Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: აჭარა თურქებს აქვთ ჩაბარებული. მთელი ეკონომიკა მათ ხელშია და ჩვენ...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: აჭარა თურქებს აქვთ ჩაბარებული. მთელი ეკონომიკა მათ ხელშია და ჩვენ იქ მხოლოდ სტუმრად ჩავდივართ

624

2008 წლის რუსეთსაქართველოს ომიდან 7 წელი გავიდა. დგას თუ არა დღეს საქართველო ომის საფრთხის წინაშე და მზად არის თუ არა გამოწვევებისთვის _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსპოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება.

 

_ 2008 წლის მოვლენებიდან დიდი დრო გავიდა, ყოველ შემთხვევაში, პატარა ქვეყნისთვის ეს საკმარისი იყო დასაფიქრებლად და ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც ამ ქვეყნის როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ გამოჯანმრთელებას შეუწყობდა ხელს. სამწუხაროდ, მსგავსი რამ არ მოხდა და, როგორც ვატყობ, არც მომავალში მოხდება, ვინაიდან 2008 წლის სისხლიანი მოვლენების შემდეგ საქართველოში, პოლიტიკური თვალსაზრისით, დიდწილად არაფერი შეცვლილა. ვერც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ და ვერც ახალმა ვერ გამოიტანეს დასკვნები _ რა მოხდა 2008 წელს.

_ შესაძლებელი იყო კი რეალური ცვლილებები? ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის კარდინალურად გამოსწორება შეუძლებელი იყო.

_ ახლა უკვე ნათელია და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შეიძლება ითქვას: სააკაშვილის ხელისუფლება შეკვეთას ასრულებდა. საქართველო რუსეთისთვის ამიერკავკასიის ცხელ წერტილად უნდა გადაქცეულიყო. მიხეილ სააკაშვილმა ეს დავალება შეასრულა, მაგრამ საქართველომ არ შეასრულა სააკაშვილის დავალება და არ აჰყვა მის ავანტიურას. ხალხი არ აჰყვა არც ბაქრაძის ავანტიურას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჩანგლებითა და დანებით ბრძოლისკენ მოგვიწოდებდა.

როდესაც ამბობენ, ვლადიმერ პუტინია ყველაფერში დამნაშავეო, მინდა, აღვნიშნო: პუტინი საერთოდ არ იყო საქმის კურსში, ვინაიდან იმხანად ის რუსეთის პრემიერის რანგში, პეკინში, ოლიმპიადაზე იმყოფებოდა. ყველაფერი, რაც მოხდა, რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის _ მედვედევის გადაწყვეტილება იყო და, სხვათა შორის, მედვედევს, ამ ნაბიჯების გამო, როგორც რუსეთის პოლიტიკური ელიტა, ასევე რუსული პრესაც მწვავედ აკრიტიკებდა.

_ შესაძლებელია, პუტინს არაფერი სცოდნოდა?

_ დიახ, ვინაიდან, მოვლენები სწრაფად განვითარდა და არავინ ელოდა, რომ სააკაშვილი ასეთ სულელურ ნაბიჯს გადადგამდა.

_ დღეს რა ვითარებაა, დგას თუ არა ქვეყანა ისევ ომის საფრთხის წინაშე? მოგეხსენებათ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა და მართალია, საქართველოში ამტკიცებენ, რომ ახალი არაფერი მომხდარა და ქვეყანამ, უბრალოდ, ძველი დადგენილება გააგრძელა, ამ ფაქტს უკვე მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის _ დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ გამორიცხული არ არის, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯები გადადგას

_ საქართველო თავისი ქმედებებით რუსეთის გასაღიზიანებლად ყველაფერს აკეთებს. გამუდმებული ლაპარაკი იმაზე, რომ ნატოში შევდივართ და სულ მალე ნატოს საწვრთნელი ბაზა გაიხსნება საქართველოში, ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების და მათ შორის, თავდაცვის მინისტრის გაცხადებები, ცხადია, რუსეთს აღიზიანებს და ისიც ცხადია, არ იქნება საქართველოს მიმართ დადებითად განწყობილი. თავდაცვის მინისტრი, რომელიც ისეთივე თავდაცვის მინისტრია, როგორც მე _ ჩინეთის პრეზიდენტი, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი ძალიან ღიზიანდება ქართული პოლიტიკური ელიტის უკრაინაში ნავარდით. რუსებს განსაკუთრებით აღიზიანებთ სააკაშვილის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის მმართველად დანიშვნა და მისი ანტირუსული განცხადებები. მათთვის ისიც მიუღებელია, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის მხარეს იბრძვიან. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და ქმედებების გამო საფრთხე, ცხადია, არსებობს. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რუსეთმა ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომლებიც საქართველოს არ წაადგება.

გამოწვევა ბევრია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს. მას ჰგონია, რომ, რადგან საქართველოდან 5 კილოგრამი მწვანილი და ორი კილოგრამი ვაშლი შევიდა რუსეთის ბაზარზე, ამის გამო რუსეთმა მადლობა უნდა გადაგვიხადოს. რუსეთის ბაზარი ისეა გაჯერებული უცხოური პროდუქტებით, სულაც არ სჭირდება საქართველოს არც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, არც მინერალური წყალი და არც ალკოჰოლური სასმელი. ეს ისევ ჩვენ გვჭირდება.

საქართველო არც ნატოსა და არც ევროკავშირის ინტერესებს არ უნდა შეეწიროს. რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ქვეყნის დღევანდელ თუ ხვალინდელ კეთილდღეობას სრულიად ეწინააღმდეგება. ჩვენი მეზობელი ქვეყნების _ აზერბაიჯანისა და სომხეთის _ სოციალურეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში არსებულ ვითარებას რომ შევადაროთ, დავინახავთ, რომ მათ გაცილებით უკეთესი პერსპექტივა აქვთ რუსეთთან ურთიერთობით, ვიდრე საქართველოს რუსეთთან მტრობით. ასევე, შევადაროთ იმ ქვეყნების მდგომარეობა და სოციალური პირობები, რომლებიც უკვე 10-12 წელიწადია, ევროკავშირის წევრები არიან და დავფიქრდეთ, რატომ არიან ისინი უაღრესად მძიმე მდგომარეობაში. 10-12 წლის განმავლობაში ისეთი წარმატებული სოციალისტური ქვეყნები, როგორებიც იყო რუმინეთი, ბულგარეთი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ბალტიისპირეთის მოსახლეობა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს 8 მილიონი იყო და ახლა 6 მილიონს ძლივს აღწევს.

_ საქართველოში აშშის ყოფილი ელჩის _ უილიამ კორტნის განცხადებით, აშშის კონგრესში საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე საუბარი მალე დაიწყება, რუსეთს რომ არ ეგონოს, საქართველო მარტოაო

_ ეს ძალიან სასაცილოა. ჩვენი დაახლოებით ოცი ათასი ჯარისკაცი როგორ უნდა ებრძოლოს რუსეთის უზარმაზარ და ძლიერ არმიას? სასაკლაოზე გაშვების ტოლფასია, როდესაც მეუბნები, რომ მომცემ იარაღს, რათა რუსეთისგან თავი დავიცვა. ან რა ისეთი სისტემა უნდა შეიძინოს ხიდაშელმა საფრანგეთში, რომ ამ სისტემამ საქართველო დაიცვას?! როგორ შეიძლება ვინმემ ამაზე სერიოზულად იფიქროს?! კბილებამდე რომ შევიარაღდეთ, ჩვენ არ ვიცით ამ იარაღის გამოყენება, ამას სპეციალური წვრთნა სჭირდება. ეს ისე სასაცილოა, საუბარიც კი არ შეიძლება. ვერანაირი იარაღი საქართველოს ვერ უშველის. თუ რუსეთთან ურთიერთობა არ მოგვარდა, საქართველო შავ დღეში აღმოჩნდება.

_ ბატონო ჰამლეტ, ადეიშვილის შემდეგ ინტერპოლმა კეზერაშვილისა და სააკაშვილის წინააღმდეგაც შეწყვიტა ძებნა. რატომ ვერ ამტკიცებს ხელისუფლება სიმართლეს?

_ ხელისუფლება სიმართლეს ვერც დაამტკიცებს, რადგან “ნაციონალები” ამერიკის შეერთებული შტატების კადრები არიან. კოჰაბიტაცია ვინ მოიგონა? გვითხრეს, რომ კოჰაბიტაციაში უნდა იყოთ ყოფილ ხელისუფლებასთანო და ასეც მოხდა. აშშ რომ არ სდომებოდა, სააკაშვილს ოდესის გუბერნატორად ვინ დანიშნავდა?!

_ “ქართული ოცნებისმხარდამჭერებიც კი აღშფოთებულნი არიან ზოგიერთინაციონალისათუ მათთან დაკავშირებული პირების თანამდებობებზე დანიშვნით, ამას წინათ აღშფოთება გამოიწვია ნინო შუბლაძის დანიშვნამაც. ფიქრობთ, რომ ეს დანიშვნებიც მათი მითითებით ხდება?

_ ეს ყველაფერი მოდის აშშის საელჩოდან და ბიძინა ივანიშვილისგან. მე გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე ზოგიერთმა, დღეს რომ პოლიტიკოსი ჰქვია. როდესაც რიჩარდ მაილსი საქართველოში ელჩი იყო, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა, რადგან ვიყავი ქართველებსა და აფხაზებს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე; გარდა ამისა, ამერიკელებს აინტერესებდათ ასლან აბაშიძის პოზიცია და ჩემთან ერთად მაილსი ასლან აბაშიძეს ბევრჯერ შეხვდა. ამერიკელებს, საქართველო და მისი მოსახლეობა კი არა, საკუთარი თავი აინტერესებთ ამ ტერიტორიაზე.

_ ცოტა ხნის წინათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთი და იმავე სქესის პირებს ქორწინების ნება ოფიციალურად დართო. ითქვა, რომ ეს ყველა ქვეყანაში უნდა მოხდეს. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ ქართველი პარლამენტარებისა თუ ხელოვანების აბსოლუტური უმრავლესობა, ერთნაირი სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების წინააღმდეგია. თქვენ ამბობთ, რომ აშშის გადაწყვეტილებით ხდება ყველაფერი, ანუ ფიქრობთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ჩვენთანაც დააკანონებენ?

_ დიახ და იცით, რატომ? _ ჩვენ ქაღალდზე ვართ მაგრები. როდესაც ჟურნალისტი გვეკითხება რამეს, მამაცურად ვუპასუხებთ ხოლმე, მაგრამ, თუ ასეთი მაგარი ბიჭები არიან ჩვენი პარლამენტარები, რატომ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი? არადა, სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონია პირველი ნაბიჯი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ. ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება საქართველოში. არც გარეთ გამოვა ვინმე გასაპროტესტებლად. 17 მაისს კი გამოვიდა ბევრი ხალხი, მაგრამ ეს უფრო სპონტანური აფეთქება იყო.

_ სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ახალი მინისტრები ჰყავსკახა კახიშვილი და გიორგი მღებრიშვილი, რომლებიც კარგი რეპუტაციით სარგებლობენ საზოგადოებაში. ეს ხელისუფლების ნდობის ხარისხს არ გაზრდის?

_ ვფიქრობ, ეს არაფერს შეცვლის. სისტემა დამპალია და ბრწყინვალე მინისტრიც ვერაფერს შეცვლის, რადგან, თუ ამ ქვეყანაში პოლიტიკა არ შეიცვალა, სასიკეთო ცვლილებები წარმოუდგენელია. ქვეყანაში არც ერთ საკითხზე სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არსებობს და ამას ერთი და ორი მინისტრი ნამდვილად ვერაფერს უშველის.

_ აჭარასთან მჭიდრო კონტაქტები გაქვთ. რას ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა, რა ვითარებაა აჭარაში?

_ დიახ, ჩემი მეგობრები ცხოვრობენ აჭარაში, მე ვიყავი პარტია “აღორძინების” წევრი, რომლის ძირითადი ბირთვიც აჭარაში იყო, და დღესაც მაქვს კავშირი აჭარასთან. როდესაც აჭარიდან ჩემი მეგობრები მირეკავენ, იცით, რას მეუბნებიან? _ თურქეთიდან გირეკავთო. აჭარა ფაქტობრივად, გათურქებულია.

_ რის საფუძველზე ამბობენ ამას?

_ ადგილობრივი ბიზნესი, კაზინოები, სასტუმროები _ ყველაფერი თურქების ხელშია. იცით, ბათუმისა და თბილისის აეროპორტების რეისები ისე აქვთ მითითებული, როგორც საკუთარი, შიგა რეისები. თბილისის აეროპორტი ხომ სააკაშვილმა თავიდანვე თურქებს ჩააბარა. იქიდან შემოსული თანხა, გარკვეული გადასახადების გარდა, თურქეთში მიდის.

როდესაც თურქების მიერ გახსნილ საწარმოში ქართველები გაცილებით ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე თურქები, ესეც ხომ რაღაცაზე მეტყველებს?!

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს _ არჩილ ხაბაძეს არავინ არაფერს ეკითხება, არც არავითარი ძალაუფლება აქვს.

_ საქართველოს ხელისუფლება რატომ ხუჭავს თვალს ამ ყველაფერზე?

_ ამ ხელისუფლებას სულაც არ აინტერესებს, იქ თურქი იქნება თუ ესპანელი, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამას გარდა, რა უნდა თქვას ხელისუფლებამ?! თბილისი რამეს იტყვის თურქეთის წინააღმდეგ ან რაიმე ნაბიჯს გადადგამს? რას ამბობთ! თურქი ცოტა სხვანაირია, ამ ყველაფერს “ცხვირში ამოგვადენს”, ამიტომ იყო საჭირო ისეთი პოლიტიკა, როგორსაც ასლან აბაშიძე ატარებდა. ერთხელ რაღაც პროექტში მონაწილეობა შემოგვთავაზეს თურქებმა და, როდესაც ეს ასლანს ვუთხარი, მიპასუხა, მაგათ ფეხს თუ ჩაადგმევინებ სადმე, იქიდან ვეღარ ამოაღებინებო.

მთელი აჭარა თურქებს აქვთ ჩაბარებული. მთელი ეკონომიკა მათ ხელშია და ჩვენ იქ მხოლოდ სტუმრად ჩავდივართ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here