Home რუბრიკები საზოგადოება თოფაძე-სტალინის პაემანი რიყეზე

თოფაძე-სტალინის პაემანი რიყეზე

542

მრეწველი გოგი თოფაძე სტალინს გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეხვდა. ინფორმაციას ჩვენი ანონიმური წყარო ადასტურებს და ამბობს, რომ სტალინთოფაძის გასაიდუმლოებული შეხვედრა რიყეზე, იუსტიციის სახლსა და შანგრილას შორის გაიმართა. როგორც წყარო ამბობს, თოფაძეს ციგეიკის შავი შუბა ეცვა და ცილინდრი ეხურა, რათა გამვლელებს არ ეცნოთ, იოსებ ბესარიონის ძე კი ულვაშებით იცნეს. წყარო ამ ფაქტის წინამდებარე ამბავს იხსენებს.

წყარო: _ საღამო იყო, ასე რვა საათი, ავტობუსიდან ჩამოვედი და ვიფიქრე, ცოტას ფეხით გავივლი-მეთქი და ბერიკებთან შევყოვნდი, წყალი დავლიე და გზას გავუყევი. მოულოდნელად შავმა ჯიპმა ჩამიქროლა და ხიდთან გაჩერდა, ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა მანქანის ნომერი და მაშინვე ვიცანი, რომ თოფაძე იყო. უმალ გავყევი მანქანას და ხიდთან ჩავიმალე, ჯიპიც იქვე იდგა. გადმოვიდა გოგი, როგორც ზემოთ ვთქვი, ციგეიკის შუბითა და შავი ცილინდრით. ხიდის ქვეშ რომ მოსასვენებელი ადგილია, იქ ჩაუყვა ნელი ნაბიჯით. გავიდა ერთი, ორი, სამი საათი, გოგი იჯდა და რაღაც ობიექტს გამალებით უყურებდა, თან ტელეფონს დასცქეროდა, როგორც ჩანს, ზარს ელოდებოდა. ღამის ორი საათია და ვხედავ, ციდან რაღაც ამოუცნობი ობიექტი ეშვება, ვხვდები, რომ დიდი ამბები უნდა მოხდეს და აღარ ვჩივი, რომ მცივა და მშია. მოულოდნელად, რაღაც არაამქვეყნიური სიკაშკაშე დავინახე, რამდენიმე წამით გაანათა და დედამიწისკენ წამოვიდა. მე უკვე ვეღარ ვხვდები, მეშინია თუ აღფრთოვანებული ვარ. ობიექტი დაეშვა, დიდი ლოდინის შემდეგ გოგი დაიძრა და ნელი ნაბიჯით რიყისკენ დაეშვა, ცილინდრი კიდევ უფრო ჩამოიწია და თავი შუბაში ჩარგო. მე, რა თქმა უნდა, მივყვები და ვცდილობ, შეუმჩნეველი დავრჩე. გოგი მიუახლოვდა ობიექტს, “ჩესტი” აუღო და მასთან შესახვედრად მოემზადა. ობიექტის კარი გაიღო და დავინახე შავ “პლაშში” გამოწყობილი ქუდიანი კაცი ნაცნობი ღიმილითა და ჩიბუხით ხელში, თუმცა იმ მომენტში ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს იოსებ ბესარიონის ძე იქნებოდა. გოგი ღიმილითა და პირზე კოცნით შეეგება სტუმარს. იოსებ სტალინს ხელში ახალი აიფონი ეჭირა და “ფეისბუქზე” პოსტებს ათვალიერებდა, თან გოგის ეკითხებოდა, _ რა ხდება “ნაცებში”, ჩემზე კიდევ ლაპარაკობენო?

გოგიმაც უპასუხა, _ დიდი ამბებია, ხალხი გადარეულია, შენი სახელის გაგონებაც კი არ უნდათო.

სტალინი: _ კარგი, საქმეზე გადავიდეთ, როგორც ჩანს, გაგჭირვებიათ, რა ხდება, აბა, მომიყევით, ბევრი დრო არ მაქვს.

გოგი: _ ბატონო სოსო, კი ხედავთ, რა ვითარებაც არის ქვეყანაში, სამი წელია, მოვედით ხელისუფლებაში და ხან რა შარი მოგვდეს ამ “ნაცებმა” და ხან _ რა. ვერ ვერევით, რამდენჯერ უთქვამს ბატონ ბიძინას, ერთი სტალინი იყოს აქ, მერე ნახავდნენ ეგენი სეირსო და გადავწყვიტე, რომ თქვენი გამოცდილება ჩვენთვის მეტად საინტერესო იქნება. მოკლედ, “ნაცები” უნდა მოვიშოროთ და თქვენი დახმარება დაგვჭირდება, არც ჩვენ დაგრჩებით ვალში.

სტალინი: _ ოო, არ დაგმართნიათ კარგი საქმე, მეც კი ვუყურებ მოვლენებს ზემოდან, მაგრამ ასე თუ გაგიჭირდათ, არ მეგონა. ბატონმა ბიძინამ იცის ჩვენი შეხვედრის შესახებ?

გოგი: _ წუხელ შევხვდი და მითხრა, იქნებ დაამყარო კომუნიკაცია სოსოსთან და ერთი კაი ძეგლი ჩემზე იყოს, სადაც მეტყვისო.

სტალინი: _ მე რომ თქვენს ადგილზე ვყოფილიყავი, “ნაცებს” არ გავაჭაჭანებდი, მაგრამ მომინდომეთ კოაბიტაცია და, აი, მიიღეთ ის, რაც სრულიად ლოგიკური იყო. ბატონო გოგი, ახლა ცოტა გაჭირდება ამ ამბის ასე მალე მოგვარება, მაგრამ ჩემს გამოცდილებას მაქსიმალურად გაგიზიარებთ.

გოგი: _ მადლობელი ვიქნებით, ბატონო სოსო. შევიტყვე, რაღაც არასამთავრობო ჩამოგიყალიბებიათ იქ, ბერიაც თქვენთან ერთად ყოფილა, ხრუშჩოვიც და კალინინიც, იქნება ერთობლივი მსჯელობით რამე რეცეპტი მოგვცეთ, როგორ მივხედოთ ამ დამპლებს.

სტალინი: _ კი, მართალი ხარ, ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია, იქაურ ქვეყანაში მტრები, საზღვრები და პირადი წყენები არ არსებობს, იქ მხოლოდ მოაზროვნე ადამიანთა ერთობაა და აქტუალურ საკითხებზე ვმუშაობთ. ბორიაც ჩვენთან არის, ელცინი.

გოგი: _ ოო, ბორია, რომ ნახავთ, დიდი სიყვარულით მომიკითხეთ, უთხარით, გოგიმ ნატახტარის ამბები გაგახსენათ-თქო.

სტალინი: _ კარგი, მოგიკითხავ და, ევროპის მიმართ რას აპირებთ, ან ამერიკის?

გოგი: _ არც მანდაა მთლად კარგად საქმე, მაგრამ, აბა, როგორ შეგაწუხებთ ამაზე.

სტალინი: _ სხვათა შორის, კენედი მესაუბრა იმ დღეს “ფეისბუქში”, შეშფოთებულია ობამას პოლიტიკით, ღუპავს ქვეყანასაც და კაცობრიობასაცო.

გოგი: _ ნუ იტყვით, ნუ.

სტალინი: _ კარგი, მე ბევრი დრო არ მაქვს, შევხვდები ჩემს თანამოაზრეებს და სამოქმედო გეგმას “ვაიბერში” გადმოგიგზავნით, ეს შედარებით სანდო რესურსია.

გოგი: _ კარგი, ბატონო სოსო, დიდი მადლობა, სიხარულით გავიქცევი ახლა სოლოლაკში და ამ ამბავს მოვუყვები ბატონ ბიძინას.

სტალინი: _ კეთილი, მე ამ გეგმას ორ დღეში მოგაწვდით და დანარჩენი თქვენზე იყოს.

გოგი: _ ღმერთმა დაგლოცოთ, ბატონო სოსო.

ობიექტი კვლავ განათდა, სინათლემ თვალი მომჭრა და ვეღარ დავინახე, როგორ წავიდა იოსებ ბესარიონის ძე.

საფრენი აპარატი ელვის სისწრაფით გაუჩინარდა. გოგიმ შუბა შემოიხვია, სწრაფი ნაბიჯით გაემართა შავი ჯიპისკენ და მანაც ელვის სისწრაფით დატოვა რიყის ტერიტორია.

ელიკო სილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here