Home რუბრიკები საზოგადოება ვეტერანი პასუხს ითხოვს

ვეტერანი პასუხს ითხოვს

647

საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილის მიერ 2015 წლის 19 ივლისს, 21 საათზე, “რუსთავი 2”-ის გადაცემა “P.S.”-ში გაკეთებული განცხადების გამო

 

ამ წერილს ვწერ თბილისში გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) შესახვევის #6, ბ. #11-ში მცხოვრები, მხედრული მამაცობისა და სხვა მედლებით დაჯილდოებული, 87 წლის თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ვახტანგ დოლიძე.

1944 წელს საშუალო სკოლის მერვე კლასის 16 წლის მოსწავლემ მივმართე სამხედრო კომისარიატს, ომში სამშობლოს დასაცავად წასასვლელად, რათა ჩემი წვლილი შემეტანა ფაშიზმის დამარცხებაში. არასოდეს დამავიწყდება კომისარის სიტყვები _ “შენი ომი აქ იწყება, დიმიტროვის სახელობის ქარხანაში. დაიმახსოვრე: ძლიერი ზურგი გამარჯვებაა ყველა ჩვენგანისთვის”. ამ ლოზუნგით ვშრომობდით და ვიბრძოდით, რამაც გამარჯვება მოგვიტანა.

ხანში შესული 60 წლის კაცი მოხალისედ შევედი ეროვნულ გვარდიაში. შემდგომ გავხდი კადრის ოფიცერი, ვმონაწილეობდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საბრძოლო მოქმედებებში, შედეგად II ჯგუფის ინვალიდი გავხდი.

ვეტერანის სტატუსის მიღებისას ავირჩიე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საბრძოლო მოქმედებების და არა დიდ სამამულო ომში მონაწილესთან გათანაბრებულის სტატუსი, მაქვს საბუთები და ჯილდოები.

ჩემი აღშფოთება გამოიწვია 2015 წლის 19 ივლისს, 21 საათზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “P.S.”-ში გასულმა ინტერვიუმ, სადაც ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანრი უბირიამ ფართო საზოგადოების წინაშე განაცხადა: “მეორე მსოფლიო ომის ზოგიერთი ვეტერანის აზრი იყო, რომ ზურგის მუშაკები, რომლებიც ათასი კილომეტრით დაშორებულები იყვნენ ფრონტის წინა ხაზს, არ უნდა იყვნენ მათთან გათანაბრებულნი და მათსავით მიიღონ იგივე ჯილდო და საჩუქარი”. მოხელეს არ ეკადრება ამგვარი განცხადების გაკეთება ფართო აუდიტორიის წინაშე; ჩაიხედოს კანონში, რომელშიც ვეტერანები კატეგორიებად არიან დაყოფილნი, მათ შორისაა კოდი 700, რომელიც აღნიშნავს ომის მონაწილესთან გათანაბრებულს. ეს განმარტება რას მივაწეროთ _ კანონის უცოდინარობას თუ უსაფუძვლო პოზიციას, რომლის მიხედვით ზურგის მუშაკები ომის მონაწილეებთან გათანაბრებული არ უნდა იყვნენ. ომს იგებს არა მხოლოდ წინა ხაზზე მებრძოლი, არამედ ზურგის მუშაკიც. რომ არა ზურგი, ვინ მიაწვდის წინა ხაზს იმ აუცილებელ იარაღს, რომელიც გამარჯვებას უზრუნველყოფს? თუნდაც ის რად ღირს, საქართველოში მცხოვრებნი ფრონტზე გასაგზავნად რომ აგროვებდნენ სურსათ-სანოვაგეს, ჩასაცმელ-დასახურს და ა.შ. “თუ ზურგი მაგარია _ ომი მოგებული გაქვს”, _ ეს იყო გენერალისიმუსის იოსებ სტალინის სიტყვები.

2015 წლის 9 მაისს, როცა აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილთა სიაში ვიყავი მეც, თქვენი მონამორჩილი. შევაგროვე სათანადო საბუთები და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარვადგინე. 8 მაისს დამიკავშირდნენ და მთხოვეს, არ დამეგვიანებინა პრეზიდენტის სასახლეში გამოცხადება. სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. 9 მაისს, დილის 10 საათზე ვაკის პარკში ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელობამ ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ ვეტერანებს გვაცნობა, რომ ჩვენი კატეგორიის ვეტერანები ამოღებულნი არიან პრეზიდენტის სასახლეში ბანკეტზე დამსწრეთა და დაჯილდოებულთა სიიდან!

ისედაც გულნატკენ და ყველასაგან მივიწყებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ ვეტერანებს ჭრილობაზე მალამოს წასმის ნაცვლად მარილი დაგვაყარეს. დარწმუნებული ვარ, ომის არც ერთი მონაწილე არ შეურაცხყოფს მათთან გათანაბრებულ ვეტერანებს. მაშ, ვისი განკარგულებით გადაუსვეს ხაზი ჩვენს ღვაწლსა და ამაგს? _ ამ შეკითხვით მივმართავ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, ბატონ შიხიაშვილს.

ვახტანგ დოლიძე

2015 წლის 22 ივლისი

 

1 COMMENT

  1. აჩვენეთ მსოფლიოს კადრები, როგორ აწამებენ, აუპატიურებენ და კლავენ ადამიანებს სააკაშვილის ჯალათები და ლარი გამყარდება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here