, რომ ეს პროექტი საქართველოს პორტებს მილიონობით შემოსავალს დააკარგვინებს. ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ საქმეში, ზარალს, მაგალითად, ყაზახი ინვესტორები ნახავენ, რომლებსაც ბათუმის პორტი 49-წლიანი იჯარით აქვთ აღებული. სამაგიეროდ, “აბრეშუმის გზით” მოიგებს ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც შარშან ჩინეთის საზღვარზე, ხორგოსში ჰაბი შექმნა და აქტაუს პორტის მოდერნიზაცია მოახდინა. მისმა ტვირთბრუნვამ 14 მილიარდი ტონა შეადგინა, რაც კასპიის რუსული პორტების ჯამურ ტვირთბრუნვას ორჯერ აჭარბებს. ყაზახეთმა ასევე განავითარა რკინიგზა და, კონკურენციის ამაღლების მიუხედავად, მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან.

რუსეთის პრეზიდენტმა დეკემბრის დასაწყისში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად. მართალია, ეს ევროკომისიის დადებით დასკვნამდე ითქვა, მაგრამ ურაპატრიოტებმა იმის ნიშნად აღიქვეს, რომ პუტინი იძულებული შეიქნა, საპასუხო ზომისთვის მიემართა. მაიმუნის წელია ნამდვილად! უკვე თვეებია, ამის შესახებ აბაშიძე და კარასინი ლაპარაკობენ, მაგრამ ვისთვისაც მზე დასავლეთიდან ამოდის, მათ შესაძლო ვიზალიბერალიზაცია ურჩევნიათ რუსეთთან უვიზო რეჟიმს. ახლა იმ ქართველებს ჰკითხეთ, რომლებიც ფიზიკურად რუსეთიდან ოჯახის წევრების მიერ გადმოგზავნილი თანხებით ირჩენენ თავს და არა შემწეობით, რომელსაც ჩვენში რატომღაც პენსიას უწოდებენ! ამბობენ, მაიმუნის წელს პენსია გაიზრდებაო, მაგრამ წინა მთავრობა ამასაც მაიმუნობას უწოდებს!

ამასობაში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსს (“ნაციონალები” ჯიუტად რომ გუბერნატორს უწოდებენ) შინაგან საქმეთა მინისტრი ისევე ამაიმუნებს, როგორც ოცი წლის წინათ ჩვენი პარლამენტარები _ ერთმანეთს და წყლით სავსე ჭიქას ესვრის. ამას ტიპური კავკასიური გარჩევა მოჰყვება _ ვინ უფრო უკრაინელია _ ავაქოვი თუ სააკაშვილი. “კორუფციასთან მებრძოლ” ეკა ზღულაძეს (აქაც და იქაც შს მინისტრის მოადგილეს) ბორისპოლის აეროპორტში 4 მილიონი დოლარით აკავებენ. ზღულაძის განმარტებით, მას ეს თანხა საფრანგეთში მშობიარობისთვის მოუგროვებია! ასე ძვირი მშობიარობა თვით “ქალაქის სიამაყეს” _ გიგი უგულავას არ დაჯდომია ევროპაში, როცა, ცოლის გარდა, ახლობელ-მეგობრების ამალა ჩაიყვანა და ყველაზე ფეშენებელურ აპარტამენტებში აცხოვრა. არადა, არც მაშინ იყო მაიმუნის წელი და არც მერე, როცა პარლამენტარები _ ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს მილიონებით სავსე ჩანთით ბაქოს აეროპორტში.

სააკაშვილის გზას ახლა ალეკო ელისაშვილი აგრძელებს. როგორც ოპოზიციაში მყოფი მინისტრი აფრიალებდა მთავრობის სხდომაზე “კორუმპირებული მინისტრების სასახლეების ფოტოებს”, ისე ახლა ელისაშვილი უეცრად იხსენებს, რომ წელიწად-ნახევრის წინათ მასზე, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე, ზემოქმედებდნენ. პრუკურატურისკენ მიმავალ ელისაშვილს სხვადასხვა რაკურსში აჩვენებს “რუსთავი 2”, რომლის ეთერში მანამდე მის მიერვე მარგინალებად გამოცხადებული პერსონაჟები მომრავლდნენ. მათი რიტორიკა ერთი ერთში იმეორებს “ნაციონალებისას”, გინდ “გირჩა” დაარქვი და გინდ _ კაკალი! არადა, ჯერ არ დამდგარა მაიმუნის წელი!

“რუსთავი 2”-ის “პოლიტიკური ნიშნით დევნის” მოდელირებულ ქრონიკაზე ნუღარ შევჩერდებით, თორემ მისი რეალური მფლობელისა და აქეთ დარჩენილი “ნაციონალების” ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გადაკითხვა მოგვიწევს. “სისხლიანი სცენარი” ვერ განხორციელდა, რაც, ალბათ, “არაკორუმპირებული” სააკაშვილის უსახსრობას უნდა დავაბრალოთ.

ბე-ბე-ბე-ბე-ბე! “ასე ჩემთან ჯერ არავის ულაპარაკია”! _ ცხარობს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი.

ჯერ სად ხართ, მაიმუნის წელი მოდის!

მაიმუნის გარდა, საპარლამენტო არჩევნების წელიც დგება. ჯერ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის თემა გახმიანდა, შემდეგ კიევის ყოფილი მერი ჩერნოვეცკი გამოჩნდა, ახლახან კი “ქართული ოცნების” სახეებმა გვამცნეს, რომ წინასაარჩევნო პროცესში კვლავ ჩაერთვება ბიძინა ივანიშვილი. ამაზე მე კარგა ხნის წინათ ვწერდი, მაგრამ მაშინ ყველა უარყოფდა მსგავს სცენარს. რა ქნას იმ პატიოსანმა კაცმა, თუკი მის გარეშე მაინც არაფერი გამოვიდა?! სავარაუდოდ, “ოცნების” შემადგენლობა (უფრო _ საპარლამენტო სია) სერიოზულად გადახალისდება და ეს როტაცია სწორედ მაიმუნის წელს მოხდება.

ამას ოთხი წლის წინაც ვამბობდი, მაგრამ სიმართლისთვის თვალის გასწორება, როგორც ჩანს, მხოლოდ მაიმუნის წელს მოხერხდება, არადა, საქართველოში, უკვე 25 წელია, სულ მაიმუნის წელიწადი დგას!

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. თუ ბიძინა ჩაუდგება სათავეში ქოცებს, ე.ი. ისინი სუსტები არიან და გამათრეველი საშუალება სჭირდებათ. ეს იქნება ტესტი მათთვის, ყელმოღერებილი რომ ლაპარაკობენ.

  2. ძალიან კარგი სტატიააა. უბრალოდ ქოცების არსასრულის დრე უნდა დადგეს, რადგანაც საგარეო პოლიტიკის მხრივ იგივე კურს ანხორციელებენ რასაც სააკიანის რეჟიმი და შედეგად რაც მივირეთ ფაქტი სახეზეა. რაც შეეხება თინიკოს განცხადებას, რომ რუსები 900 დღე ვირთხებს და კატებს ჭამდნენ ეს კი არ აკნინებს რუს ხალხს, არამედ პირიქით აძლიერებს, რადგანაც ამტანი და მებრძოლი ერია. ბევრ საკიტხში ვეთანხმები ქალბატონ ნანას კარგი ანალიზია 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here