Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: დავითგარეჯის კომპლექსის გადარჩენა ევგენი პრიმაკოვის დამსახურებაა

ჯუმბერ პატიაშვილი: დავითგარეჯის კომპლექსის გადარჩენა ევგენი პრიმაკოვის დამსახურებაა

1728

26 ივნისს მოსკოვში 85 წლისა გარდაიცვალა ევგენი პრიმაკოვი, რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

 

პრიმაკოვმა მოასწრო, ემუშავა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად, საგარეო საქმეთა მინისტრად, აგრეთვე, პრემიერმინისტრად ბორის ელცინის პრეზიდენტობისას, იყო რუსეთის ფედერაციის მესამე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი. ევგენი პრიმაკოვი 1929 წელს კიევში დაიბადა, საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა. სიჭაბუკის წლებიც თბილისში გაატარა და ბევრ ქართველთან მეგობრობდა; ამბობდა კიდეც, თბილისელი ვარო. 1985 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს. თბილისელები თავიანთ საპატიო მოქალაქეებს, წესით, პატივს უნდა მიაგებდნენევგენი პრიმაკოვისადმი უყურადღებობის გამო მკითხველს ერთ ფაქტს შევახსენებ: 2008 წელს, როცა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, საქართველოში ქართველ პარლამენტარებსა და მთავრობის წევრებს მანქანის სანომრე ნიშნებზე მისი სახელი ეწერათ. ძნელი წამოსადგენი არ არის, რას იზამდნენ საქართველოს ხელისუფლება და პირველი პირები, მაკკეინი რომ გარდაცვლილიყო… “პრიმაკოვი ნამდვილი თბილისელი კაცი იყო, მტკვარში, ტივზე მთელი ღამე ბიჭებთან ერთადაც უქეიფია”, _ ასე დაახასიათა ევგენი პრიმაკოვი ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა.

_ ევგენი პრიმაკოვი გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, თბილისელი, კარგი კაცი, ჩვენს დედაქალაქსა და ხალხზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი საქართველოში მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობას შეალია. მას არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. არ აცდენდა არც ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ქართველებსა და საქართველოს ეხებოდა.

ევგენი პრიმაკოვს უმძიმეს პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში არეულობა დაიწყო, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ მსურს…

მასთან ახლო და კარგი ურთიერთობა მქონდა. პრიმაკოვზე მოთხრობილი მაქვს ჩემს წიგნში “ოცდასამი წლის შემდეგ”. ამით მისდამი პატივისცემა გამოვხატე.

დღეს ბევრს საუბრობენ, პრიმაკოვს ბევრი რამის გაკეთება შეეძლო საქართველოსთვისო, მაგრამ ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც თვითონ არაფერი გაუკეთებიათ, არადა, უფრო მეტი უნდა გაეკეთებინათ, ვიდრე პრიმაკოვს.

ევგენი პრიმაკოვს ძალიან დადებითად ვაფასებ. მას ქართველი მეუღლე ჰყავდა, შვილებს ქართულად ზრდიდა. მოხდა ისე, რომ მოსკოვში მოუწია წასვლა, ისწავლა მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, დაამთავრა ასპირანტურა მოსკოვის უნივერსიტეტში. მოგვიანებით იმუშავა არაბულ ქვეყნებში გაზეთ “პრავდის” კორესპონდენტად; იყო სამეცნიერო დაწესებულებების ხელმძღვანელიც _ მართავდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტსა და მოსკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტს.

დაძაბული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, მას საქართველო და ქართველები არასოდეს დავიწყებია. გადიოდა წლები და ყოველთვის ახერხებდა, თბილისში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოსულიყო. განსაკუთებით უყვარდა “თბილისობის” დღესასწაული. 1985 წელს ის თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

პრიმაკოვი არ აცდენდა არც ერთ ღონისძიებას, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს აკავშირებდა.

_ ბატონო ჯუმბერ, საქართველოში ამბობენ, ევგენი პრიმაკოვს აფხაზეთში კონფლიქტის დროს ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეეძლო, მაგრამ არაფერი გააკეთაო

_ პრიმაკოვმა, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. ამას რომ ვამბობ, ბევრი ოპონენტი გამომიჩნდება, მაგრამ ყველა მათგანს ვკითხავ _ თვითონ რა გააკეთეს აფხაზებსა და ქართველებს შორის ომის თავიდან ასაცილებლად? ბევრი მათგანი ხომ აფხაზებს აგდებით მოიხსენიებდა და არც ქართველები უსახელებია თავისი “კაიკაცობით”?

არ არის კარგი, როდესაც მხოლოდ ერთ პიროვნებას ბრალდება ყველაფერი, ერთი პრიმაკოვი რას გადაწყვეტდა? ეს ადამიანი აფხაზებთანაც მეგობრობდა და ქართველებთანაც, ამის მოწმე პირადად ვარ.

ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობდით. უნდა გენახათ, როგორი სიხარულით შეხვდნენ თბილისელები, როდესაც საპატიო მოქალაქედ ავირჩიეთ.

პრიმაკოვი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო ქართველი კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებისა; მეგობრობდა ყველასთან _ მსახიობებთან, მომღერლებთან, სპორტსმენებთან.

ძალიან მწყდება გული, რომ ევგენი პრიმაკოვზე ცუდს ამბობენ. ხელის ერთი მოსმით ადამიანის განადგურება არ შეიძლება. ყველა ადამიანს აქვს განცდა, ჰყავს ოჯახი, აქვს გრძნობებიგარდა ამისა, დრო და ისტორია ყველაფერს თავის სახელს არქმევს.

_ რა დამსახურება აქვს ევგენი პრიმაკოვს საქართველოს წინაშე?

_ როდესაც დავითგარეჯის კომპლექსის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და იქ არსებული პოლიგონის გაუქმებას მოითხოვდნენ, პრიმაკოვმა დიდი როლი ითამაშა.

1987 წელი იყო, პრიმაკოვი თბილისში იმყოფებოდა, უცხოელები ახლდნენ. საპროტესტო აქცია ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარეობდა. პრიმაკოვი ჩემთან მოვიდა. საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან მიხეილ გორბაჩოვს დაველაპარაკე, პრიმაკოვი ჩემთან ერთად იყო, მთხოვა, ყურმილი მისთვის მიმეცა და გორბაჩოვს თვითონ დაელაპარაკა. რა თქმა უნდა, პრიმაკოვს გაცილებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან, დაწვრილებით აუხსნა თბილისში არსებული ვითარება. პრიმაკოვმა ახალგაზრდების მოთხოვნას მხარი დაუჭირა.

გორბაჩოვმა მითხრა, მოსკოვში როდესაც ჩამოხვალ, ყველა მასალა ჩამოიტანე, რაც დავითგარეჯის კომპლექსზე არსებობსო. მოსკოვში ჩავიტანე გიორგი ჩუბინაშვილის წიგნი, რომელშიც დავითგარეჯის კომპლექსზე ყველაფერი ეწერა. გორბაჩოვმა წიგნი დაიტოვა, ჩემი თანდასწრებით მარშალ დიმიტრი იაზოვს დაურეკა, უთხრა, რომ საკითხი ხალხის მოთხოვნის გათვალიწინებით გადაწყვეტლიყო. ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი ევგენი პრომაკოვს მიუძღოდა. ეს ისტორიული ფაქტია. დავითგარეჯის კომპლექსის გადარჩენა ევგენი პრიმაკოვის დამსახურებაა.

დღეს დავითგარეჯა აღარავის ახსოვს, აღარ ახსოვთ არც იმ ადამიანებს, რომლებმაც იმხანად ერთი ამბავი ატეხეს და ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი პოლიტიკოსი დავითგარეჯში ნამყოფიც არ არის.

გარდა ამისა, პრიმაკოვმა სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში მოიწვია უცხოელების ჯგუფი და კურორტ წყალტუბოში წაიყვანა. პრიმაკოვი ქართულ კურორტებს უდიდეს პროპაგანდას უწევდა. იმხანად ხშირად არ გვსტუმრობნენ უცხოელები. ქუთაისელები და წყალტუბოელები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები რომ დაინახეს, სტუმრებს ტაქსებით უფასოდ ემსახურებოდნენ, პრიმაკოვი კი ამით ამაყობდა და სტუმრებს ეუბნებოდა, _ ქართველები ასეთები არიან, საქართველო ამით არის განთქმულიო.

დასასვენელად გაგრასა და ბიჭვინთას სტუმრობდა. თავს თბილისელად თვლიდა. ქართველი მეუღლე ჰყავდა. ქალ-ვაჟი შეეძინა. ვაჟი დაეღუპა.

ცნობილი ქირურგი ვლადიმერ ბურაკოვსკი და ევგენი პრიმაკოვი “თბილისელთა კლუბს” ხელმძღვანელობდნენ და ყველა ღონისძიებას დიდი სიხარულითა და მონდომებით აწყობდნენ. ეს შეხვედრები ზეიმი იყო. პრიმაკოვის უახლოესი მეგობრები იყვნენ: ქირურგი დათო იოსელიანი და მხატვარი ზურაბ წერეთელი, მათთან ურთიერთობას არაფერი სჯობდა.

გულდასაწყვეტია, რომ ამ ადამიანების ღვაწლი შესაბამისად ვერ დავაფასეთ.

_ ევგენი პრიმაკოვი ერთერთ ინტერვიუში ამბობს, ედუარდ შევარდნაძემ აფხაზებთან მოლაპარაკების დიდი შანსი გაუშვა ხელიდანო. რას გულისხმობდა?

_ რას გულისხმობდა, არ ვიცი, მაგრამ აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების დღიდან ვამბობდი, რომ ეს დანაშაული იყო და თავიდანვე მარცხისთვის ვიყავით განწირული, თუმცა მერეც იყო მოლაპარაკების შანსი. ედუარდ შევარდნაძეს რუსეთის თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა შესთავაზა, სოხუმთან რუსეთის დივიზია ჩამდგარიყო და ამით აფხაზი სეპარატისტების სურვილები გაქარწყლდებოდა. სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, ეს ამბავი როგორც დასრულდა. დიდი ცოდნა არ სჭირდებოდა იმას, რომ აფხაზეთში რუსეთის ჯარები იმყოფებოდნენ და ჩვენთვის მოლაპარაკებაზე უარის თქმა საბედისწერო აღმოჩნდებოდა.

ევგენი პრიმაკოვს იმხანად დიდი ძალაუფლება არ ჰქონდა, მაგრამ ქართველების მხარდაჭერას ყოველთვის ახერხებდა, თანაც _ დაუფარავად.

აფხაზეთის ომი ჯერ კიდევ არ შეფასებულა.

_ ბოლო პერიოდში თუ გქონდათ პრიმაკოვთან ურთიერთობა?

_ რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთ გაზეთში პრიმაკოვზე დავწერე და მისი ფოტოც გამოვაქვეყნეთ. ეს გაზეთი რომ ნახა, ძალიან გაუხარდა; გაუხარდა, რომ თბილისში ჯერ კიდევ ახსოვდათ…

ევგენი პრიმაკოვის გალანძღვა არ შეიძლება და, თუ ვინმე ამას იკადრებს, მაშინ ისიც თქვას, რისი გაკეთება შეეძლო და რა არ გააკეთა. არ არსებობდა თბილისელი, მოსკოვში ჩასულიყო და მას პრიმაკოვი არ დახმარებოდა, თანაც ისეთ საქმეში, რომლის გაკეთებაც თითქმის შეუძლებელი იყო.

_ უნდა წასულიყო თუ არა საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ევგენი პრიმაკოვის დაკრძალვაზე ან რაიმე ფორმით სამძიმარი უნდა გამოეცხადებინა?

_ აუცილებლად უნდა წასულიყო ვინმე და სამძიმარიც ეთქვა მისი ოჯახისთვის. ევგენი პრიმაკოვი თბილისელი კაცი იყო, თბილისის საპატიო მოქალაქე, ამიტომ ვალდებულებაც იყო, რომ მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოეთქვათ. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და ამაზე უკეთესი საშუალება, იქ ჩასულიყვნენ, რა უნდა ყოფილიყო? გარდაიცვალა თბილისის საპატიო მოქალაქე და ქართველებმა სამძიმარი გამოუცხადეს, მის ხსოვნას პატივი მიაგეს _ ამას ყველა კარგად გაიგებდა. თბილისიდან თბილისელების სახელით მთავრობის დეპეშა აუცილებლად უნდა გაგზავნილიყო.

საპატიო მოქალაქეები უცხოელთა შორის ბევრი არ გვყავს, სამაგიეროდ, უცხოელები გმირებად მოვნათლეთ და ქუჩებს მათი სახელები მივანიჭეთ. ნუთუ პრიმაკოვი სამძიმრის ღირსიც არ იყო?!

ბევრი ცოდვა გვადევს კისერზე, ცოდვას ცოდვას ნუ მივუმატებთ და ევგენი პრიმაკოვზე ცუდს ნუ ვიტყვით, მას საქართველო და ქართველები ძალიან უყვარდა, ჩვენთვის ყველაფერს აკეთებდა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here