Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე მამრაძე: არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ხვალ პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიას პრორუსულის...

პეტრე მამრაძე: არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ხვალ პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიას პრორუსულის გვერდით ვიხილავთ

529

თამაშის წესების დარღვევისთვის მსაჯს უფლება აქვს, ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენოს და მინდვრიდან გააძევოს. ამ ბარათების რაოდენობა ზოგჯერ საკმაოდ დიდია. მაგალითად, 1970-იანი წლების ბოლოს მექსიკური გუნდების _ “ატლეტიკოსა” და “ესპანიოლის” მოთამაშეები მსაჯმა გონსალესმა 26 წითელი ბარათით დასაჯა. 

ფეხბურთის ისტორიაში ამ მხრივ ყველა რეკორდი მოხსნა არგენტინელმა მსაჯმა დამიან რუბიომ. მან ბუენოსაირესში გამართული მატჩის დროს საფეხბურთო კლუბების _ “კლეიპოლესადააურელიანო არენასისმოთამაშეებსა და მწვრთნელებს 36 წითელი ბარათი უჩვენა. თამაშის წესებს ხშირად არღვევენ პოლიტიკოსებიც, თუმცა მათი უმრავლესობა, როგორც წესი, დაუსჯელი რჩება; მეტიც, ვინაიდან ჩვენში პოლიტიკა კვლავ სარფიან საქმედ მიიჩნევა, ბევრი _ მრავალი წლის განმავლობაში, ზოგიერთი კი სამუდამოდ კვლავ აქტიურ პოლიტიკოსად რჩებასაზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, რომელი პოლიტიკოსი იმსახურებსპოლიტიკურ წითელ ბარათს”, ჩვენი რუბრიკიდან შეიტყობთ. ამჯერად რუბრიკის სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაციამართვის სტრატეგიული ინსტიტუტისხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.

_ ბატონო პეტრე, ქართული პოლიტიკური სპექტრიდან ვის უჩვენებდით წითელ ბარათს?

_ მე ასე ინდივიდუალურად და თუნდაც პარტიების მიხედვით არავის გამოვყოფდი. ვინაიდან, შეიძლება ითქვას, ობიექტური ისტორიული პირობების გამო ჩვენში პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული, მეტიც _ ჯერ მათი შექმნის პროცესიც არ დაწყებულა. დღეს ვისაც ვხედავთ, ესენი არიან ცალკეული, მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები და მათ გარშემო გაერთიანებული ჯგუფები. როგორც წესი, ეს ჯგუფები ისწრაფვიან, ნებისმიერი ხერხით ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ვინაიდან, დღეს იყო პოლიტიკოსი საქართველოში, ნიშნავს წვდომას როგორც ადმინისტრაციული, ასევე ქვეყნის ბუნებრივი და ფინანსური რესურსებისადმი.

_ ვინ არიან ეს ჯგუფები ან ეს ადამიანები?

_ სამწუხაროდ, ყველა, ვინც დღეს პოლიტიკაშია. ვინაიდან საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს პროგრამა, შესაბამისი იდეალები და პრინციპები, არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ხვალ პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიას პრორუსულის გვერდით ვიხილავთ. მაგალითად, გვახსოვს კახა კუკავას .. პრორუსული პარტია, რომელიც თითქოს აშკარა ანტიდასავლური განწყობით გამოირჩეოდა და ნატოსა და ამერიკას აკრიტიკებდა, როგორ გაერთიანდა თითქოსდა .. პროდასავლურ პარტიასთან _ “ახალ მემარჯვენეებთან”, რომელსაც თავის წესდებაში მკაფიოდ უწერია, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. საქართველოში შესაძლებელია, ასეთი ორი განსხვავებული პოლიტიკური ამოცანებისა და მიმართულების მქონე პარტია მოულოდნელად გაერთიანდეს და ერთადაც იყარონ კენჭი, ასეთი რაღაცები ქართულ პოლიტიკურ რეალობას ახასიათებს. ისიც ჩვეულებრივი ამბავია, რომ ნინო ბურჯანაძე, გიორგი თარგამაძის ნაცვლად, “ქრისტიანდემოკრატებისპარტიის ლიდერი გახდა.

_ ეს პოლიტიკური რეალობა რამ განაპირობა?

_ ეს იმან განაპირობა, რომ თვითონ მოსახლეობის, ჩვენი საზოგადოების სტრუქტურიზება ვერ მოხერხდა. მაგალითად, დასავლეთში არის ტრადიციული პოლიტიკური პარტიები, რადგან იქ არსებობს როგორც საშუალო და ღარიბების ფენა, ასევე მკვეთრად შეძლებული ადამიანების ფენა; არიან ფერმერები, ბიზნესმენები და ა.შ. შესაბამისად გამოკვეთილია ამ ჯგუფების ინტერესებიც და სწორედ ამ ჯგუფებიდან წარმოიშობიან ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა იდეებს, პროგრამას, პოლიტიკურ ხედვას მხარს უჭერს მოსახლეობის გარკვეული ფენა. ჩვენთან კი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ ადამიანს, რომელიც, ტელევიზიის წყალობით, სხვებთან შედარებით უფრო სიმპათიურად გამოიყურება. ამას ისე ნუ გავიგებთ, თითქოს ქართველებს ვაკნინებ. არა, ეს რეალობა, ჩვენი ეროვნული ხასიათით კი არა, ეკონომიკური ვითარებითაა განპირობებული.

_ გამოსავალს ხედავთ?

_ სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე გამოსავალს ვერ ვხედავ. ეს სწორედ ის მანკიერი წრეა, რომელზეც არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. ჩვენი ქვეყანა მანკიერ წრეზე დადის და გამოსავალი იქნებოდა ჩვენი საზოგადოების განვითარება. პირველ რიგში კი, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება უნდა განვითარდეს, რომელიც მკაცრად მოსთხოვს პასუხს ყველას, ვინც პოლიტიკაში მოღვაწეობას გადაწყვეტს. როდესაც ამ ხალხს საზოგადოება მკაცრად მოსთხოვს პასუხს, შეასრულოს ხალხისთვის მიცემული დაპირებები, როდესაც იარსებებს ჭეშმარიტად თავისუფალი მასმედია, ვითარებაც შეიცვლება.

სხვათა შორის, უცხოური მედიაც წერს საქართველოზე, რომ ჩვენთან პლურალისტული ფეოდალიზმი სუფევს, ანუ ცალკეულ ფეოდალურ ჯგუფებს პირადი კეთილდღეობის გამო სურთ ხელისუფლებაში მოსვლა. აუცილებელია, სინამდვილეს თვალი გავუსწოროთ. როდესაც თითქმის ყველა კითხულობს _ გვეშველება რამე? როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ ხელისუფლებაში მოვიდა კაცი, რომელმაც ქვეყანას მოაშორა სააკაშვილის ხელისუფლება (ვგულისმხობ ივანიშვილს) და შემდეგ გაიძახიან, რომ ივანიშვილმა მოგვატყუა და ქვეყანას არ უპატრონაო, რთულია, ამ ადამიანებს აუხსნა, რომ ისინი თვითონ არიან ამ ქვეყნის პატრონები.

_ თუმცა, ბატონო პეტრე, პოლიტიკოსებიც რატომ იძლევიან ასეთ დაპირებებს? გამოდის, ხალხს განზრახ ატყუებენ?

_ სხვაგვარად ხელისუფლებაში ვერ მოვლენ და ძალაუფლებას ვერ მოიპოვებენ. მათთვის კი მთავარია, ხელისუფლებაში მოვიდნენ და მერე რა იქნება, არ აინტერესებთ. მთავარია, მოასწრონ მათთვის საკეთილდღეო რესურსების გამოყენება. საქართველო რჩება იმ ქვეყნად, სადაც, თუ ადამიანს სურს, ფული იშოვოს, ბიზნესში კი არა, ჯერ ხელისუფლებაში მოდის და იქიდან შოულობს ფულს. ორი მოწვევის პარლამენტარი ვარ და იცით, რამდენჯერ მომისმენია პარლამენტის დარბაზებში გულწრფელი საუბრები, რომ “აქ რა მინდა, მაგრამ ხომ იცი, ისე “მაყუთს” ვერ იშოვი”… ეს ჩვენი ქვეყნის სერიოზული პრობლემაა.

 სამწუხაროდ, არცქართული ოცნებაგამოდგა გამონაკლისი. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყეს პრემიების დარიგება, ხელფასების მომატება და ძვირად ღირებული ჯიპების შეძენა. თანაც თავს იმართლებდნენ, რომ თურმე ეს აუცილებელია და სჭირდებათ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად. არადა, ქვეყნის ვალი დღითიდღე იზრდება.

მე არაერთხელ დასაბუთებულად გამიკრიტიკებია ალასანია, ბურჯანაძე თუ რესპუბლიკელები მათი უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, რომლებსაც მხოლოდ მავნე შედეგების მოტანა შეუძლია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის.

დიდი პრობლემაა, როდესაც, მაგალითად, ირაკლი ალასანიას შეუძლია, განაცხადოს, რომ თურმე ნატოს იარაღს სთხოვს ან ნატო საქართველოში თავის ინფრასტრუქტურას განათავსებს, მაშინ, როცა, მისი განცხადების შემდეგ ნატოს ყველა წარმომადგენელი ამ ინფორმაციას უარყოფს და სიცრუედ მიიჩნევს. საზოგადოებამ მოსთხოვა ამ ადამიანს პასუხი? სხვა ქვეყანაში ასეთ მინისტრს ძლიერ პრესში გაატარებდნენ, აქ კი პასუხიც არავის მოუთხოვია. ახლახან თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ფრანგებთან რაღაც ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ზოგიერთი უცხოელი ექსპერტი და მათ შორის დიპლომატებიც, გაკვირვებულები მეკითხებოდნენ, _ ნუთუ ეს თქვენი ქართული მანერაა, ჯერ ყიდულობთ და პარლამენტს მერე ატყობინებთ, რას და რა ფასად ყიდულობთო?! ინფორმაცია საიდუმლო რომც იყოს, პარლამენტში არსებობს ნდობის ჯგუფი, რომელმაც ასეთი საკითხები უნდა განიხილოს. რამდენად საშიში და ძლიერია ის იარაღი, რომელიც მინისტრმა იყიდა, მალე გამოჩნდება. რუსეთი რეიდს ჩაატარებს და ამ იარაღსაც ისე წაიღებს, როგორც 2008 წელს რამდენიმე მილიარდი დოლარის იარაღი გაიტანეს საქართველოდან.

_ მართალია, ცალკეული პიროვნებები არ დაასახელეთ, მაგრამ დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მთელ პოლიტიკურ სპექტრს უჩვენებდით წითელ ბარათს?

_ დიახ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ესმის, როგორი გადაუდებელი და რადიკალური რეფორმების ჩატარებაა საჭირო, საქართველო რომ გადარჩეს, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ძალა, რომელსაც აქვს ცოდნა იმისა, თუ რა სჭირდება საქართველოს, როგორი რეფორმები და როგორი პოლიტიკა, რათა თვითკმარი ქვეყანა გახდეს და მდგრადი განვითარების გზას დაადგეს, ასეთ კომპეტენტური, მცოდნე პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავ და ეს ქართული ტრაგედიაა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here