Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელის სიხარბემ საზოგადოებრიობა გააოგნა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელის სიხარბემ საზოგადოებრიობა გააოგნა

902

აშშში ფარმაცევტული სკანდალი აგორდა _ ნაციონალური მასშტაბის. ნიუიორკული ფარმაცევტული კომპანია Turing Pharmaceuticalsის ხელმძღვანელის სიხარბემ მსოფლიოს საზოგადოებრიობა გააოგნა.

2015 წლის აგვისტოში ახალგაზრდა ბიზნესმენმა 50 მლნ დოლარად შეიძინა აივ-ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა სამკურნალო წამლის წარმოების პატენტი, სექტემბერში კი ერთი აბის ღირებულება 18-დან 750 დოლარამდე ასწია, ანუ პრეპარატი 4166 პროცენტით გააძვირა. ბიზნესმენის ამ საქციელმა სოციალურ ქსელებში ქარიშხალი გამოიწვია და თეთრ სახლსაც მისწვდა, მაგრამ ეს ამბავი, ფირმის ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, სულაც არ ანაღვლებს.

სკანდალის მთავარი გმირია Turing Pharmaceuticals -ის დამფუძნებელი, ალბანური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი მარტინ შკრელი. ფირმა თავის თავს “ფარმაცევტულ სტარტაპს” (ტერმინი, რომლითაც აღინიშნება მოკლე ისტორიის მქონე კომპანია, რომელიც დაკავებულია ფინანსური ოპერაციებით) უწოდებს, 32 წლის შკრელი კი სპეციალობით ჰეჯ-ფონდების (საინვესტიციო ფონდები) მენეჯერია და შესაბამისი მიდგომა აქვს ფარმაცევტული ბაზრის მიმართ: შკრელის კომპანიები ეძებენ შესაძლებლობას, მაქსიმალურად მომგებიან საქმეში ჩადონ სახსრები. და როგორც ბოლო კვირებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ჯანმრთელობის დაცვის ბაზარზე მუშაობის სხვა ასპექტები, მათ შორის, ეთიკური, შკრელის სრულიად არ აინტერესებს.

ფარმაცევტულ ბაზარზე ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა: ელოდებიან ამა თუ იმ პრეპარატის ქიმიური პატენტის ვადის ამოწურვას, ყიდულობენ მისი წარმოების ექსკლუზიურ უფლებას და შემდგომ მაღლა სწევენ ფასს, რათა დაფარონ ლიცენზიის ღირებულება და მოგებაც ნახონ. Turing Pharmaceuticalsშიც გადაწყვიტეს, რომ ზოგიერთი პრეპარატის გაძვირება 40-50-ჯერ შეიძლება.

მარტინ შკრელის ფირმის მიერ შესყიდულ წამლებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საბაზო მედიკამენტების სიაში შეიტანა. მათგან ერთ-ერთია დარაპრიმი, რომელიც 1950-იანი წლებიდან ტოქსოპლაზმოზის სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ზოგიერთი მონაცემით, ტოქსოპლაზმოზით (ადამიანისა და ცხოველის ტოქსოპლაზმით გამოწვეული პარაზიტული დაავადება, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს) დაავადებულია დედამიწის მოსახლეობის 50 პროცენტი, მაგრამ ის განსაკუთრებით სახიფათოა იმუნური სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. დარაპრიმი კი აშშ-ში ითვლება ერთ-ერთ სტანდარტულ პრეპარატად, რომელსაც აივ-ინფიცირებულებს უნიშნავენ.

ანუ ტოქსოპლაზმოზით ყველაზე ხშირად ავადდებიან აივინფიცირებულები და შიდსიანები. პაციენტების ამ ჯგუფს, როგორც წესი, დარაპრიმით მკურნალობის ხანგრძლივი კურსი სჭირდება. როგორც ინფექციური დაავადებების ამერიკული საზოგადოების ექსპერტებმა გამოთვალეს, ახალი ფასით, ამ წამლის მიღება ერთი წლის განმავლობაში 634 ათასი დოლარი დაჯდება, ამასთანავე აშშში ამ წამლით მკურნალობას არ ფარავს სამედიცინო დაზღვევა, ნაწილობრივ მაინც რომ ფარავდეს, პაციენტს ერთი აბი დარაპრიმი 150 დოლარი დაუჯდება.

შკრელის კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში სპეციალისტებმა პრეპარატზე ახალი ფასების დაწესებას “გაუმართლებელი” უწოდეს. შკრელიმ კი დარაპრინის გაძვირება ახსნა იმით, რომ 1953 წელს დამზადებულ წამალს გაუმჯობესება სჭირდებოდა, ანუ _ ძვირად ღირებული კვლევა, ამასთანავე, აღნიშნა, რომ პრეპარატი გაუმართლებლად იაფი ღირდა, წამალი კი გაძვირდება არა 5000 პროცენტით, როგორც ამას ზოგიერთი მედიასაშუალება იუწყებოდა, არამედ _ 4000%-ით.

პრეპარატის 4000%-ით გაძვირებამ უკიდურესად შეაშფოთა ამერიკელი საზოგადოების დიდი ნაწილი. მათ თავიანთი გულისწყრომა სოციალურ ქსელებში გამოხატეს და ყველას მოუწოდეს Turing Pharmaceuticals -ის პროდუქციის ბოიკოტირებისკენ, თუმცა შემდგომ ბევრი დარწმუნდა ასეთი მიდგომის უეფექტობაში: ძნელია ბოიკოტირება იმ წამლისა, რომლის გარეშეც ვერ იცოცხლებ!

შკრელიმ ინტერვიუ მისცა ამერიკელ ტელეარხ CNBC-ის. მან განაცხადა, რომ პრეპარატი დარაპრინი მოძველდა და აქვს უკუჩვენებები (ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ აბების მიღება ქალებში დროებით უშვილობას იწვევს), ხარვეზების გამოსწორებას კი მისი ფირმის ფარმაცევტები ძვირად ღირებული გამოკვლევის შემდეგ შეეცდებიან.

ბიზნესმენმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ შეეცდება, სადაზღვევო კომპანიები დაიყოლიოს სადაზღვევო პაკეტში პრეპარატის ჩასმაზე, რითაც პაციენტებს დანახარჯებს შეუმცირებს.

ფარმაცევტულ სკანდალში ჩაერთნენ პოლიტიკოსებიც, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი, მაგრამ შესაბამისი კანონების არარსებობის გამო ისინი ვერაფერს გააწყობენ _ ამერიკის შეერთებულ შტატებში სტანდარტულ წამლებზე ფასს გამყიდველები აწესებენ და ბაზარი არ რეგულირდება.

ზემომოყვანილი ამბავი იმით არის საინტერესო, რომ წამლებზე ფასებმა საქართველოშიც მოიმატა _ მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით _ 8-9%-ით. ბოლო ხანს ლარის კურსის მკვეთრად დაცემამ კი პრეპარატები კატასტროფულად გააძვირა:

საქსტატისმონაცემებით, საქართველოში გაძვირდა გულსისხლძარღვთა სამკურნალო მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები, საკვების მომნელებელი სისტემის სამკურნალო და ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევს _ არც ხელისუფლება, რომელიც ხალხს წამლების გაიაფებას ჰპირდებოდა, და არც ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მკურნალობის ხარჯის 40% მედიკამენტებზე მოდის. ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში წამყვან პოზიციაზეა, შემდგომ მოდის უნგრეთი და ესპანეთი, ამ ქვეყნებში წამლის ხარჯი მკურნალობაში, შესაბამისად, 29 და 23 პროცენტია.

P.S. როგორც ჩანს, აშშში დარაპრიმი გაიაფდება. მარტინ შკრელიმ, რომელიც ამერიკაში ყველაზე საძულველ ადამიანად რამდენიმე დღეში იქცა, გადაწყვიტა, დაეთმო საზოგადოებრივი და პოლიტიკური წნეხისთვის და პირობა დადო, რომ დარაპრიმის ფასს შეამცირებს, მაგრამ რამდენად _ ჯერჯერობით უცნობია.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here