Home რუბრიკები პოლიტიკა ატომური პილოტი

ატომური პილოტი

800

აშშმა ატომური ომის დოქტრინა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე შეიმუშავა, რომელიც აისახა აშშისა და ნატოს ოფიციალურ სტრატეგიულ კონცეფციებში და ითვალისწინებდა ატომური იარაღით შეტევას მოწინააღმდეგეზე.

სსრკისა და მოგვიანებით სხვა სახელმწიფოების მიერ ატომური ბომბის შექმნის შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ ატომური იარაღის გამოყენება საპასუხო დარტყმას გამოიწვევდა და კატასტროფის წინაშე დააყენებდა დედამიწას, გაანადგურებდა კაცობრიობას.

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თავს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევს, სინამდვილეში სხვა ქვეყნებში დემოკრატიის გავრცელების საბაბით ინტერვენციებს ახორციელებს და ცდილობს, მსოფლიოზე იბატონოს, ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ატომური იარაღი გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

აშშმა 70 წლის წინათ, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, როცა იაპონია უკვე თითქმის დამარცხებული იყო, ატომური ბომბები ჩამოყარა იაპონიის ქალაქებში _ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. შედეგად აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მყოფი ადამიანები მყისვე დაიღუპნენ _ მათი სხეულები ნახშირად იქცა, რადიაციულმა გამოსხივებამ მხოლოდ ადამიანების სილუეტები დატოვა შენობების კედლებზე. აფეთქების ტალღამ ეპიცენტრის გარშემო ყველა შენობა გაანადგურა. აფეთქების მომენტში დაიღუპა 80 ათასი ადამიანი, 1945 წლის ბოლოს რადიოაქტიური დასხივების ზემოქმედების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 166 ათასამდე გაიზარდა.

სულ კი, 2013 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, ატომური ბომბების ჩამოგდების შედეგად 450 ათასი ადამიანი დაიღუპა: 286,8 ათასი _ ჰიროსიმაში და 162 ათასი _ ნაგასაკიში.

სწორედ ამ საშინელ ტრაგედიაზე, ამერიკელთა მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მოგვითხრობს რუსი ჟურნალისტის, იური ანოხინის, წიგნიატომური პილოტი”, რომელსაცსაქართველო და მსოფლიოგთავაზობთ.

 წიგნში მოთხრობილია ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის მაიორ კლოდ იზერლის _ ჰიროსიმისა და ნაგასაკის ბარბაროსული ატომური დაბომბვის ერთერთი მონაწილის _ ტრაგიკული ბედის შესახებ.

კლოდ იზერლის ისტორია არა მხოლოდ ადამიანური ტრაგედიაა, იგი მოწოდებაა კეთილი ნების ყველა ადამიანისადმი, გააკეთონ ყველაფერი, რაც მათზეა დამოკიდებული, ბირთვული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მასობრივი მოსპობის საშუალებებით გამალებული შეიარაღების შესაჩერებლად.

საუზმე ალუმინის ჭურჭლით მოაქვთ. დანა-ჩანგალი არ შეიძლება. რბილი, ალუმინისვე კოვზებითაც იოლად გავდივართ. ცხადია, საავადმყოფოს ადმინისტრაციას ეშინია, რომ არ დავამტვრიოთ ქაშანურის თეფშები და ნამტვრევებით პერსონალი არ დავჭრათ. ამავე მიზეზის გამო ფანჯრებში მინა სქელი, სიძველისა და ჭუჭყისგან დაბინდული ტრიპლექსითაა შეცვლილი.

ფანჯრები არასოდეს იღება. არ შეიძლება. კითხვას, თუ რატომ, აზრი არ აქვს. ექიმებმა თვითონაც არ იციან. უბრალოდ, არ შეიძლება.

აქ ბევრი რამ აკრძალულია, ბევრი რამ შეიძლება. აკრძალულია, მოითხოვო ადვოკატთან შეხვედრა. შეიძლება იყვირო: “გაუმარჯოს ახალ კურსს!” ან მოიყვანო ციტატები “დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან” ისე, რომ ფედერალური ბიუროს აგენტებისა არ გეშინოდეს.

რა გაეწყობა, ამაზეც დიდი მადლობა!

ჩვენი ფანჯარა პატარა ეზოში გადის, სადაცწყნარებიდასეირნობენ ხოლმე. ნაცრისფერ ხალათებში გამოწყობილი თავგადაპარსული შიზოფრენიკები ამ პატარა ეზოში დაბორიალებენ. საავადმყოფოდან გაქცევამდე და მეორე სასამართლომდე, რომელმაც უკან დამაბრუნა, თითქმის ერთი წელი მეცწყნარადვითვლებოდი.

ახლა შეცდომა გამოსწორებულია. როგორც გორდონი ამბობს, მგელი ცხვრებს მოაცილეს. იგი უკმაყოფილოა ჩემით: თვლის, რომ ჩემი ადგილი აქ კი არა, სან-ფრანცისკოში ლეტერმანის ჰოსპიტალშია, სადაც პერსონალი მიჩვეულია ჩემისთანა პაციენტებს.

გორდონი ნაწილობრივ მართალია. ლეტერმანის ჰოსპიტალში ერთი ასეთი შემთხვევა უკვე ჰქონდათ. ერთი პაციენტი, როგორც მე, ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს იქ და ცალკე პალატაში მოათავსეს. ყველა ექიმი და ექთანი, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ ავადმყოფთან, პოლიტიკურ საიმედოობაზე შეამოწმეს.

განსხვავება ამ ადამიანსა და ჩემ შორის ის იყო, რომ იგი მართლაც უიმედოდ გახლდათ ავად.

იგი 36 წლის იყო. თექვსმეტი წელი რადიაციულ ქიმიას შესწირა _ კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა. მას უილიამ ჯ. თვიტჩელი ერქვა.

ის გარემოებები, რომლებშიც თვიტჩელი შეიშალა, ლონდონის ნისლივით ბუნდოვანია. ზუსტად მხოლოდ ერთი რამაა ცნობილი: თვიტჩელი მუშაობდა ატომური ბომბის გაუმჯობესებაზე და იმაზე მეტი იცოდა, რაც უნდა სცოდნოდა. ჰოსპიტალში მისი პალატის წინ გუშაგი მორიგეობდა; ექიმები მკაცრად გააფრთხილეს, რომ მათ სამუდამოდ უნდა დაევიწყებინათ ყველაფერი, რასაც ავადმყოფი ბოდვისას იტყოდა.

მეხუთე დღეს თვიტჩელი მოკვდა. ბოლო წუთებში მასთან არ შეუშვეს არც მეგობრები, არც ნათესავები და არც მღვდელი.

გორდონი თვითონ მომიყვა ამის შესახებ, თანაც ტუჩებს ისე ილოკავდა, თითქოს პირს იტკბარუნებსო. მისი გაბრტყელებული თავი გამოტენილია ამის მსგავსი ისტორიებით, რომლებსაც მანიაკის ჟინით აგროვებს.

ამჯერად საუბარი იყო რომელიღაც საზღვაო ოფიცერზე. იგი დააპატიმრეს მგზავრებით გაჭედილ ვაგონში, სადაცატომურიქალაქის _ ლოსალამოსის მცხოვრებთა შესახებ ძალიან დაწვრილებით ყბედობდა. ამ ოფიცრისთვის სახელმწიფომ ცალკე კლინიკა ააგო; შეუძლებელი აღმოჩნდა მისი გაჩერება საერთო სამკურნალო დაწესებულებაში.

საინტერესოა, რა შთაბეჭდილებას მოახდენს ჩემი მონაყოლი მაკ-კორმაკზე? ისიც აგროვებს ამისთანა შემთხვევებს, მაგრამ, გორდონისგან განსხვავებით, სულ სხვა მიზნები ამოძრავებს.

მაკ-კორმაკი შაბათს მოვა. ის ერთადერთია, ვისაც სასამართლომ ვერ შეჰბედა უარის თქმა შეხვედრებზე. აირინსა და ლუსის აკრძალული აქვთ საავადმყოფოს ზღურბლზე გადმობიჯება.

უმოძრაოდ ვწევარ და მათზე ვფიქრობ. აირინი ბოლოს სასამართლოზე ვნახე. ყოჩაღად გამოიყურებოდა და მოწმეთათვის განკუთვნილი ადგილიდან მიღიმოდა. შესვენებისას მოხერხებულად ჩამიდო ჯიბეში პატარა კონვერტი, რომელშიც ფოტოსურათი იდო. სურათზე ის ლუსისთან ერთადაა გადაღებული ჩვენს ძველ სასტუმრო ოთახში “დინასტიის” დამაარსებელი ჯორჯ ემრიჩის პორტრეტის ქვეშ. ლუსი უკვე დიდია: სიმაღლით თითქმის დაეწია აირინს: აირინის წითური თმა და ემრიჩების მძიმე ნიკაპი აქვს.

ახლა ისინი მწერენ წერილებს, რომლებსაც მე არ ვიღებ.

ბილი კონოლის წერილებს რეგულარულად გადასცემენ, მაგრამ იგი არ კითხულობს მათ. ბილი უბეში ინახავს წერილებს და ხელსაყრელ მომენტში მჩუქნის. ყოველი წერილი მილიონის ჩეკია. თანხა ყოველთვის ერთნაირია.

ამასთანავე, ბილი იღიმის.

მას ასე ასწავლიდნენ.

ასე ასწავლიდნენ ყველა პროფესიონალ ჯარისკაცს, მათ შორის, მეც.

გაკვეთილი გრინლიფის სამხედრო ბანაკში ჩაგვიტარეს. სპეციალისტების ჯგუფი, რომელსაც მორალური მდგომარეობის მეთვალყურეობა ევალებოდა, რეკრუტებს შესასვლელშივე გვხვდებოდა. ჩვენ ხელის ჩამორთმევით გვესალმებოდნენ; შემდეგ აბაზანას ვიღებდით და ვვახშმობდით. ჩინებული საჭმელი და რბილი საწოლები გვარწმუნებდა, რომ არმიული ცხოვრება ცოტა სასიამოვნოს როდი გვიქადდა.

დილით საინფორმაციო კარავში შეგვკრიბეს და დაგვირიგეს ბარათები, რომლებშიც ეწერა: “შენ ახლა შეერთებული შტატების ჯარისკაცი ხარ, ჯარისკაცი, რომელიც ქვეყანამ აირჩია მსოფლიოში თავისუფლებისთვის საბრძოლველად; იარე, როგორც ჯარისკაცმა. იფიქრე, როგორც ჯარისკაცმა. იყავი ჯარისკაცი. თავდაპირველად ეს ძნელი იქნება, შეიძლება ისეთ რაღაცებს წააწყდე, რაც არ გესმის. არა უშავს! ყველა კარგი ჯარისკაცი ეუფლებოდა იმას, რის შესწავლასაც შენ იწყებ. გახსოვდეს, შენ იმ დროშის ქვეშ იბრძვი, რომელიც არასოდეს არ მიუძღოდა წინ უსამართლო ომს. გახსოვდეს, რომ ამერიკის არმია არასოდეს დამარცხებულა. შეასრულე შენი მოვალეობა და ეს არც არასოდეს მოხდება. თავი მაღლა დაიჭირე, თვალები გაახილე და გაიღიმე!”

სტამბის სტრიქონებს მიღმა იდგნენ ლინკოლნის, ჯეფერსონისა და გენერალ გრანტის აჩრდილები; შეუძლებელი იყო, მათთვის არ დაგეჯერებინა.

მე მჯეროდა მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ფლოტი იაპონური ბომბდამშენების დარტყმის შედეგად პერლ ჰარბორის ფსკერზე ჩაიძირა, ხოლო დუგ მაკარტურმა ბრძანება გასცა გარნიზონების კაპიტულაციის შესახებ ფილიპინებზე.

არმია არასოდეს მარცხდებოდა!

მე ვიღიმოდი.

რუზველტი გვეუბნებოდა, ამერიკელი ჯარისკაცი ცივილიზაციას გადაარჩენსო. ყოველდღიურ რაციონში შოკოლადი შეიტანეს. მარშალის კუნძულებზე იაპონელები ჩვენს უკანასკნელ საზღვაო ქვეით ლეგიონს უღებდნენ ბოლოს, ამერიკელი ლეგიონის ბიჭები კი _ ნიუ-იორკისა და სან-ფრანცისკოს იაპონურ და გერმანულ კვარტლებში მაღაზიების დარჩენილ ვიტრინებს.

წყეულიმც იყავ, მეხსიერებავ!

“…და გაიღიმე!”

3

სამი დღის უმოძრაობით გაწამებული პირველად ვდგები. კოჭლობით, კედელ-კედელ მივდივარ დერეფნის ბოლომდე, სადაც პატარა კუთხეში ტელევიზორი დგას. აჩვენებენ ცნობილ ფილმს “დასაწყისი თუ დასასრული”. ბერნსტაინის გარდა ფილმს კიდევ ორი უყურებს _ პატ კანდინსკი და ლოიდ ასტორი. უყერებენ ყურადღებით; ორივენი დაძაბულნი და პირქუშად აღგზნებული არიან. ასტორი თავისი ცხენისებრი ყბებით ნელ-ნელა “ფქვავს” საღეჭ რეზინს. ოფლის წვეთებით დანამვია მძლავრი კეფა.

ასტორი უნდა მოვაცილო აქაურობას. ცოტა კიდევ და “მომწიფდება”, მაშინ კი საცოდავ ბერსტაინს შავი დღე დაადგება. პატი, რა თქმა უნდა, დროზე მოუსვამს; ბერნსტაინი კი ბავშვივით მიმნდობია; მისთვის არ არსებობს საფრთხე.

საპროცედუროსთან ბარკერის თეთრი ხალათი გამოჩნდა. ვეძახი:

_ ექიმო!

ბარკერი თავს იკატუნებს, თითქოს არ ესმის. ხმას ვუწევ:

_ ექიმო!

ბარკერი უკმაყოფილოდ იჩეჩავს მხრებს, მაგრამ ჩერდება და მელოდება, ვიდრე კოჭლობით მივალ მასთან. ვუხსნი, საქმის ვითარებას.

_ სისულელეა! _ დამაჯერებლად ამბობს ბარკერი, _ რატომ ყოფთ ცხვირს სხვის საქმეში?

_ ჩხუბი იქნება, _ ვაფრთხილებ, მაგრამ ბარკერი უკვე აღარ მისმენს. უფრო მეტად თავის ლოყაზე გამოსული მუწუკი აინტერესებს. იგი ალერსიანად უსვამს თავის წვრილ თითებს მას.

_ კარგი, _ ვეუბნები, _ მე გაგაფრთხილეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, ექიმო, შემოვლისას პოლკოვნიკს ვეტყვი…

პოლკოვნიკს საავადმყოფოს დირექტორს, პროფესორ ჰაქსლის ვეძახით. ჰაქსლი თვითონაც ვეტერანია და ჩვენს თავს არავის დააჩაგვრინებს. მას აშკარად ეზიზღება გორდონი და ბარკერი; წყალობის თვალით მხოლოდ უმცროს ექიმს _ ლარის უყურებს. ბოლო დროს ლარი რატომღაც არ ჩანს. ველოდები მას _ ახალი ჟურნალები უნდა მომიტანოს.

ბარკერმა თავი ანება მუწუკს. იგი აშკარად ყოყმანობს, ფიქრობს, უფრო რომელი ჯობია: გამგზავნოს ეშმაკთან და პოლკოვნიკისგან საყვედური მიიღოს თუ შეელიოს თავის პრესტიჟს.

_ ეს თქვენი საქმე არაა! _ მეუბნება და სანიტარს უხმობს, _ წაიყვანეთ ასტორი პალატაში.

ჩხუბი თავიდან ავიცილეთ, მაგრამ მტერი შევიძინე. ბარკერი, რა თქმა უნდა, გორდონთან მიჩივლებს და პირველივე მარჯვე შემთხვევაში იზოლატორში ჩამკეტავენ.

_ რაც არის, არის; როგორმე გადავიტან.

სანიტარი ასტორს ტელევიზორს მოაცილებს. ლოიდი წინააღმდეგობას უწევს, ხარივით ქშენს. გაბრაზებულია, მაგრამ არა ისე, რომ მუშტებზე გადავიდეს. ერთი ათი წუთიც რომ მჯდარიყო ეკრანის წინ, სანიტარი ცუდ დღეში ჩავარდებოდა. ლოიდისათვის არ შეიძლება “ატომური” ფილმების ყურება.

ასტორი ერთერთი იმ ნახევრადლეგენდარული დივერსანტთაგანია, რომლებიც პოლკოვნიკ ბორის პაშთან მუშაობდნენ მისიაალსოსში”. ორმოცდახუთის იანვარში მან მთელი გერმანია შემოიარა ატომური ლაბორატორიების ძებნაში. პოლიტიკოსებს დამამტკიცებელი საბუთები სჭირდებოდათ, რომ გერმანელებს ბირთვული იარაღი ჰქონდათ. მეცნიერებს _ თეორეტიკოსებსაც და ექსპერიმენტატორებსაც _ ასეთი შესაძლებლობა საეჭვოდ მიაჩნდათ: ტოტალური ომით გამოფიტულ გერმანიას არ ჰქონდა ტექნიკური ბაზა, არც კადრები ჰყავდა, რომლებსაც შეეძლოთ, შეექმნათ რაღაც ჩვენი მანჰეტენის პროექტის მსგავსი. “ატომური იარაღი _ ბოშებს? ეს ბლეფია!”

ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

პოლიტიკოსებს სჭირდებოდათ ბომბი, თორემ სხვა რით გაამართლებდნენ თავიანთი ატომური იარაღის შექმნას? და მათ ჩამოაყალიბეს “ალსოსი” _ უცნაური ქვედანაყოფი, რომელშიც ჯაშუშები ფიზიკოსებს უფროსობდნენ, ხოლო პროფესიონალი საქმოსნები მეცნიერ-კონსულტანტთა და მედიატორ-მოსამართლეთა როლში გამოდიოდნენ.

ცნობიერების დაბრუნებისას, როცა დასახიჩრებული ტვინი გაურკვეველი მიზეზების გამო უეცრად იძენს აზროვნების თითქოსდა დაკარგულ უნარს, ასტორი წარსულზე ლაპარაკობს და მისი სიტყვები ღვარძლითაა სავსე.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here