Home რუბრიკები საზოგადოება სამართლიანობის აღდგენის დიდი იმედი მქონდა…

სამართლიანობის აღდგენის დიდი იმედი მქონდა…

528

ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს, სახელმწიფო ბრალდებისა და ადვოკატურის ინსტიტუტის წარმომადგენელთა მეშვეობით. როგორც პროკურორის, ისე ადვოკატის დასაბუთებული არგუმენტები სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

 

სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მის საქმიანობაში, ზეგავლენა მოახდინოს მასზე მართლმსაჯულების განხორციელების საქმეში. კანონი ყველა დროში კანონი უნდა იყოს და არ უნდა გამოიყენებოდეს ცალკეულ პირთა მიმართ პირადი ანგარიშსწორებისთვის.

2003 წელს ხელისუფლებაში მოსული “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა და მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩემ წინააღმდეგ უკანონოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აშკარად დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-17 მუხლის მოთხოვნები. ასევე, უხეშად დაირღვა საქართველოს სსს კოდექსის მე-18 მუხლის 1 და 2 ნაწილი, მე-10 მუხლის 3 და 4 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 40- მუხლის 2 და 3 ნაწილები.

ეს ადამიანები იყვნენ:

მიხეილ სააკაშვილი _ საქართველოს პრეზიდენტი; ვანო მერაბიშვილი _ შს მინისტრი; ზურაბ ადეიშვილი _ იუსტიციის მინისტრი; ირაკლი ოქრუაშვილი _ მთავარი პროკურორი; დავით კეზერაშვილი _ საფინანსო პოლიციის უფროსი; დავით ბეჟუაშვილი _ პარლამენტარი; თემურ ალასანია _ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) თანამშრომელი, მიხეილ სააკაშვილის ბიძა;

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში:

გ. ლაცაბიძე _ საგამოძიებო ნაწილის უფროსი; პ. ჯაველიძე _ განსაკუთრებულ საქმეთა პროკურორი; ო. ტყეშელაშვილი _ პროკურატურის გამომძიებელი (აწ გარდაცვლილი).

გამოგონილი, დაუსაბუთებელი მოტივაციით შექმნეს სს საქმე, წამომიყენეს ბრალი, რომელიც არ შეესაბამებოდა მათ მიერვე მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს და გააგზავნეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებმა _ ბ. ხიმშიაშვილმა, მ. იოსავამ, ა. ტყეშელაშვილმა, თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეებმა _ ნ. ჭანიშვილმა, თ. ზამბახიძემ, მ. ბებიაშვილმა, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა _შ. კობერიძემ, გ. ჯაჯაიამ და ნ. ქადაგიძემ დაუსაბუთებლად და უკანონოდ გამომიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა 2005 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საჯაროდ განაცხადა (ციტატა ნათქვამიდან): ძველი უშიშროების კადრებს კარგად ახსოვთ, თუ როგორ ჩამოართვა ლევან კენჭაძემ უშიშროების პირადი შემადგენლობის ზოგიერთ წარმომადგენელს სატაბელო იარაღი, როგორც ძველი და უვარგისი, თითქოსდა ეს იარაღი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გადაადნეს, შემდეგ კი გაყიდეს. სინამდვილეში ის დამნაშავეთა სამყაროს ხელში გადავიდა”.

პრეზიდენტმა საჯაროდ დამადანაშაულა, მაგრამ ამ ქმედებებისა და დანაშაულისთვის ჩემთვის არც წინასწარ გამოძიებას წაუყენებია ბრალი და არც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას გავუსამართლებივარ.

ამ განცხადებით პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირმა, პირდად შეზღუდა სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუმხრობლობა, რადგან მან წინასწარ დამდო ბრალი იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლის გამოც არ მასამართლებდნენ.

2005 წლის 19 ოქტომბერს მომისაჯეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ცალკე აღსანიშნავია ჩემი უახლოესი ნათესავებისთვის _ მამა, დედა და და (რამდენიმე წლის განმავლობაში ცალ-ცალკე ვცხოვრობდით) _ პირადი ქონების ჩამორთმევის საკითხი.

თბილისის საოლქო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა ისე მიიღეს პროკურატურის სარჩელი წარმოებაში, ისე განიხილეს საქმე და ისე ჩამოართვეს ჩემს მშობლებსა და დას პირადი ქონება, რომ ჯერ გარკვეულიც არ იყო, ნამდვილად ვიყავი თუ არა ბრალდებული რაიმე დანაშაულის ჩადენაში, რადგან პროკურორს დოკუმენტი, რომლითაც ჩემი ბრალდებულად ყოფნა დასტურდებოდა, სასამართლოსთვის წარდგენილი არ ჰქონდა. მე ბრალი წარდგენილი უნდა მქონოდა იმაში, რომ ჩემი და ჩემი უახლოესი ნათესავების ქონება, შესაძლებელია, მოპოვებული ყოფილიყო სამოხელეო ან სამეწარმეო, ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციით, გამოძალვით, მითვისებით ან გაფლანგვით, გადასახადებისგან თავის არიდებით ან საბაჟო წესების დარღვევით. ისიც უნდა ითქვას, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2004 წლის 13 თებერვალს განხორციელდა და რომლითაც პროკურორს მიეცა უფლება, სარჩელი შეეტანა მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით, განხორციელდა მხოლოდ საპროცესო კანონებში _ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა (VII2 თავი) და სსსკ-ში (371 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს უკუქცევითი ძალა არ აქვს, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ ამ კანონების მოქმედება ჩემზე გაავრცელა 2004 წლის 13 თებერვლამდე არსებულ პერიოდზე, ანუ კანონს უკუქცევის ძალა მისცა, რითაც მოხდა კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის მეორე წინადადების სრული იგნორირება და დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი. გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ ჩემს უახლოეს ნათესავებს _ დედას, მამას და დას, რომლებიც დამოუკიდებელი პიროვნებები არიან და ჩემს ოჯახზე მატერიალურად დამოკიდებული არ ყოფილან, ჩამოართვეს პირადი ქონება, ჩემთვის კი არაფერი ჩამოურთმევიათ.

ამ უკანონობით გამოწვეული ძლიერი ნერვიული სტრესის გამო მამა და და გარდაიცვალნენ, ხოლო მე უმძიმესი სენით დაავვადდი.

ყოველ ადამიანს უფლება აქვს, მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრის ან მისდამი სისხლის სამართლის ბრალდების წარდგენის დროს ითხოვოს მისაღები ვადის განმავლობაში დამოუკიდებელი და მიუმხრობელი სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანად და საჯაროდ განხილვა.

2005 წელს ჩემმა ადვოკატებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით. 2009 წლის მაისში, როდესაც სტრასბურგიდან მოვიდა ოფიციალური შეტყობინება, რომ იწყებოდა ჩემი საქმის განხილვა, ავჭალის მე-10 კოლონიაში, სადაც ვიხდიდი სასჯელს, მოვიდნენ პროკურატურის თანამშრომლები და შემომთავაზეს: გამომეტანა საჩივარი და იმ დღესვე გამათავისუფლებდნენ; უარის შემთხვევში კი ჩემს შვილებს შეექმნებოდათ გადაუჭრელი პრობლემები. იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი მათ ულტიმატუმს.

2012 წლის სექტემბრიდან, როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, მეც გამიჩნდა საფუძვლიანი იმედი, რომ ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებდი.

პირადად შევხვდი სახალხო დამცველს _ უჩა ნანუაშვილს. პასუხი არ მიმიღია.

წერილობით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს _ გიორგი მარგველაშვილს.

წერილობით მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს _ დავით უსუფაშვილს.

წერილობით მივმართე საქართველოს პრემიერმინისტრს _ ირაკლი ღარიბაშვილს.

ზემოთ აღნიშნული ყველა წერილი გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს და მთავარ პროკურატურას.

იუსტიციის სამინისტროდან და პროკურატურიდან მივიღე პასუხი, რომ ისინი “მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, შეცვალონ სასამართლო გადაწყვეტილება და მიპასუხონ აღნიშნულზე”.

წესით, არაფერი უნდა მაკვირვებდეს, მაგრამ მაინც დიდი იმედი მქონდა სამართლიანობის აღდგენის.

სამართლიანობის აღდგენა არის სახელმწიფოს მოვალეობა, მაგრამ სახელმწიფო ამას არ აკეთებს და ამით მიბიძგებს, თვითონ დავიწყო სამართლიანობის აღდგენა, ეს კი დანაშაულის ჩადენის იძულებაა.

რადგან მე, ლევან კენჭაძეს, საქართველოს მოქალაქეს, ჩემი სახელმწიფო არ მიცავს, ხოლო მე არ მსურს დანაშაულებრივი გზით სამართლიანობის აღდგენა, მოგმართავთ თხოვნით, იქნებ თქვენი რედაქციის ავტორიტეტმა იმოქმედოს ჩვენს ხელისუფლებაზე და მან დაიწყოს თავისი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულება.

ლევან კენჭაძე,

თადარიგის გენერალმაიორი, ვახტანგ გორგასლის

III ხარისხის ორდენისა

და მედლების _ “მხედრული მამაცობისთვის”, “საბრძოლო დამსახურებებისთვის

_კავალერი, ომისა

და სამხედრო ძალების ვეტერანი, “საქართველოს პატრიოტთაალიანსის წევრი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here