Home რუბრიკები საზოგადოება მატიანე განათლებისა

მატიანე განათლებისა

685

საქართველოს განათლების მეცნიერებათა საზოგადოებრივმა აკადემიამ გამოსცასაქართველოს განათლების მატიანე”, რომელსაც აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა წიგნის წინასიტყვაობაშიმეცნიერთა დიდი შრომის, რუდუნების გამოწვლილვითი კვლევის შედეგიუწოდა. მისივე შეფასებით, “მატიანე მრავალმხრივი სამეცნიეროპუბლიცისტური ნაშრომია და გარკვეულწილად ენციკლოპედიურ ხასიათს ატარებს”.

მიუკერძოებელი მკითხველი, რომელიც კი გაეცნობა ამ ნაშრომს, უთუოდ დაეთანხმება გამოჩენილი მეცნიერის ამ დასკვნას.

უნდა დავეთანხმოთ ავტორებს, რომ ეს წიგნი “ფაქტობრივად, პირველი ნაშრომია, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, წლების, საუკუნეებისა და პრობლემების შესატყვისადაა წარმოდგენილი უმდიდრესი ქართული საგანმანათლებლო ტრადიციები, მისი ფესვები, ქართული განათლების ოცსაუკუნოვანი გზის თავისებურებანი”, რომლებიც, ზოგიერთი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის გამოკლებით, დღევანდელ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თანდათან ფერმკრთალდება და დავიწყებას ეძლევა.

პირველ თავში _ “ქართული განათლება საუკუნეებს ითვლის” _ ჩვენი ქვეყნის ისტორიაა გადმოცემული _ ლაკონური და მეცნიერული სიზუსტით გამორჩეული, განსაკუთრებული აქცენტი ქრისტიანობაზე, მის მაცოცხლებელ როლზე არის გაკეთებული, იმ წვლილზე, რომელიც მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ქართული იდენტურობის შენარჩუნებას, ჩვენი ეროვნული ცნობიერების, კულტურისა და განათლების განვითარებას დასდო. “მატიანეს” ნაგებობა სწორედ ამ საძირკველზეა აგებული.

ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც მწერლობისა და იდეოლოგიის სადავეები ეკლესიის ხელში გადავიდა, თანდათან ჩამოყალიბდა და გაძლიერდა ისეთი უნიკალური ცენტრები, რომლებშიც რელიგიური სწავლაგანათლება იყო პრიორიტეტული, მაგრამ ამავე დროს შექმნილი იყო ხელსაყრელი პირობები გამორჩეული ახალგაზრდობისთვის მრავალმხრივი საერო მოღვაწეობის საფუძვლიანად შესწავლის. ქართული პედაგოგიკის ცენტრებად ჩამოყალიბდა ათონის სავანე, გელათისა და იყალთოს აკადემიები, ტაოკლარჯეთის სასულიერო კერები, გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და ..

კრებულის ავტორებმა, ჩემი აზრით, ღირსეულად წარმოგვიდგინეს “განათლებისა და ქართული პედაგოგიკური აზრის განვითარების ისტორიის მთლიანი სურათი”, და მიიჩნიეს, რომ “ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კვლავაც განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს ქართველი ახალგაზრდობის სწავლა აღზრდისა და სულიერების ფორმირების საქმეში.

კრებულის შემდგენლები მიიჩნევენ, რომ “სკოლაში სწავლა-აღზრდის შინაარსი, მისი მიზნები და ამოცანები ყველა ეპოქაში საზოგადოებრივი ცხოვრების მიზნების ეკვივალენტურია და იცვლება სახელმწიფო იდეოლოგიის შესაბამისად” (თავი: “ქვეყნის დამოუკიდებლობა, ახალი ეპოქა და საქართველოს სკოლა”). სწორი დებულებაა.

და რადგან სწორია, ვიკითხოთ: არის თუ არა დღევანდელი ეპოქის მიზნები და ამოცანები ახალგაზრდა თაობის სულიერების აღზრდისთვის მოწოდებული?

ამაზე პროფესიონალები ილაპარაკებენ.

ლაპარაკობენ კიდეც.

ახლა კი აღვნიშნოთ წიგნის რედაქტორის, აკადემიკოს ნათელა ვასაძის შესაშური დიპლომატიური მანევრი, მისი ტაქტიანობა, რომელიც მან გამოიყენა ასახსნელად იმისა, თუ რატომ აუარეს გვერდი “მატიანეს” ავტორ-შემდგენლებმა საგანმანათლებლო სისტემის ფუნქციონირების “თავისებურების” საკითხს.

“ამ წიგნში ნაკლები ყურადღება დავუთმეთ მოვლენათა შეფასებებს, მივიჩნიეთ, რომ ეს მატიანის ფუნქცია არ არის. ცხადია, ეს არ ნიშნავს თავად ისტორიული ჟამთასვლის, მასში განათლების დანიშნულების უგულებელყოფას. თავი შევიკავეთ, აგრეთე, XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოს განათლების სისტემაში შექმნილი ვითარების შეფასებისგან. ჩავთვალეთ, რომ იგი მკვლევართა შემდეგი თაობის პრეროგატივაა. თუმცაღა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განათლებამ უპირობოდ უნდა დაიბრუნოს ისეთი ტრადიციული ფუნქციები, როგორიცაა აღზრდა, აღმზრდელობითი სწავლება, დარგის მეცნიერული მართვა; გაითვალისწინოს წარსული, იფიქროს განათლების ეროვნულობაზე” (“მატიანე”, გვ. 13).

მკითხველი, რა თქმა უნდა, მიხვდება სამართლიანი კრიტიკის რა ძლიერი მუხტიც დევს ამ მინიშნებაში…

მკითხველი ინტერესით გაეცნობა საქართველოში ქალთა განათლების, უმაღლესი განათლების, ხალხური პედაგოგიკის საკითხებს, რომლებიც ცალკე თავებით არის წარმოდგენილი.

კრებული ორენოვანია (ქართული და ინგლისური), მდიდრულად არის ილუსტრირებული და, როგორც ყოველთვის, ჩვენი დღეების ერთ-ერთი საინტერესო კულტურული ფაქტი, “მაგთის” თანადგომით არის გამოცემული.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here