Home რუბრიკები საზოგადოება სასამართლო პროცესები, სატელეფონო მოსმენები და ხელისუფლების პოზიცია

სასამართლო პროცესები, სატელეფონო მოსმენები და ხელისუფლების პოზიცია

589

ისეთი რეზონანსული სასამართლო პროცესი, როგორიცრუსთავი 2”-ის საკითხზე მიმდინარეობდა, ასეთი გამოხმაურებით შინ და გარეთ, რაც თავი მახსოვს, ჩვენს სინამდვილეში არ ყოფილა. ამ ქონებრივმა დავამ გადაფარა (გაშუქების და გამოხმაურების თვალსაზრისით) ამავე პერიოდში მიმდინარე ორი სხვა, საზარელი და სამარცხვინო მკვლელობების ასევე რეზონანსული პროცესებიუდანაშაულო და უიარაღო ვაზაგაშვილიშვილის (ხუბულოვთან ერთად) სასტიკი მკვლელობა კორტებთან და ვაზაგაშვილიმამის აფეთქება შვილის საფლავზე, რომლის მსგავსი მკვლელობა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

ვინმესთვის ქონების წართმევა, რომლის უკან დაბრუნებაც შესაძლებელია, განა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმესთვის სიცოცხლის წართმევა, რომელსაც უკან ვერავინ დაიბრუნებს?! _ არა, რა თქმა უნდა! ეს იმას ადასტურებს მხოლოდ, რასაც დიდი ხნის წინათ მიხვდნენ: პოლიტიკა ბინძურია, დიდი პოლიტიკა _ მით უფრო ბინძური! შესაბამისად, ამ პოლიტიკის გამტარებელი პოლიტიკოსების უმრავლესობაც გასვრილია, მათთვის არ არსებობს მორალისა და ეთიკის ნორმები, ამიტომაც ასე აშკარად და სინდისის ქენჯნის გარეშე კბილებით იცავენ 100%-ით დამნაშავე მხარეს, ანუ სააკაშვილის “რუსთავი 2”-ს ასე აშკარად და სინდისის ქენჯნის გარეშე კბილებით იცავენ “დემოკრატიული” ამერიკა-ევროკავშირის მმართველი წრეების წარმომადგენლები – პარტიული ლიდერები, ელჩები და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები.

არადა, რუსთავი 2”-ის ეს ყბადაღებული საქმე ერთობ ბანალურიაიგიკრიმინალური ორგანიზაციის” (პრემიერ ღარიბაშვილის შეფასებაა), ანუნაცმოძრაობისლიდერის, ქვეყნიდან გაქცეული, “ძებნილიმიხეილ სააკაშვილის მიერ მიტაცებული ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებას ეხება და სხვას _ არაფერს. მაგრამ “ქართული ოცნების” უფხო მმართველობით თავისუფლებაშენარჩუნებულმა “ნაცებმა” (“ნაცების” დიდი უმრავლესობისთვის ხომ ხელიც არ უხლია ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელისუფლებას. ზოგი “გაექცათ” ქვეყნიდან, ზოგსაც უბატონოდ ხმას ვერ სცემენ, აქაოდა, პარტიული ნიშნით ანგარიშსწორებას დაგვაბრალებენ დასავლეთშიო), დასავლეთიდან დაფინანსებულმა ე.წ. არასამთავრობოებმა (იმავე “ასო”-ებმა) და “ნაცების” მონათესავე პარტიებმა, უცხოელ “დემოკრატებთან” ერთად, ისეთი ალიაქოთი ატეხეს, თითქოს საქმე ყაჩაღობით მითვისებული ქონების ჩამორთმევას კი არა, თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და ასეთი სიტყვის მედროშის _ “რუსთავი 2”-ის დახურვას ეხებოდეს.

ყველაზე საინტერესო და, ამასთანავე, ღიმილის მომგვრელი არის ის, რომ რუსთავი 2”-ის მხარდამჭერთაგან კრინტს არავინ ძრავს იმაზე, კანონიერად შეიძინა თუ ძალით დაისაკუთრა ეს ტელეკომპანია სააკაშვილმა, ანდა, სიმართლეს ამბობენ მისი ყოფილი მფლობელები თუ ცილს სწამებენ ამერიკის თვალისჩინს _ “უპატიოსნეს ძაღლიშვილს”. სააკაშვილის პატიოსნების დაცვა თეორიულადაც შეუძლებელია _ ეს კარგად მოეხსენებათ ჩვენთანაც და დასავლეთშიც, და სწორედ ამიტომაც ცდილობენ სასამართლო დავის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. რაზეა დავა, ვინ ვის უჩივის და რას თხოულობს, ამ საკითხებს საერთოდ გვერდს უვლიან; რატომ არიან სააკაშვილი და გვარამია ასე გაწიწმატებული ვიღაც ყარამანიშვილებისთვის ქონების ჩამორთმევით, არც ამის ახსნით იწუხებენ თავს, ბეჭედდასმულად კი იმას აცხადებენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციურ სიტყვას ებრძვის!

საქართველოში არავის ეპარება ეჭვი, რომ “რუსთავი 2”-ის ერთადერთი მფლობელი სააკაშვილია და არა _ ძმები ყარამანიშვილები, როგორც ამაში ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ “ნაცები”. სააკაშვილის ფაქტობრივი მფლობელობა იმითაც დასტურდება, რომ ეს ძმები ერთხელაც არ გამოჩენილან სასამართლო პროცესზე. კაცს ათეულობით მილიონის ქონებას ართმევდნენ, ის კი ჩირგვებში იყოს დამალული და გენერალურ დირექტორს აყეფებდეს (რომელსაც, საერთოდ, არ ედავებიან არაფერს), აქამდე არავის სმენია; გარდა ამისა, სასამართლოს განაჩენის აღსრულებისას ფიზიკური წინააღმდეგობის გასაწევ ინსტრუქციებს სწორედ სააკაშვილი აძლევს გვარამიას, და გვარამიაც სააკაშვილს სთხოვს თანამშრომლებისთვის ხელფასების ფულს და არა _ ყარამანიშვილებს. ეს ყველაფერი აუდიოჩანაწერებით დასტურდება, რომელთა აუთენტურობა სამივე მოსაუბრემ აღიარა _ გვარამიამ, ბოკერიამ და თვით სააკაშვილმა.

კიდევ ერთი, ამ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული საინტერესო და, ასევე, ღიმილის მომგვრელი “ნაცების” უტიფრობის დამადასტურებელი ფაქტი: ისევე, როგორც პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოკადრების გამომზეურებისას, ახლაც, სააკაშვილის მამხილებელი აუდიოჩანაწერების გასაჯაროების შემდეგაც, “ნაცებმა” ნაცად ხერხს მიმართეს _ იმაზე კი არ აკეთებენ აქცენტს, რაზეც ყველა ნორმალური და პატიოსანი ადამიანი, ანუ ვისი მითითებით ხდებოდა პატიმრების წამება ადრე და რა ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს აძლევს ახლაც სააკაშვილი გვარამიასა და ბოკერიას, როცა, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებისკენ და “ბოევიკების” მობილიზაციისკენ მოუწოდებს მათ. ნაცებისჭკუით, თურმე მთავარია, ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები ინტერნეტით, ვინ მოჭრა თავი მათ სათაყვანებელ ბელადს. პრეზიდენტ მარგველაშვილის აზრით კი, თურმე მთავარია, ვიცოდეთ, რამდენ კაცზეა წამების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრული, რამდენ(!) კაცზე და არა იმაზე, რომელი კატეგორიის ხალხზეა საქმეები აღძრული _ რიგით შემსრულებლებზე თუ იმათზე, ვისი მითითებითაც (ბრძანებით) მზადდებოდა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ათასობით ფაილი.

ამ ჩანაწერებზე საინტერესოა “ნაცების” კიდევ ერთი სამართლებრივი მიგნება”, რომელიც, უკვე მერამდენედ, გვგვრის მწარე ღიმილს. თურმე მთავარი მნიშვნელობა ჰქონია არა ჩანაწერების შინაარსს (სისხლიანი გადატრიალების დაგეგმვას), არამედ იმას, რომ ჩანაწერები, მიუხედავად მათი აუთენტურობისა, კანონის გვერდის ავლით ყოფილა მოპოვებული და ამიტომ საქმის აღძვრამდე ეს ჩანაწერები სამართლებრივ სამხილად არ გამოდგება, პასუხისგებაში ვერ მიგვცემთო, და იქეთ შეუტიეს მთავრობას – როგორ ბედავთ და ჩვენს სატელეფონო საუბრებს მოსამართლის ნებართვის გარეშე ისმენთო!

ეს ნაცინტელექტუალებიიმასაც ვერ ხვდებიან, რამხელა სისულელეს ბჟუტურობენ, რადგანაც ნებისმიერ მოქალაქეს და, მით უფრო, ქვეყნიდან გაქცეულ პრეზიდენტს, რომელიც მართლმსაჯულებას ემალება(!) და ძალაუფლების ხელში ჩაგდებითაც იმუქრება, სახელმწიფოს უშიშროების სამსახურმა აუცილებლად უნდა მოუსმინოს, ვალდებულია(!), მოუსმინოს მის ყოველ საუბარს და თვალი ადევნოს მის ყოველ ნაბიჯს, მოსამართლის ნებართვის გარეშე. ამ “ინტელექტუალებმა” ისიც არ იციან (ან ჰგონიათ, რომ თავიანთთვის სასარგებლოდ ძალიან მოხერხებულად ისულელებენ თავს), რომ სატელეფონო საუბარი მონოლოგი არ არის, რომ იგი, სულ ცოტა, ორი სუბიექტის საუბარს გულისხმობს და ამიტომაც, ბუნებრივია, მოსასმენ ობიექტთან ერთად, მეორე მოსაუბრეც ისმინება.

ვფიქრობ, მეტი სიცხადისთვის, შესაბამის კანონს აუცილებლად უნდა დაემატოს ორი მუხლი:

1. უნდა აიკრძალოს იმ პირების ინტერვიუების პრესით, რადიოთი და ტელევიზიით გავრცელება (ცხადია, პირდაპირი ჩართვებიც), რომლებიც მართლმსაჯულებას ემალებიან;

2. ძებნილ პირებთან კონტაქტები უნდა დაისაჯოს (ოჯახის წევრების, მშობლებისა და დედმამიშვილების გამოკლებით).

და კიდევ, როგორ დავიჯერო, ამ “მოწინავე” “ნაცებმა” იმდენი არ იციან, რომ დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობები, პრაქტიკულად, განუსაზღვრელია და, თუ სახელმწიფომ მოსმენა და თვალთვალი გადაწყვიტა, ვერსად დაემალები; ამისთვის მას არც მოსამართლის ნებართვა სჭირდება და არც სატელეფონო კომპანიის თანხმობა! დღეს, როდესაც ტერორიზმთან ბრძოლა ამერიკამ საბაბად დაიხვია ხელზე, შეიძლება ითქვას, რომ იგი სრულიად მსოფლიოს უსმენს _ რიგითი მოქალაქიდან დაწყებულიმეგობარისახელმწიფოების ლიდერებით დამთავრებული, და ამაში უკანონოს და უზნეოს ვერაფერს ხედავს.

მოსმენების საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტს პრაგმატული ახსნა აქვს: განურჩევლად მოსმენა-თვალთვალის ობიექტისა, ის თუნდაც გერმანიის კანცლერი იყოს, ყველაფერი ამერიკის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება. დავანებოთ თავი ეთიკურ მხარეს და ვიკითხოთ: არის ამაში სიმართლის მარცვალი? მოგვწონს თუ არა, ამაში სიმართლის მარცვალი კი არა, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ჭეშმარიტება. განა ყოველთვის არ აინტერესებდა ერთ სახელმწიფოს, რას აპირებდა მეორე სახელმწიფო? განა ჯაშუშები, მსტოვრები (დღეს _ ინფორმატორები) ყოველთვის არ ჰყავდათ უცხო სახელმწიფოებში, და განა ყველა სახელმწიფოს დაზვერვა არ ცდილობდა, ეს ინფორმატორები რაც შეიძლება მაღალ იერარქიულ საფეხურზე ჰყოლოდათ? ამისთვის ხომ ყველა საშუალებას იყენებდნენ და არც დიდ ხარჯს (მოსყიდვას) ერიდებოდნენ. ჰოდა, აბა, დღეს რატომ გადაყრის რომელიმე სახელმწიფო მილიონებს ინფორმატორების შესანახად, თუკი შეუძლია, გაცილებით ნაკლები ხარჯით ათასჯერ, მილიონჯერ მეტი ინფორმაცია მოიპოვოს თანამედროვე ტექნიკური აპარატურის გამოყენებით სატელეფონო მოსმენებში, ფეისბუკში, პირად კომპიუტერებში, ონლაინმიმოწერებში და სხვა წყაროებში დისტანციური ჩართვით?! ჩვენი ადგილსამყოფელი, ჩვენი ყოველი ნაბიჯიც ხომ მყისიერად და პერმანენტულად ფიქსირდება ჩვენს ჯიბეში ჩადებული, გამორთული მობილურითაც კი. ასე რომ, სულ თვალის ახვევაა იმაზე გაწიწმატებული მსჯელობა, ვის, როგორ და ვისი ნებართვით ჰქონდეს წვდომა ჩვენს სატელეფონო საუბრებთან და, საერთოდ, თვალთვალთან.

საქართველოს უშიშროების სამსახურმაც რომ არ მოგვისმინოს მოსამართლის სანქციის გარეშე, ძია სემი მაინც გვისმენს, იგი უსმენს უკლებლივ ყველას და ყველგან!

ისე, მთავარიდან მეორეხარისხოვანზე ყურადღების გადატანა, როგორც ამას “ნაცები” ცდილობენ “ვიკილიქსით” გამომზეურებული ჩანაწერებით, ნაცადი ხერხია და მას “დემოკრატიულ” დასავლეთშიც იყენებენ.

ანალოგიურ სკანდალურ ფაქტს მოვიყვან საილუსტრაციოდ: სარკოზის პრეზიდენტობისას საფრანგეთის 100 მაღალი თანამდებობის პირმა ერთდროულად ელექტრონული ფოსტით შეტყობინება მიიღო, რომ პრეზიდენტი სარკოზი ისრაელის დაზვერვის _ “მოსადისაგენტია. მითითებული იყო თარიღიც და მათი გვარებიც (სამი ადამიანის), რომლებმაცდაავერბოვკესსარკოზი პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე კარგა ხნით ადრე. მაშინვე იქნა მიღებული ზომები, მაგრამ არა ამ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის შემოწმების მიზნით, არამედ იმის დასადგენად, თუ ვინ(!) გაავრცელა ეს მაკომპრომეტებელი მასალა. უსწრაფესად მიაგნეს იმ ინტერნეტკაფეს, რომლიდანაც გაიგზავნა ინფორმაცია, მაგრამ იმის გამო, რომ იქ ვიდეოკამერა არ იყო დამონტაჟებული, გამომგზავნის ვინაობა ვერ დაადგინეს. სარკოზის აგენტობა არც დადასტურებულ იქნა და არც უარყოფილი, ეს საქმე ჩაიფარცხა. ასევე, ჩაიფარცხა იმავე სარკოზის მიერდიქტატორკადაფისგან 50 მილიონი ევროს მიღება წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

წამების, გაუპატიურებისა და პირად ცხოვრებაში ჩარევის დამადასტურებელი ვიდეოკადრების გამომჟღავნების შემდეგ, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ნიშნების მქონე აუდიოჩანაწერებიც დაემატა, ისევ გაუჩნდა ხალხს იმედი, რომ დამნაშავე “ნაცები” ახლა მაინც აუცილებლად დაისჯებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მოკლე მეხსიერება გვაქვს _ გვავიწყდება, რომ სამართალი სასამართლოს ძალით უნდა დამყარდეს, სასამართლოებში კი ისევ ის მოსამართლეები არიან მანტიამოსხმულები, რომლებსაც ათასობით უკანონო განაჩენი აქვთ გამოტანილი 2004–2012 წლებში. ამ დამნაშავე მოსამართლეებს, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ყოველდღე დაჭერას ელოდნენ, იუსტიციის მინისტრმა ისეთი რამ შესთავაზა, რომ მათთან ერთად ჩვენც პირი დაგვაღებინა გაკვირვებისგან: დასასჯელები კი ხართ, ბევრი ცოდვა გაწევთ კისერზე, მაგრამ მაინც ხელს არ გახლებთ, ამიერიდან სრულ თავისუფლებას განიჭებთ და, როგორც საჭიროდ ჩათვლით, ისე იმოქმედეთ, ვეღარავინ გაბედავს თქვენს საქმიანობაში ჩარევასო; არ გატყუებთ, ხომ ხედავთ, ვინც უკანონო განაჩენის გამოტანას გავალებდათ, არც იმათ ვერჩით _ მთავარ მოსამართლესაც ადგილზე გიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესაც, მთავარ დამნაშავეებსაც მშვიდობიანად ვისტუმრებთ მეზობელ სახელმწიფოებში და თქვენ ხომ არ გამოგიყვანთ “განტევების ვაცებადო”!

ჰოდა, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო! გარანტიების მიღების შემდეგ ამ მოსამართლეებმაც დაიწყეს დაპატიმრებული (თითებზე ჩამოსათვლელი) “ნაცებისთვისბრალდების უმეტესობის მოხსნა და ისეთი განაჩენების გამოტანა მწამებლებისთვის და მკვლელებისთვის, როგორიც ადრე ორი ღერი ფიცრის ან 50 კილო ჯართის მოპარვისთვის გამოჰქონდათ და დღესაც გამოაქვთ 500 ლარის ქრთამის აღებისთვის. მოსამართლეების ნებისმიერი, თუნდაც აშკარად არასამართლიანი განაჩენი ხელისუფლების მხრიდან რიხიანად საღდება, როგორც დადასტურება სასამართლოს დამოუკიდებლობისა. რა დიდი გონებგამჭრიახობა უნდოდა იმის მიხვედრას, რომ დიდსულოვანი მიმტევებლობა (თანაც, სამართლის ხარჯზე) შედეგს არ გამოიღებდა, რომ ეს პროკურორ-გამომძიებელ-მოსამართლეები, რომლებზეც (თითოეულზე) უამრავი კომპრომატი აქვთ შეგროვებული “ნაცებს”, სიკვდილამდე მათ ერთგულ მონებად დარჩებიან. გონებაჩლუნგი უნდა იყო, ამას ვერ მიხვდე!

მაგრამ გონებაჩლუნგობით ეს არავის მოსვლია. გონებაჩლუნგებად, პირიქით, ჩვენ გვთვლის ხელისუფლება, რომელიც პიარტექნოლოგიების გამოყენებით ხშირად ახერხებს ჩვენს გაცურებას. თუმცა “შუბი ხალთაში არ დაიმალებაო”, და ის თვითლუსტრაციას ეწევა, რისი მაგალითიცაა ახლახან დანიშნული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ქალბატონი გვენეტაძე, რომელიც სწორედ “რუსთავი 2”-ის პროცესზე “გაიყიდა”, როცა გადაწყვიტა “ნაც-რესპუბლიკელებისთვის” ესიამოვნებინა, და შეეცადა (მისი ჭკუით – ტექნიკურად) ზემოქმედებას მოსამართლე ურთმელიძეზე, როცა იგი გამოტანილ განაჩენზე ახსნა-განმარტებისთვის იუსტიციის საბჭოში “მიიწვია”. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე, პირწავარდნილ “ნაცზე” _ პაპუაშვილზე აღარც ვლაპარაკობ, მას რა ლუსტრაცია სჭირდება, ამხელა თანამდებობის პირს, სააკაშვილის მიერ სხვისთვის წართმეულ და მერე მისთვის ნაჩუქარ სახლში რომ ცხოვრობს და არავითარ უხერხულობას არ განიცდის, რა სამართალი მოეთხოვება, ის ხომ “ნაცების” ინტერესებს დაიცავს კბილებით, სანამ არ მოხსნიან ან არ დაიჭერენ. თუმცა ვინაა ამის გამკეთებელი?!

გვენეტაძის რა გვიკვირს, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩაერია სასამართლო პროცესში და მკაცრად გააფრთხილა მოსამართლე ურთმელიძე: “სასწრაფო და ხისტი გადაწყვეტილება არ გამოიტანო”-ო. აქეთ პრემიერმინისტრი აფრთხილებს სასამართლოს წინასწარ(!): საგარეჯოში აჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ ვინაიდან “პატრიოტთა ალიანსმა” შედეგები მაინც გაასაჩივრა, ამ სასამართლო პროცესს ყურადღებას მივაქცევო.

ასეთ ვირეშმაკურ “ნეიტრალურ” გამონათქვამებს, კარგა ხანია, მივეჩვიეთ და გვეგონა თითქოს, ვეღარაფერი გაგვაკვირვებდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ?! რუსთავი 2”-ის დროებით მმართველობაზე მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლე ურთმელიძეს რამდენიმე დღეში შეაცვლევინეს. არ თქვას ახლა ვინმემ, კარგად დაფიქრდა ურთმელიძე, თავდაპირველ გადაწყვეტილებაში შეცდომები იპოვა და თავისი ინიციატივით გამოასწორაო.

სირცხვილი ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც გვარამიასა და ბოკერიას, რომელთა დაჭერასაც დღედღეზე ელოდა ყველა (“ნაცებისმხარდამჭერების ჩათვლით), ისევ ყელყელაობისა და გამომწვევი ტონით გამოსვლების საშუალება მისცა! ამგვარ სასამართლო პრეცედენტებზე, არა მგონია, ვინმეს სმენოდეს, ეს მხოლოდ ჩვენისთანა “თავისუფალი” და “დამოუკიდებელი” სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებაა! აუდიოჩანაწერების გამოძიების საქმე როგორ მიდისო, _ იკითხავს დაინტერესებული ადამიანი. _ როგორ და ზუსტად ისე, როგორც განმუხურის დადგმული სპექტაკლის, მუხროვანის “ამბოხისა” და ლაფანყურის “სპეცოპერაციისა”, როგორც 7 ნოემბრის, 26 მაისის დარბევებისა და ე.წ. აგვისტოს ომის, ანუ სამხედრო ავანტიურის გამოძიების საქმეები (და კიდევ უამრავი) _ ყველა მიმდინარეობს. როდის დასრულდება? _ უშაბათო კვირაში!

ყოველივე ამის (და კიდევ ბევრი რამის) შემყურეს და ნერვებდაწყვეტილებს უკვე მწარედაც აღარ გვეღიმება, აბა, სულელის მეტი ვინ გაიღიმებს, როცა სატირლად გვაქვს საქმე, როცა დაუსჯელინაცებიაქეთ დაგვცინიან, ნიშნისმოგებით ენას გვიყოფენ და გვემუქრებიან: “თუ ბიჭები ხართ და, თუ ქვეშ არ ისვრით ჩვენი მფარველების თითის დაქნევაზე, დაგვიჭირეთ და გაგვასამართლეთ, თორემ მალე ხელისუფლებაში მოვალთ და ყველას დედას გიტირებთო”!

ამ მთავრობის ხელში, რომელიც თითსაც ვერ აკარებს დამნაშავე “ნაცებს”, არაფერია გამორიცხული; იგი მხოლოდ ლანძღვას უბედავს მათ – რომ “ნაცმოძრაობა” “დამნაშავე ორგანიზაციაა”, რომ “მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია”. ცარიელი სიტყვების კი არავის ეშინია, სწორედ ესაა მიზეზი “ნაცების” გათავხედებისა. მეორე მხრივ, მე რომ მეუბნები, ბატონო პრემიერო, “ნაცმოძრაობადამნაშავე ორგანიზაციააო, მასხრად მიგდებ თუ მისამართი გეშლება, არ იცი, რომ თქვენი, მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა დამნაშავეების დასჯა?!

ხელისუფლებას ხელს აძლევს არსებული “სტატუს კვო” და ამიტომაც არ ცვლის მახინჯ საარჩევნო კანონს _ ხალხის თავგანწირვის ფასად 2012 წელს არჩეულიქართული ოცნებადღეს უსირცხვილოდ არწმუნებს ხალხს, რომ საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა არაფრით არ ესწრება 2020(!) წლამდე. ამასაც, მასხრად აგდების მეტი, სხვა სახელი არ ეძებნება!

ყველას მოგვბეზრდა მწარედ გაღიმება, ყველას გვენატრება ნაცნობ-უცნობის ღიმილიანი სახეები ქუჩაში და სახლშიც, მაგრამ ამ უმსგავსობის შემხედვარეს, რაც ჩვენს თავს ხდება, როცა წელი წელს მისდევს და არსებითად არაფერი იცვლება ჩვენს ცხოვრებაში – არც ეკონომიკურად და არც სამართლებრივად, როცა ოცნებები უკეთეს ხელისუფლებაზე და, შესაბამისად, უკეთეს მომავალზეც, დაიმსხვრა, გამწარებულებს,, ღიმილი კი არა, ღრიალი გვინდება, მაგრამ ამას შვება არ მოაქვს – გულს ვასკდებით მხოლოდ; ხელის მოწერების შეგროვებითა და შიმშილობითაც, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანს ამ ხელისუფლების ხელში ვერ მივაღწევთ, ამერიკელ სენატორებთან საჩივლელად სირბილიც, რომელთა გამოც ვართ ამ დღეში, ხომ თავის მოტყუებაა, ამიტომ ამ უსამართლო მდგომარეობის გამოსასწორებლად კონსტიტუციით მონიჭებული ყველა უფლება უნდა გამოვიყენოთ, ყველა გზა მოვსინჯოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართალი, ერთადერთი რამ, რასაც გაჭირვებული ხალხის მატერიალური კეთილდღეობის ამაღლება და 25 წლის განმავლობაში გახლეჩილი ქართველი საზოგადოების გამთლიანება შეუძლია.

იაკობ ლეჟავა

1 COMMENT

  1. ვეთანხმები ავტორის ყველა სიტყვას.დიდებული სტატიაა.მხოლოდ დავამატებდი,რომ ამ დღეებში ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია 2016 წლის არჩევნებისთვის ივანიშვილი ისევ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებასო.ნეტავ რისთვის?ისევ რომ შეგვტენოს ეს თავისი იდიოტებისგან დაკომპლექტებული მთავრობა და უნამუსო რესპუბლიკელები? მისგან სასიკეთოს არაფერს აღარ მოველით.ზოგიერთები გვამუნათებენ უმადურები ნუ ვიქნებითო.როსთვის ვიყოთ მადლიერნი?იმისთვის,რომ თავისი მტერი დასაჯა და ისევ მგლების ხახაში შეგვაგდო უკან?აღარ გვინდა არც ნაცები და არც ქოცები.დაგვანებონ თავი ორივემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here