Home რუბრიკები საზოგადოება ექსკლუზიური ვინ?-ტერვიუ “პროპკასთან”

ექსკლუზიური ვინ?-ტერვიუ “პროპკასთან”

2130

შეგახსენებთ, რუბრიკით “ვინ?-ტერვიუ” ჩვენი გაზეთი ბეჭდავს ინტერვიუებს ინკოგნიტო რესპონდენტებთან, რომლებსაც არ სურთ ვინაობის დასახელება სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ დაკვირვებულ მკითხველს შეუძლია, მათში ამოიცნოს სრულიად კონკრეტული პერსონა. 

ამჯერად გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუსპროპკასთან”, რომელიც ყველა ბოთლს ერგება. დიახ, გეთანხმებით, ამ შემთხვევაში ერთი რომელიმე კონკრეტული რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან ასეთიპროპკებითმოფენილია მთელი საქართველო, მაგრამ ეგ არაფერი, თქვენ შეგიძლიათ, ამ ინტრევიუს მიღმა თქვენი ნაცნობი რომელიმეპროპკაამოიცნოთ, რომელიც აუცილებლად იქნება სადმე _ თქვენს სანათესაოში, სამეზობლოში ან თუნდაც, სამეგობროში!

_ გამარჯობა… თქვენზე ამბობენ, რომ საცობი ბრძანდებით…

_ საცობი კი არა _”პროპკა”!                                

_ გასაგებია, მაგრამ ქართულად ხომ…

_ ქართული და რუსული რა შუაშია? ეგრე რუსულად ეგ არის “პრობკა”, მაგრამ მე, “საცობი” და “პრობკა” კი არა, “პროპკა” ვარ, გაიგე?

_ კი, დაახლოებით, თუმცა…

_ რა თუმცა? “საცობი” და “პრობკა” არის, აი, ის გზებზე რომ წარმოიქმნება ხოლმე. მე კი ვარ “პროპკა”, რომელიც ყველა ბოთლს ერგება!

_ და ასე ამაყობთ ამით?

_ ვითომ რატომ არ უნდა ვამაყობდე? ოჯახიც უზრუნველყოფილი მყავს და კაი მანქანითაც დავდივართ მეც და ჩემი ცოლ-შვილიც! აბა, ვისაც უტყდებოდა “პროპკობა”, მიდი და ნახე _ მშიერი კვდება! ის უფრო გასატეხი არ არის, ამხელა კაცი შიმშილით რომ კვდები?

_ კი, მაგრამ, მაგ შემთხვევაში ხომ შიმშილით კაცი კვდება და არა “პროპკა”?

_ ჰა, ახლა, ეგეთი “ნამიოკები” არ იყოს, თორემ აღარ გავაგრძელებ საუბარს და სდიე მერე კაცებს ინტერვიუსთვის! რას გეტყვიან ჩემზე უფრო საინტერესოს, იმასაც ვნახავ!

_ კარგი, კარგი! გასაგებია… იქნებ მითხრათ, ახლა რომელ ბოთლზე ხართ მორგებული?

_ ჰმ! მე იმის “პროპკა” ვარ, რომ ყველაზე სარფიან ბოთლს მოვერგო! როგორ ფიქრობთ, რომელ ბოთლზე ვიქნები ახლა?

_ კი, მაგრამ, არ გაგიჭირდათ იმ ბოთლიდან ამ ბოთლზე გადმოსკუპება?

_ სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა მეც მეშინოდა, მაგრამ იცით, რა ხდება? როგორც ჩანს, არა მხოლოდ “პროპკებს” გვჭირდება ბოთლები, არამედ ბოთლებსაც ვჭირდებით “პროპკები”, მიმიხვდი?

_ სიმართლე გითხრათ, ვერა…

_ აი, უყურე: “უპროპკო” ბოთლში, ხომ შეიძლება, ჩააფსას ვინმემ?

_ გასაგებია… და თქვენ…

_ ჰა! გაგაფრთხილე უკვე, ეგეთი “ნამიოკები” არ იყოს-მეთქი!

_ არა, კაცო, მე, უბრალოდ…

_ “კაცო” კი არა, “პროპკა”-მეთქი, გაიგე?!

_ მერე, არ გეწყინებათ?

_ რა უნდა მეწყინოს? “პროპკა” ვარ და ვამაყობ ამით!

_ და თქვენს ცოლს ან შვილს არ უტყდება, რომ “პროპკა” ქმარი ან მამა ჰყავს?

_ მისმინე! შენ არ გიტყდება, რომ “პროპკა” რესპონდენტი გყავს, რომ მას ინტერვიუსთვის მთელი თვე სდიე და ახლა ეს “პროპკა” ზის და თავის პირობებს გკარნახობს, თორემ ინტერვიუს ჩაშლით გემუქრება? ჰა? არ გიტყდება?

_ სიმართლე გითხრათ, ცოტათი კი…

_ ჰოდა, აბა, კაცებთან რატომ არ მიდიხარ ხოლმე ინტერვიუზე? მე რასაც ვუყურებ, ყველგან, ძირითადად “პროპკებთან” არის ხოლმე ინტერვიუები და ხალხიც უფრო “პროპკებს” უსმენს. ასე არ არის?

_ სამწუხაროდ…

_ ახლა, სამწუხაროდ და საბედნიეროდ მე არ ვიცი! ფაქტია, რომ ჟურნალისტებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც “პროპკები” უფრო საინტერესოები ვართ, ვიდრე კაცები!

_ და თქვენ როგორ ხვდებით სხვების “პროპკობას”?

_ რა დიდი მიხვედრა მაგას უნდა, ნუ გადამრიე! თუ კაცი და “პროპკა” ვერ გავარჩიე ერთმანეთისგან ერთ სიტყვაში, მაშინ რიღასი “პროპკა” ვიქნები მე?!

_ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებრად საუბრობთ…

_ ეჰ! ბიძია, შენგან “წარმატებული ჟურნალისტი” არ დადგება, ისე გატყობ! წადი ახლა, საქმეს მიხედე, მგონი, ეგერ უფრო სარფიან ბოთლს ვხედავ და, თუ ცოტა ხანში ამ ბოთლმა ვეღარაფერი მახეირა, გადავალ იმ, ახალ ბოთლზე და ვეცდები, მოვერგო! მერე დამჭირდები და მოდი!

_ მე? მე რაში უნდა დაგჭირდეთ?

_ აუჰ! შენ ჟურნალისტი კი არა, სულელი ხარ ვიღაცა! რას ჰქვია, რაში დამჭირდები?! იმ ახალ ბოთლზე კაი-კაი რაღაცები თუ არ ვთქვი მედიაში, როგორ უნდა მოვერგო ისე? მაგ ბოთლებზე ეგ მოქმედებს ყველაზე მაგრად…

_ კარგი, მაშინ მექნება თქვენი იმედი, როგორც კი იმ ახალ ბოთლზე მორგებას დაიწყებთ, პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ ჩემთან გექნებათ… თქვენ ხომ ასეთი საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებით.

_ აჰა! ნელ-ნელა იწყებ შენც “პროპკობას”, ისე გატყობ!

_ რას ვიზამ, ცოლის მოყვანას ვაპირებ და ხომ უნდა ვარჩინო რამენაირად…

_ მერე შენს ცოლს არ გაუტყდება, “პროპკა” ქმარი რომ ეყოლება?

_ ახლა ეგეთი რამეები არ გინდა, თორემ “პროპკას” განახვებ მე შენ! _ ვიყვირე გამწარებულმა და ფეხზე წამოვხტი.

_ რა იყო, შე კაცო, რამ გაგაცოფა?! მართლა მაგრად ზის “პროპკა” შიგნით, ვერ ამოვიღე ვერაფრით. რა არის, ზოგიერთი “პროპკა” როგორ ჩაერჭობა ხოლმე ბოთლში, რომ მოკვდე, ვერ მოაშორებ! აჰა, აბა, მოხსენი! _ მაწვდის დედაჩემი ტყემლის ჩასასხმელად გამზადებულ ბოთლს და ახალგამოღვიძებულ და შეშლილ სახეზე გაოცებული მიყურებს…

 მასე აბარავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here