Home რუბრიკები საზოგადოება “რიმას დიეტის” მსოფლიო აღიარება

“რიმას დიეტის” მსოფლიო აღიარება

630

რიმა ბერაძესგაეროსპრემიაზე წარადგენენ

გასული კვირა ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებმა დაიპყრო და მედიამაც უმალ აუწყო ფეხი. ჯერ იყო და გუგულის სიტყვებიგადაყლაპულიარ გვქონდა სიგარეტის ფასის მომატებაზე, რომ ქალბატონი რიმა ბერაძე ჩადგა რიგში.

ხო, გუგულიმ თქვა, ძალიანაც კარგი, თუ მოემატება სიგარეტს ფასი, აღარ მოწევთო და ეგ ნაკლებად მადარდებსო, არ მოწევთ და ჯანმრთელები იქნებითო.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ კომენტარის მოსმენის შემდეგ მწეველები მაღრაძეს პარლამენტის მოსაცდელთან ჩაუსაფრდნენ, მაგრამ, როგორც კულუარულად გაირკვა, ეს საქმე რამდენიმე ბლოკი სიგარეტით მოგვარდა და ჩაიფარცხა.

ქალბატონ რიმა ბერაძის სკანდალი კი უფრო ფართოდიაპაზონიანი აღმოჩნდა და გუგულის გადაუსწრო.

1 ლარი და 18 თეთრი _ ეს საქართველოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გამოყოფილი თანხაა, რომლითაც ის კალორიულადაც იკვებება და ვიტამინებსაც იღებს.

დიახ, ზუსტადაც! ძალიან სწორად შერჩეული მენიუა, ფასი კი ზედ აკვდება. აბა, როგორ შეიძლება, ამის ავტორი გააკრიტიკო.

ერთადერთი, რაშიც ამერიკელებს არ ვბაძავთ, სწორედაც რომ კვებაა.

სკდებიან ჰამბურგერებით, გაზიანი სასმელებით და იმიტომაც დადიან სამლიტრიანი “ბანკებივით”.

ჰოო, ჩვენ კი ერთი ხელის მოსმით დავაყარეთ მიწა მენიუს ავტორებს და ვერ მივხვდით, რამხელა ჰუმანური აქტია ჩადებული ამ 1 ლარიან და 18 თეთრიან მენიუში.

თუ ყოველ დილით “შვრიის ფანტელები” არ დააგემოვნე და ზედ “100 გრამი კომპოტის წვენი” არ დააყოლე, რაა მამული?! _ არც არაფერი.

თუ მეორე დღეს “ვეგეტარიანული ბორშჩი” არ შეხვრიპე და ზედ რამდენიმე გრამი პური არ მიაყოლე, რაა მამული?! _ არც არაფერი.

კვირაში ერთხელ “ხორცის ფრაგმენტებიანი წიწიბურაც” იქნება, აბაა, ისე კი არ არის საქმე!

(ეს ამონარიდი ციტატები რიმა ბერაძის მიერ გამოქვეყნებული მენიუდანაა)

ჩვენმა წყარომ გაარკვია, რომ აღნიშნული მენიუ პირადად რიმა ბერაძის სახელობის დიეტა ყოფილა და მას მადლიერებიც ჰყოლია.

გულიკო, 71 წლის, პენსიონერი:

“მას შემდეგ, რაც რიმას დიეტა დავიწყე, საგრძნობლად გამიუმჯობესდა კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა, ადრე სულ ცხიმიანებს ვჭამდი და მუცელი მიბუყბუყებდა, ახლა სიცარიელეს ვგრძნობ და ცხოვრების ხალისიც დამიბრუნდა. დიდი მადლობა დიეტის ავტორს, მან მე ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მომცა”.

ვერა, 69 წლის, პენსიონერი:

“არ მესმის, რატომ ატყდა ერთი ამბავი, მშვენიერი მენიუა: ჭამ ნაკლებს და შესაბამისად წონაც ნაკლებია. დიდი ამბავი, თუ კარგად ვერ დანაყრდი, ნაყროვანება ცოდვაა და იმასაც ვერ ვხდებით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე ფიქრობს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანსაღ კვებასა და ვიტამინებზე”.

სულიკო, 96 წლის, პენსიონერი:

“შვილო, მე ისეთი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, სულ სუკებსა და მწვადებზე ვარ გაზრდილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავრჩი უმწეოდ, მთელი ცხოვრება კუჭი მაწუხებდა, ექიმები ვერაფერს მიგებდნენ და, რაც ეს დიეტა დავიწყე, იმის მერე ჩიტივით ვარ _ არც არაფერი მაწუხებს და შიმშილის შეგრძნებაც თითქოს დავკარგე. მე არაფერი მაქ დასამდური ამათთანა”.

ნაზო, 56 წლის, დიასახლისი:

“სულ მაწუხებდა ჭარბი წონა, რა ხერხს არ მივართე და არაფერმა მიშველა. რაც ამ მენიუთი დავიწყე კვება, ყველა ძველი კაბა, რომელიც გადასაყრელად მქონდა გამზადებული, მოვირგე და თავს იდეალურად ვგრძნობ, მადლობა დიეტის ავტორს”.

რიმას დიეტით დაინტერესდა უცხოური მედიაც. როგორც “სიენენი”, “ბიბისი” და “როიტერი” წერენ, ქალბატონი რიმა, შესაძლოა, ადამიანთა მიმართ გამოჩენილი მზუნველობისთვის “გაეროს” პრემიითაც კი დააჯილდოვონ.

ჩვენ კი, სანამ ენა მოგვიბრუნდება და რამე იმნაირს ვიტყვით, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, რას ვაკრიტიკებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები. უხერხულია, აკრიტიკო ადამიანები, რომლებიც მთელი დღე ჯიპებით დაქრიან და იმაზე ფიქრში ინადგურებენ გონებას, თუ რა სარგებელი მოუტანონ ქვეყანას.

ელიკო სილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here