Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: წითელ ბარათს ვუჩვენებდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველო მოატყუა

ჰამლეტ ჭიპაშვილი: წითელ ბარათს ვუჩვენებდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველო მოატყუა

592

თამაშის წესების დარღვევისთვის მსაჯს უფლება აქვს, ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენოს და მინდვრიდან გააძევოს. ამ ბარათების რაოდენობა ზოგჯერ საკმაოდ დიდია. 

მაგალითად, 1970-იანი წლების ბოლოს, მექსიკური გუნდების _ “ატლეტიკოსადაესპანიოლის” _ მოთამაშეები მსაჯმა გონსალესმა 26 წითელი ბარათით დასაჯა. თუმცა ფეხბურთის  ისტორიაში ამ მხრივ ყველა რეკორდი მოხსნა არგენტინელმა მსაჯმა დამიან რუბიომ. მან ბუენოსაირესში გამართულ მატჩში საფეხბურთო კლუბების _ “კლეიპოლესადააურელიანო არენასის” _ მოთამაშეებსა და მწვრთნელებს 36 წითელი ბარათი უჩვენა(!). თამაშის წესებს ხშირად არღვევენ პოლიტიკოსებიც, თუმცა მათი უმრავლესობა, როგორც წესი, დაუსჯელი რჩება. მეტიც _ ვინაიდან ჩვენში პოლიტიკა კვლავ სარფიან საქმედ მიიჩნევა, ბევრი _ მრავალი წლის განმავლობაში, ზოგიერთი კი _ სამუდამოდ კვლავ აქტიურ პოლიტიკოსად რჩება. საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, რომელი პოლიტიკოსი იმსახურებსპოლიტიკურ წითელ ბარათს”, ჩვენი ახალი რუბრიკიდან შეიტყობთ. რუბრიკაწითელი ბარათისპირველი სტუმარია პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

_ ბატონო ჰამლეტ, შეგიძლიათ, დაასახელოთ, ქართული პოლიტიკური სპექტრიდან ყველაზე მეტად ვინ გაგიცრუათ იმედი, ვის უჩვენებდით წითელ ბარათს?

_ “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში სიმპათია-ანტიპათიაზე საუბარიც კი ზედმეტია. სააკაშვილის ხელისუფლება წითელ ბარათს იმსახურებს. რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, იმედი არ გამცრუებია, ვინაიდან ამ ხელისუფლების იმედი არასდროს მქონია. ამ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი თავის დროზე “ნაციონალებთან” თანამშრომლობდა და, აქედან გამომდინარე, მათგან ახალს არაფერს ველოდი. პრემიერიდან დაწყებული, პრეზიდენტის ჩათვლით, ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებას იმსახურებენ. განსაკუთრებით გამოვყოფდი მეტიჩარა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომელიც ბევრ ცუდ საქმეს გააკეთებს და შესაძლოა, ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს, ამიტომ მას წითელ ბარათს ვუჩვენებდი და პოლიტიკური ასპარეზიდან გავაძევებდი.

ჩემს ანტიპათიას იმსახურებს, აგრეთვე, ხიდაშელის ბრიყვულად თავდაჯერებული მეუღლე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. ასეთივე დამოკიდებულება მქონდა ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის მიმართაც. არ მომწონს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რომელიც აშკარად აზრზე არ არის, რა არის სოფლის მეურნეობა. არ მომწონს ქალაქის მერი დავით ნარმანია, ეკა ბესელია, ძმები ბერძენიშვილები, ირაკლი ალასანია და მისი გუნდი. ვფიქრობ, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია ხიდაშელი, თავისი აგრესიული და გაუწონასწორებელი ქმედებებითა და განცხადებებით.

_ თინა ხიდაშელის რომელი ქმედება ან საქციელი არ მოგეწონათ ყველაზე მეტად?

_ თინა ხიდაშელი თავისი ბრიყვული განცხადებებით ჯერ კიდევ პარლამენტში ყოფნისას იწვევდა ანტიპათიას და იმსახურებდა წითელ ბარათს, ანუ პოლიტიკიდან გაძევებას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ იურისტობაზე დებს თავს, სწორედ ამ სფეროში აკეთებდა სულელურ განცხადებებს. მას არ ესმის, რომ მისი მოქმედების ზონა თავდაცვის სამინისტროა. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ხშირად იჭრება საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციებში და ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი განცხადებებით გამოდის.

 თავდაცვის მინისტრი გაემგზავრა საფრანგეთში და ხელი მოაწერა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვას ისე, რომ ეს არც პარლამენტმა იცის და მგონი, დღემდე არავინ იცის, რას მოაწერა ხელი.

 ხიდაშელი არის პიროვნება, რომელიც დაძაბავს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას რუსეთთან. ის ერთ-ერთი ინიციატორია ნატოს საწვრთნელი ბაზის საქართველოში განთავსებისა, რომელიც, როგორც ხარისთვის წითელი ნაჭერი, ისევეა რუსეთისთვის.

_ თუმცა, არამხოლოდ თავდაცვის მინისტრი, მთლიანად ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყნის კურსი არის ევროატლანტიკური. ფიქრობთ, რომ თინა ხიდაშელის ადგილზე სხვა რაიმეს შეცვლას შეძლებდა?

_ როდესაც თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იყო, ის წყნარად მუშაობდა და არც განცხადებებით აღიზიანებდა ვინმეს. საერთოდ კი, დღევანდელი ქართული პოლიტიკა ცუდი გზით მიდის და, უპირველეს ყოვლისა, ამ პოლიტიკის შეცვლაა საჭირო.

_ რა არის დღეს ქართული პოლიტიკის ყველაზე დიდი პრობლემა?

_ მთვარი პრობლემა დღეს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი და მისი ბრმად, ყოველგვარი გააზრების გარეშე აყოლაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებსაც კი პრობლემები შეუქმნა. ის ტალღა, რომელიც დღეს ევროპის ქვეყნებს ლტოლვილების სახით მიაწყდა, მისთვის ცუდად დამთავრდება. ასეთ დროს ვიზების ლიბერალიზაცია და აშშის პარტნიორობა გაუმართლებელია. ეს კარგს არაფერს მოიტანს.

 _ მიუხედავად ასეთი დახასიათებისა, რესპუბლიკელები დღეს ყველაზე ინტელექტუალურ ძალად ითვლებიან ქართულ პოლიტიკაში.

_ ინტელექტუალურ ძალად სხვებთან შედარებით ითვლებიან, ერთი-ორი წიგნის წაკითხვა ინტელექტს არ ნიშნავს. თუმცა ისინი მაინც ჩანან სხვა პოლიტიკოსების ფონზე, რომლებსაც საერთოდ არაფერი წაუკითხავთ. ხშირად ვუსმენ რესპუბლიკელების განცხადებებს და მინდა, გითხრათ, რომ ამას ინტელექტთან საერთო არაფერი აქვს. ან მათი ლიტერატურაში გათვითცნობიერება (რაც, ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას) რატომ ნიშნავს, რომ პოლიტიკაშიც გათვითცნობიერებულები არიან?! ამას გარდა, წიგნის კითხვამ საღ აზროვნებას უნდა შეუწყოს ხელი, საღად აზროვნება კი რესპუბლიკურ პარტიას, სამწუხაროდ, არ შეუძლია. თუ ძმები ბერძენიშვილების, განსაკუთრებით ლევან ბერძენიშვილის, ინტელექტს გულისხმობთ, ერთი ლევან ბერძენიშვილის ინტელექტის გამო მთელ რესპუბლიკურ პარტიაზე საუბარი, უბრალოდ, სირცხვილია.

 მინდა, დავამატო, რომ ჩემს წითელ ბარათს, როგორც ფეხბურთშია, აგრეთვე, ვუჩვენებდი ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მართალია, პოლიტიკაში აღარ არის, მაგრამ იმ უარყოფით მოვლენებში, რომლებიც დღეს ხდება საქართველოში, სწორედ ის არის დამნაშავე, რადგან მან საქართველო მოატყუა. თითქოს გვყავს მთავრობა, პრემიერი, პრეზიდენტი, მინისტრები, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს პიროვნება, რომელსაც დღეს არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ აქვს ხელისუფლებაში.

_ თუმცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩარევას უარყოფს და ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავიდა

_ კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ბევრი მინისტრი სწორედ მის “ქართუ ბანკში” მუშაობდა… ცოტა ხნის წინათ გაოცებული ვათვალიერებდი გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკას”, სადაც მეცნიერებათა აკადემიის წერილი ვნახე. ისინი მადლობას უხდიდნენ ბიძინა ივანიშვილს და მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენდნენ. რატომ უნდა უგზავნიდეს მეცნიერებათა აკადემია ანგარიშს კაცს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან?

ივანიშვილს სურს, იყოს საქართველოს მმართველი, ოღონდ იატაკქვეშეთიდან, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის.

_ თქვენ მიერ დასახელებულმა ადამიანებმა რა შეცვალეს ქართულ პოლიტიკაში?

_ დადებითისკენ არაფერი შეცვლილა. ყველაფერი უარესადაა, ერთი ეგაა, ხალხს არ ხოცავენ და ცოცხებს არ ურჭობენ, თორემ ესენინაციონალებსარაფრით ჩამოუვარდებიან. უაღრესად მძიმე სოციალური ფონი შექმნა ამ ხელისფლებამ. ცხადია, ეს პროცესები “ნაციონალების” დაწყებულია, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რაღაც მაინც ხომ შეიძლებოდა გაეკეთებინათ, რათა ხალხს ცოტათი ამოესუნთქა?! სამწუხაროდ, ტყუილების თქმის მეტი ამ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here