Home რუბრიკები პოლიტიკა დემურ გიორხელიძე: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დღეს ჩვენი უსაფრთხოების ნომერი პირველი საკითხია

დემურ გიორხელიძე: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დღეს ჩვენი უსაფრთხოების ნომერი პირველი საკითხია

527

რუსეთის სამხედრო შეიარაღების გაძლიერების პარალელურად, საქართველოც ცდილობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამ მიზნით ხსნიან საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრებისა თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას. თუმცა საკითხავია, ამგვარი ქმედებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს თუ მოსალოდნელ საფრთხეებს _ ამ საკითხზესაქართველო და მსოფლიოსექსპერტი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

_ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ერთადერთი გზა გონიერების, სიფრთხილის გამოჩენა, საქართველოს ინტერესების ფარგლებში მოქმედებაა და არა რაღაც სულელური რაკეტისაწინააღმდეგო სისტემებისა და სხვა ისეთი სამხედრო ტექნიკის შემოტანა, რომელიც საქართველოში კონდიციური ვერასდროს იქნება.

ამ თავდაცვის საშუალებების განადგურება რუსეთისთვის რთული არ არის, ვინაიდან რუსებს აქვთ ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამანადგურებელი ახალი ბალისტიკური რაკეტები. სხვათა შორის, ამერიკელებმა შეშფოთებაც კი გამოთქვეს ამის გამო და რუსები ხელშეკრულების დარღვევაშიც კი დაადანაშაულეს. რუსები ამ სფეროში კონკურენტუნარიანები არიან და ვფიქრობ, სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს ომობანას თამაში, მით უფრო, ისეთ ქვეყანასთან დაპირისპირება, როგორიც რუსეთია.

ამგვარი ქმედებების წყალობით, კონფლიქტისა და სერიოზული დაპირისპირების შემთხვევაში, საქართველო ბირთვული დარტყმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ასეთ ვითარებაში კი საქართველოსთვის ყველაზე დიდი თავდაცვისურიანობა გონიერების გამოჩენაა. მაგრამ, ასეთი რთული და სახიფათო მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკური ლიდერებისთვის მთავარია, რაღაც განცხადებები აკეთონ და ვინმეს თავი მოაწონონ, ქართული სახელმწიფო კი საერთოდ არ ადარდებთ.

_ თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ვერ გააძლიერებს, მაშინ რისთვის იყო საჭირო ცოტა ხნის წინათ საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ხელშეკრულების გაფორმება?

_ მოდი, ასე ვთქვათ: საფრანგეთის მეშვეობით საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვა ზღაპარია, მაგრამ ეს არის ერთგვარი მოდა და იდეაფიქსების ყალბი გამოდევნება, რომელმაც უკეთესი ვერ გახადა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, პირიქით, ჩვენ ტერიტორიის 20% დავკარგეთ ისე, რომ მისი დაბრუნების პერსპექტივა მხოლოდ მსოფლიოში დიდი კატაკლიზმების ან საოცრად დიდი ცვლილებების შედეგად შეიძლება გაჩნდეს.

დიდი სიფრთხილე გვმართებს, თუმცა საფრთხე გვემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე იგრძნობს, რომ ჩვენგანაც საფრთხე მომდინარეობს. როგორც კი რომელიმე დიდი სახელმწიფო, ხაზგასმით ვამბობ, რომელიმე და არა ერთი, იგრძნობს, რომ ჩვენ მისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ, ყველაზე ცუდს უნდა ველოდოთ. ვერანაირი მოკავშირეობა ვერ გვიშველის ერთი მარტივი მიზეზის გამო: სამხრეთ კავკასიაში არასდროს იქნება მსოფლიოს მთავარი მოთამაშეებიდან ერთი ძალა დომინანტი. ეს გამორიცხულია.

ჩვენ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოვხვდით. ეს, ერთი მხრივ, კარგია, თუ გონივრულად მოვიქცევით, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან სახიფათოა.

_ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლები ბოლო დროს დაუფარავად აცხადებენ, რომ ნატოსკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება და ამას ქართველი პოლიტიკოსებიც უნდა აცნობიერებდნენ. ათვითცნობიერებენ თუ არა ჩვენი პოლიტიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებს?

_ როდესაც ჩვენს პოლიტიკოსებს ვუსმენ, ისინი სადღაც სხვა კონტინენტზე მგონია. რა თქმა უნდა, რუსეთისგან მომდინარე საფრთხე რეალურია. რუსეთს აქვს თავისი თვალსაზრისი უსაფრთხოებაზე, სწორია ის თუ არა, მეათეხარისხოვანია და, თუ რუსები იგრძნობენ, რომ საქართველოსგან რაიმე საფრთხე ემუქრებათ, ყველაზე ცუდისთვის უნდა ვიყოთ მზად

 აი რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხი. შეიძლება ითქვას, დღეს ეს ჩვენი უსაფრთხოების ნომერი პირველი საკითხია და სხვა შემთხვევაში ყველანაირი მცდელობა თავდაცვისა წყალში ჩაგვეყრება.

ჩვენ უფრო მენტალური პრობლემა გვაქვს. ქვეყანაში ყალბი წარმოდგენებისა და პოლიტიკური შორსმჭვრეტელობის სიჭარბე და პოლიტიკური ალღოსა და პასუხისმგებლობის დეფიციტია. სერიოზული რეგიონული კონფლიქტისგან ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთ შემთხვევაში საქართველო მართლაც უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

_ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებების პარალელურად, თინა ხიდაშელის განცხადება, რომ ჩვენ გმირებად დავიხოცებით, ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ ომს ელოდება?

_ ასე ვერ ვიტყოდი. ქალბატონი თინა ნამდვილად გონიერი ადამიანია და მან მიანიშნა, რომ ომის შემთხვევაში საქართველო, უბრალოდ, განწირულია და ყველანი დავიხოცებითო, ანუ თავდაცვის მინისტრს არაფერი გადაუჭარბებია. ეს რეალობაა, რადგან ახლა რუსეთთან ომის დაწყება სიგიჟის ტოლფასია. გასაგებია, რომ ყველა დიდ მოთამაშეს განსაკუთრებული ინტერესი აქვს სამხრეთ კავკასიის მიმართ, მაგრამ ეს კარგიც შეიძლება იყოს. გონივრული პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაში კი, საქართველოს ნამდვილად არაფერი ემუქრება. ეს უნდა გავითვალისწინოთ.

_ მაგრამ დღეს ვხედავთ პოლიტიკოსების გონივრულ მოქმედებას?

_ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მომავალი არ ექნება და არც ქართული სახელმწიფო იარსებებს, რადგან საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია. 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო დამოუკიდებელია, არასდროს ასეთი უზარმაზარი საფრთხეები არ ყოფილა, ვინაიდან ახლა ძალიან დაძაბულია საერთაშორისო მდგომარეობა, ამიტომ არის განსხვავებული პოლიტიკა და რიტორიკა საჭირო. ეს იმას არ ნიშნავს რომ ორიენტირები უნდა შეიცვალო, არა, მოქმედების მიმართულება უნდა შეცვალო. დღეს ვინმეს ინტერესებზე თამაში დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კატასტროფის გზაა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. batono demur udides pativs vcem tkvens gonivrul shepasebebs, magram… kalbatoni tinas gonivrulobis ra mogaxsent, rogoradac is tkven moixseniet:-) erti tutuci adamiania, cancara kali. tavdacvis ministrobis sidinje aranairad ar etyoba am adamians. magram amerikelebma dagvisves, aba baton ivanashviuls xom unda sheesrulebina mati brdzaneba?ehhh..sakartvelo..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here