Home რუბრიკები სამართალი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის უსამართლო სამართალი

მოსამართლე ნათია გუჯაბიძის უსამართლო სამართალი

1054

საკითხს, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, “საქართველო და მსოფლიომესამედ უბრუნდება, რადგან იგი, ეს კერძო საკითხი, ერთგვარი ტესტია იმ საერთო პრობლემაზე რეაგირების გასარკვევად, რომელიც ხელისუფლებას _ სასამართლო ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საქართველოს გაჭირვებული მოქალაქის მიმართვაზე და, ამასთანავე, მასმედიის პუბლიკაციაზე. შედეგი ამ მომენტისთვის ნულის ტოლია. რაც ფრიად დამაფიქრებელია, რადგან ერთადერთი დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს: “ყოფილი რეჟიმის ხეს ტოტები კი შეაჭრეს, მაგრამ ფესვები დარჩა”.

სწორედ ასეთი სათაური ჰქონდა წერილს, რომელიც “საქართველო და მსოფლიოში” წლეულს, 28 იანვარს (#03) გამოქვეყნდა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თამაზ დაუშვილი ყვებოდა: “ჩვენი ოჯახი ფლობდა მიწის ნაკვეთს მარშალ გელოვანის ქუჩაზე, #30-ში, ავეჯის სახლის ახლოს. ჩემთან მოვიდნენ ბიძაშვილები _ აკაკი და დავით ენუქიძეები და შემომთავაზეს ამ ადგილზე საცხოვრებელი სახლის აშენება, სანაცვლოდ 33 პროცენტს დამპირდნენ. 2007 წლის 13 ივლისს ყველა წესის დაცვით დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “არენა სითი”, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად ჩემი ახლობლებიც გაერთიანდნენ. თავმჯდომარედ აირჩიეს დავით ენუქიძე”.

ირკვევა, რომ ენუქიძეებმა რამდენიმე თვეში მოახერხეს ბინების მიღების მსურველთა მიერ შემოტანილი თანხის, დაახლოებით 300 ათასი ლარის, საკუთარ განკარგულებაში აკუმულირება და… ქვაბულის ამოთხრით დამთავრდა ახალი სახლის “მშენებლობა”.

მოკლედ _ მიითვისეს.

“ენუქიძეების მიერ ჩადენილ თაღლითობას სხვებთან ერთად ჩვენც შევეწირეთ, _ განაგრძობს თამაზ დაუშვილი, _ ჩემს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 80 000 დოლარად გაიყიდა”.

და დაადგნენ დაზარალებულები სასამართლოს გზას. იჩივლეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა. 2012 წლის 20 მარტის განაჩენით დავით და აკაკი ენუქიძეებს მიესაჯათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა დაზარალებულის (მოსარჩელის) მიერ გადახდილი არც ერთი თეთრი არ მოხმარებია ამხანაგობას და საერთო თანხა სრულად იქნა მითვისებული დავით და აკაკი ენუქიძეების მიერ.

ამ განაჩენის ძალაში შესვლის შემდგომ 3 წელი გავიდა და მერე დაიწყო საქმის სასამართლო განხილვა სამოქალაქო წესით. იმის გამო, რომ სარჩელები შეტანილი იყო ეტაპობრივად, ისინი სხვადასხვა დროს განიხილა სასამართლოს რამდენიმე შემადგენლობამ და ინსტანციამ.

გთავაზობთ ჩამონათვალს:

მოსარჩელე: ლევან გიგაშვილი, ამხანაგობის ერთერთი წევრი.

მოსამართლე: ლევან გვარამია.

გადაწყვეტილება: თანხის გადახდა დაეკისრათ დავით და აკაკი ენუქიძეებს.

გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

მოსარჩელე: ლეილა დოლიძე, ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი.

მოსამართლე: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე.

2013 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით თანხის გადახდა დაეკისრათ დავით და აკაკი ენუქიძეებს.

გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

მოსარჩელე: ინგა კუზნეცოვა, ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი.

მოსამართლე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა ჯანხოთელი.

გადაწყვეტილება: თანხის გადახდა დაეკისრათ დავით და აკაკი ენუქიძეებს. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართოლში. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ (ირაკლი ადეიშვილის, გოდერძი გიორგიშვილისა და თინათინ ეცადაშვილის შემადგენლობით) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა უზენაეს სასამართლოში, რომლის განჩინებითაც იგი არ იქნა განხილული და, შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში.

მოსარჩელე: ლევან ბაჩილავა, სერგო ბიგანიშვილი და სხვები _ სულ 7 ამხანაგობის წევრი.

მოსამართლე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა ჯანხოთელი.

თანხის გადახდა დაეკისრათ დავით და აკაკი ენუქიძეებს.

გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (მესხიშვილის, გუჯაბიძის, ნაზღაიძის შემადგენლობით) გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და თანხის გადახდა დაეკისრა სოლიდარულად ამხანაგობის ყველა წევრს”.

მიაქციეთ ყურადღება: ერთსა და იმავე საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას რომელიც დაადგინა ერთმა და იმავე მოსამართლემ შორენა ჯანხოთელმა, სააპელაციო სასამართლოს ერთი შემადგენლობა (ადეიშვილი, გიორგიშვილი, ეცადაშვილი) ძალაში ტოვებს, მეორე შემადგენლობა (გუჯაბიძე, მესხიშვილი, ნაზღაიძე) აუქმებს.

ექვსი სასამართლოს, მათ შორის, სისხლის სამართლისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, დაზარალებული მომჩივნებისთვის თანხის გადახდა დაეკისრა დავით და აკაკი ენუქიძეებს, ხოლო ერთადერთმა სააპელაციო სასამართლომ (გუჯაბიძე, მესხიშვილი, ნაზღაიძე) გააუქმა და თანხის გადახდა დააკისრა სოლიდარულად ამხანაგობის ყველა წევრს.

ამას ჩივის თამაზ დაუშვილი: მე, დაზარალებულს, ყადაღა დამადესო!

უფრო ზუსტად: “…ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატამ (გუჯაბიძე, ნაზღაიძე, მესხიშვილი) გააუქმა და შვიდი მოსარჩელისთვის თანხის გადახდა სოლიდარულად დააკისრა ამხანაგობის გამგეობის ყველა წევრს (მათ შორის _ თამაზ დაუშვილსაც), მიუხედავად იმისა, რომ მათ ენუქიძეების აფერასთან საერთო არაფერი ჰქონიათ… რადგან აკაკი და დავით ენუქიძეები წესითა და კანონით დაფუძნებული ამხანაგობისთვის გვერდის ავლით, თავიანთი ყალბი ამხანაგობის სახელით მოქმედებდნენ და ბინების ყიდვის მსურველებს შეტანილი თანხის დამადასტურებლად ისეთ ფარატინა ქაღალდებს ურიგებდნენ, რომელთაც არავითარი იურიდიული ძალა არ ჰქონდა”. საქმე ადგილიდან არ იძვროდა, ამხანაგობის წევრები კი პატიოსნად იხდიდნენ ყველა შესატანს.

თამაზ დაუშვილს განსაკუთრებით აღაშფოთებს მოსამართლე ნათია გუჯაბიძისა და მისი კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ალოგიკურობა და ის მოტივი, რომელსაც სინამდვილესთან საერთოდ არაფერი აკავშირებს. თურმე, _ ამბობს იგი, _ მე ვანდე ენუქიძეებს, მოეძიათ სახსრები და მათაც მოიძიეს. ჩადენილი აფერისტობა მე დამბრალდა, რადგან თურმე მე მიმიცია დანაშაულის ჩადენის უფლება(!). საინტერესოა, უფრო დიდი დანაშაული რომ ჩაედინათ ენუქიძეებს, იმასაც მე დამაბრალებდნენ, რადგან ასე სურდა მოსამართლე გუჯაბიძეს?!”

თამაზ დაუშვილი გაოცებულია:

_ რა ხდება, ვერ გამიგია: თაღლითობისთვის მსჯავრდებულმა ენუქიძეებმა სასჯელის ვადა უკვე მოიხადეს, ჩემთვის, ანუ დაზარალებულისთვის ყადაღის ახსნას კი საშველი არ დაადგა. კურიოზია, მეტი რომ არაფერი ვთქვა. გამოდის, რომ დამნაშავეები ჩვენვე ვყოფილვართ, ჩვენ _ დაზარალებულები. ასე ჭრის და კერავს მოსამართლე ნათია გუჯაბიძის სამართალი, რომლის მსგავსი ვაიმოსამართლეებისგან ვერა და ვერ გათავისუფლდა ქვეყნის სასამართლო სისტემა.

მოსამართლე ნათია გუჯაბიძისა და მისდაგვართათვის კანონი არაფერს ნიშნავს, სამართლის ზეობა მათი პროფესიული მიზანი არ არის. მთავარია ხელის მოთბობა, დაინტერესებულ ელემენტებთან კორუფციული გარიგება და ამის წყალობით საკუთარი ჯიბის გასქელება.

ამას დავუმტკიცებ ქალბატონ მოსამართლეს _ კონკრეტულად, ფაქტებით.

გუჯაბიძეები რომ პარპაშობენ და პასუხს არავინ სთხოვს, ამიტომაა უკმაყოფილო ჩვენი საზოგადოებრიობა, ამიტომ ბობოქრობს. 7 სასამართლო პროცესის გადაწყვეტილებას ხაზი გადაუსვა ამ ერთმა, მოსამართლის მანტიამოსხმულმა, სინდისის ძარღვგაწყვეტილმა ადამიანმა. თუ ეს ქალი უმაღლესი ინსტანციაა და მისი სიტყვა საბოლოო ბეჭედია, მაშინ ვის სჭირდება მთელი ეს სასამართლო სისტემა?! დაითხოვონ ყველა და ყველა საქმის გადაწყვეტა მხოლოდ გუჯაბიძესა და მასთან დაახლოებულებს მიანდონ.

იმედს არ ვკარგავ და თხოვნით მივმართავ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, პირადად გადახედოს ჩემს წერილს, იქნებ ახლა მაინც იზეიმოს სამართალმა. სასამართლო სხდომა, რომელიც 16 ოქტომბერს უნდა გაიმართოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძის თავმჯდომარეობით, დარწმუნებული ვარ, იქნება იმის დამამტკიცებელი მაგალითი, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად დაიწყო სამართლის ზეობის ხანა.

შოთა ბერიძე

P.S. ბრძენ ხალხს უთქვამს: სამართალი ურმით დადის და ამიტომ აგვიანებსო. ქალბატონო ნინო, თქვენ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ხელგეწიფებათ, დაამტკიცოთ როგორც ზოგადად, ასევე თამაზ დაუშვილისა და სამშენებლო ამხანაგობის წევრების გაჭიანურებული სასამართლო დავის ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტით, რომ ხალხი არ ცდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here