Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: საქართველოში უნდა დასრულდეს დრო, როდესაც მხოლოდ პოლიტიკური ელიტა ცხოვრობს კარგად

თამარ კიკნაძე: საქართველოში უნდა დასრულდეს დრო, როდესაც მხოლოდ პოლიტიკური ელიტა ცხოვრობს კარგად

538

მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

 

_ ქალბატონო თამარ, მსოფლიოს ყურადღება საბერძნეთისკენ იყო და არის მიპყრობილი. პოლიტოლოგები სხვადასხვა შეფასებას აკეთებენ, ზოგი ამბობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ზოგის აზრით კი, საბერძნეთი შეცდა

_ საბრძნეთმა დეფოლტი გამოაცხადა. მან უარი თქვა ვალის გადახდის კაბალურ პირობებზე, რომლებიც ქვეყნის სოციალური პაკეტის მკვეთრად შემცირებას და ვალის გადახდის მძიმე პირობებს გულისხმობდა.

საბერძნეთის ვალი 330 მილიარდ დოლარს აღწევს. გადახდის პირობები ძალიან მძიმეა. თუ საბერძნეთი ამ პირობებს დათანხმდებოდა, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს 39 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 180 ევროს გადახდა მოუწევდა.

ალექსის ციპრასი ახალგაზრდა, ქარიზმული და ძალიან გაბედული ლიდერია. მან რეფერენდუმის წინა დღეს სინტაგმას მოედანზე გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე პათეტიკური სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ბერძენი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია . . სამეულის _ ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის _ მიერ შეთავაზებული პირობები, რომ დღეს ევროპაში აღარ არის ის დემოკრატიული ღირებულებები, რომლებითაც იგი ყოველთვის ამაყობდა და რომლებსაც საფუძველი საბერძნეთში ჩაეყარა; რომ სწორედ აქ მოიტაცა ზევსმა ევროპა, რომ ბერძენ ხალხს აქვს ღირსება და არ დაუშვებს ისეთ მოქცევას, როგორც მას ევროპა ექცევა, ამიტომ ის მოქმედებს ბერძნული დემოკრატიულ ტრადიციის შესაბამისად _ ატარებს რეფერენდუმს და ხალხათან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას.

რეფერენდუმამდე, წინასწარი კვლევების მიხედვით, მოსახლეობა ორად იყო გაყოფილი, მაგრამ საბოლოოდ მოსახლეობის 61 პროცენტმა უარყოფითი აზრი გამოხატა და შედეგი ზეიმით აღნიშნა.

ბოლო ხანს მსოფლიოში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. დღეს საბანკო კაპიტალის ბატონობის ერაა. ისინი ფულს, ფაქტობრივად, ჰაერიდან შოულობენ და მოსახლეობას ფინანსურ კაბალაში ამყოფებენ. იზრდება სოციალური ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის _ მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები უფრო ღარიბდებიან. ხდება საშუალო ფენის გამოხშირვა და მსოფლიო ხალხების სიმდიდრისა და საკუთრების მდიდართა ხელში კონცენტრირება. სწორედ ამით არის განპირობებული ის მრავალრიცხოვანი გამოსვლები, რომლებიც მსოფლიოში იმართება.

ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი აღნიშნავს, რომ საბერძნეთისთვის მიცემული კრედიტიდან ძალიან ცოტა მოხმარდა ბერძენ ხალხს და არც ევროკავშირის ლიდერ ქვეყნებს წაუგიათ რამე.

_ რა სანქციები დაეკისრება საბერძნეთს?

_ ბრიუსელი უარყოფითად უყურებს ციპრასის ხელისუფლებას. ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ ის მარქსისტია. ევროკავშირი ახალ შეთავაზებებს ელის საბერძნეთისგან და ამ ქვეყნის ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

ევროპაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ საქმე რთულადაა, რაც ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს ინგლისიც. დევიდ კემერონის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა სწორედ ევროსკეპტიციზმი იყო.

_ საბერძნეთს მხარდასაჭერად რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ. უცხოელი პოლიტოლოგები იმედოვნებენ, რომ ეს ქვეყნები საბერძნეთის შეცდომას არ გაიმეორებენ

_ საბერძნეთში ევროპული ქვეყნების მემარცხენე დელეგაციები ჩავიდნენ. ისინი მოვლენებს აკვირდებოდნენ და საბერძნეთს მხარს უჭერდნენ. მძიმე მდგომარეობაა ესპანეთში, პორტუგალიაში, პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, ამიტომ მათი იქ ჩასვლა შემთხვევითი არ იყო. ამას გარდა, საბერძნეთის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა ლონდონში, პარიზში, ბერლინში, ლისაბონში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქალაქში.

უნდა აღინიშოს, რომ აშშ-ს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში სურს ურთიერთობა, რაც ევროპას არასახარბიელო შედეგებს მოუტანს. აშშ კი დაინტერესებულია ევროკავშირის შენარჩუნებაში. არ გამოვრიცხავ, საბერძნეთში მიმდინარე პროცესი ლატენტურად (ფარულად _ ე. ნ.) იყოს მხარდაჭერილი ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან. ამას მაფიქრებინებს “ვიკილიქსის~ მიერ გამოქვეყნებული მასალები.

დასავლეთში არიან ადამიანები, რომლებიც გრძნობენ მსოფლოში შექმნილ მძიმე ვითარებას და მიაჩნიათ, რომ ეს ვითარება უნდა შეიცვალოს.

_ საბერძნეთის ანალოგიური ვითარებაა საქართველოშიც, ოღონდ ერთი განსხვავებაა _ ჩვენ ევროკავშირის წევრები არ ვართ. საბერძნეთში ხალხი ამბობდა, რომ ევროკავშირიდან შემოსული ფულით რამდენიმე ადამიანი მდიდრდება, ხალხთან არაფერი მიდის, ვალი კი ხალხის კისერზეა

_ დღეს საქართველოს ისეთი პოლიტიკური ელიტა სჭირდება, რომელიც არაორდინარულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. საქართველოშიც ძალიან მძიმე ვითარებაა _ მოსახლეობის უმრავლესობა ბანკების კაბალაშია გახვეული. სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მოსახლეობისთვის უპრეცენდენტოდ მძიმე და არასამართლიანი კანონები მიიღეს. საბანკო ბიზნესი საქართველოში წარმატებულ ბიზნესად ითვლება, თუმცა არა _ მოსახლეობისთვის. თუ უახლოეს მომავალში ქმედითი ზომები არ გატარდა, საქართველოს მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ვეღარ გაუძლებს. ხალხს მსყიდეველობითი უნარი აღარ აქვს. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს.

_ საქართველომ თუ უნდა აიღოს მაგალითი საბერძნეთისგან, მით უმეტეს, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები ჯერ კიდევ არ ვართ?

_ საბერძნეთში განსხვავებული სიტუაციაა. მაგალითი უნდა აიღონ იმისა, რომ პოლიტიკოსებმა იმოქმედონ ისე, როგორც ქართველ ხალხს წაადგება. სიტუაცია მძიმეა და არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყნიდან არაფერი დარჩება.

_ სულ მაინტერესებდა, რა დაემართება ქვეყანას, რომელიც პოლიტიკურ კურსს შეიცვლის. საბერძნეთის მაგალითზე ვნახე, რომ საგანგაშო არაფერი დაემართა

_ საქართველოს უნდა ჰქონდეს მრავალვექტორიანი პოლიტიკა და თითოეული ქმედებისას არსებული სიტუაცია უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ ჩაბმულნი ვართ მსოფლიო წესრიგის არასასურველ პროცესში. ეს არის დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის, უპირველეს ყოვლისა, ამერიკასა და რუსეთს შორის. ევროპა ამერიკაზეა დამოკიდებული მთელი რიგი ფაქტორების გამო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება შედარებით ფრთხილად იქცევა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ მომენტებს, რომლებზეც ჩვენ ბევრი გვისაუბრია. საქმე ის არის, რომ ამ მდგომარეობამდე არ უნდა მივსულიყავით. ეს სხვა ქვეყნებმა მოახერხეს… სააკაშვილის პერიოდში საქართველოს ფუნქცია რუსეთის გაღიზიანება იყო. და თუ ქვეყანას აქვს დესტრუქციული ფუნქცია, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება. საჭიროა, საქართველომ შეიძინოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქცია. თუ იქნებიან ჭკვიანი, პატრიოტი პოლიტიკოსები, რომლებიც არა მხოლოდ პირადი, არამედ ქვეყნის ინტერესებით განიმსჭვალებიან, საქართველო მძიმე მდგომარებიდან გამოვა. საქართველოში უნდა დასრულდეს დრო, როდესაც მხოლოდ პოლიტიკური ელიტა ცხოვრობს კარგად.

_ ევროპული პრესა ბევრს წერს, რომ საქართველოში პრორუსული ძალები მომრავლდნენ. ვფიქრობ, უფრო ანტიამერიკულმა ძალებმა იმრავლეს

_ განწყობების ცვლილება არსებული ვითარებიდან გამომდინარე ხდება. წლების განმავლობაში მოსახლეობას სჯეროდა ან გვაჯერებდნენ, რომ ჩვენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები გავხდებოდით და ცხოვრებაც გაუმჯობესდებოდა, მაგრამ შედეგი აშკარაა _ ჩვენ უკან-უკან წავედით.

საბჭოთა კავშირში საქართველო ეკონომიკურად და სოციალურად კარგად ცხოვრობდა, ყველას ეგონა, რომ ევროკავშირიც იგივე იქნებოდა საქართველოსთვის, მაგრამ ევროპა საბჭოთა კავშირი არ არის. ევროპა ყველაფერს კარგად წონის და ზომავს. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს თავისი სტრუქტურების აღმშენებლობაზე ეზრუნა, სასიცოცხლო ენერგია პროდასავლურობისთვის ბრძოლას შევალიეთ, გავხდით რუსეთის მოწინააღმდეგე და დავკარგეთ რუსეთის ბაზარი, მაშინ, როდესაც ეს ბაზარი აზერბაიჯანელებმა, ყაზახებმა, სომხებმა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა მშვენივრად გამოიყენეს. ქართველებმა არარაციონალური ქმედებებით ურთიერთობებიცა და ეკონომიკაც დავანგრიეთ.

რუსეთი არის უახლოესი მეზობელი, იქ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, ამიტომ ამჟამინდელი ურთიერთობები, რომლებიც რუსეთთან გვაქვს, გამართლებული არ არის. ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა არარაციონალურია, რატომღაც ქართველებს ჰგონიათ, რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო უპირობოდ უნდა დააბრუნონ, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მოვიგონოთ პროექტი და რუსეთი ვაიძულოთ, ეს გააკეთოს. პოლიტოლოგი ვარ და ვიცი, პოლიტიკაში ამის შესაძლებლობები არსებობს.

აბაშიძე-კარასინის ფორმატი და ჟენევის შეხვედრები კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა და ისიც მუდმივი თავდასხმის ობიექტია დესტრუქციული ძალისაგან, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს.

უკრაინასა და რუსეთს შორის ძალზე რთული მდგომარეობაა, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა მაინც აქვთ.

_ გარდაიცვალა ევგენი პრიმაკოვი _ თბილისის საპატიო მოქალაქე. უნდა ჩასულიყო თუ არა მოსკოვში ქართული დელეგაცია?

_ ევგენი პრიმაკოვმა თავისი სიყრმე და ახალგაზრდობა საქართველოში გაატარა. ყველა, ვინც მას იცნობდა, აღნიშნავს, რომ ცხოვრების ამ პერიოდმა მასზე დიდი გავლენა იქონია. პრიმაკოვის შვილიშვილს, რომელიც დღეს ცნობილი ჟურნალისტია, ფსევდონიმად ევგენისანდრო ჰქონდა აღებული. პრიმაკოვი იყო ჭკვიანი, გავლენიანი და ღირსეული ადამიანი და ქართველების ლობისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. პოლიტიკური კონიუქტურის გამო ჩვენი დელეგაცია მოსკოვში არ ჩავიდა, ქართულმა მხარემ სამძიმარი ვერ გაიმეტა.

მსოფლიო დონის ბალერონ ნიკოლოზ ცისკარიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება უნდა მინიჭებოდა, მაგრამ დაურეკეს და უთხრეს, _ ამ საპატიო წოდებაზე კონკურსი ვერ გაიარეო. როგორც ჩანს, დღეს მოქმედებს დირექტივა _ ის, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული, მიუღებელა.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აბსურდულია და კარგია, თუ სხვა სტადიაში გადავა, უფრო პრაგმატულ-რაციონალურ და სასარგებლო ურთიერთობებში. ღრმად მწამს, რომ, როგორც პატარა საქართველოს სჭირდება დიდი რუსეთი, ასევე სჭირდება დიდ რუსეთს პატარა საქართველო.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here