Home რუბრიკები საზოგადოება “თვითმფრინავის ბიჭები” “ჯინსების თაობიდან”, ანუ ჩვენი “ლეგენდარული” ტერორისტები…

“თვითმფრინავის ბიჭები” “ჯინსების თაობიდან”, ანუ ჩვენი “ლეგენდარული” ტერორისტები…

1734

ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, მიწევს, დავწერო იმ საშინელი ფაქტის შესახებ, რომელიც 1983 წლის 18 ნოემბერს მოხდა საქართველოს საჰაერო სივრცეში. მომხდარი სწორედაც ორმაგად სამწუხაროა და აი რატომ: პირველი იმიტომ, რომ თვითონ ფაქტია სამწუხარო და მეორეც, რომ 32 წელიწადია, ჩვენი საზოგადოების ტვინუკუღმართი ნაწილი აქტიურად განიხილავს თემას _ არის თუ არა სამოქალაქო მგზავრებით სავსე თვითმფრინავის გატაცება ტერორისტული აქტი. თუმცა არის კიდევ მესამე სამწუხარო მომენტი, რომელიც პიროვნულად მე მეხება და აქედან დავიწყებ.

1983 წლის 19 ნოემბერს, მე, 7 წლის მეორეკლასელი ბიჭუნა, ვზივარ მერხთან და ჩემს ბავშვურ, ფაქიზ ფსიქიკაში სამუდამოდ და მკვეთრად იბეჭდება, როგორც შავ-თეთრი ფილმის კადრები:

ჩემგან ოდნავ წინ და მარცხნივ, თავის მერხთან ზის მუდამ ხალისიანი, მხიარულთვალებიანი შავგვრემანი გოგონა. ამ დღეს ის ძალიან მოწყენილი და დაბნეულია. ეს უჩვეულოა ჩემთვის. კიდევ უფრო უჩვეულოა ის, რომ მთელი სკოლა, სხვა კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, დამლაგებლები, მებუფეტე _ ყველა რიგრიგობით შემოდის ჩვენს კლასში, უყურებენ ამ გოგონას, მიდიან მასთან, თავზე ხელს უსვამენ, ეფერებიან…

“გადარჩა, ხო?” _ უკვე მერამდენედ მესმის ეს კითხვა.

“კი, გადარჩა! მაგრამ განახევრებულია კაციო,_ ამბობენ. თურმე ერთ საათში გაჭაღარავებულა. რომ მოუცილებიათ სახლში, შვილმა ვერც იცნოო. დილით მხიარული, ახალგაზრდა, შავტუხა მამა გააცილა და ღამით ერთიანად მობერებული, ჭაღარა და სახეშეცვლილი მოუყვანეს სახლში”, _ მერამდენედ მესმის ეს პასუხიც…

მაშინ, 32 წლის წინათ, ბოლომდე არც მესმოდა, რა ხდებოდა. მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ ამ გოგონას მამას რაღაც ძალიან ცუდი დაემართა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა…

მხოლოდ მოგვიანებით, უკვე, ალბათ, სკოლის დამთავრებისას, მივხვდი, რომ ჩემი კლასელი გოგონა თბილისი-ბათუმი-ლენინგრადის სამგზავრო თვითმფრინავის იმ საბედისწერო რეისის გმირის, ნამდვილი გმირის, ეკიპაჟის მეთაურის _ ახმადგერ გარდაფხაძის შვილი იყო.

ზუსტად 32 წლის წინათ, ამ დღეს, 18 ნოემბერს, მამაჩემი ახმადგერ გარდაფხაძე ასრულებდა რეისს თბილისიბათუმილენინგრადი. მერე რაც მოხდა, ყველამ იცით. მე მიმაჩნია, რომ მას იმ დღეს ღმერთმა მეორედ აჩუქა სიცოცხლე და ის მეორედ დაიბადა! მამაჩემის ორი მეგობრისა და კოლეგის უდანაშაულო სიცოცხლე შეეწირა იმ საბედისწერო დღეს ეგრეთ წოდებულ ჯინსების თაობას!” _ დაწერა თავის “ფესიბუქ-კედელზე” ჩემმა კლასელმა ნინო გარდაფხაძემ და აქვე დაასრულა კამათი და გაწი-გამოწი ნებისმიერთან, ვინც…

ვინც ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ ეს ტერორისტული აქტი კი არარომანტიკოსი ახალგაზრდების გალაშქრება იყო საბჭოთა წყობის წინააღმდეგ”…

თუმცა, რატომღაც გვერდს უვლიან იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი ტერორისტი რაღაცის წინააღმდეგ იბრძვის.

“ტერორიზმი” სწორედაც რომ რაიმე, თუნდაც სამართლიანი, მიზნისთვის უსამართლო და მიუღებელი მეთოდით ბრძოლაა და სხვა არაფერი.

კი მაგრამ, რით გავარჩიოთ ბრძოლის მეთოდი მისაღებია თუ მიუღებელი? _ იკითხავს გაუთვითცნობიერებელი ადამიანი და ეს განსაკუთრებით არასრულწლოვან, ე.წ. თინეიჯერების თაობას ეხება, რომლებიც სწორედ ახლა ცდილობს, სწორად შეიმეცნოს გარემომცველი სამყარო…

მარტივია _ მიუღებელია ბრძოლის ყველა ის მეთოდი, რომელიც საფრთხეს უქმნის უიარაღო მოსახლეობას, სამოქალაქო პირებს. თბილისიბათუმილენინგრადის იმ ცნობილ რეისს კი, მოგეხსენებათ, სამგზავრო თვითმფრინავი ასრულებდა და მასში სრულიად უდანაშაულო სამოქალაქო პირები ისხდნენ.

აქ მივადექით კიდევ ერთ სულელურ და დემაგოგიურ “არგუმენტს”, რომელსაც “თვითმფრინავის ბიჭების” “გულუბრყვილო რომანტიკოსებად” გასაღების მოსურნენი იყენებენ ხოლმე _ თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები იმ ბიჭებს არ დაუხოცავთ! მათ გარედან სპეცრაზმის მიერ ნასროლი ტყვიები მოხვდათ!”

ეკიპაჟის მეთაურ გარდაფხაძისა და კიდევ არაერთი მოწმის ჩვენებით, თვითმფრინავში, თბილისის აეროპორტში დაჯდომამდე, უკვე სამი მოკლული ადამიანი იყო და ჰაერში მათ სპეცრაზმი ვერ დახოცავდა და მეორეც _ ეს ბიჭები სულაც ეთიკის ყველა ნორმის დაცვით რომ მოქცეოდნენ მგზავრებს და მათთვის ფეხები დაეთბილათ საკუთარი ხელით, სამგზავრო თვითმფრინავში შევარდნა და მისი ეკიპაჟისთვის მარშრუტის შეცვლის მოთხოვნა მაინც არის ტერორისტული აქტი!

კიდევ ერთი, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ “გმირთა” დამცველნი, არის ის, რომ ეს ბიჭები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ…

საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი ცნობილი შეიარაღებული დაჯგუფების მაგალითი _ ჰამასი” (პალესტინა) დაჰეზბოლა” (ლიბანი).

ორივე მათგანს მიზანი ერთი და იგივე აქვს _ მათ სამშობლოში შეჭრილი მეზობელი სახელმწიფოს, ისრაელის, წინააღმდეგ ბრძოლა.

მიუხედავად ამისა, “ჰამასი” მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის, მიერ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად. “ჰეზბოლას” კი ტერორისტულ ორგანიზაციას მხოლოდ ისრაელი და მისი უახლოესი მოკავშირეები _ ამერიკა და კანადა უწოდებენ. ევროკავშირის ქვეყნებმა, ისრაელ-ამერიკის წარმოუდგენელი ზეწოლის მიუხედავად, “ჰეზბოლა” არ აღიარეს ტერორისტულ ორგანიზაციად და მას მხოლოდ უკანონო შეიარაღებული ორგანიზაციის სტატუსი აქვს…

მიზეზი? ისევ და ისევ უმარტივესი _ “ჰამასი” თავს ესხმის მაღაზიებს, მეტროპოლიტენის სადგურებს, საქალაქო ტრანსპორტს, სამგზავრო თვითმფრინავებს… მოკლედ, აზიანებს, ანადგურებს და ემუქრება სამოქალაქო ობიექტებს, სამოქალაქო პირებს.

“ჰეზბოლა” კი თავდასხმებს ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, ბაზებზე, მძიმე ტექნიკაზე, სამხედრო ჯგუფებზე, სამხედრო ავიაციაზე. არც ერთი მათი სამხედრო ოპერაცია არ იყო მიმართული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ.

მგონი, საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც მოქმედების მიზანს და არც იმას, გამოიყენეს თუ არა იარაღი ე.წ. თვითმფრინავის ბიჭებმა. სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცება, თუნდაც მხოლოდ მუქარა _ ეს არის ტერორისტული აქტი ყოველთვის, ყველგან და ნებისმიერ ვითარებაში

თუმცა ჩვენ ვართ ის საზოგადოება, რომლის არა მხოლოდ, დავუშვათ, გაუნათლებელი ნაწილი, არამედ მწერლები და იურისტებიც კი, ზოგჯერ იმისთანა სისულელეებს წამოროშავენ, ნორმალურ ადამიანს შეიძლება გული გაგიჩერდეს.

არასოდეს დამავიწყდება ცნობილი ადვოკატის, ზვიად კორძაძის, წარმოუდგენლად სულელური ფრაზა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, როდესაც მას დაუსვეს კითხვა _ სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცება არის თუ არა ტერორისტული აქტი?

ამ სახელმოხვეჭილმა იურისტმა, წარბიც არ შეტოკებია, ისე უპასუხა: გააჩნია, საიდან გაიტაცებენ ამ თვითმფრინავს, მაგალითად, თუ ჩრდილოეთ კორეიდან ან სხვა რომელიმე არადემოკრატიული ქვეყნიდან გაიტაცებენ მას, მაშინ ეს არ არის ტერორისტული აქტი”.

პირდაპირ ვიტყვი _ ეს იურისტის კი არა, მართლაც გარკვეული პროპაგანდისგან ტვინდაცემენტებულიეპოქის შვილისპასუხია და, მსგავსი სიტუტუცე რომ მოვასმენინოთ ჩრდილოეთ კორეის ან რომელიმე იმ ქვეყნის ხელისუფალთ, რომლებსაც ზვიად კორძაძეარადემოკრატიულადმიიჩნევს, სერიოზულ საერთაშორისო დიპლომატიურ სკანდალსაც გამოვკრავთ ხელს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/N-bakuri-1.jpg

ისე, მართლა საინტერესოა, ბატონი იურისტი ზვიადი, ჩრდილოეთ კორეის გარდა, კიდევ რომელი ქვეყნებიდან მიიჩნევს დასაშვებად სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცებას?! იქნებ გაგვეგზავნა იმ ქვეყნებში “გმირობას” მოწყურებული ჩვენი ახალგაზრდები…

სწორედ ახალგაზრდებზე მოქმედებს ყველაზე “ეფექტურად” მსგავსი სისულელეები და წეღან იურისტების გვერდით მწერლებიც უმიზეზოდ არ მიხსენებია.

ჯინსების თაობა _ ეს ის წიგნია, რომელმაც მართლაც დააავადა საქართველოს ახალგაზრდობა, განსაკუთრებით _ არასრულწლოვანები, რომელთა განკურნება ამ დაავადებისგან მე, პირადად, ყველაზე დიდ საქმედ მიმაჩნია.

სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო: მიუხედავად იმისა, რას აპროტესტებ, მიუხედავად იმისა, ვინ დახოცა ადამიანები, მიუხედავად იმისა, საბჭოთა სასამართლო მკაცრად მოიქცა თუ ლმობიერად, მიუხედავად იმისა, შეიძლებოდა თუ არა ამ ბიჭების დახვრეტის განაჩენის თავიდან აცილებამიუხედავად ყველაფრისა, ეს იყო ტერორისტული აქტი და არავითარ შემთხვევაში _ “რომანტიზმიდა მით უფრო _ “გმირობა”!

სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ტერორიზმს ჯერ ლიტერატურული ნაწარმოები, შემდეგ სპექტაკლიც კი მიუძღვნა.

ყველაზე სავალალო ის არის, რომ ერთიც და მეორეც გარკვეული პოპულარობით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში. და საზოგადოებას, რომლის თუნდაც 10 და 15 პროცენტი მაინც გაცხარებული კამათობს აქსიომაზე _ არის თუ არა სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება ტერორისტული აქტი, ნამდვილად არაფერი ეშველება.

აი, პასუხი ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალურ კითხვაზე _ გვეშველება რამე?

ვიცი, აქაც გამოვარდებიან მატრაკვეცები და იკითხავენ, _ “თვითმფრინავის ბიჭების” საქმე რაღა შუაშია იმასთან, გვეშველება რამე თუ არაო.

ჭკვიანისთვის კი იოლად მისახვედრია _ საზოგადოების ზოგადი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება სწორედ ასეთი დეტალებით იწყება და, თუკი საზოგადოების მეხუთედს მაინც მახინჯი მსოფლმხედველობა აქვს და ვერ ხვდება აქსიომებს, იმ საზოგადოებას, წარმოუდგენელია, რამე ეშველოს!

რაც შეეხება უმთავრეს მიზანს _ არ მოიწამლოს ახალგაზრდობა, ამას მე შეძლებისდაგვარად ვასრულებ და საილუტრაციოდ აქვე გთავაზობთ “სქრინ-შოტებს” იმ მადლიერი მშობლებისგან, რომელთა “თინეიჯერმა” შვილებმა ჩემი სტატუსები წაიკითხეს სოციალურ ქსელებში და ცოტა დაფიქრდნენ…

მიხარია, რომ მსგავსი “სქრინები” ჩემს “პრივატში” მხოლოდ ერთი და ორი არ არის…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. აგაშენოთ ღმერთმა! და კიდევ ერთსაც დავამატებდი: ხშირად აპელირებენ ამ საქციელის გამპრავებლები, რომ მას ამართლებდნენ ცნობილი პიროვნებები, რომლებიც ხელ აწერდნენ მათ შეწყალებას. ჰუმანურობით თუ ვიღაცას დახათრებით ხელის მოწერა, ამას სულაც არ ნიშნავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here