Home რუბრიკები პოლიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრად _ გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად _კახა კახიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრად _ გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად _კახა კახიშვილი

496

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე _ კახა კახიშვილი

 

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური ახალშექმნილი სამსახურის უფროსად დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, 1 აგვისტოდან შეუდგა მუშაობას.

გიორგი მღებრიშვილი 1970 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა; 1990-1996 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით. მან კარიერა 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟიორად დაიწყო; ამის შემდეგ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე; იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული; 2014 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს; ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს; ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კახა კახიშვილი 2014 წლიდან დღემდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილეა. ის, ასევე, არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ექსპერტთა კლუბის წევრი.

კახა კახიშვილი დაიბადა 1973 წლის 22 მარტს; დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; კარიერა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ისნის რაიონის შსს სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურში პოლიციელის თანამდებობაზე; შემდეგ მუშაობდა პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე; იყო პროკურატურის წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. კახა კახიშვილი იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში; ასევე იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილების უფროსი; სახალხო დამცველის რწმუნებული სამართალდამცავ ორგანოებში; კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველი; საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი; არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” სამართლებრივი დირექტორი; ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს; ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here