Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო საომარი მოქმედებების პოლიგონად გადაიქცევა

თამარ კიკნაძე: კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო საომარი მოქმედებების პოლიგონად გადაიქცევა

657

რამდენიმე კვირაა, ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მისი მინისტრი თინა ხიდაშელი მოექცა. 

ქვეყანას ჯერ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია, ხოლო უკვე ორი დღეა, საქართველოს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი სტუმრობს, რომელმაც განაცხადა: “საინტერესოა, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ საქართველოში ამერიკელი ჯარისკაცები”. გენერლის ამ განცხადებას ქართველმა პოლიტოლოგებმა სოციალურ ქსელში ასე უპასუხეს: “საქართველოში რუსის ჯარისკაცი უფრო მალე ჩამოვა, ვიდრე ამერიკელი”. საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ ქალბატონო თამარ, გასული რამდენიმე კვირა საქართველოსთვის ძალიან დატვირთული იყო საერთაშორისო ვიზიტებით, მათ შორის იყო ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ნატოს საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. ეს საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია?

_ საქართველო ბევრ ნაბიჯს დგამს ნატოში გასაწევრებლად, მაგრამ ეს არ არის მასზე დამოკიდებული. პოლიტიკური კონიუნქტურა შესაფერისი რომ იყოს, საქართველოს, დიდი ხანია, მიიღებდნენ ნატოს რიგებში. დღეს ეს ნატოს ინტერესში არ შედის, ამიტომაც საქართველოს ხან ასპირანტს არქმევენ, ხან _ დოქტორანტს და ა. შ. გარდა ამისა, სულაც არ არის საჭირო მისი ნატოში შესვლა და ამით გამოწვეული ზედმეტი თავის ტკივილი. საქართველო ისედაც აკეთებს ნატოს წევრ სახელმწიფოზე უფრო მეტს და დიდი კონტიგენტიც ჰყავს, რომელიც საბრძოლო ოპერაციებსა და სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობს. ეს ძალიან კარგად გათვლილი ტიპური დასავლური პოლიტიკაა. სხვადასხვა საპარტნიორო პროგრამის საშუალებით ნატო მშვენივრად ახორციელებს დასახულ ამოცანებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

რაც შეეხება ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას, ეს საქართველოს უსაფრთხოებას ნამდვილად არ წაადგება. პატარა ქვეყნის ტერიტორია იფარება დაპირისპირებული მხარეების ბაზებითაფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის ბაზებია, დანარჩენ ტერიტორიაზე _ ნატოსი. კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო საომარი მოქმედებების პოლიგონად გადაიქცევა. ყველა განცხადება, რომ საწვრთნელი ბაზები უსაფრთხოების გარანტიაა, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

_ პრემიერ ღარიბაშვილს ნატოს გენერალური მდივნის _ იენს სტოლტენბერგის ვიზიტისას რამდენიმეჯერ დაუსვეს შეკითხვა: გაბრაზდება თუ არა რუსეთი? ის, ცოტა არ იყოს, შეშინებული უპასუხებდა, _ ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართულიო

_ სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ეხმარება წვრთნასა და აღჭურვაში. იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ საწვრთნელი ბაზის გახსნა ჩვენს ტრიტორიაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქვეყნისთვის საფრთხეა. დასავლელი ლიდერები ისევე საუბრობენ, როგორც ღარიბაშვილი, ისინიც ამბობენ, რომ ნატოს გაფართოება და საწვრთნელი ბაზები რუსეთის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული, მაგრამ რუსეთი ამას საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს და რეაგირებს.

რუსეთის მხრიდან მკვეთრი განცხადებები გაკეთდა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის პოლიტიკა განსხვავდება დასავლური პოლიტიკისგან. დასავლეთი იყენებს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა “რბილი ძალა”, რუსეთი კი გამოწვევებზე რეაგირებს…

 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა უკრაინაში ე.წ. დემოკრატიზაციის პროცესები 5 მილიარდი დოლარით დააფინანსეს.

24 წელი უკრაინაში ანტირუსული პროპაგანდა მიმდინარეობდა, რომელმაც ქვეყანა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა. უკრაინაში განვითარებული მოვლენები რუსეთის არასწორი პოლიტიკის ბრალიც არის. ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში ანტირუსულად განწყობილი თაობა გაიზარდა. რუსეთი ამ პროცესს თვალს ადევნებდა და საპასუხოდ არაფერს აკეთებდა. შედეგი კი მძიმეა. საომარ მოქმედებებში ათასობით ადამიანი დაიღუპა, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. თვით ჰენრი კისინჯერმაც კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რომელიმე რიგითი სუვერენული ქვეყანა. მას ბევრი საერთო აქვს რუსეთთან და რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთი ქმედებების შედეგებს.

_ ჩვენსა და რუსებს შორის არ არის ასეთი კავშირი, ჩვენ ერთი ძირი არ გვაქვს. იქნებ ამიტომაც არის, რომ რუსეთი ჩვენთან მიმდინარე პროცესებით დიდად არ ინტერესდება და აქ ნატოს ბაზების განთავსებაზეც მწვავე რეაქცია არ აქვს.

_ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა განსაკუთრებული და დრამატულია, ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ, საბჭოთა პერიოდში საქართველო ერთ-ერთი მდიდარი და აყვავებული რესპუბლიკა იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ორივე მხარის მიერ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ურთიერთობები არარაციონალურია და ემოციებზე დამყარებული. თანაცხოვრების ისტორიაც მნიშვნელოვანწილად ტენდეციურია და ობიექტურ გაანალიზებას მოითხოვს, რათა სწორი დასკვნები გავაკეთოთ.

_ არ შემიძლია, არ გკითხოთ საქართველოს საგარეო სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებაზე. ეს ცვლილება მოხდა გაეროს გენერალური მდივნის სტუმრობის შემდეგ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური კორპუსის დიდ წარმატებად ჩათვალა. გარდა ამისა, თამარ ბერუჩაშვილიძირძველინატოელია. რატომ შეცვალეს მინისტრი, ქვეყანა საგარეო კურსის გადახედვას ხომ არ აპირებს?

_ რაც შეეხება ბერუჩაშვილს, ის ტრანზიტული ფიგურა იყო. ალასანიას გუნდის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მან თანამდებობა იმჟამინდელ მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვა, რის შემდეგაც სამინისტრო, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა და გარკვეული კონსულტაციების საფუძველზე ბერუჩაშვილი მინისტრად დააბრუნეს.

_ რას გააკეთებს ეკონომისტი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში?

_ საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო პოლიტიკას არ განსაზღვრავს, ის შემსრულებელია. მნიშვნელოვანია, რომ კვირიკაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის გუნდის წევრი და ზომიერი პოლიტიკოსია. წარდგენისას მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ვექტორი იქნება დასავლური, მაგრამ ევრაზიის კონტინენტზეც ბევრი საინტერესო რამ ხდება და საქართველო იქითაც გაიხედავსო. მის ამ განცხადებას ჩვენი მე-5 კოლონის მძაფრი განცხადებები მოჰყვა.

_ საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები აგრესიულად ილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ. მაგალითად, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვას რუსეთს აბრალებენხომ არ ცდილობს საქართველო სხვა რელსებზე გადასვლას?

_ დღეს საქართველოში მძიმე სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობაა, ამტომაც პოლიტიკის კორექცია აუცილებელია. ვიზების ლიბერალიზაციაზე ზრუნვისა და ლაპარაკის ნაცვლად ეკონომიკური სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს, რადგანაც მალე საქართველოში ქართველი აღარ დარჩება. ადამიანები საცხოვრებელ ბინებსაც კი ყიდიან, რათა საზღარგარეთ წავიდნენ და თავი გადაირჩინონ. იქ კი მძიმე პირობებში მუშაობენ და მეორეხარისხოვან ადამიანებად იქცევიან. გამონაკლისია პოსტსაბჭოთა სივრცე, განსაკუთრებით _ რუსეთი, სადაც ჩვენები ყველაზე წარმატებულები არიან და საქართველოშიც ბევრ ოჯახს ეხმარებიან.

_ სირიელი დევნილები ევროპაში ჩავიდნენ, რამაც ევროპა ძალიან შეაშფოთა. საქართველომ აფხაზეთიდან თითქმის იმავე რაოდენობის ლტოლვილი მიიღო, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონია

_ საქართველოში შიგა მიგრაცია მოხდა. ჩვენი დევნილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოყარეს. ზოგმა ქვეყანა დატოვა, დანარჩენი კი სხვადასხვა ადგილას განთავსდნენ. ევროპის შემთხვევაში ეს არიან სხვა რელიგიის, კულტურისა და მენტალიტეტის ადამიანები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის მიერ დემოკრატიის ეგიდით განხორციელებული საომარი ქმედებების შედეგად დაზარალდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს მართული პროცესია და გლობალიზაციის ევროპული მოდელი ხორციელდება. დევნილთა ნაკადი, ალბათ, კიდევ უფრო მოიმატებს. როგორც ზოგი ექსპერტი და პოლიტიკოსი აღნიშნავს, საფრთხე ექმნება ქრისტიანულ ევროპას.

საქართველო ჩათრეული იქნება ამ პროცესებში. თუ ჩვენი პოლიტიკოსების ქმედებებს გავითვალისწინებთ, სრულიად მოსალოდნელია, საქართველოსაც მოუწიოს სირიელი დევნილების მიღება. უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ევროპის პარტნიორ ქვეყნებსაც მოუწევთ ამ საკითხში დახმარება. ამისთვის, ალბათ, დამატებითი სახსრებიც გამოიყოფა. ქართული მაქსიმალისტური ბუნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ დასავლეთს ვასიამოვნოთ, ისევე ,როგორც ნატოს შემთხვევაში, ალბათ, ამჯერადაცგამოვიჩენთთავს.

ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დამხობა დღის წესრიგიდან არ არის ამოღებული. სირია აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირების კერაა. “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ფუნქცია სირიის წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი პოლიტიკური რუკის შექმნაც არის. ის სულ უფრო ძლიერდება და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს, ცივილიზაციას უქმნის საფრთხეს. ისეთი საჰაერო დაბომბვებით, როგორიც დღეს მის წინააღმდეგ ხორციელდება, ნაკლებად ადგება ზიანი. შესაძლოა, იქ იყვნენ რუსი ჯარისკაცები, მაგრამ დღევანდელი ჰიბრიდული ომები განსხვავებულია და ხშირად კერძო სამხედრო კომპანიები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. საქართველოს თავდაცვის დოკტრინა სრულად შესაცვლელია! ჩვენ გავხდის მესამე მსოფლიო ომის სამიზნე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here