Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი ვოლსკი: დღეს “ნაცმოძრაობას” მხოლოდ არეულობის მოწყობით შეუძლია პოზიციების გაძლიერება

გიორგი ვოლსკი: დღეს “ნაცმოძრაობას” მხოლოდ არეულობის მოწყობით შეუძლია პოზიციების გაძლიერება

607

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო. რა იყო საქმის აღძვრის საფუძველი: უკრაინულივიკილიქსისმიერ გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის სტენოგრამა, სადაც ისინი სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობენ, თუ მოსალოდნელი არეულობის შესახებ ხელისუფლებას სხვა ინფორმაციაც აქვს და დგას თუ არა დღეს ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალების წინაშე _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსსაპარლამენტო ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ესაუბრა.

_ არ არის აუცილებელი, ფარული საუბრების ჩანაწერები გვქონდეს, რათა მივხვდეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერ ქმედებაში ქვეყანაში არეულობის დაწყების სურვილი და მისწრაფება იკითხება. გვახსოვს, როგორ სცადეს რამდენიმეჯერ, ხან ევროპული ფასეულობების დაცვის ლოზუნგებით და ხან, გაგიკვირდებათ და, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მრავალათასიანი მიტინგი ჩაეტარებინათ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის, რომნაციონალურ მოძრაობასევროპულ ფასეულობებსა და ადამიანის უფლებების თემაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს, თუნდაც იმ წამების ამსახველი ვიდეოკადრების გამო, რომლებიც ამ დღეებში გავრცელდა.

 მართალია, ჯერჯერობით სააკაშვილისა და ბოკერიას ამ აუდიოჩანაწერის ავთენტურობაც შესამოწმებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო სამსახურს არ შეუძლია, ასეთი ინფორმაცია არ გაითვალისწინოს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გიგი წერეთელმა ისიც განაცხადა, რომ ეს რომელიღაც რუსული საიტის მიერ გავრცელებული ჩანაწერია და ამიტომ სისულელეა, ყურადღება მივაქციოთო, მაგრამ პარლამენტარს ან რიგით მოქალაქეს ასეთი ჩანაწერი რაც უნდა სისულელედ მოეჩვენოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება არ აქვს, ძიება არ დაიწყოს.

თუ “ნაციონალური მოძრაობის” ისტორიას და განვლილ საქმიანობას გადავხედავთ, ეს დამატებით საფუძველს მაძლევს, ვიფიქრო, რომ დღეს ნაციონალებს მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებისა და არეულობის მოწყობით შეუძლიათ პოზიციები გაიძლიერონ.

_ ხელისუფლებაშიც აშკარაა დაპირისპირება. მიმდინარე მოვლენებზე პრეზიდენტი და პრემიერი რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ.

_ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი პროცესები მიმდინარეობს, როდესაც ნაციონალები ცდილობენ ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გაბუქებასა და ხელისუფლების დადანაშაულებას, თითქოს ტელეარხს პრობლემები ხელისუფლებამ შეუქმნა, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადებები უმართებულოა. მნიშვნელობა არ აქვს, მომწონს თუ არა “რუსთავი 2”, შეიძლება, მიმაჩნდეს, რომ ტელევიზია უფრო ზუსტ და დახვეწილ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს საზოგადოებას, არ იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული, მაგრამ ჩემი თვალსაზრისი ამ საკითხზე არაფერს ნიშნავს. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ხოლო პრეზიდენტის განცხადებასა და მოსამართლისადმი მოწოდებაში, რომ მან არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, ჩვენ დავინახეთ პირდაპირი შეტევა სასამართლოზე.

ამას გარდა, როდესაც ადამიანების ასეთი სასტიკი წამების კადრები ვრცელდება და ამაზე პრეზიდენტი არაფერს ამბობს, თითქოს არაფერი მომხდარა, ჩემთვის ესეც გაუგებარია. პრეზიდენტს არ დაუგმია ყოფილი ხელისუფლების ქმედებები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მისი განცხადება, თუნდაც პრემიერის მიმართ, ვითარების არაადეკვატური იყო.

პრეზიდენტის განცხადების ბოლო ნაწილი, რომ ემოციები ყველამ უნდა მოთოკოს და ისე იმოქმედოს, რათა ქვეყანა დაპირისპირების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს, ჩემთვის გასაგებია და ვეთანხმები, მაგრამ მისი განცხადების წინა ფრაზა მიუღებელი იყო. ერთი მხრივ, პრეზიდეტმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა, მეორე მხრივ კი, რეალური ვითარება არ შეაფასა და სასამართლოზე გადაიტანა მთავარი აქცენტი. არადა, ყველამ (იქნება ეს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი თუ მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი), ვისაც ტრიბუნა აქვს, უნდა თქვას, რომ ის უბედურება, რომელიც საქართველოში ხდებოდა, მიუღებელია დღევანდელი და მომავალი საქართველოსთვის. მორალურად მაინც შეეფასებინა ეს კადრები მარგველაშვილს, მაგრამ მან პრემიერმინისტრის კრიტიკა და სასამართლოსადმი მითითებები არჩია.

_ თუმცა არამხოლოდ პრეზიდენტი მოიქცა ასესამეგრელოში კასრებში აღმოჩენილი ვიდეოფირების გავრცელების შემდეგ რატომ გაიყო ხელისუფლების აზრი ორად და რატომ დაინახა ნაწილმა პრობლემა უფრო მეტად ამ კადრების გავრცელებაში, ვიდრე წამების ჩამდენებში?

_ მართალი ბრძანდებით, არაადეკვატურია ასეთი საქციელი. ეს კადრები მხოლოდ ვიწრო წრეში არ გავრცელებულა. ამ კადრების პოვნის შემდეგ, როგორც ვიცი, ასზე მეტ ადამიანს დაეკისრა პასუხისმგებლობა, ზოგიერთი კი პასუხისმგებლობას დღესაც ემალება. ხელისუფლებაში იქნებიან თუ ოპოზიციაში, ადამიანები, რომლებიც ადეკვატურ შეფასებებს ვერ აძლევენ დანაშაულს, რომელიც ამ კადრებშია გადმოცემული, და მთავარ აქცენტს იმაზე აკეთებენ, სად, როგორ და ვისი მეშვეობით გავრცელდა ეს კადრები, ვფიქრობ, ქვეყნის ინტერესებს არ ითვალისწინებენ.

_ უკრაინულივიკილიქსისმიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ნაციონალები ფარულად ეხმარებიან და მხარს უჭერენ. რას იტყვით, შეიძლება ისინი ახლო მომავალში ნაციონალების ბანაკში ვიხილოთ?

_ საკმაოდ ყურადღებით ვაკვირდები პროცესებს და მე, პირადად, ვერც საუბარში და ვერც მათ ქმედებებში ნაციონალებთან კავშირს ვერ ვხედავ. შეიძლება რაღაც საკითხებზე მათი ზოგიერთი განცხადება არ იყოს ჩემთვის მისაღები, მაგრამ არც ხიდაშელი და არც რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრი ვერ დადგება იქ, სადაც ნაციონალები დგანან.

_ რატომ ალაპარაკდა ხელისუფლებანაციონალური მოძრაობისგასამართლებაზე ახლა და არა მაშინ, როდესაც ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა? ეს კადრები ხომ ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს ნანახი ჰქონდა?

_ ამ საკითხზე ჩემი თვალსაზრისი მაქვს და მიმაჩნია, რომ უნდა დაისაჯონ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულების ჩამდენ ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ და მითითებებს აძლევდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ ამ ჯგუფის ლიდერებმა დანაშაული ჩაიდინეს.

_ ფიქრობთ, რომნაციონალური მოძრაობადამნაშავე რეჟიმად არ უნდა გამოცხადდეს?

_ ვფიქრობ, ამ საკითხს უფრო ღრმა განხილვა სჭირდება. მთავარი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, არის ის, წაადგება თუ არა ჩვენი ესა თუ ის ნაბიჯი საქართველოს. ემოციურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ძალიან დააზარალოს საქართველო. გვინდა თუ არა, ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ.

_ თქვენი აზრით, თუნაციონალურ მოძრაობასდამნაშავე რეჟიმად გამოვაცხადებთ, საერთაშორისო საზოგადოებრიობა არ დაგვიჭერს მხარს?

_ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე არ არის ლაპარაკი. ქვეყნის შიგნითაც არ უნდა შექმნა დაძაბული სიტუაცია, ამიტომ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რას მოუტანს ეს ქვეყანას.

_ ნაციონალებს დასავლეთიდან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა _ ისინი ყოფილი ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსნის დაკავებასაც კი პოლიტიკურ შეფასებას აძლევდნენ. ამ კადრების გავრცელების შემდეგ თუ ესაუბრეთ რომელიმე უცხოელ მაღალჩინოსანს, რა რეაქცია ჰქონდათ?

_ საერთაშორისო თანამეგობრობა (კონკრეტულად რომელიმე ქვეყანას არ დავასეხელებ, რადგან ასეთი ბევრია), თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, უყურებს მთლიანად კავკასიას თუ საქართველოში შექმნილ ვითარებას. საერთაშორისო უსაფრთხოებაა მათი საზრუნავი და არა “ქართული ოცნების” ან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა.

ამ კადრების ნახვის შემდეგ გაუჩნდათ შეკითხვა, თუ რამდენი ადამიანია ამ დანაშაულის გამო პასუხისგებაში მიცემული, ხოლო საკითხი, რატომ გამოუტანა ბაჩო ახალაიას ან ვანო მერაბიშვილს საქართველოს სასამართლომ განაჩენი, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელების დღის წესრიგში, უკვე დიდი ხანია, აღარ დგას.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here