Home რუბრიკები საზოგადოება როგორ შენდებოდა ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესი _ ენგურჰესი

როგორ შენდებოდა ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესი _ ენგურჰესი

5881

რა მოხდება, კაშხალმა რომ ვერ გაუძლოს _ წაილეკება მთელი დასავლეთი საქართველო და თურქეთის ჩრდილოეთი?

საქართველოს ელექტროგენერაციის ფლაგმანი ენგურის ჰიდროელექტროსადგური იყო ყოველთვის. დღესაც ასეთად რჩება.

ამ ჰესის გრანდიოზულ მშენებლობაზე მუშაობდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც შემდგომ თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდა.

ბაკურ გულუა.

სწორედ მასთან საუბრით იწყებსსაქართველო და მსოფლიოახალ რუბრიკასრაც ხალხისთვის აშენდა”…

ეს ციკლი იქნება პირუთვნელი ნამბობი იმ სიკეთეზე, რომელიც ადამიანების საკეთილდღეოდ გაკეთდაკომუნისტების დაწყევლილ ეპოქაში”.

მშრომელთა საკეთილდღეოდ.

ისტორია, როგორიც იყო.

ჯერ იმის შესახებ, რას წარმოადგენს კავკასიონის კალთებზე და მის სიღრმეში აგებული ეს უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც უნებურად წარმოგვიდგება, როგორც იმ ცხოველმყოფელი მუხტის მატერიალიზაცია, ამირანმა ადამის მოდგმას არსებობისა და განვითარებისთვის ღმერთების საუფლოდან რომ ჩამოუტანა.

აქ, ენგურის ხეობაში ერთმანეთსაა შერწყმული ანტიკური და შუასაუკუნეების ნატურფილოსოფიის მიერ დადგენილი სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი ოთხი მთავარი ელემენტი _ მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი.

ჩვენს შემთხვევაში ელექტროენერგიად ტრანსფორმირებული.

უთუოდ ჩნდება ასეთი შორეული ანალოგია…

ლეგენდების სამყაროდან მატერიალურ რეალობაში გადმოვინაცვლოთ.

ვკითხულობ ენციკლოპედიიდან ამოკრეფილ რამდენიმე მახასიათებელს:

_ ენგურის ჰიდროელექტროსადგური, ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესი, შენდებოდა 1961-78 წლებში.

_ და, მე რომ მკითხოთ, დღესაც არ არის დამთავრებული, _ ეს უკვე ბატონი ბაკურის რეპლიკაა.

განვაგრძობ:

_ ელექტროსადგურების კასკადის სიმძლავრე 1300 ათასი კილოვატსაათია.

_ დავაზუსტოთ: 1650 მეგავატია, _ კვლავ ბაკურ გულუა.

მინდა ვაჩვენო, რომ მოუმზადებელი არ მოვსულვარ და განვაგრძობ ციტირებას.

_ ენგურზე ჰესის აგების იდეა დიდ ქართველ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს _ ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის.

_ დიახ, ეკუთვნოდა, _ მიდასტურებს რესპონდენტი.

_ იდეის მატერიალიზაციისთვის პირველი ნაბიჯებიც მან გადადგა, მაგრამ, სამწუხაროდ, მის დაუღალავ (20-წლიან) მცდელობას რეალური შედეგი ვერ მოჰყვა, ისევე, როგორც შემდგომ არაერთ მცდელობას, რომლებშიც ჩართული იყვნენ რუსი, იტალიელი, ქართველი ენერგოსპეციალისტები.

ბაკურ გულუა ენგურჰესის მშენებლობის დაწყების ეპოპეას მნიშვნელოვანი შენიშვნით ამდიდრებს:

_ სტალინი, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრს კითხულობდა. როგორც ჩანს, მან ძირფესვიანად შეისწავლა ნიკო ნიკოლაძის შემდგომ განვითარებული იდეები და წინადადებები ამ დიდ პროექტზე.

ქვეყნის უალტერნატივო მმართველი იგი მხოლოდ მაშინ გახდა, როცა საბჭოთა კავშირის მართვის სათავეები ხელში აიღო, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც რიკოვი მთავრობის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე ვიაჩესლავ მოლოტოვი დანიშნა.

ეს მოხდა გასული საუკუნის 30-იან წლებში.

ამავე პერიოდში დაიწყო აქტიური მუშაობა მდინარე ენგურის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის აშენების პრაქტიკულ პრობლემებზე.

უთუოდ საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ამ დროს ბაქოს ნავთობის ინსტიტუტში სწავლობდა შემდგომში გამოჩენილი საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სსრკ-ის საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, სოციალისტური შრომის გმირი ნიკოლაი ბაიბაკოვი, რომლის სტუდენტური პრაქტიკა ითვალისწინებდა მივლინებას საქართველოში გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების ჩასატარებლად ენგურის ხეობაში. რამდენიმე თვის განმავლობაში ლარტყით ხელში მან მთელი ეს ხეობა ფეხით შემოიარა და მაშინაც კი, როცა საბჭოთა კავშორის საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და უკვე ხანში შესული ადამიანი იყო, ახსოვდა ყველა ნიშნული, მის მიერ აქ მუშაობისას შესრულებულ-დაზუსტებული.

_ ხომ არ შეხვედრიხართ?

_ ჩვენი შეხვედრის საუბრის თემა სწორედ ეს იყო. ამ საუბარში მონაწილეობდა ორი, აწ გარდაცვლილი ადამიანი _ ზურაბ ჩხეიძე, მაშინ საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი და ირაკლი გვერდწითელი მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, ცნობილი მეცნიერი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

პროფესიონალებმა იციან, რომ ჰესების მშენებლობა იწყება კარტოგრაფიული და გეოდეზიური საფუძვლების დამუშავებით _ ნიშნულების აღებით. ჰიდროსადგურისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ წყლის ვარდნაა, დენს რომ გამოიმუშავებს.

იმასაც გეტყვით, რომ მდინარე ენგური წყლის ხარჯით დაახლოებით სამოცდაათჯერ ნაკლებია რუსეთის დედამდინარე ვოლგაზე, რომელზეც აშენებული ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური არის 4.500 მეგავატი სიმძლავრის, ხოლო ენგურჰესის სიმძლავრე 1.650 მეგავატია. ჩნდება კითხვა: როგორ მოხერხდა, რომ 70-ჯერ ნაკლები წყლის ხარჯის მქონე მდინარეზე აიგო მხოლოდ 2,5-ჯერ ნაკლები სიმძლავრის ჰესი?

ეს არის ამ ჰესის ხიბლი.

ქართველი მკითხველი საზოგადოებისთვის ენგური ასოცირდება კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცებასთან”, ემხვარების დიდებული გვარის შთამომავლის ტრაგიკულ ბედთან, მაგრამ ვეჭვობ, ყველამ იცოდეს ის, რასაც ახლა გეტყვით: გავაკებული ენგური 410 მეტრ სიმაღლეს კარგავს. ასეთი სხვაობა ვოლგას არ აქვს სათავიდან, ვიდრე კასპიის ზღვას შეუერთდება, იქამდე. ამ სხვაობაზეა აღმოცენებული ენგურჰესის აგების იდეა.

რესპონდენტს ვეუბნები, რომ, როგორც ვიცი, მხოლოდ 1960 წელს დაამუშავაჰიდროპროექტმამდინარე ენგურის ენერგეტიკული მიზნებისთვის გამოყენების სქემა, რომლის გათვალისწინებით განხორციელდა მშენებლობა და რომელიც ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამ ჩანაფიქრად იქნა მიჩნეული. თუმცა ამ კომპლექსის აგებას ბევრი სპეციალისტი ეჭვის თვალით უყურებდა და, თანმდევი ნეგატიური მოვლენების გამო, იდეის განხორციელებას უტოპიად მიიჩნევდა.

ვერც ოპტიმისტები იყვნენ მშვიდად: ერთი მხრივ, მშენებლობის მასშტაბურობა და რელიეფის სირთულე აფრთხობდა მათ; მეორე მხრივ, თაღოვანი კაშხლის გრანდიოზულობა და რეგიონის სეისმომედეგობის პრობლემა აფორიაქებდა

_ ნიკო ნიკოლაძით დაწყებული და სოსო ჯუღაშვილით დამთავრებული _ ყველამ იცოდა, რომ ენგურის კაშხლით გადაკეტვა დიდი და უარყოფითი ჩარევაა ბუნების სტაბილურობაში, ამიტომ პროექტით მდინარე ულამაზესი ხეობიდან გადაინაცვლებს გვირაბში, წავა საბერიომდე, იქ დაარტყამს ტურბინას და მთლიანად აითვისებს ზემოთ ნათქვამ 410 მეტრის დონეთა სხვაობას. ამაზე დგას ენგურჰესის 1300-მეგავატიანი სიმძლავრე და შემდეგ კიდევ 300 მეგავატი _ კასკადებით. აქვე ისიც ვთქვათ, რომ შავ ზღვასთან შეერთებამდე დონეთა ყველა სხვაობა ამ კასკადებითაა ათვისებული და ამითაა დაგროვილი ეს უზარმაზარი სიმძლავრე ამ პატარა მდინარის.

მსოფლიოში მოღვაწე წამყვანი ჰიდროტექნიკოსები დაინტერესდნენ ამ ტექნიკური გადაწყვეტილებით და ამიტომ იყო, რომ პრაქტიკულად ყველა სხვადასხვა დროს ჩამოდიოდა ჩვენთან, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს იყო რეალობა და არა ფანტასტიკა.

ფაქტი თემაში: ენგურჰესს წლების განმავლობაში არაერთი დელეგაცია სტუმრობდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან და უცხოეთიდან, კერძოდ, აშშდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, და ყველა, როგორც ერთი, გაოცებასა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჰესის უნიკალურობისა და მასშტაბურობის, შემოქმედებითი აზროვნების გაქანებისა და მრავალმხრივობის, და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბუნების პლანეტარული სიდიადის გამო, რომლის წიაღში, ლეგენდის მიხედვით, კავკასიონზე მიჯაჭვული იყო დედამიწაზე ცეცხლის ჩამომტანი, ღვთის ურჩი ამირანიპრომეთე.

ბაკურ გულუა განაგრძობს:

_ ოცდაათიან წლებში იოსებ სტალინმა ამ ყველაფრის საფუძვლები შექმნა, მაგრამ, როცა დაპროექტება უნდა დაეწყოთ, ქვეყნის წინაშე სულ სხვა ამოცანა დადგა: ჰიტლერი აუცილებლად თავს დაესხმებოდა საბჭოთა კავშირს, შეიცვალა პრიორიტეტები და ყველა სამუშაო შეჩერდა. ომის დამთავრების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ეკონომიკა ომამდელ დონემდე აღდგა, სტალინი დაუბრუნდა ამ პროექტს და მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განიხილა მასთან დაკავშირებული საკითხები.

გადის ათი ურთულესი წელიწადი: გარდაიცვალა სტალინი, დაიწყო ე.წ. დათბობის ჟამი _ გაუნათლებელი, მაგრამ უკიდურესად ამბიციური ნიკიტა ხრუშჩოვის ეპოქა, 1958 წელს იგი გამოაცხადებს, რომ 20 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირში კომუნიზმი გაიმარჯვებს.

იდეაფიქსი!

ამ 20 წელიწადში არ ეტეოდა ენგურჰესის მშენებლობის დამთავრების ვადა. ეს რომ უთხრეს, აკრძალა ჰესის მშენებლობა თავისი საპროექტო, სამეცნიერო-კვლევითი და ყველა სხვა სახის სამუშაოს ჩათვლით.

პარალელურად უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ნეპოროჟნი საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის მინისტრად გადმოჰყავს. ახლო ურთიერთობა ჰქონდათ _ უკრაინაში ერთსა და იმავე დროს მუშაობდნენ.

იცით თქვენ ეს.

ნიკიტას კომუნიზმის აშენება ეჩქარებოდა (ლენინის ფორმულა გაიხსენეთ: “…პლუს ელექტრიფიკაცია”) და ნეპოროჟნიმ გენერალური მდივნის ბოდვითი იდეის მხარდასაჭერად შეაპარა, რომ ენგურჰესის მშენებლობა 1965-66 წლებში დამთავრდებოდა, .. შეიქმნებოდა კომუნიზმის აშენების ენერგეტიკული ბაზა. თუმცა, ენერგეტიკის მინისტრმა კი არა, რიგითმა ინჟინერმა იცოდა, რომ ეს ვადა ბლეფი იყო.

ხრუშჩოვი დახარბდა, მშენებლობის გაგრძელების გადაწყვეტილება მთავრობას 1960 წელს მიაღებინა და, 1964 წელს რომ არ ჩამოეგდოთ, იმ ნეპოროჟნისაც და მის თანამდგომთაც თუ არ დახვრეტდა, ციმბირს აქეთ დაატოვებინებდა.

ამ დიდმა ტყუილმა ენგურჰესის დაპროექტებასა და მშენებლობაში დიდი აბრაკადაბრა _ არეულობა და ქაოსი შეიტანა.

1965 წელს ჰესის ყველა ტურბინა ლენინგრადიდან ჩამოიტანეს გალში: მაშინ ჯერ ბილიკებიც არ იყო გაყვანილი და მშენებლობის ადგილამდე არც არავინ იყო მისული. სულ ცოტა 10 წელიწადი ეს ტურბინები უძრავად იდო და მხოლოდ შემდეგ მიიტანეს დამონტაჟების ადგილამდე. ამასობაში მსოფლიოში სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია მოხდა და ეს დანადგარები მორალურად დაძველდა.

ტურბინებზე წარმოდგენა რომ ჰქონდეს თქვენს მკითხველს, მოკლედ აგიხსნით: ყველაზე მცირე დაუშლელი ნაწილი ამ გენერატორისა 72 მეტრის სიმაღლისაა და 600 ტონამდე იწონის. ოთხი ასეთი ტურბინა 1965 წელს უკვე დამონტაჟებული და ამუშავებული უნდა ყოფილიყო. რეალურად კი 70-იან წლებში დაიდგა და მხოლოდ 1978 წელს ამუშავდა.

_ სადერივაციოსადაწნევო გვირაბში დაიდგა?

_ დიახ, მიწის ქვეშ. დერივაცია ნიშნავს არიდებას, სადაწნევო ნიშნავს, რომ იქ, შიგნით წარმოიქმნებოდა წყლის წნევა, რომელიც ურტყამდა ტურბინას, იქიდან ამოტყორცნილი გალის ხელოვნურ “ზღვას” ავსებდა, იქვე იდგა 220-ათასიანი პირველი ვარდნილი ჰესი, შემდეგ კიდევ _ ოთხი ვარდნილჰესი, შავ ზღვამდე.

ამ ჰიდროელექტროსადგურის უმოკლესი ისტორია ეს არის.

* * *

ამ მასალის დასაწყისში ვწერდი, რომ ენგურჰესის მშენებლობაზე მუშაობდა ერთი ახალგაზრდა კაცი ბაკურ გულუა.

ვეკითხები:

_ რატომ მიხვედით, რა გინდოდათ? თქვენი სურვილით არ წახვიდოდით იქ სამუშაოდ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი.

_ (ეღიმება) თქვენგან გამკვირვებია, ჩემო ბატონო. თქვენ საკუთარი სურვილით მისულხართ რომელიმე თანამდებობის დასაკავებლად?!

_ არა, რა თქმა უნდა.

_ ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო. დრეკადობის თეორიის კათედრაზე ვმუშაობდი დარტყმების თეორიაზე და საკანდიდატო დისერტაცია დამთავრების სტადიაში მქონდა. არ მომცეს საშველი, გამომიძახეს და გამგზავნეს კომკავშირის ზუგდიდის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. 9 თვეში გადამიყვანეს ენგურმშენის პარტიული კომიტეტის (რაიკომის უფლებით) მდივნად. ერთ ღამეში გადაწყდა ჩემი გადაყვანის საკითხი. ეს მოხდა 1973 წლის დეკემბერში. ვიმუშავე 1975 წლის 6 მაისამდე.

სამუშაო ფრონტი მართლაც გრანდიოზული იყო. ობიექტები გვქონდა ვარციხეში, გუდავადან დაწყებული, ვიდრე სვანეთის ჩათვლით, მშენებლობა მიმდინარეობდა ორი ქალაქისა და 5 რაიონის ტერიტორიებზე. ეს არამხოლოდ იმ დროისთვის, დღეისთვისაც გრანდიოზული მასშტაბია. ასეთი მოცულობის მარტო ბეტონის და მიწის სამუშაოები, 1961 წლამდეც და დღეის ჩათვლით, არასოდეს შესრულებულა და ვეჭვობ, ოდესმე გამეორდეს.

_ რატომ, ბატონო ბაკურ? განა ანაკლიაში მშენებარე ნავსადგურის კომპლექსი თავისი ინფრასტრუქტურით ნაკლები მასშტაბისაა?

_ ალბათ, ხუთჯერ უფრ ძვირი იქნება, მაგრამ წლების განმავლობაში დოლარის კურსის ვარდნის გამო და არა იმ სამუშაოზე მეტობის გამო, რომელსაც ჩვენ ენგურჰესზე ვასრულებდით.

_ ბაკურ ბატონო, ერთ ემოციურ ამონარიდსაც წაგიკითხავთ: “მნახველებზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენდა ცად ატყორცნილ მთებს _ ტულიშსა და წულისს _ შორის აგებული რკინაბეტონის თაღოვანი კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271,5 მეტრია, განივი სიგრძეში _ 728, საძირკველთან _ 90, შუა წელში _ 52, ქიმთან კი _ 10 . გიგანტური და შთამბეჭდავია კაშხლის 605-მეტრიანი თხემი მარჯვენა და მარცხენა ბურჯებით, რომელთა სიგრძე 123 მეტრია.

_ მართლაც გიგანტური და შთამბეჭდავია, მაგრამ თავიდან 271,8 მეტრის სიმაღლის კაშხლის მშენებლობა კი არ დავიწყეთ, არამედ 300-მეტრიანის. მსოფლიოს სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო იმან, რომ საქართველოში შენდებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხალი.

_ ხელი რამ შეგიშალათ?

_ გეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მდინარის მარჯვენა ნაპირზე გეოლოგიური ნაპრალი გადის. ამან გამოიწვია ყველაზე ფართო და წყლის ყველაზე დიდი მოცულობის 30 მეტრით შემცირება. დატვირთვის შემცირების მიზნით, საჭირო გახდა იმ ნაპრალის ცემენტის ხსნარით შევსება. ამან მშენებლობის საგრძნობი გაძვირება გამოიწვია. ინჟინრებმა იციან, რას ნიშნავს მიწის ქვეშ გეოლოგიური ნაპრალის ცემენტის ხსნარით შევსება.

პრობლემა კაშხალის მდგრადობა იყო: რა მოხდება, კაშხალმა რომ ვერ გაუძლოს? ხომ წაილეკება მთელი დასავლეთი საქართველო და კიდევ თურქეთის ჩრდილოეთი?

_ ეს შიში ახლაც არ გამქრალა?

_ მინდა, ყველა დავამშვიდო: მილიონი წლის შემდეგ რომ გასკდეს დედამიწა, ენგურჰესის კაშხალი არ გატყდება _ რომელიმე დიდი პლანეტის თანამგზავრი გახდება. ენგურჰესის კაშხალში ჩასხმულია ოთხი მილიონი კუბური მეტრი ბეტონი. თანაც ეს გაკეთდა ურთულეს გარემო პირობებში _ წვიმაში, ქარში, თოვლში, 24-საათიანი და 4-ცვლიანი (6-6-საათიანი) მუშაობით.

ბეტონის ნარევს ვამზადებდით ქვემოთ, ენგურის ხეობაში, საბაგირო გზებით აგვქონდა ზემოთ, იქ ვუმატებდით წყალს, ვატრიალებდით, სილაბუსით მიგვქონდა პერიმეტრზე და შემდეგ 6-კუბმეტრიანი ბადიით, საბაგირო-კაბელური გზებით ვაწვდიდით საჭირო უბანს. ამ 4,5-კილომეტრიან გზას გადიოდა ყოველი კუბური მეტრი ბეტონი. შესრულებულ სამუშაოს 4 კვლევითი ინსტიტუტი ამოწმებდა და წერდა დასკვნას. ამ 4 მილიონიდან ერთიც არ არის ჩასხმული ამ ინსტიტუტების დასტურის გარეშე. შემოწმება უპრეცედენტოდ პრინციპული იყო. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ხდებოდა, რომ უკვე ჩასხმული ბეტონის ხელით დანგრევა გვიწევდა, როცა აღმოჩნდებოდა ბეტონის ხარისხის დადგენილი სტანდარტიდან ოდნავი გადახრაც კი. ამ 4 ინსტიტუტიდან 3 ქართული იყო, ერთი _ რუსეთის ფედერაციის.

_ როგორც მახსოვს, ენგურჰესი გამოცხადებული იყო საკავშირო დამკვრელურ მშენებლობად.

_ წლების განმავლობაში იგი შედიოდა საბჭოთა კავშირის 70 უმნიშვნელოვანესი ობიექტის ჩამონათვალში, მაგრამ, როცა მშენებლობა გაგვიჭიანურდა, შეტანილი იქნა “შავ სიაში”. საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი კოსიგინმა საკითხის გადასაწყვეტად, გაეგრძელებინათ თუ არა მშენებლობა, ენგურჰესზე მოავლინა საბჭოთა კავშირის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე, პოლიტბიუროს წევრი გენადი ვორონოვი. ვორონოვი შეხვდა და ესაუბრა მშენებლობის დირექტორს (რიგით მეცხრეს) ნიკოლოზ ესაკიას. მასთან საუბრისა და პრობლემების დეტალურად შესწავლის შედეგად ვორონოვმა მთავრობის თავმჯდომარე დაარწმუნა, რომ მშენებლობა აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო.

ჩვენი საუბრის ეს მონაკვეთი, მოდი, დავამთავროთ კიდევ ერთი უნიკალური თემით _ ძალოვანი კვანძით, მიწისქვეშა სადგურით.

ოთხი ტურბინა სადაც დგას, ის შენობა ევროპაში ყველაზე დიდი მიწისქვეშა ნაგებობაა: სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 75 მეტრია, სიგანე _ 36 მეტრი. კუბატურას ნებისმიერი განათლებული მკითხველი გამოთვლის. აქ ჩადგმულ ტურბინებამდე _ ჯვარიდან საბერიოში _ ენგურის წყალი მიყვანილია დაახლოებით 19 კილომეტრიდან.

ერთ საოცარ ამბავს მოგიყვებით, მაგრამ, როგორც ვატყობ, გაზეთის მომდევნო ნომერში.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here