Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი: გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას არაობიექტურმა სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე...

გიორგი კვირიკაშვილი: გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას არაობიექტურმა სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე ჩვენი პარტნიორების შეკითხვებმა მედიის თავისუფლებაზე

527

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის საკითხში ოთხ ასპექტს გამოყოფს

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, პირველი არის ის, რაც ახლახან იხილა _ ქუჩაში შელაპარაკებები, კერძოდ კი, ბიზნესმენ გიორგი კოდუასთან ახალგაზრდების ჯგუფის შელაპარაკება.

“მინდა,  ვთხოვო ყველას, მოვუწოდო კიდეც, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, ვინაიდან ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. ასევე, მინდა, ვთხოვო და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველებს ექნებათ რეაგირება ასეთ შემთხვევებზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება.

“ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ. არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას, ეს ნამდვილად არ შედის მთავრობის ინტერესში და, ვინც აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის, სად მუშაობს, რომელი გუნდის თუ მიმართულების წევრია. ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ახალგაზრდებს, შეიძლება, ცხოვრება დავუმახინჯოთ მხოლოდ იმითი, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ, რაც გაიარა საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა. ამიტომ კატეგორიულად ვემიჯნები, მით უმეტეს, ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მასშტაბით ასეთი კადრების ჩვენებას”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.

მესამე საკითხი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეხება მედიის თავისუფლებას.  მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, რომელზეც ნებისმიერი მთავრობა უნდა იდგეს.

“ჩვენი მთავრობა ამ ფასეულობაზე ნამდვილად დგას, ამიტომ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არც ერთი სატელევიზიო, თუ მედიაკომპანიის მაუწყებლობის პოლიტიკაში ჩარევა არ  მოხდეს და არ ხდება ასეთი რამ. არ ვიცი, ვინ იქნება ამ პროცესის გამარჯვებული, მაგრამ ვინც უნდა იყოს, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედიის თავისუფლების საკითხის მიმართ”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება მეოთხე საკითხს, მინისტრმა “რუსთავი 2”-ს და ყველა იმ ადამიანს მიმართა, რომლებიც შეიძლება საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგნენ.

“მინდა, “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობასაც და ყველა იმ ადამიანს მოვუწოდო, რომლებიც  სააწინააღმდეგო პოზიციაზე დგანან: ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს, რომ  სასამართლო გადაწყვეტილება, მოგწონს თუ არა, მისაღები იქნება ყველასთვის, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს დგას ადამიანი”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლომაც უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებში არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ამ მიმართულებით, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here